შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის 12-წლიან სასჯელს იხდიდა, საპატიმრო დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ განუცხადა, ყოფილი მაღალჩინოსანი პენიტენციური დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.
„ირაკლი გამოვიდა 13 ნოემბერს. ახლა სჭირდება რეაბილიტაცია, ყველა კუთხით მისახედია მისი ჯანმრთელობა. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია, რომ უდანაშაულომ მოიხადა ეს 12-წლიანი სასჯელი, განსაკუთრებულად მძიმე პირობებში. მოიხადა ვაჟკაცურად და ახლა მას სჭირდება სიმშვიდე, მკურნალობა და რესოციალიზაცია, რაც თანდათან უნდა მოხდეს. ამიტომ ოჯახი მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნინო ხვიტიამ.
2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში.
სასამართლომ მას თავდაპირველად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სასჯელი 12 წლამდე შეუმცირდა.