რუსეთი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, ხოლო მოსკოვის მიერ წამოყენებული მოთხოვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ზურაბაშვილის ინფორმაციით, მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ შვიდი ქართული ღვინის კომპანიისთვის 9 ოქტომბერს დაწესებული შეზღუდვები იყო.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ სანქციების სამი მიზეზი დაასახელა: ღვინის ხარისხი, კომპანიების მიერ უკრაინის ომის სავარაუდო დაფინანსება და ანტირუსული პროპაგანდა.
„რაც შეეხება ხარისხს, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ ვერცერთი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტი ვერ წარმოადგინა.
„მოლოდინი მქონდა, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა. ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, გაოცებული და გაოგნებული ვიყავი. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც უკრაინის ომის დაფინანსების ან ანტირუსული პროპაგანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, – აღნიშნა მან.
ზურაბაშვილმა ასევე ისაუბრა მინსკის შეხვედრაზე რუსეთის მხარის მიერ წამოყენებულ დაახლოებით ათ საკითხზე, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ თანამშრომლობას ეხებოდა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი წინადადება დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილებას ითვალისწინებდა.
„თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისი შეფასებით, ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები, უკრაინის ომის დაფინანსებისა და ანტირუსული პროპაგანდის შესახებ ბრალდებები, ასევე ჰუმანიტარული თანამშრომლობის წინადადებები ერთიან პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.
„ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთის მოსახლეობასაც“, – აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.