რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება გარდაუვალი ჩანს, ამიტომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან პოლიტიკური კომპრომისის მიღწევასა და დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენაზე უნდა იზრუნოს, – ამის შესახებ დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს.
გამცემლიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მოსკოვი შვიდი ქართული ღვინის კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ნაცვლად კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებს.
„მეგონა, ღვინოზე სანქციებს იქვე, უმალვე მოხსნიდა რუსეთი და თურმე კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებენო. კი მაგრამ, რატომ გეგონა? რატომ მოხსნიდა? შენ რომ დაგინახავდა, შენ რომ ხელს ჩამოართმევდი, შენთან რომ ფოტოს გადაიღებდა, აღფრთოვანდებოდა ამით და სანქციებს გააუქმებდა? ვინ – რუსეთი? პუტინის რუსეთი?“ – წერს გამცემლიძე.
მისი შეფასებით, მოსკოვს საქართველოს მიმართ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინსკში გადატანა, საქართველოს ჩართვა რეგიონულ 3+3 ფორმატში და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
გამცემლიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის პირდაპირ აღიარებას არ მოითხოვს, რადგან უფრო რეალისტური მოთხოვნებით შემოიფარგლება.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის არცერთ მოთხოვნას არ შეასრულებს, რასაც სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
გამცემლიძე აკრიტიკებს დახურულ კარს მიღმა გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებების დეტალების საჯაროდ გამოტანასაც. მისი თქმით, ეს დიპლომატიური პრაქტიკის უხეში დარღვევაა, რომელმაც შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაც დააზიანოს.
მისივე შეფასებით, მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სრული სავაჭრო ემბარგოსა და ფრენების შეწყვეტის საფრთხე, რაც ტურიზმსა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.
„კეთილი ინებეთ, გადადგით ის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ყოვლად აუცილებელია ზემძლავრ, აგრესიულ მეზობელთან უკვე გარდაუვალი დაპირისპირებისას: „დაალაგეთ“ ოპოზიციასთან! „დაალაგეთ“ დასავლეთთან!“ – მიმართავს გამცემლიძე ხელისუფლებას.
მისი განმარტებით, პოლიტიკური შეთანხმება არ ნიშნავს ხელისუფლების გადაბარებას, 2028 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ან ოპოზიციის წინაშე კაპიტულაციას. საუბარია ორმხრივ კომპრომისებზე, რომელთა მიღწევის შესაძლებლობა, მისი შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს.
„ასეთი ორმხრივი კომპრომისებისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, სანამ პარტიების აკრძალვის საბედისწერო გადაწყვეტილება არ მიღებულა და „უკანმოუბრუნებლობის მიჯნა“ არ გადალახულა“, – აღნიშნავს გამცემლიძე.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერების პირობებში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია და დასავლეთის მხარდაჭერა.
„რუსეთის აგრესია, პირველ ეტაპზე სანქციათა ეტაპობრივი გაძლიერებით, უკვე, როგორც ჩანს, გარდაუვალია. ხოლო სოციალური და პოლიტიკური კონსოლიდაციის გარეშე, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, მით უმეტეს პარტიათა აკრძალვით, ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელი იქნება და საბედისწერო მომენტის დადგომისთანავე გამოიწვევს სრულ, ტოტალურ კატასტროფას!“ – წერს დათო გამცემლიძე.