„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის შეკითხვას უპასუხა.
გორდულაძე დაინტერესდა, უჭერენ თუ არა მოპასუხე პოლიტიკური პარტიები მხარს ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორი ქართული კერძო მაუწყებლის სანქცირებას.
გვარამიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შეკითხვა სასამართლოში განსახილველ საკითხთან კავშირში არ იყო და მისი მოხსნა მოითხოვა.
„გულწრფელად მაინტერესებს, სადამდე შეიძლება ეს ჩავიდეს. შეიძლება პირად ცხოვრებამდე მივიდნენ და მკითხონ, როგორ გავიცანი ჩემი ცოლი, ან ბავშვები რომ მეყოლა რა ემოციები მქონდა? დაგვისახელოს მაშინ, კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ და მათთან დაკავშირებული სანქციები და მერე მითხრას, ვუჭერ თუ არა მხარს“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ტელეკომპანიები რუსულ პროპაგანდას ემსახურებიან და მათი საქმიანობა თავისუფალი სიტყვის დაცვასთან არ უნდა გაიგივდეს.
„ჩემი საქმეა, რას ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, ვუჭერ. ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია, კერძო რუსული ტელევიზია. დიახ, ვუჭერ. რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული შინაარსის ტელევიზია, მით უკეთესია. კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ორი კერძო ტელევიზია, გაგვაგებინეთ“, – აღნიშნა მან.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გორდულაძის შეკითხვა არ მოხსნა, გვარამიამ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. მისი განცხადებით, „იმედი“ და „პოსტივი“ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ.
„ნანახი გაქვთ ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა?!“ – განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ მის მიმართ პირადი დამოკიდებულების დამალვას არ აპირებს.
„რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ. ამ ჩემს ფეხებს. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი. საერთოდ ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა?! რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა“, – განაცხადა გვარამიამ.
სასამართლო სხდომაზე არჩილ გორდულაძის მიერ დასმული შეკითხვა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების პოზიციას ეხებოდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე.