პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერის, იაცეკ დობჟინსკის განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა და ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს.
დაკავების შემდეგ დონალდ ტუსკმა პოლიციას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისა და „ოპერატიული და გადამჭრელი ქმედებებისთვის“.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
უწყების პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, სავარაუდო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიღო, რომელიც მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
მისივე განმარტებით, სამსახურში ელექტრონული ფოსტით შესული შეტყობინება პოლიციას გადაეგზავნა, რის შემდეგაც შესაძლო საფრთხის შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური შეხვედრაც გამართეს. უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის საფრთხეს „უკიდურესად სერიოზულად“ აფასებენ.
ამ დროისთვის საჯაროდ არ გავრცელებულა დეტალური ინფორმაცია ეჭვმიტანილის შესაძლო მოტივის, თავდასხმის დაგეგმილი მეთოდის ან იმის შესახებ, მოქმედებდა თუ არა ის დამოუკიდებლად.
წყარო: BBC.