ვინ ძალადობს ამას სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
ნატო-ს გენერალური მდივანი - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას
IPN: შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“
საზმაუს 60-ზე მეტი თანამშრომელი: არხი მიკერძოებულია, ვითხოვთ, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს
War update: 201 skirmishes on front lines, most attacks recorded in Kurakhove sector
SOF carry out two raids in Kursk region, capture 8 more Russian servicemen
Russian Army loses another 1,780 soldiers in Ukraine

პუტინი - რაშიზმის უკანასკნელი მეფე

30.03.2023 ნახვები: 3864

ავტორი: მერი ასათიანი

ფრანგულიდან თარგმნა ნანა გუნცაძემ

„ჩვენ არ გაგვაჩნია იმპერიის გაძლიერებაზე გასაფლანგი
ძალები! ის არც გვჭირდება, სჯობს ეს ტვირთი ჩამოვიბერტყოთ
მხრებიდან! ის აზიანებს ჩვენს ტვინს, გვფიტავს
და აჩქარებს ჩვენს განადგურებას.“
ალექსანდრ სოლჟენიცინი, „როგორ განვაახლოთ ჩვენი რუსეთი“.

დასავლური მედია უკვე დიდი ხანია ავრცელებს სასიხარულო ამბავს: პუტინი დიდ გასაჭირშია, ის პოლიტიკურად დასუსტებულია, დელეგიტიმიზაციისა და დამარცხების გზაზეა. მაშინვე ვიწყებთ ოცნებას რუსეთზე პუტინის გარეშე; პუტინის პოლიტიკურ დასასრულს ვუკავშირებთ იმ საფრთხის აღმოფხვრას, რომელსაც რუსეთი უქმნის მსოფლიოს. რადგან პუტინის პროექტის ტოტალიტარული განზომილება დიპლომატიური გამოსავლის პოვნის ნებისმიერ ვარიანტს გამორიცხავს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული, სრულიად რეალისტურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაცემას მოჰყვება მყისიერი ისტორიული ცვლილებები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინის დესპოტური მმართველობის მეთოდი თავისი მოსახლეობის უმრავლესობისათვის მისაღებია. რუსების უეცარი და მზარდი უკმაყოფილება მათი პრეზიდენტის მიმართ გამოწვეულია არა მისი ამბიციების იმპერიალისტური ხასიათით, არამედ ამ იმპერიალისტური გეგმების რეალიზაციისას გამოჩენილი არასაკმარისი სიმტკიცითა და სიმკაცრით.

უნდა ითქვას, რომ პუტინი სულაც არ არის გამონაკლისი. ის ჩვენი დროების ერთ-ერთი პოლიტიკური განსახიერებაა იმ იდეოლოგიისა, რომლითაც რუსი ხალხი საზრდოობს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. მე-19 საუკუნეში საუბრობდნენ პანსლავიზმზე, დღეს ჩვენ ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას ვაკვალიფიცირებთ როგორც რაშიზმს: რუსულ ფაშიზმს, რომლის გამოვლინება იყო ცარიზმი, შემდეგ სოვეტიზმი, რასაც მოჰყვა პუტინიზმი, როგორც პანსლავიზმის თანამედროვე ვერსია.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ევროპული რომანტიკული ლიტერატურით შთაგონებულმა რუსულმა ელიტამ, რომელიც საკუთარ იდენტობას აცნობიერებდა როგორც მეფის ქვეშევრდომს, დაიწყო თავისი ეროვნული იდენტობის კონტურების განსაზღვრა. თუმცა, ამ იდენტობის ძიებაში ისინი არ ეყრდონბიან ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას ან ისტორიოგრაფიას რათა განსაზღვრონ საბაზო პუნქტები იმ თვისებებისა და მახასიათებლებისა, რომლებიც აერთიანებს რუსეთის ჰეტეროგენულ მოსახლეობას. არამედ, ზედაპირული და ხელოვნური ფორმირებით აღწევენ რუსული სულის, მისი გენიალურობის შესახებ მითის შექმნას, რასაც პოლიტიკურად ეფუძნება ნაციონალიზმი, იმპერიალიზმთან ერთად და რომელშიც სინამდვილეში, იმალება პანსლავიზმის ცრუ, ინკლუზიური ტერმინი.

პანსლავიზმიის იდენტობის დოქტრინა ადიდებს რუსი ხალხის არა მხოლოდ გამორჩეულობას, არამედ უპირატესობას სხვა სლავურ ხალხებზე, რომელთა არსებობა განიხილება მხოლოდ რუსებთან დაქვემდებარებულ ურთიერთობაში.

