„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

2022 წელი - მორიგი “ნაბდით დაჭედილი ბედაური”

02.01.2023 ნახვები: 951

უკვე მილეული წლის შინაარსი სამმა ურთიერთდაკავშირებულმა მოვლენამ და პროცესმა  განსაზღვრა.

ესენია: ომი უკრაინაში; სახიფათო პოლიტიკური “კლინჩი” მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თაობაზე; და სოციალურ განწყობათა ილუზორული, დროებითი ცვლილება, რაც უკრაინის ომთან პირდაპირ დაკავშირებულმა ეკონომიკურმა გამოცოცხლებამ და დიდმა  ცდუნებამ განაპირობა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რა “ბრძნული” მოსაზრება არ მოგვისმენია ან წაგვიკითხავს  ბოლო 35 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების განწყობათა ასახსნელად... თუმცა მშობლიურმა სოციოლოგიამ მაინც ვერ “გამოიგონა ველოსიპედი” და კვლავინდებურად “წყალი არ გაუვა” იმ საუკუნეობით დაცდილ თუ აპრობირებულ დებულებას, რომ სწორედაც მაცივარი განაპირობებს ელექტორალურ განწყობებსა და უპირატესობებს.

როცა “მაცივარი” არ იყო ჯერ, მაშინ “ბეღელი” ალბათ.

ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები მსჯელობენ იმის მიხედვით, რა შეემატათ ან რა მოაკლდათ გასულ წელს და მხოლოდ ამის შემდეგ თუ დგება დღის წესრიგში სხვა ღირებულებითი პრიორიტეტები.

წლის ბოლოს, მრავალთა მიერ ათვალწუნებულმა და “სამთავრობოდ” წოდებულმა “გორბიმ” მმართველი პარტიის მომხრეთა ზრდა გვაუწყა. ალბათ გადაჭარბებით და ტენდენციურად. მით უმეტეს, როდესაც “გადაუწყვეტელთა პროცენტი” კვლავინდებურად დიდია - უკვე ტრადიციულად ამ ქვეყანაში, რაც ნამდვილად არ მეტყველებს სოციუმის “ჯანმრთელობაზე”.

თუმცა “ოცნების” 52%-იანი (ანუ უპრეცედენტო) შედეგის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც იოლად ვერ აიცილებენ იმ არგუმენტს, რომ წლის ბოლოსთვის გვაქვს ორნიშნა, საერთაშორისო ინსტიტუტების დადასტურებული ზრდა; მით უმეტეს “წამყვან” მეწარმეთა წუწუნის ფონზე, რომ მუშა-ხელი შემოაკლდათ, რაკი პოლონური და ზოგადად ევროპული ალტერნატივების გაჩენით ადამიანებს არჩევანის საშაულება აქვთ. შესაბამისად, უმუშევრობა ე.წ. “ერგნეთის ბაზრობის” (კონტრაბანდული, კოსმიური “შავი ხვრელის”) დახურვის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

თუ არსებობს “მოთხოვნა”, უნდა იარსებოს “მიწოდებამაც”: ეს მარტივი ეკონომიკური კატეგორია შრომის ბაზარსაც ეხება და ქართული ეკონომიკა, ისევე როგორც ამ ეკონომიკის “გენერლები”, იმ მათთვის უსიამოვნო არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ ან ბიზნესის როგორც მინიმუმ რაღაც წილი უნდა დათმონ, ან ზემოგებებზე უარი თქვან და მუშა-ხელი შეიძინონ იმ ფასის ორ მესამედად მაინც, რამდენადაც პოლონეთი ყიდულობს ქართველ მუშა-ხელს.

თუმცა ეს ეკონომიკური ზრდა და ბენეფიტები “დენთის კასრზე” ქვეყნის წამოსკუპებასაც ნიშნავს: აღარ იქნება მისი მთავარი განმაპირობებული მიზეზი, მთავარი თრიგერი (რუსული ემიგრაცია)  და....კასრი ისე შეიძლება აფეთქდეს, ეკონომიკური კატეგორიებიც დაგვავიწოს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მაშასადამე უნდა დავსვათ კითხვა: რამ განაპირობა გასული წლის ეკონომიკური ზრდა? ნუთუ მთავრობის ეკონომიკური გუნდის გენიალობამ? შრომის პროდუქტიულობის ზრდამ?  დიდმა ინვესტიციებმა ეკონომიკის რეალურ სექტორში ან თუნდაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოთა აღმოჩენამ?!

ან თუნდაც ანაკლიის პროექტის განახლებამ? შავი ზღვის კაბელმა?

რა თქმა უნდა არა: “საოცნებო ეკონომიკური სასწაულის” მთავარი და გარკვეული აზრით ერთადერთი მიზეზი გახდა საზარელი ტრაგედია, რაც დატრიალდა უკრაინაში და ასეულობით ათასი (დაახლოებით 125 000) რუსი დეზერტირის გამოქცევა საქართველოში.

ეს ქვეყანა მათთვის მიმზიდველია რამდენიმე სისტემური მიზეზით:

ა) 12 თვის განმავლობაში “ტურისტის” სტატუსით ცხოვრების უფლება;

ბ) შედარებით (!) სიიაფე;

გ) მეწარმეობის, მათ შორის საწარმოს რეგიტრაციის სიიოლე და გადასახადების  დაბალი დონე;

დ) ბინის იჯარის  ხელმწისაწვდომობა თუნდა თურქეთთან შეფარდებით

 

თუმცა, ამ “შედარებითი სიიაფის” მიუეხდავად, რუსებმა უძრავი ქონება, პირველადი და მეორადი ბინების ბაზარი (ნებისმიერი ეკონომიკის “აღმძრავი”) იმდენად გამოაცოცხლეს,  მან “ორთქმავალივით” წაიყოლა სხვა სფეროებიც.

ისტორიის სევდიანი ირონიაა, რომ “ქართული ეკონომიკა”, დამოუკიდებლობის 32-ე წელს, იმავე რუსული სახელმწიფოს (ანუ ოკუპანტის) გეოპოლიტიკური მიეთ-მოეთისა და აგრესიული ომების მატარებელში ჩაბმული სუსტი რონოდაა, რომელსაც საკუთარი რესურსი არ გააჩნია.

და რუსეთის საიმედო ისტორიული დამარცხების შემდეგ ხსენებული “დენთის კასრი” თუ აფეთქდა, ქვეყანა სად აღმოჩნდება? თუნდაც ლარი რამდენად გაუფასურდება “ზამბარას კანონის” გათვალისწინებით?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

არა იმდენად მასშტაბით (ვიეტნამის, კორეის, ავღანეთის, ირან-ერაყის და ინდოეთ-პაკისტანის ომები ყოველმხრივ მასზე მასშტაბური იყო) არამედ მნიშვნელობით ევროპული ცივილიზაციისთვის და/ანუ კაცობრიობისთვის, რაკი მოსწონს ეს  ვინმეს თუ არა, კაცობრიობის ისტორია, უმეტესწილად, ევროპილი ცივილიზაციის ისტორიაა! იმ დათქმით, რომ ამერიკა ევროპული ცივილიზაციის სიხლი-სისხლთაგანი და აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია.

აქ მხოლოდ იალტა-პოტსდამისა და სან-ფრანცისკოს (გაეროს დაფუძნებას ვგულისხმობ -დ.გ.) “მსოფლიო წესრიგის თავხედურ, უკანმოუხედავ დარღვევაზე როდია საუბარი. ბოლოს და ბოლოს, ეს წესრიგი ისედაც დაარღვია და შემდეგ დაანგრია ე.წ. სსრკ ანუ უკანასკნელი იმპერიის დაშლამ, მერე კოსოვოს აღიარებამ, 2008 წლის რუსულმა აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის ოკუპაცია-ანექსიამ ანუ დიდი სახელმწიფოს მიერ მეზობელი სახელმწიფოს ნაწილის მიტაცებამ (პირველად 1938 წლის შემდეგ) და ა.შ და ა.შ.....თუმცა ბევრად არსებითი ისაა, რომ თუ ახლა, ღმერთმა ნუ ქნას, პუტინმა არსებით წარმატებას მიაღწია (მთელს უკრაინას ვერ დაიპყრობს, მაგრამ მისი “არსებითი წარმატება” იქნება თუნდაც დონბასის “შემომტკიცება”)  ეს გახდება........ ევროპული ცივილიზაცის დასალიერის დასაწყისი! -  მისი უძლურების მსოფლიო დემონსტრირება, მისი “ღერძულა ღირებულებების” გაუპატიურება ველური ძალით.

არა  “საერთაშორისო სამართლის”, არამედ ჰუმანიზმის, სიმართლის, სამართლიანობის, კეთილშობილების, დემოკრატიის დამარცხება ველურობის, უსამართლობის, აგრესიის და დიქტატურის მიერ.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იქნება ტოტალური კატასტროფა!

და აქვე უნდა ითქვას: დღეს თუ ქართველები არა ვართ (საბრალო ჩეჩნებივით) იმ ომის პირსისხლიანი, დამპყრობელი მონაწილენი პუტინის მხარეს, ესე იგი ისტორიის ბნელ მხარეს, ეს 35 წლის წინანდელი “ეროვნული მოძრაობის” და დამოუკიდებლობის დამსახურებაა.

ოღონდ ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება - რა მომგებიანიც არ უნდა იყოს GDP-Per Capita-ს ზრდა პატარა და მეტაფორულად “მშიერი” ქვეყნისთვის.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მთავარი აქტუალური კითხვა კი ისაა, რამდენად შესწევს უნარი დღევანდელ მთავრობას, დაინახოს  ფაქიზი ზღვარი, რაც პრაგმატიზმს ჰყოფს ისტორიის ბნელ მხარეს თავის ამოყოფისგან - იმავე “მმაჩიზმო ჩაფრების” გვერდით.

ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, გაარჩიოს ერთმანეთისგან “ზემო ლარსის” საზღვრის “ხსნილობა” რუსებისთვის - პირდაპირი ფრენების აღდგენისგან, რაც უკვე აშკარა დემონსტრაცია -  მეომარი ცივილიზაციისაგან განზე გადგომა იქნება;

და რომ ერთია მობილიზაციას გამოქცეული რუსის მიერ თბილისის იუსტიციის სახლში IT ინდსაწარმოს დაფუძნება და მეორეა იმავე “საქართველოს სამხედრო გზით” რუსული აგრესიისთვის  აუცილებელი “მიკრო-ჩიპების” მიწოდება თუნდაც “მარშრუტკებით”: მესაზღვრე/მებაჟეთა “თვალის დახუჭვის” ფონზე.

თუ აქ საქართველომ მყარ “ეკვილიბრიუმს” ანუ წონასწორობის წერტილს ვერ მიაგნო თრუსო-გუდაურ-ყაზბეგის მიმართულებით ახალი რუსული აგრესიის თავიდან აცილების ამოცანასა და  ისტორიის ნათელ მხარეს დარჩენის ისტორიულ აუცილებლობას შორის, მაშინ  2023 წელი საზარელი ქართული კატასტროფის წლად შეიძლება იქცეს, როცა ბოლო 35 წლის მანძილზე სისხლითა და ცრემლით მიღწეულიც წყალში ჩაიყრება.

იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიულად უკანდასახევი გზა მხოლოდ აშმორებული ჩეჩმისკენ მიდის, სამომავლო კი, - მხოლოდ ევროკავშირისკენ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

“ქართველი ოდისევსის” დაბრუნება უშუალოდ უკავშირდება უკრაინის ომს.

უკავშირდება ობიექტურად: იმის მიუხედავადაც კი, “გათვალა” თუ არა მიხეილ სააკაშვილმა მომავალი აგრესია, ან საერთოდ ჰქონდა თუ არა საზრისში ეს სავარაუდო მოცემულობა საკუთარ გეგმათა დალაგებისას;

ობიექტურად, “სააკაშვილი - საქართველოში” ამ კონფიგურაციის ნაწილად იქცა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ მისი შიდაპოლიტიკური რენომეს და მომხრეთა ოდენობის მიუხედავად, იგი ახლა კვლავ “რუსთავის დაწესებულებაში” იქნებოდა და არა თბილისის ელიტური კლინიკის ოროთახიან აპარტამენტებში.

და რაკი ასეა, მოსწონთ ეს ქართველ პოლიტიკოსებს თუ არა, ან ჰქონდა ეს თუ არა წინასწარ დაანგარიშებული ამ ჩვენს მოუსვენარ  “ოდისევსს”, მისი ბედიც საერთო ევროპულ პროცესთა კონტექსტში გადაწყდება.

აქ უკვე ჩლუნგმა სწორხაზოვნებამ შესაძლოა შექმნას მითოსი, რომელსაც მომავალი ვეღარასოდეს დაარღვევს და მუდამ იდება ქართული სახელმწიფოს დასუსტებულ სხეულში - მებრძოლის  სხეულში ჩარჩენილი ამოუღებადი ტყვიასავით .

ამიტომ  პოლიტიკოსებმა რაიმე კომპრომისი უნდა მოძებნონ, რომელიც მძვინვარედ ურთიერთდაპირისპირებულ ფანატიკოსთა ბანაკებს ვერ შეარიგებს (ეს გამორიცხულია) თუმცაღა მ ო ა რ ი გ ე ბ ს! (ვენაცვალე დედა-ენას)

შესაძლებელია ამგვარი “მორიგება”? - არა გარიგება, არა შერიგება არამედ მ ო რ ი გ ე ბ ა?!

თეორიულად დიახ, მაგრამ პრაქტიკულად......”კომპრომისის კულტურა” ამ ქვეყნის უდიდესი, იმმანენტური  დეფიციტია.

ალბათ ბევრად მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე წიაღისეულის დეფიციტი.

საეჭვოა 2023 წელი ამ მხრივ ისტორიული “ძეგლისდების” ნიშანსვეტად იქცეს. უფრო მეტად სავარაუდოა, გასული წლის ტყუპისცალი გახდეს: კონსტანტინე გამსახურდიას პერიფრაზით....... “წლები კი მიჰქრიან, ვითარცა  ნაბდით დაჭედილი ბედაურები”.

 

სპეციალურად გამოცემისთვის Nation.ge

დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი

Radio Free Europe/Radio liberty

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა