Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

ოცდაათი წლის წინანდელი „მხედრიონის“ სისასტიკე - დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას წამება

07.08.2022 | 10:22

ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის ივლისში, საქართველოში არსებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ე.წ. „მხედრიონმა“, კრიმინალ ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, შეიპყრო და უსასტიკესად აწამა სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზ ჩიქობავა.

ოცდაათი წლის შემდგომ გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ ძალზედ სამწუხარო და ტრაგიკულ ფაქტს და ამით კიდევ ერთგზის მივაგოთ პატივი ქრისტეს რწმენისა და სიმართლისათვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების დაცვისათვის თავდადებულ დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი

სამოცდაათწლოვანი საბჭოთა უღლის შემდეგ, საქართველომ შეძლო თავისუფლების მოპოვება და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ (შემდგომში საქართველოს პრეზიდენტი) ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ახლადგანთავისუფლებულ ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა ეროვნული კონსოლიდაცია, რათა საბჭოთა იმპერიის კლანჭებისგან ახლადდახსნილს მიეღწია წარმატებისთვის... რუსეთის წაქეზებითა და დიდი დაფინანსებით, სამწუხაროდ, ნაცვლად ერთობისა, ქართველთა შორის დაიწყო შუღლი და უთანხმოება, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლიტიკური ძალები. პროცესებმა განსაკუთრებულად უმართავი და მწვავე სახე მიიღო 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან, რომელმაც საფუძველი დაუდო, იმავე წლის დეკემბერში, სისხლიან დაპირისპირებას უკანონო ბანდფორმირებებისა კანონიერ ხელისუფლებასთან. 1991 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართვა გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებს. მიმართვაში ნათქვამია: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ თავის მწვერვალს მიაღწია. ქართველი დაუპირისპირდა ქართველს, მოსალოდნელია ძმათა შორის სისხლისღვრა. არ უნდა მოხდეს ეს სამარცხვინო ფაქტი, ნუ ჩავიდენთ საშინელ ცოდვას ღვთისა და ერის წინაშე. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ დაიწყოს დიალოგი თქვენს შორის და მშვიდობიან ვითარებაში გადაწყდეს ყველა სადავო საკითხი. თუ იქნება თქვენი სურვილი, მე მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ დიალოგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ღვთის შეწევნით და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ეროვნული თანხმობით დამთავრდება. ღმერთმა დაგლოცოთ“ (საქ. საპ. არქ. ახ.აღწ. 6870. გვ.1).

სამწუხაროდ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, მათ ვერ გამონახეს საერთო ენა... 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო რუსეთის მიერ მართული სამხედრო გადატრიალება საქართველოში. თბილისი ომის ცეცხლის ალმა მოიცვა. სიტუაცია უმართავი და უკონტროლო გახდა. საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოუწია თავი შეეფარებინა მთავრობის სახლის ბუნკერისათვის. 1992 წლის 6 იანვარს  პრეზიდენტმა გამსახურდიამ იძულებით დატოვა საქართველო, თუმცა, ის ოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობიდან არ გადამდგარა. ქვეყანაში შეიქმნა სრული ანარქია და ქაოსი... ხელისუფლება თვითნებურად ხელში აიღო არალეგიტიმურმა და თავისი შინაარსით კრიმინალურმა ორგანომ, ე.წ. სამხედრო საბჭომ, რომლის ლიდერები იყვნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. აგრეთვე, მათთან იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. უკანონო შეირაღებული ჯგუფები დათარეშობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით... ამ მხრივ მეტად გამოირჩეოდა სამხედრო დაჯგუფება ე.წ. მხედრიონი, რომელმაც ყველაზე მეტად დააზარალა სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობა. მიმდინარეობდა სასტიკი, სისხლიანი ანგარიშსწორება ეროვნული ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ. სწორედ, ამ დროს, 1992 წლის ივლისში, პოლიტიკური ნიშნით წარმოებულ სადამსჯელო დანაშაულებრივ ღონისძიებებში მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზ ჩიქობავა, რომელსაც უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა, უშუალოდ ჯაბა იოსელიანის მეთაურობით, დასწამეს ტაძარში იარაღის დამალვა, რაც მრავალი ცდის მიუხედავად, ბუნებრივია ვერ აღმოაჩინეს, თუმცა მამა რომანოზს სასტიკად გაუსწორდნენ...