1869 წელს, „რუსეთი და ევროპა“-ის გამოქვეყნებით, ნიკოლაი დანილევსკიმ თეორიული საფუძველი ჩაუყარა პანსლავურ მისწრაფებებს, რომლებითაც ცოცხლობდა რუსეთის მაღალი საზოგადოება რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და გააჩინა ენთუზიაზმი, რომელიც ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში და დღემდე ასაზრდოებს რუსების წარმოდგენებს თავიანთი ერის შესახებ: მეომარი, ექსპანსიონისტური, სლავური, მართლმადიდებელი, ანტიევროპული.

დანილევსკის მიაჩნია, რომ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ევროპული მისწრაფება; იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ცივილიზაციას, რომელიც არ შეიძლება და არ უნდა იყოს აღრეული ევროპულში. ახალი ცივილიზაციის გაჩენა, ამბობს ის, ხდება წინა ცივილიზაციის ნანგრევებზე; იმისთვის, რომ აყვავდეს რუსული ან სლავური ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაცია უნდა განადგურდეს. ამიტომ ევროპა მისთვის ხდება მტერი, რომელსაც უნდა ებრძოლო.

უფრო დეტალურად, დანილევსკი მხარს უჭერს შავი ზღვის კონტროლს და კონსტანტინოპოლის დაპყრობას, რომელიც მიჩნეულია პანსლავური ფედერაციის დედოფალ ქალაქად, მაშინ, როცა მოსკოვი ხდება დედა ქალაქი.

თუმცა, მოსკოვთან დაკავშირებული მესიანური იდეა, რომელიც განასახიერებს მესამე რომს, წინ უსწრებს პანსლავიზმის იდეოლოგიას. ეს იდეა გაჩნდა მე-16 საუკუნეში: „ორი რომი დაეცა, მოსკოვი მესამეა, მეოთხე არ იქნება“ ,- წერდა ბერი ფილოთე. ამ კონცეფციამ, რომლის მიხედვითაც რუსეთი არის რჩეული ერი, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ხსნა, შეინარჩუნა რუსი ხალხის უპირატესობის კომპლექსი და მისი გამომხატველი სუპრემასისტული ლაიტმოტივი.

ელიტიდან წამოსულმა რაშიზმის ციებ-ცხელებამ, განსაკუთრებით ლიტერატურის საშუალებით, მთელი რუსული კულტურა მოიცვა. მისი ყველაზე ნათელი წარმომადგენლებიც კი: პუშკინი, ტიუტჩევი, დოსტოევსკი, ლერმონტოვი რუსეთის იმპერიალისტური გზის აპოლოგეტები გახდნენ. პუშკინის ლექსებში ნათლად ჩანს, რომ პანსლავიზმი, რუსი ერის სუპრემასისტული იდეოლოგიაა. თავის ლექსში „რუსეთის ცილისმწამებლებს“ (1831) იგი ვერ ხედავს ვერავითარ შეუსაბამობას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ 1830 წლის პოლონეთის აჯანყების სისხლით ჩახშობის „შიდა კონფლიქტად“ გამოცხადებაში და ასევე, განიხილავას რუსულის ზღვის მიერ სლავური ნაკადების შთანთქმის იდეას.

„ვინ გაუძლებს ამ უთანასწორო პაექრობაში:
ქედმაღალი პოლონელები თუ ერთგული რუსები?
სლავური ნაკადები უნდა შეერწყას რუსულ ზღვას?
თუ ის დაშრება? ეს არის საკითხავი.“
პუშკინირუსეთის ცილისმწამებლებს

დროთა განმავლობაში, რეჟიმების ცვლასთან ერთად, იცვლებოდა ტერმინები, თუმცა შენარჩუნდა დოქტრინის არსი: გახდა რა უფრო ამბიციური, ის სცილდება სლავური სამყაროს ეთნიკურ საზღვრებს და ვრცელდება უფრო ფართო გავლენის სფეროზე, აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, ასევე კავკასიაზე და, ამგვარად, მოიცავს ფანტაზიური ევრაზიული იმპერიის გაფართოებულ კონტურებს.

უკრაინის მაგალითი არის უახლესი ილუსტრაცია იმისა, რომ ერებს, რომლებსაც რუსეთი თავის სივრცეში მოიაზრებს, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებიან მის ბატონობას. იმავე სისასტიკით, რომლითაც პუტინმა 2000-იან წლებში ჩეჩნებზე დაიწყო გენოციდური ნადირობა, ალექსანდრე დუგინმა, მისმა საყვარელმა იდეოლოგმა, გასაოცარი სიმეტრიით, ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწოდა მას უკრაინელი ხალხის განადგურებისკენ.

ამ ბოლო დროს, რუსეთის ხელისუფლებამ, იმავე იდეოლოგიურ მოტივზე, უკვე მერამდენე ვარიანტი შემოგვთავაზა, რაც, ამჟამად, თავისი ახალი დოქტრინის - რუსული სამყაროს კონცეფციის - გულადაც კი აქცია. მის მიხედვით, რუსეთის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე, არამედ შორეულ ტერიტორიებზეც კი, ყველგან, სადაც რუსები ან რუსულენოვანი ადამიანები ცხოვრობენ.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა რუსეთი დღეს, თუ მე-19 საუკუნეში სლავოფილური ტენდენცია, რომელიც ფილოსოფიისთვის არის ის, რაც პანსლავიზმია პოლიტიკისთვის, იდეოლოგიურად ვერ მოიპოვებდა უპირატესობას ვესტერნიზმზე, უმცირესობის იდეოლოგიაზე, რომლის მთავარი წინამძღვარი იყო ფილოსოფოსი პიოტრ ჩაადაევი და რომელიც, სლავოფილების მართლმადიდებლური ნაციონალიზმის საპირისპიროდ, მხარს უჭერდა ქრისტიანულ უნივერსალიზმს.

თუკი ორივე ეს მოძრაობა ერთიანი იყო ბატონყმობის დაგმობაში, ჩაადაევი, სლავოფილური იდეალიზმის საპირისპიროდ, ფიქრობდა, რომ რუსეთი განვითარებით ჩამორჩებოდა ევროპას და აქედან გამომდინარე, მხარს უჭერდა საფუძვლიან რეფორმებს ევროპული მოდელის მიხედვით, რაც მას აუცილებელად მიაჩნდა რუსეთის განვითარებისთვის.

ეჭვგარეშეა, საჭირო იქნება ამ კრიტიკული მიდგომის გააქტუალურება, რათა საფუძველი ჩაეყაროს დემოკრატიულ და მშვიდობიან რუსეთს, რომელიც თავს დააღწევს მოწამლულ იდეოლოგიურ საფუძვლებს. ვიმედოვნებთ, რომ თაობების ცვლასთან ერთად, ჩვენი საუკუნის ბოლომდე, მოხდება ღრმა მენტალური რევოლუცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთი სამუდამოდ არ დარჩეს გაკოტრებულ ტოტალიტარულ-მაფიოზურ სახელმწიფოდ, რომელიც ასე ჩაგრავს თავის მეზობელ ქვეყნებს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ თავად დასავლელებიც არ იყვნენ უცხო იმ გარემოების მიმართ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაშიზმი ნარჩუნდებოდა. მათმა თვალების დახუჭვამ, სისუსტემ, გულუბრყვილობამ რუსეთის მიმართ, გააძლიერა პუტინი და უკრაინაში წარმატების მიღწევის გადაჭარბებული იმედი მისცა მას.

ისიც მართალია, რომ რუსეთის პრეზიდენტი დღეს რთულ სიტუაციაშია და ეს, რა თქმა უნდა, უკრაინელების გმირობის დამსახურებაა, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ევროპელებმა და ამერიკელებმა, საბოლოოდ, მაინც შეძლეს პუტინის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანება.

პუტინიზმის ფაშისტური ბუნების, საკუთარი ქვეყნების და, ზოგადად, მშვიდობიანი ევროპული სივრცის რუსული ექსპანსიონისტური ტენდენციებისგან დაცვაზე დაკისრებული მოვალეობის, თუნდაც დაგვიანებული, გაცნობიერება დასავლელებს აიძულებს, შეასრულონ არცთუ უმნიშვნელო როლი რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესში. დემოკრატიზაციას ისინი ხელს შეუწყობენ პუტინის მიმართ თავიანთი აბსოლუტური შეურიგებლობისა და უკრაინისადმი სრული მხარდაჭერის გამოვლენით, რუსი დისიდენტების დაცვით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაშიზმთან დაკავშირებით დიდი სასამართლო პროცესის ინიცირებით, რომელიც შეეხება მათ, ვინც რაშიზმს განასახიერებდა და ვინც მის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ რუპორს წარმოადგენდა დასავლეთში. ეს არის ის, რაც ასე ძლიერ აკლდა სოვიეტიზმის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას და აქამდე გაახანგრძლივა ამ ტოტალიტარული ლოგიკის დაუსჯელად არსებობა. დადგა დრო, ერთობლივად დავასრულოთ ისტორიის ეს გრძელი და დესტრუქციული ციკლი.

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა