ძალიან მალე, ჩვენ ახალი საეკლესიო სკანდალის მომსწრენი გავხდებით.
ექვს თვეზე მეტია ვფიქრობ, ვისაუბრო ხმამაღლა ამ თემაზე თუ არა. ვფიქრობდი, მგრძნობელობა დაკარგული ქართული საზოგადოება, რომელსაც ვგონებ, უკვე არც არაფერი შეაძრწუნებს, დავზაფრო - სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თუ დავდუმდე და დაველოდო იმას, რაც ვიცი, უეჭველი მოხდება.
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ - მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და აქ ხომ სმენაზე არ არის საუბარი, არამედ გაგებაზე - გააზრებაზე და რაღა დაგიმალოთ ამ ხნის განმავლობაში დუმილის მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ - გაიგებენ? გაიაზრებენ? მიხვდებიან საფრთხეების წონადობას?
არც იმას დავმალავ, რომ სრული ფაზლის ასაწყობად ორი მსგავსი ფიგურა მეჭირა ხელში - მსგავსი, თუმცა შინაარსობრივად განსხვავებული და მათთვის სწორი ადგილის მიჩენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა და მაინც გადავწყვიტე ვთქვა - გითხრათ მესამე საეკლესიო სკანდალის ანუ სპეცოპერაციის შესახებ, პირობითი სახელით - „ვათახსირებთ“, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული მღვდელმთავრების და მათთან დაახლოებული პირების მიერ გახლავთ დაგეგმილი.
---
მანამ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გაგახსენებთ - ერთი ციანიდის გახმაურებული საქმეა, რომლის მსხვერპლი დეკანოზი გიორგი მამალაძე აღმოჩნდა. მეორე კი ის ცნობილი სინოდის სხდომა, როდესაც მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქი „ამხილა“.
„ამხილა“ ტყუილად არ ჩამისვამს ბრჭყალებში, რადგან საქმე ბოლომდე არავის მიუყვანია. არც სინოდს და არც სპეციალურ კომისიას ამას შემდეგ ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსისათვის მტკიცებულება არ მოუთხოვია და არც საეკლესიო სასამართლო გაუმართავთ. ამ აქტით სინოდმა - მოდით ვთქვათ, საპატრიარქოს ცალკეულმა ძალებმა, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტყუილში ემხილებინათ, ან მოეთხოვათ მტკიცებულება - პირიქით, საკითხი ჰაერში გამოკიდეს, რითაც საზოგადოებას უთხრეს - ვისაც არ გჯერათ ნუ დაიჯერებთ, ვისაც გჯერათ - გჯეროდეთ.
ახლა თითქოს მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჭყონდიდელმა სიმართლე თქვა თუ არა და რეალურად შეეშინდა თუ არა სინოდს მის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის. მთავარი ის არის, რომ საპატრიარქოს ცალკეულმა ძალებმა - მოდით ამ ძალებს შემდგომ შავ ძალებად მოვიხსენიებ - ამ უმოქმედობით პატრიარქის დისკრედიტაციას შეუწყვეს ხელი. ცხადია მათ აწყობდათ კიდეც რაც მოხდა. ამ ფაქტის შემდეგ „გერმანულ“ და არა მამალაძის ციანიდით სიკვდილს გადარჩენილი პატრიარქის მდგომარეობას სახელი თქვენ მოუძებნეთ.
კი, მომისმენია არგუმენტები, რომელიც ბოლოს რატომღაც ერთი „მესიჯ-ბოქსით“ სრულდებოდა - „ნეხვი არ უნდა გაქექო“ და ჩემს შემხვედრ კითხვას - „აბა, ნეხვი?“, პასუხად მუდამ ცინიკური ჩაღიმება ეგებებოდა.
ო, დიახ, ეს დიდი ცინიზმია, უდიდესი...
---
ციანიდის საქმეც და პატრიარქის სკანდალი ორივე პირველ რიგში საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორივე სკანდალს ერთი და იგივე ფიგურანტები ჰყავს კულუარებში, საჯაროდ მოქმედი პირები კი სხვადასხვა.
დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ კლავდა შორენა თეთრუაშვილს და ეს ბრალდებაც და გამომდინარე სასჯელიც არის დანაშაული თავად გიორგი მამალაძის წინააღმდეგ. ის იყო ყურადღების გადასატანი სუბიექტი. საბოლოოდ, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ბრალეული მაინც მამალაძე აღმოჩნდებოდა. სასურველი შედეგი იქნებოდა ის, რომ პატრიარქს მართლა მოკლავდნენ და არა დეკანოზის „ჩატანილი“ ციანიდით, რომელიც მის ჩანთაში არც აღმოჩნდა და სამართალდამცავებმა ვერც კი შეძლეს ციანიდის შეძენის ფაქტის დადასტურება.
რეალურად ციანიდი დიდი ხნით ადრე იყო გერმანიაში ჩატანილი. უბრალოდ დეკანოზს საზღვარი უნდა გადაელახა, ისე, რომ არც იცოდა როგორ გახდა ბრმა იარაღი შეთქმულთა ხელში. შემდეგ ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო. ამაზე იმთავითვე პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა იზრუნა.
ხომ იცით დიდი შეთქმულებების უბედურება მარტივი ნიუანსით ჩაფლავებაა - აი, ჰიტლერს რომ ბომბიანი ჩემოდანი დაუდეს მაგიდის ქვეშ და...ბუმ... ჰიტლერი გადარჩა... ასე იყო აქაც, მარტივ ვითარებაში ინფორმაციამ გაჟონა... შემდეგ ამ საქმის „შემქმნელმა“ - შავმა ძალებმა საკმაოდ აურიეს გზა-კვალი და დაუბლანდეს საქმე ხელისუფლებას და სამართალდამცავებს.
პატრიარქზე „გულდათუთქულნი“, რეალურად კი მის წინააღმდეგ შეთქმულების მომწყობნი - მშრალად, მაგრამ ტალახიანი კაბებით გამოძვრნენ ვითარებიდან.
სპეცსამსახურებს - ნამდვილ სპეცსამსახურებზე ვსაუბრობ და არა გოგაშვილის მიერ მართულზე - საკმაოდ სწორი სქემები აქვთ. სწორედ ამ სქემების მეშვეობით მოხდა ათასი ვიგინდარასა და სასარგებლო იდიოტის ატორღიალება მეუფე პეტრეს გაჟღერებულ ბრალდებებზე ისე, რომ მათ ხელში არაფერი ეკავათ. გესლი-გესლს ამატეს - ჭორს ჭორი და.... „ხმების გამავრცელებელი საზოგადოების“ უკან კვლავ ის შავ-ბნელი ძალები იდგნენ.
სინოდის სხვაგვარად მოქცევის შემთხვევაში - მეუფე პეტრესთვის სხდომაზე რომ მიეცათ აზრის გამოხატვის საშუალება - არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვერ დავწამებ არაგულწრფელობას, მეუფე პეტრესთან სინოდზე დაპირისპირებისას მეუფე იაკობია, რადგან ის ეგეთია თავისი ხასიათით, თუმცა ცხადია, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა სწორედ ბნელ ძალებს აძლევდა ხელს.
----
ორივე საქმის - ციანიდის და პატრიარქის სკანდალის მიზანი ერთ შემთხვევაში მისი ფიზიკური ლიკვიდაცია, მეორე შემთხვევაში კი დისკრედიტაცია იყო. ორივე საქმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონკრეტული იერარქები - შავი ძალები იდგნენ.
კონკრეტულად? კონკრეტულად - მეუფე დიმიტრი თავის სიძესთან - პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილთან ერთად, რომელიც თბილისიდან არც მეტი - არც ნაკლები, პირველ პუნქტად სანქტ-პეტერბურგში გაიქცა და რა თქმა უნდა - მეუფე შიო, როგორც რუსეთის რჩეული და ეპისკოპოსად მეუფე დიმიტრის პროტექციით გამორჩეული.
რამდენი ადამიანს ახსოვს მეუფე შიო ბათუმის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც იგი პირდაპირ მოსკოვში - სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, მეუფე დიმიტრის მიერ რეალურად ყალბი დიპლომით აღჭურვილი? (სიყალბე მისი ცხოვრების თანმდევი პროცესია - სადოქტორო დისერტაციაც მოპარული აქვს და ამას ჩემთან ვერ უარყოფს, საიდანაც მოიპარა ძირითადი ნაწილი, იმ ნაშრომის ერთ-ერთი რედაქტორი თავად გახლავართ, დანარჩენი რუსეთიდან ჩამოყვანილ „ტიპებს“ აწერინა.)
მას შედეგ რაც მეუფე დიმიტრიმ პატრიარქისგან პირადად გაიგო, რომ თავად ვერასოდეს გახდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ტექსტით - „ერთი შიოლაშვილი საკმარისია“, არჩევანი შიოს სასარგებლოდ გააკეთა. დანარჩენი კარგად არის ცნობილი - ალფეევის ცნობილ ვიზიტს ვგულისხმობ და მის მიერ კატეგორიულად დასმულ საკითხს პატრიარქის წინაშე - შიოს გამოსარჩევად. (სხვათა შორის, ეს ამბავიც პირველმა მე დავწერე და ვამცნე ქართულ საზოგადოებას).
