საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ წარდგენილ №1979 კონსტიტუციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვაა მოთხოვნილი.
სარჩელი შეეხება შემდეგ პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურ შეზღუდვებს განსაზღვრავს.
პარლამენტის წევრების მტკიცებით, ხუთივე პარტიის საქმიანობაში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობა, აგრეთვე მსგავსი მიზნების სამომავლოდ განხორციელების საფრთხე.
„კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა“, – აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში.
სარჩელის ავტორები საკუთარ არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ. მათ შორის ასახელებენ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, არჩევნების გზით არჩეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის არაღიარებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის მცდელობებს.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე. მათი პოზიციით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შეფასებისას დამატებით უნდა განიხილებოდეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხები.
სარჩელის თანახმად, აღნიშნული არგუმენტები უკავშირდება როგორც 2008 წლის აგვისტოს ომს, ისე 2012 წლის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
პარლამენტის წევრები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან სისტემატურად უარყოფენ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას.
მოსარჩელეების შეფასებით, აღნიშნული პარტიები სხვადასხვა პერიოდში საერთო პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდნენ, თანამშრომლობდნენ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში და ქმნიდნენ კოალიციურ ერთობას.
სარჩელის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე პარტიების რიგი მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, ამ პარტიის წარდგენით პარლამენტში აირჩიეს ან 2004-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
„მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარჩელის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთივე პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას მოითხოვენ.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში წარმოდგენილი არგუმენტები მოსარჩელე მხარის პოზიციას ასახავს. მათი სამართლებრივი საფუძვლიანობა და პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი სასამართლოს განხილვის საგანია.