უცხოური აგენტების ირგვლივ დატრიალებული ამბების ფონზე საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მარტივი დასკვნა უნდა გაეკეთებინა. პირველი - საქართველო ბევრად უფრო პროდასავლური ქვეყანაა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგვედგინა.
ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ ევროინტეგრაციას მხარს მოსახლეობის 75-80% უჭერდა, თუმცა, ამ ციფრებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ჩამოყალიბებული სტერეოტიპის თანახმად, იდეურად ევროპის მომხრეა მხოლოდ 10-15%, დანარჩენისთვის კი დასავლეთი არის მხოლოდ ადგილი, სადაც ბევრი მუქთა ფულია.
თუმცა, 8-10 მარტის მოვლენებმა ყველა გაგვაოცა, და ჩვენ აშკარად დავინახეთ ის, რაც აქამდე რეალურად არ ვიცოდით - მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ევროპულობა არის სწორედაც ფასეულობების და არა მხოლოდ ფინანსების საკითხი. დასავლეთის იდეური მომხრეები რეალურად ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ყველას გვეგონა.
ამიტომაც, ქოცების პირველი დასკვნა უნდა იყოს - ანტიევროპული რიტორიკა არა მხოლოდ საზიანოა, არამედ საშიშიც - პირველად 10 წლის მანძილზე ქოცებმა დაინახეს საჯარო სტრუქტურებში დაუმორჩილებლობის კონტურები - სახელმწიფო სტრუქტურების ბევრი თანამშრომელი უკვე არ ერიდება უფროსობის რისხვას და უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს.
მეორე - პრორუსული ბანაკი საქართველოში არის მცირე, უმნიშვნელო, და ორიენტირებული უკიდურესად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების ადამიანებზე. 8-10 მარტის მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დაადასტურეს ის, რაც აქამდე ისედაც ყველამ ვიცოდით - არ არსებობს არანაირი „ალტინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, ათასნაირი მოფაშისტო გაერთიანებები - ეს ჯგუფები მთლიანად კონტროლდება „ქართული ოცნების“ მიერ.
მთელი ეს რუსეთუმე ფლანგი არის ფეიკი, ხვალ ქოცობა ხელისუფლებიდან რომ წავიდეს - მას იმ წამსვე მიყვება მთელი ეს „ქართველობის დამცველები". შემთხვევითი არაა, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გამოსვლის დროს, სწორედ „ალტინფო“ ღიად იკავებს ხელისუფლების მხარეს, და უცხოური აგენტების შესახებ კანონსაც სწორედ მათ და მათმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ დაუჭირეს მხარი.
ამიტომაც, დასკვნა მეორე - არანაირი მნიშვნელოვანი პრორუსული მასა საქართველოში არ არსებობს,და ისიც კი, რაც არსებობს, თავად ხელისუფლების შექმნილია თავიდან ბოლომდე.
მესამე - ეკლესიის 90%-ნი რეიტინგი - ასევე ფეიკია. საქართველოში რელიგია არის რიტუალი, ეროვნული იდენტურობის ერთ-ერთი ნაწილი, ისეთივე, როგორს, ხალხური ცეკვა ან ხაჭაპური. რეალური ცხოვრებაში სამღვდელოებას არანაირი გავლენა ადამიანების გონებაზე არ გააჩნია. მათი აზრი ამა თუ იმ საკითხებზე არავის ადარდებს.
ქართველი პოლიტიკოსების იმდენს ლაპარაკობდნენ „დედა-ეკლესიაზე“, რომ თავადაც დაიჯერეს, რომ საპატრიარქოსთან ხელჩაკიდებული მეგობრობა არის პოლიტიკური წარმატების საწინდარი. ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ ეკლესიას თავი მოაწონონ, აკეთებენ შესაბამის განცხადებებს, ერთმანეთს ეჯიბრებიან ეკლესიისადმი ერთგულებაში.
აგენტების კანონის ერთ-ერთ დასაბუთებად დაიდო ის, რომ „უცხოურ აგენტები დედა-ეკლესიას აგინებენ“ და კობახიძე-ღარიბაშვილის კოოპერატივის მოკლე ჭკუით, ამას უნდა ემოქმედა ადამიანების გონებაზე - აი, გაიგებდნენ, რომ ქოცობა ებრძვის ეკლესიის მგინებლებს, და აქციაზე არ მოვიდოდნენ.
სულ ტყუილად, ეკლესია - ხაჭაპურივითაა, ვის აინტერესებს ხაჭაპურის აზრი ამა თუ იმ საკითხზე? მას ხომ თავისი ადგილი აქვს.
შესაბამისად, დასკვნა მესამე - ეკლესიის 90%-ანი რეიტინგი იგივეა, რაც ქართველ მამაკაცთა 80% მზადყოფნა წავიდნენ საომრად - რასაც ასევე აჩვენებს სოციოლოგია. ეს არის პასუხი პასუხისთვის, იმიტომ რომ ასეა საჭირო. ამიტომაც გეყოფათ მამაოებთან ლაქუცი - ეს გარდა იმისა, რომ დამამცირებელია, ამასთან ერთად სრულიად უსარგებლოცაა.
თუმცა, როგორც ცხადყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, არანაირი დასკვნები არ გაკეთდა - „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ პროევროპულობა არ გამოსდის და საბოლოოდ აირჩია თავის პრიორიტეტად მუშაობა მრევლთან, რუსეთუმეებთან, ქურდებთან, და უსაქმურებთან. ჯამურად - 10-15%.
სწორედ ამ აუდიტორიის გაფართოებაზე და ასევე ადმინისტრაციული რესურსის შენარჩუნებაზე ზრუნავს დღეს ქართული ოცნება. ქოცები არც კი შეეცდებიან იდეური პროევროპელების ბანაკზე მუშაობას - ხვდებიან, რომ აზრი არა აქვს, ამიტომაც მათი მიზანია გააძლიერონ ის, რაც უკვე აქვთ - პრორუს-მრევლ-ქურდები, პლიუს საჯარო სტრუქტურები, სადაც თითქმის 99% პროევროპულია, თუმცა მეტწილად მაინც არ ემხრობა ხელისუფლების შეცვლას.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაძლიერება, იმისთვის, რომ 2024 წელს მან შეძლოს ქოცების ხელისუფლებიდან გაგდება. ეს რთული საკითხია, რომელსაც მიტინგები და საზოგადოებრივი აქტიურობა ვერ უშველის - ეს ისაა, რაც პოლიტიკოსებმა და პარტიებმა თავად უნდა გააკეთონ - მათ ნაცვლად ამას ვერავინ იზამს.
ეს განსაკუთრებით რთულია მთავარი ოპოზიციური პარტიის გავლენის და რეიტინგის მკვეთრი ვარდნის ფონზე. ამიერიდან ამომრჩეველთა მობილიზებაზე სხვა ძალებმა უნდა იზრუნონ.
ლიდერის როლის მორგებას ცდილობს „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე ახალი საყოველთაო საპროტესტო მოძრაობის ინიციატივით გამოდის და ეს სწორი ჩანაფიქრია - ქვეყანამ უნდა იმოქმედოს, იმისთვის, რომ მანიაკი-უზურპატორი საბოლოოდ არ გაგიჟდეს და სხვა, უფრო ცნობილ შეშლილებს, მაგალითად, ნერონს, არ დაემსგავსოს.
თუმცა, ეს რთული ამოცანაა, რადგანაც საზოგადოებაში გამეფებული უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ არსად გამქრალა. მით უმეტეს 8-10 მარტის წარმატებას ვერ ერთი პარტია ვერ მიიწერს - ეს 99%-ით ახალგაზრდობის დამსახურებაა.
2024 წელი მალე მოვა და ოპოზიციას ვითარების გადატეხის შანსი მიეცემა. ამ შესაძლებლობების გამოყენებას ქუჩა არ ეყოფა. უზურპატორის დამარცხდება მხოლოდ ჭკუით და ორგანიზებულობით შეიძლება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია