როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მიადგა რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე. მოსალოდნელი ის იმიტომ იყო, რომ პუტინმა საკუთარ პროპაგანდას დაუჯერა და ვერ შეამჩნია ერთი რამ - კარგ ცხოვრებას, კომფორტს და მოხმარების ევროპულ სტანდარტებს მიჩვეული რუსული საშუალო კლასი ომს გადაეჩვია.
მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, როსტოვს, ყაზანს და სხვა დიდ ქალაქს საომრად წასვლა არ სურს და ეს აშკარა იყო ომის გასული 7 თვის მანძილზე, როდესაც რუსეთს, პირველად ისტორიაში, გაუჩნდა ცოცხალი ძალის დეფიციტი.
ეს დადასტურდა იმითაც, რომ კრემლს ძალიან გაუჭირდა მოხალისეების მოძიება და საზარბაზნე ხორცად უკრაინაში წასვლას თანხმდებოდნენ ძირითადად ღარიბი, დეპრესიული, გალოთებული რეგიონების მაცხოვრებლები და ეროვნული უმცირესობები - ბურიატები, იაკუტები და ჩრდილოეთ კავკასიელები.
საბოლოოდ, უკრაინული ჯარის რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, კრემლს დარჩა მხოლოდ 3 ვარიანტი - დანებება, ატომური იარაღის გამოყენება და მობილიზაცია. გასაკვირი არ არის, რომ მოსკოვმა მესამე ვარიანტი აირჩია - ისიც ძალიან პრობლემურია, ბევრი რისკებს შეიცავს და თეორიულად შესაძლოა, მასობრივი ამბოხითაც დასრულდეს, თუმცა, წაგებას და ატომურ ბომბს მაინც ჯობია.
კრემლის მოტივაცია სრულიად გასაგები და ნათელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მოვლენათა ეპიცენტრში და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ - რა უნდა ვაკეთოთ. შემოუშვათ თუ არა რუსი - ამჯერად არა მიგრანტები, არამედ ლტოლვილები?
საქართველომ ძლივს მოინელა მარტში ქვეყანაში ჩამოსული ათობით ათასი რუსი, დღეს კი საზღვარს კიდევ უფრო დიდი რაოდენობა მიადგა. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?
ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინა და მისი ინტერესები. „ჩვენთვის მომგებიანია“ თუ პირიქით „ჩვენთვის წამგებიანია“, „ჩვენი ეროვნული ინტერესები“, „უსაფრთხოების საკითხი“ - ჯანდაბას მთელი ეს ეგოისტური სისულელე. დღეს ჩვენთვის ერთად-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინა და მისი უპირობო გამარჯვება.
დღეს რუსეთი აპირებს უკრაინასთან გამკლავებას იმ ერთად-ერთი მეთოდით, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს - რაოდენობით, საზარბაზნე ხორცით, ისევე, როგორც ის ამას აკეთებდა მთელი თავისი საზიზღარი ისტორიის მანძილზე. მსოფლიო ვალდებულია ეს არ დაუშვას და ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი ამისთვის - რა თქმა უნდა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.
უკრაინაში 1000-მდე ქართველი ომობს და ეს ქვეყნისთვის სიამაყის საგანია. ისინი გმირები არიან, ცოცხლებიც და დაღუპულებიც. გავა დრო, ქოცობა წარსულს ჩაბარდება, და მათ სახელებს ქუჩებს დაარქმევენ.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის და დღეს საქართველოს შეუძლია გააკეთოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უკრაინისთვის - შეამციროს რუსულ ჯარში პოტენციური მობილიზებულების რაოდენობა.
ნუ იკითხავთ - რამდენად გვჭირდება ჩვენ კიდევ 100 000 რუსი? მით უმეტეს, თუ მარტში ძირითადად მოდიოდა დისიდენტურად განწყობილი მასა, დღეს ვითარება ბევრად უფრო არაერთგვაროვანია - დღეს წამოსულებს არ ჰქონდათ არანაირი პრობლემა პუტინთან და მის ომთან. მათ არ სურთ საკუთარი სისხლის დაღვრა, ხოლო უკრაინელების ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ.
ნუ იკითხავთ - როგორც დაეტევა ამდენი ლტოლვილი ისედაც გადავსებული თბილის-ბათუმში? და რა მოუვა საბოლოო ჯამში ფასებს უძრავ ქონებაზე?
ნუ იკითხავთ - იქნებ მათ შორის შემოგზავნილები არიან და ხვალ მეხუთე კოლონის როლს შეასრულებენ ?
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანი, საკითხი უნდა დააყენოთ სხვანაირად - რა იქნება უკეთესი უკრაინისთვის და მისი გამარჯვებისთვის? რა არის უკეთესი უკრაინელებისთვის - ეს 100, თუ 200, თუ 300 ათასი ადამიანი დასეირნობდეს მშვიდობაში და უსაფრთხოებაში, თბილისში, ჰელსინკიში, ერევანში, ბაქოში, ალმაატაში, ბიშკეკში, ულან-ბატორში და ა.შ. თუ ჩაუვარდეს ხელში კაციჭამია რუს სამხედროებს და გადაინაცვლოს სანგრებში ჰერსონში ან დონეცკში?
მერე რა, რომ მათ შორის მეომრად არც ერთი არ ვარგა და სავარაუდოდ, უკრაინული ჯარი ამერიკული ტექნიკით მათ მალევე გაუსწორდება? თუნდაც ერთხელ გასროლას ხომ მოახერხებენ და ვინ იცის, რამდენ უკრაინელს მოკლავენ, სანამ HIMARS-ის სამიზნეები გახდებიან? 80, 100, 150 ათას, თუნდაც არაბრძოლისუნარიან და არამოტივირებულ მოსკოველ და პეტერბურგელ გაზულუქებულ ახალგაზრდებს ფრონტის ხაზზე ყველაფრის მიუხედავად სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ.
ბოლოს და ბოლოს ომის დროს რაოდენობის საკითხი ჯერ არავის გაუუქმებია და რიცხობრივი უპირატესობა კვლავ რჩება გამარჯვების ერთ-ერთ პირობად.
ყველამ, ვინც ამ საკითხზე მსჯელობს, ერთადერთი შეკითხვა უნდა დასვას - რა იქნება უკეთესი მებრძოლი უკრაინისთვის - ამ ხალხის რუსულ ჯარში ყოფნა, თუ სხვადასხვა ქვეყნებში მათი განაწილება?
პასუხი ამ კითხვაზე იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში.
ავტორი: თენგიზ აბლოთია