მამა რომანოზის სამღვდელო ჯვარი, რომელიც სასულიერო პირს მკერდზე ეკეთა შეპყრობისა და ტანჯვა-წამებისას

დეკანოზი რომანოზი (ერისკაცობაში რამინ ვლადიმერის ძე ჩიქობავა) დაიბადა 1949 წლის 1 იანვარს, წალენჯიხაში. სწავლობდა წალენჯიხის N 2 საშუალო სკოლაში. 1985 წელს დაქორწინდა ელენე (ლენა) შუბლაძეზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი. ჯერ კიდევ ერისკაცი რამინ ჩიქობავა მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებდა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ისტორიულ ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენის მიზნით და ამ მხრივ დიდი ღვაწლი გასწია... 1988 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ტაძარი მოქმედი გახდა. 1990 წლის 22 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა (ამჟამად ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი) გიორგიმ (შალამბერიძე) დიაკვნად აკურთხა რამინ ჩიქობავა და მას რომანოზი უწოდა. ზუსტად ერთ კვირაში, ამავე წლის 29 ივლისს, ხსენებულ ტაძარშივე, მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ, დიაკონ რომანოზს მღვდლად დაასხა ხელი და მსახურებისთვის დაადგინა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში. აგრეთვე, სხვადასხვა დროს მამა რომანოზი მსახურობდა ჯვარის, ჩხოროწყუს, კორცხელის ტაძრებში.

1992 წლის ივლისი უმძიმესი აღმოჩნდა წალენჯიხისათვის. 6 ივლისს ე.წ. მხედრიონი შეიჭრა რაიონში. მოხდა შეიარაღებული შეტაკება კანონიერი ხელისუფლების მომხრეებსა და მხედრიონს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შემზარავი სანახობა იყო დატრიალებული. მრავალი სახლი იწვოდა და კვამლის სქელი ღრუბლები ჰფარავდნენ რაიონს... ისმოდა ხშირი სროლის ხმა, რომელსაც თავზარდაცემული ადამიანების ყვირილი ერთვოდა. 1992 წლის 7 ივლისს ომონისა და „მხედრიონის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ დეკანოზ რომანოზსა და მის ოჯახს. წინა დღით, „მხედრიონთან“ შეტაკებისას მოკლული ერთერთი ახალგაზრდის ცხედარი, მამა რომანოზმა ტაძარში დაასვენა, ვინაიდან, გარდაცვლილის წასასვენებლად არავის მოეკითხა. გარდაცვლილი იყო ვინმე გაბედავა, კორცხელიდან, დაახლოებით ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდა. სასულიერო პირი, ქრისტიანული მცნებებისამებრ მოიქცა და უპატრონოდ არ მიატოვა განსვენებულის ცხედარი, არამედ, დროებით, ვიდრე ნათესავები მოაკითხავდნენ წასასვენებლად, ტაძარში დაასვენა... ბოროტმოქმედებმა მამა რომანოზს კატეგორიულად მოსთხოვეს ტაძრისაკენ გაყოლა, სადაც მათი აზრით, იარაღი იყო დამალული. არც ის დამალეს, რომ ნაბრძანები ჰქონდათ, მოძღვარი დაეხვრიტათ. უწმაწური სიტყვებიც არ დააკლეს სასულიერო პირს და დაემუქრნენ, რომ ტაძარში დამალულ იარაღზე დაგაკლავთ ღორივითო... იარაღის კონდახის ცემით, მამა რომანოზი ტაძრისკენ წაიყვანეს და თან ბრალს სდებდნებ ლოთი ქობალიასთან კავშირში, რომელსაც მოძღვარი არც იცნობდა... ტაძარში შესვლამდე, მოძღვარმა მთელი გულით თხოვა შეიარაღებულ პირებს, რომ იარაღით არ შესულიყვნენ ტაძარში, რაც თავდამსხმელებმა შეისმინეს და მართლაც გარეთ დატოვეს იარაღი. მამა რომანოზმა მოითხოვა, რომ ტაძრის ჩხრეკას დასწრებოდნენ მეზობლები და ყველას ენახა, თუ მტყუანი აღმოჩნდებოდა მოძღვარი. ე.წ. მხედრიონელები დათანხმდნენ და მეზობლებიც შეუშვეს ტაძარში, სადაც შესვლისთანავე, ბოროტმოქმედებმა დაინახეს ზემოთხსენებული ახალგაზრდის ცხედარი დასვენებული, რომლის ხილვამ ძალიან განარისხა თავდამსხმელები იმ მოტივით, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა „ჩვენიანი“ არ არისო... სამწუხაროდ, მათ შებილწეს ცხედარი და მოძღვარსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ვერავითარი იარაღი ტაძარში ვერ იპოვნეს, გადათხარეს ეკვდერი, სადაც ბუნებრივია, არაფერი საეჭვო აღმოჩნდა. ე.წ. მხედრიონელები იმდენად არაადეკვატურად მოქმედებდნენ, რომ თვით ლევან დადიანის აკლდამაც კი გაჩრიკეს, აქ ხომ არ არის იარაღი შენახულიო... საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ტაძარში არავითარი შეიარაღება ინახებოდა. დეკანოზი რომანოზი იგონებდა: „ეკლესიიდან რომ გადიოდნენ, ზოგმა მითხრა დაგვლოცეო. დავლოცე. ორ მათგანს ჯვარი ვაჩუქე, ვაკურთხე თანაც. ეზოდან გასვლისას ერთმა მკითხა: „შენ, მეგრელს ეკლესიაში რა გინდოდა მღვდლად?!“ - ნუ სცოდავთ! რა შუაშია მეგრელი და ქართველი? ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. მე ქართველად ვთვლი თავს და თქვენ თუ მეგრელები ქართველებად არ მიგაჩნიათ, ეს არ შეიძლება. ეს ერის გახლეჩას ნიშნავს. ეს სირცხვილია, ამას ნუ იტყვით! ერთ-ერთი მხედრიონელი ძალიან გააღიზიანა ამ შეგონებამ. ხმალი აღმოაჩნდა და მომიქნია, შენ ზვიადი იქნებ ეპისკოპოსობას გპირდებოდაო, მაგრამ მანამდე თავს გაგაგდებინებო. მე ვუთხარი: ასე რომ მექცევით, ამას ღმერთი არ გაპატიებთ! ეპისკოპოსი, ღმერთი, მღვდელი, ამ სიტყვებს უხამსად იხსენიებდნენ და ხორხოცობდნენ“ (გაზ. „ნოჯიხური“, N25, 2012:5).

