პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბიზნესის დაცვა და ძალადობრივი ინციდენტების თავიდან აცილებაა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქებში შეძლებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული შეზღუდვის ამოქმედებას.
ლეკორნუს განცხადებით, მთავრობა ასევე გეგმავს არეულობების შედეგად დაზიანებული ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფას. მისივე თქმით, ხელისუფლება შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უშუალოდ ქონების დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირებს დააკისრებს.
„იქნება კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს იმისათვის, რომ ქონების დამაზიანებელმა პირებმა ზარალი აანაზღაურონ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლეკორნუმ შაბათ-კვირას განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ულტრამემარცხენე რადიკალურ ჯგუფებს დააკისრა. მისი შეფასებით, აღნიშნული ჯგუფები საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ.
„არსებობს მოძრაობა, რომელსაც სათავეში ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფები უდგანან. მათ ნამდვილად სურთ დესტაბილიზაციის გამოწვევა და ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქაოსის შექმნა“, – აღნიშნა ლეკორნუმ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლება პოლიტიკური შეხვედრებისა და საჯარო შეკრებების დროს უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები აუცილებელია იმისათვის, რომ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს.
„არ დავუშვებთ, ქვეყანას წესები დაუწესონ და მართონ მათ, ვინც ნგრევას იწვევს, ქურდობს და ხულიგნობს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.
ლეკორნუს ინფორმაციით, შაბათ-კვირის საპროტესტო აქციების დროს არეულობასა და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირთა დაახლოებით 80%-ს სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება.
მთავრობის გადაწყვეტილებები საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება, რომელთა ნაწილსაც ძალადობრივი დაპირისპირებები და ქონების დაზიანება მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების მიღებას აპირებს.
წყარო: BBC