შალვა ხაჭაპურიძე - რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა
27.01.2023
ნახვები: 550
გუშინ რატი ბრეგაძემ მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და გამოგვივიდა მოსამართლის რანგში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელი განცხადებები შეაფასა, რომლის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ისინი ვალდებული არიან გაგვიცვალონ მტკიცებულებები, უნდა შეატყობინონ სასამართლოს, რომ ატარებენ ამ ტიპის ექსპერტიზას, თუმცა, ჩვენ „ვივამედის“ კანცელარიიდან ვიცოდით, რომ ეს მასალები სააკაშვილის ექსპერტიზის მიმდინარეობის პერიოდში ითხოვეს. მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ერთხელ უკვე ამ ტიპის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა. ეს არის იგივე ხასიათის და შინაარსის შუამდგომლობა, რაზეც მოსამართლემ უარი უთხრა. გარდა ამისა, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის. მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე ფიზიკურად შეუძლებელია. აუცილებლად უნდა ენახათ თავად პაციენტი. რადგან პაციენტი ნანახი არ ჰყავთ, როგორ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ დასკვნა, თუ ბიუროს ადამიანი ნანახი არ ჰყავს?
რაც მთავარია, გახსოვთ, გუშინ რატი ბრეგაძემ იმპერატიულ სტილში განაცხადა, „ემპათიას“დასკვნა არის არაკვალიფიციურიო ანუ ბატონმა რატიმ მოსამართლის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლეს მანტია გახადა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, თვითონ შემოიცვა ტანზე მანტია და მოგვევლინა მოსამართლის რანგში. მათთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგეს და ჩვენთვის ძალიან კარგი“, -განაცხადა ხაჭაპურიძემ.
იუსტიციის მინისტრი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის
კოკა კაციტაძე - იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე საბოლოო ჯამში დაგვთანხმდება ნიმუშების აღებაზე და კითხვებს პასუხი გაეცემა
გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?
მარიამ ჯიშკარიანი: მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს
გიორგი სააკაშვილი:მიშა უკვე 68 კილოგრამს იწონის და ეტლში ზის, შეგნებულად კლავენ, ამას ვერასდროს შევეგუებით