მხედრიონელები იქაურობას გაეცალნენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით ხუთი საათისთვის კვლავ მობრუნდნენ. ტაძრის ეზოში შესულ მამა რომანოზს თავზარდამცემი სურათი დახვდა. სხვადასხვა სახის იარაღით აღჭურვილი ადამიანები გარს შემორტყმოდნენ ტაძარს, ზოგიერთები სახურავზეც კი ასულიყვნენ. ბოროტმოქმედებმა მოსთხოვეს მოძღვარს, ტაძრის კარი გაეღო და ახლა უკვე, იარაღთან ერთად, ეჭვი გასჩენოდათ, რომ ტაძარში ე.წ. ზვიადისტებიც კი ჰყავდა დამალული მამა რომანოზს, რომელიც იხსენებდა: „შევახსენე, რომ იყვნენ ამ დილით და ვერაფერი ნახეს. გამაღებინეს და მკითხეს, აქ მკვდარი რომ გესვენა, სად წაათრიესო, ვინ იყო მისამართი გვითხარიო, იმას ბეტეერზე ჩამოვკიდებთ და ქუჩაში ვათრევთ, ოჯახს დავუწვავთო. მე ვუთხარი: „არც იმას ვიცნობდი და არც ის ვიცი, ვინ წაასვენა.“ სიმართლეს არ გვეუბნებიო და ისე მცემეს, რომ ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე ეკლესიის ქვაფენილზე. გონს მოვედი და ვხედავ როგორ ურტყამენ ავტომატების კონდახებსა და ლულებს სახარებასა და ჯვარს, ხატებს ქვემოთ ყრიან და გაიძახიან, იარაღი აქ იქნებაო. ვეუბნები მათ: „რაოდენ დიდ ცოდვას სჩადიხართ, ხომ ხედავთ აქ მხოლოდ ტრაპეზია, სახარება და ჯვარი ბრძანდება, ასე უდიერად რატომ ექცევით?!“ კვლავ მცემეს, ამჯერად ავტომატების ლულებით ისე, რომ გონება კვლავ მებინდებოდა. მერე ეკვდერების კარები გატეხეს, აქ ექნება ლოთის იარაღი გადამალულიო... მაცხოვრის ეკლესიის მინაშენზე არის ლევან პირველის ეკვდერი, სადაც წმიდა გიორგის წამების ფრესკებია, იქვეა ნატრაპეზალი, რისი გათხრაც დაიწყეს - აქ იქნებაო იარაღი. არ შევეშვი, მუხლებზე დავეცი და მათ მივმართე: „ხომ ხედავთ, ახალი ამონათხარი არ ემჩნევა, შეუძლებელია რაიმე ნახოთ. ეს წმინდა ალაგია და წმიდა ნაწილები იქნება დამარხული. ეს ცოდვაა, ნუ თხრით! აქ გათხრის უფლება მხოლოდ არქეოლოგებს აქვთ, ძეგლთა დაცვის საზოგადოების ნებართვის შემდეგ. აბუჩად ამიგდეს: „არქეოლოგი, ძეგლთა დაცვა, თქვა ახლა ამანაც. თქვენ ვერ გაიგეთ, რომ საქართველოში ჩვენზე უფროსი არავინ არაა...“, ერთი ცალი ტყვიაც რომ ამოვარდეს, ადგილზე დაგხვრეტთო. გაისროლეს ეკვდერშივე და ხელში ნასროლის „გილზი“ დაიკავეს... ბოლომდე არ მაყურებინეს, ისე გამომაგდეს ეკვდერიდან... არავინ იცის რა ამოიღეს და წაიღეს. ჩემზე კი რატომღაც ჯავრი იყარეს... მტაცეს ხელი, ეკლესიის ეზოში გამიყვანეს, ხან პირით აღმოსავლეთისაკენ დამაყენეს, ხანაც დასავლეთისაკენ. ესროლე და გადააგდეო, ეუბნებიან ერთმანეთს. მე ვლოცულობ, პირჯვარს ვწერ ჩემს ჯალათებს, თან ლოცვაში ჩავურთავ ხოლმე: „ამას ღმერთი არ გაპატიებთ!“ ისვრიან გამუდმებით... სასტიკად მცემენ...“ (იქვე :5)