„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

გურამ ლურსმანაშვილი: სწამს თუ არა ეკლესიის იერარქიას ქრისტე?

30.09.2020 ნახვები: 865

ზოგადად, როცა საქართველოს საპატრიარქოს შესახებ ვწერთ ხოლმე, ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც რამე ,,უჩვეულო მოვლენას" აქვს ადგილი (სამწუხაროდ, როგორც წესი, ეს უარყოფითი კონტექსტში ხდება). ახლა გვსურს შემთხვევით ვისარგებლოთ და მაშინ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ,,ცდომილება" მათგან არ შეგვინიშნავს, უფრო ზოგად ჭრილში შევხედოთ ვითარებას და დავსვათ კითხვა, თუ რამ მიგვიყვანა ამ უფსკრულამდე, რომლის პირთანაც ახლა ვიმყოფებით. აქვე ვაღიაროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად მიდის. მათთვის ეს პუბლიკაცია განკუთვნილი არ არის.

ამ ყოველივეს აქვს როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური მიზეზები. ობიექტური ისედაც იცით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთმა წაგვართვა საეკლესიო დამოუკიდებლობა, ვეღარ ვაკონტროლებდით სიტუაციას, ჩავიკეტეთ შიდა იმპერიულ ნაჭუჭში და ვეღარ განვითარდით. მაგრამ, ნუთუ ასეთი მარტივია ყველაფერი? რუსული ჩექმის ძირი სხვა სახელმწიფოებს და ეკლესიებსაც შეხებია, ზოგს ჩვენზე უარესადაც კი, მაგრამ მათ მოახერხეს უკეთეს მდგომარეობაში ყოფნა. ჩემი აზრით, პრობლემა იმდენად რთული და კომპლექსურია, რომ ერთი ან თუნდაც რამდენიმე პასუხი, რომელიც გასაღებს მოგვცემს არ არსებობს. შევეცადოთ შეძლებისდაგვარად ნათელი მოვფინოთ სიტუაციას.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენში, რატომღაც, წარსული გაიდეალებულია. ის, რომ რუსეთმა საზარელი დაღი დაგვასვა საეკლესიო დამოუკიდებლობის წართმევით, ეს ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ იქამდე რა ხდებოდა? საქმე იმაშია, რომ არც იქამდე იყო საქართველოში საეკლესიო სტრუქტურა აწყობილი. პირიქით, საისტორიო დოკუმენტების შესწავლისას ხანდახან ისეთ ფაქტებს შევხვდებით, რომელსაც ქართველი სასულიერო პირები მოქმედებდნენ, რომ გავოცდებით - ნუთუ შეიძლებოდა ამგვარი რამ სასულიერ პირს ჩაედინა? რად ღირს ტყვეთა სყიდვაში სასულიერო პირთა ჩართულობა, ქვეყნის მტრებთან ფარული კოალიციების შექმნა და ა.შ. რის ჩამოთვლასაც სხვა დროს უფრო დაწვრილებით შევუდგებით. ცალკე საუბრის თემაა მეცხრამეტე საუკუნის ქართველი სასულიერო პირების მოქმედებები, რომელთა შესახებაც ისტორიული წყაროები საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემენ. უბრალო მაგალითად, გაზეთი დროება შეგვიძლია გადავფურცლოთ (N. 41), სადაც 1881 წელს გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მხილებულია მრევლის ფულის მიმთვისებელი ვინმე მღვდელი გერასიმე დარჩია. მას ეპისკოპოსის ნებართვით მთელი გურია შემოუვლია და შეუგროვებია შესაწირავი ქობულეთში ტაძრის ასაგებად. ხალხს საამისო თანხა გაუღია, მაგრამ გასულა წლები და ქობულეთში ეკლესიის აგებაზე კრინტი არავის დაუძრავს.

ამ ფონზე, საქართველოში არსებობს აზრი, რომ ქართველები უმეტესად ყოველთვის დადიოდნენ ტაძრებში, ლოცულობდნენ, აღსარებას ამბობდნენ და ა.შ. ესეც მითია. მაგალითად, 1872 წლის ერთ-ერთ წყაროში ვკითხულობთ, ,,ამ დროის იმერეთის ეპარქიაში შემავალი მრევლი არ გამოირჩეოდა არც რელიგიური გრძნობების სიცხოველით და არც ღვთის ტაძრისადმი ერთგულებით. თავისებრი, სხვა ეროვნების მლოცველებისაგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს საეკლესიო დღესასწაულებისადმი. ქართველები სალოცავად შორი გზიდან მოდიოდნენ, მაგრამ მოეწყობოდნენ თუ არა ადგილზე, ეძლეოდნენ მხიარულებას, მაშინაც კი, როდესაც ტაძარში მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. შესაბამისად მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, ვცხოვრობთ ილუზიებში, რომელიც სხვამ მოგვახვია თავზე. ამაში კი, სხვებთან ერთად, განსაკუთრებული დანაშაული ქართველ ისტორიკოსებს (ყველას არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა) მიუძღვით.

გადახედეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოებს, რა ნარატივი გვხვდება თითქმის ყველა თავში? რომ ქართველები ყოველთვის მორწმუნეები ვიყავით, ეკლესია ყოველთვის იდგა რწმენისა და სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე, მაღალ დონეზე იყო ჩვენში თეოლოგიური განათლება და ა.შ. უსასრულოდ. ამას შემდეგ ვიღაც კითხულობს, ვიღაც ყვება... და ამგვარად იქმნება არასწორი წარმოდგენები, თან ისეთები, რომლებიც ჩვენ გვაწყობს, ელვის სისწრაფით იგება მთელი რიგი ,,წარმოსახვითი კოშკები," რომელთა დანგრევაც ძალიან რთულია, რადგან, შენ უკვე რაღაც ისეთს ეხები, რაც ხალხისათვის საკრალურია, წმინდაა და ამით, ავტომატურად დგები მასის წინაშე, რომელიც დარწმუნებულია რომ ,,ჭეშმარიტების გასაღებს ფლობს" და რომელიც მზადაა ჩაგქოლოს ისე, რომ შენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არც გადაამოწმოს.

როდესაც 1990 წელს ავტოკეფალიის ტომოსი მივიღეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, იქიდან მოყოლებული დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ დავუბრუნდით ჩვენს საეკლესიო ტრადიციას, აღვადგინეთ ჩვენთვის ისტორიული მოწყობა, განვაახლეთ ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და ა.შ. კი ბატონო, გარეგნულად ეს ყველაფერი ასეა, ვართ ავტოკეფალიური ეკლესია, გვყავს წმინდა სინოდი, არსებობს უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ. მაგრამ რეალურად, რა აღვადგინეთ? რომელი რეფორმა ჩავატარეთ? ნუთუ ლუსტრაციის კანონი მივიღეთ და არ გვახსოვს? იმ ათობით სასულიერო სასწავლებელში უცხოეთში განსწავლული და პროფესიონალი კადრები მოვიყვანეთ? მაღალი დონის საღვთისმეტყველო შრომები გამოვეცით? საეკლესიო სასამართლო დავაფუძნეთ? სინოდური მუშაობა დავადგინეთ? ეკლესიის ეკონომიკური მოდელი შევქმენით? მეტი გამჭირვალობა შემოვიტანეთ თუ რა? რეალურად, არაფერ ძირეულს და ,,საუკუნეებრივს" არ დავბრუნებივართ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც კი დავინტერესებულვართ სიღრმისეულად შეგვესწავლა ჩვენი წარსული და თეთრი შავისაგან გაგვერჩია, ყველანაირი აღდგენა ფასადური და სადღეგრძელოს ტიპისა გამოდგა, მაშინ როდესაც, იგივე სტრუქტურა, მოწყობა, საკადრო პოლიტიკა და ნარატივი გადმოვიტანეთ 1990 წლის შემდეგაც, რაც იქამდეც გვქონდა.

და რომელი სტრუქტურა გვქონდა იქამდე? რა თქმა უნდა, სტალინური ეკლესიისა, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ სტალინურ ეკლესიას აკონტროლებდა როგორც სპეციალური რელიგიური აპარატი, ასევე, მაშინდელი უშიშროების მეხუთე განყოფილება. 1990 წლის შემდეგ კი აქეთ დაიწყო საპატრიარქომ პოლიტიკური პროცესების კონტროლი, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც სასულიერო ელიტა აკონტროლებს, კრახისთვისაა განწირული. თუ რატომ, ამაზე საუბარი დიდხანს შეგვიძლია, მაგრამ ძირითადი ნიშნული გამოვყოთ. ნებისმიერ ეკლესიას ყოველთვის ექნება შიდა თუ გარე საფრთხეები (ჩვენ შემთხვევაში გარე საფრთხე მუდმივია და მას რუსეთი ეწოდება), მაგრამ ისაა მთავარი, რომ ეკლესიამ საკუთრ წიაღში მოახერხოს შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ამ ყოველივეზე შესაბამისი იმუნიტეტი ექნება. როგორ? დავიწყოთ ლუსტრაციით, ის ადამიანები, რომლებიც წლები თანამშრომლობდნენ რუსულ უშიშროებასთან და მის დავალებებს ასრულებდნენ, შეუძლებელია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ეკლესიას გამოადგნენ; ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს სინოდი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამღვდელთმთავრო კანდიდატი, ვის წინაშეა იგი ანგარიშვალდებული. როცა ამ საკითხსაც გადავლახავთ იქამდეც მივალთ, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა არის სეკულარული და შესაბამისად, ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში, სახელმწიფო კი საეკლესიო საქმეებში. ამასაც თუ გადავლახავთ იქამდეც მივალთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეკლესია გახდეს კონვერტორი, რომელშიც ყველა არჩევნების წინ ხელისუფლება და ოპოზიცია მატერიალურ დოვლად უშვებს, რომელიც შემდგომში საარჩევნო ხმებად გარდაიქმნება და მთავარი - მორწმუნე საზოგადოებამ რეალურად უნდა დაინახოს, რომ ეპისკოპოსები ფეოდალები კი არ არიან, არამედ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქრისტეს მიემსგავსონ. ეკლესიამ როგორმე უნდა მოახერხოს და ხალხს უჩვენოს, რომ მის მაღალ იერარქიას ქრისტესი სწამს. ამჯამად ხომ ამისი არავის სჯერა.

ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა