"საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების ნაწილს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და მათთან დაკავშირებული აქტორების მიერ განხორციელებული კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების 2020-ი წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშის მიხედვით, ამ მოქმედებების საფუძველს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა წარმოადგენდა.
„აღნიშნულის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხება და ამით საზოგადოებაში მღელვარებისა და დაუცველობის განცდის დანერგვაა",- აღნიშნულია, სუს-ის ანგარიშში.
2020 წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური კრიზისის ფონზე, განსხვავებულად რადიკალური და აგრესიული ხასიათი შეიძინა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ მართულმა კიბეროპერაციებმა. გამოვლინდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და სამეცნიერო დაწესებულებებზე არაერთი კიბერთავდასხმისა და კიბერშპიონაჟის ფაქტი.
სუს-ის ანგარიშში გამოყოფილია 2020 წლის სექტემბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა.
„ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის სექტემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა სამედიცინო და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე მასობრივად ხელმისაწვდომ ფორმატში ატვირთვას",- აღნიშნულია, სუს-ის ანგარიშში.
ანგარიშის, მიხედვით ირკვევა, რომ სუს-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, დანაშაულის გამოძიების მიზნით.
„საანგარიშო პერიოდში სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მათი მომართვის საფუძველზე, შეიმუშავებდა საკონსულტაციო/სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს, ასევე დახმარებას უწევდა კიბერინციდენტებიდან მომდინარე უარყოფითი შედეგების მინიმიზების პროცესში",- აღნიშნულია, ანგარიშში.
სუს-ის ანგარიშში, ხაზგასმითაა ნახსენები, რომ უსაფრთხოების სამსახურს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და ვალდებულებები ინფორმაციული და კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და ვალდებულებები ინფორმაციული და კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება უნდა დაეფუძნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ფუნქცია-მოვალეობების მკაფიო რეგლამენტირება",- წერია, ანგარიშში.
სუს-ის, ანგარიშიდან ირკვევა, რომ აღნიშნული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის ინიცირება. ამჟამად კანონპროექტი განიხილება პარლამენტში.
"საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ამ სფეროში აუცილებელი რეფორმების დროულად განხორციელებას და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას"- აღნიშნულია, სუს-ის ანგარიშში.