მეუფე დიმიტრის პატრიარქისადმი ნეგატიური განწყობის სხვა მიზეზიც აქვს, რაზედაც არ ვაპირებ საუბარს.
ისე, ერთი ფაქტის გახსენება არ იქნებოდა ურიგო, ან უმჯობესია თავად გაიხსენოს მეუფე დიმიტრიმ - ვის საფლავთან მდგომს და ვინ უთხრა მას - „მკვლელო“! და ეს რომ ციანიდის სკანდალის შემდეგ მოხდა, იმედია ახსოვს თავად.
---
არ არის ბატონებო ეგრე ადვილად საქმე როგორც ვიღაც უყურებს - ანუ ზერელედ. ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის და ამას აქვს მნიშვნელობა ამ მეზობლისადმი მეტალურად მიბმული ქართული ეკლესიის არაერთი მღვდელმთავრისთვის.
„ორმა ამბავმა“, გნებავთ „ორმა სკანდალმა“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უდიდესი ზიანი მიაყენა და ეს ზიანი პირველ რიგში მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის პატრიარქს - ილია მეორეს.
ამის მიუხედავად ამ დრომდე ვერ მოხერხდა „მოხუცის ჩაძაღლება“ - ეკლესია კი კვლავაც დისკრედიტირებულია.
და ეს ვითარება აღმოჩნდა საოცრად სასარგებლო შემდგომი ნაბიჯებისთვის.
---
მესამე შოკი ანუ „ვათახსირებთ“...
საქართველო ეკლესიაში ამჟამად შექმნილი ვითარება ასი პროცენტით ვერ უზრუნველყოფს მოსაყდრის გაპატრიარქებას. რუსეთს ჰყავს სხვა სათადარიგო აქტორებიც - მეუფე ანდრიას (გვაზავა) და მეუფე გერასიმეს (ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი) სახით. თუმცა ისინი მაინც სათადარიგოები არიან და მთავარი მიზანი მაინც შიოს გაპატრიარქებაა.
რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს თავად მოსაყდრისთვის, რომელიც ზნეობრივი პოლიციის, უკაცრავად ინკვიზიციის, მაპატიეთ - კომისიის თავმჯდომარეა და მეუფე დიმიტრისთვის - ყველაზე ბნელი საეკლესიო ენ-ჯე-ოს - მმკ-ს შემქმნელისთვის, რომლის ფორმალური თავკაცობა მოგვიანებით მეუფე შიოს გადაულოცა, მაგრამ დღემდე თავად მართავს იდეოლოგიურად და ფინანსურად.
და გადაწყდა....
სუს-ის კრებსები მაშველი რგოლი აღმოჩნდა...
----
მოკლედ, მიღებულია გადაწყვეტილება, ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბერში გასამართ სინოდის სხდომაზე „გაპარსონ“, გაათახსირონ ორი ეპისკოპოსი - რომლებიც თავის დროზე პატრიარქთან იყვნენ ძალიან დაახლოებულები და კრებსებში „აღმოჩნდნენ“ „ზნეობრივი“ გადაცდომებით.
ნუ გაგიკვირდებათ - სხვა ღვთისმსახურებს არავინ ერჩის, საუბარია მხოლოდ სინოდის წევრებზე, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი რეზონანსი - ეკლესიაში წმენდის დაწყების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნების ეფექტით.
მრევლმა ქების ყიჟინა უნდა დასცეს. მედიამ და საპატრიარქოს ჭორიკანებმა მინიშნებებით და პირდაპირ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს ადამიანები ეპისკოპოსები იმიტომ გახდნენ, რომ პატრიარქის გამორჩეული წყალობა ჰქონდათ, ანუ თავად როგორც ბილწად ხუმრობენ ხოლმე საპატრიარქოს კედლებში - „მადლი“.
ისინი არც იმაზე ამბობენ უარს თუ სინოდამდე გაიხდიან კაბებს გასათახსირებელი ეპისკოპოსები - მაშინ უკვე ჭორიკნები იმუშავებენ და ეფექტი იგივე იქნება.
ამასობაში მოვა 4 იანვარი - აღინიშნება პატრიარქის დაბადების დღე, ხოლო შობა საღამოს - პატრიარქის ბოლო საშობაო ეპისტოლეც გაჟღერდება სადაც იგი გადადგომის შესახებ განაცხადებს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა სინოდის წევრებთან მხოლოდ ერთი კონტექსტით - „მათი ადგილი ჩვენს გვერდით არ არის, გვარცხვენენ“.... რასაც სხვები, თუნდაც მეუფე შიოს მოწინააღმდეგეები თანხმდებიან - საქმე ხომ დელიკატურია და გრუზინულ-ძველბიჭური ლოგიკა მუშაობს: ესარჩლები? ანუ შენც?.... წადი და უმტკიცე მერე რა საიდუმლოს უნახავ მისი ოჯახის წევრებს, ან რა იცი დადასტურებულად მათი ვნებების შესახებ. შენ არ იკადრებ - ისინი იკადრებენ....
სინოდის წევრებთან არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება პატრიარქის იძულება გადადგომაზე...
შემდეგ? შემდეგ პროგრესულებს დაერევიან და ამ სიაში პირველია მეუფე გრიგოლი.... შემდეგ? შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი პატრიარქობის კანდიდატების დრო მოვა - მათაც ერთმანეთის ხელით მოგუდავენ... მაგრამ ეს იქნება მერე, მანამ კი...
აბა, მითხარით, მას შემდეგ რაც ზნეობის კომისიის თავმჯდომარე მოსაყდრე, თრთოლვით და ხმაში ხელოვნურად შეპარებული ჟანგით გამოუტანს კოცონზე დაწვის ვერდიქტს სინოდის წევრებს - რეალურად კი პატრიარქს და ამით აღფრთოვანებული მრევლი და ქართული ვაჟკაცობა დაჰკრავს ყიჟინას - გაბედავს ვინმე და მას არ მისცემს ხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე დასაჯდომად? მით უფრო, რომ სინოდის წევრების უმეტესობას არც აქვს შესაბამისი ამბიცია, ფხა და მათთვის მთავარია ქონებისა და ეპარქიების შენარჩუნება.
კუდიანების დევნაში კი მთავარი კუდიანების - რუსეთუმეების, რუსული ფაქტორის საკითხი ყველას დაავიწყდება, რადგან ისინი პატრიოტებად და ჭეშმარიტ ქრისტიანებად წარდგებიან პუბლიკის, უკაცრავად მრევლის წინაშე.
მოკლედ ასე: მესამე საეკლესიო სკანდალი - სპეცოპერაცია „ვათახსირებთ“ უკვე დაწყებულია.
---
და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? უნდა გააკეთოს რამე მან სეკულარულ სახელმწიფოში? ეს ხომ საპარლამენტო არჩევნები არ არის... - აგრემც უქნიათ, დაუხოციათ ერთმანეთი... ვინც დარჩება უფულოდ სად წავა? ფული კი მთავრობას აქვს - ჩვენი ფული, ჩვენზე საბატონებლად...
და თუ ახლა წამით დავფიქრდებით კრებსებზე - საკითხავია ვინ მოიგო მისი გარეთ გამოტანით?
და თუ ახლა კიდევ ერთი წამით დავფიქრდებით - საკუთარი სხეულის განკარგვა უფრო დიდი ცოდვაა თუ ეკლესიის დირექტორობა - რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვება ან სულაც, უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა? თუმცა ერთი „ჩანს“, მეორე - არა! აღქმაც შესაბამისი აქვს კაც-მრევლს.
მეეჭვება, რომ ბევრი მიხვდება სწორად რა ზიანს მოუტანს ეს ნაბიჯი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყანას მისი დემორალიზების კუთხით. კუდიანებზე ნადირობის ყიჟინა დროებითი იქნება. სულაც, ე, მანდ, იმავე სხდომაზე არ გამოარჩიონ ახალ ეპისკოპოსებად ვინმე ისეთები, რომლებიც ქართულ თუ არა რუსულ კრებსებში იკავებენ საპატიო ადგილს, გნებავთ ადამის და გნებავთ ევას სამოსელებით...
მაგრამ მთავარი ხომ მაინც ის არის, რომ ალფეევის დასმული პატრიარქი გვეყოლება....
მოკლედ, შესძლებენ ამ გეგმის რეალიზებას თუ არა, ვნახავთ მალე.... უბრალოდ, ძალიან, ძალიან უხერხული და სამარცხვინოა ეს ყველაფერი - დღეს და ახლა ქრისტეს სახელით ადამიანებს ანადგურებდე და ისევ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდე, - შეგნებულად თუ შეუგნებლად.
ავტორი: გოჩა მირცხულავა