ლაზარეს მამა გავიცანი... ჩემი თანადგომა გამოვხატე მის მიმართ. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ლაზარეს დავდგომოდი თავდებში. ყელში ბურები გაჩხირა და მადლიერების ნიშნად გადამეხვია.
1842 წელს ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლომ, ადამიანის დაკვლა და შეჭმა დანაშაულად არ ჩათვალა. რა სისასტიკე და ველურობაა, ხო? ამის შემდეგ რომელ სამართლიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ, არა? იცით რა მოხდა? შიმშილისთვის განწირულმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება კენჭი ეყარათ და ასე გამოვლენილიყო ის, ვისაც მოკლავდნენ და შეჭამდნენ - ანუ ყველაფერი ერთობლივად შემუშავებული წესის მიხედვით მოხდა. მიუხედავად კანიბალიზმის ეთიკური გაუმართლებლობისა და ადამიანის სიცოცხლის განკარგვის აკრძალვისა, გასაოცარია ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფ ამ ადამიანების თავგანწირვა, რადგან თითოეული მათგანი მზად იყო ჯგუფის წევრი სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გაეწირა.
ეს იყო ამ ადამიანების და შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული (რადგან ფაქტი ცნობილია) ჰუმანურობის აქტი - მომკალით, რათა გადარჩეთ.
დღევანდელი გაგებით დანაშაული არის საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება.
რა თქმა უნდა, როდესაც პრობლემა გააზრებულია, უმნიშვნელოვანესი გარემოებაა პოლიტიკური ნება.
მედალს ორი მხარე აქვს - ნებისმიერი მოვლენა შეიძლება წარმოჩნდეს როგორც დადებითი ისევე უარყოფითი კონტექსტით.
წარმოიდგინეთ - აი, იმ თავგანწირული ადამიანების ოჯახის წევრების მდგომარეობა - მათი მოწიწება და დამოკიდებულება მოკლული (დაკლული) ადამიანის მიმართ და ამავდროულად ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების გაორებული ემოცია - მათი ახლობელი გმირია, რადგან ადამიანები გადაარჩინა და სინანული - რაღა მაინც და მაინც ჩვენი ახლობელი... ჰო, მესმის, ადამიანური მომენტია - სრულიად გასაგებია ემოციურ ჭრილში.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. არის თუ არა ეს აღიარების აქტი, რომ კანონპროექტი მიმართული იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობების წინააღმდეგ?
მეორე მოსმენამდე ხომ არსებობდა საზოგადოების განწყობა ამ კანონპროექტისადმი. აქ საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობებზე არაფერს ვიტყვი. ვსაუბრობ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც ხელისუფლება შეცდენილებს, საკითხში გაურკვევლებს ეძახის. იყოს ასე - იყოს ეს მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდენილი და გაურკვეველი - ვისი ვალდებულება იყო ეს შეცდენა და გაურკვევლობა გაეფანტა? - ხელისუფლების ხო, ერთმნიშვნელოვნად. გააკეთა ეს? არა!
ვინ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობები არ გაითვალისწინა და ხელის გადაგრეხის პრინციპით იმოქმედა? ვინ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მთელი საქართველო მოატყუა კანონპროექტის განხილვის თარიღთან დაკავშირებით? - ხელისუფლება!
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მღელვარების გამოწვევისთვის , რომელიც ამ კანონპროექტს დაუკავშირდა? რომელიმე „მოძალადე“, „ანარქისტი“ და „სატანისტი“ წინა დღეებში იდგა პარლამენტთან და ქვას თუ მოლოტოვის კოქტეილის ისროდა პარლამენტისა თუ პოლიციელების მისამართით, რომელიც საკუთარ ჯებირად - ბარიერად აქცია ხელისუფლებამ?
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონპროექტს მიიჩნევდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ხელყოფად და ხელისუფლებას არ ეყო არგუმენტები ამ მოსაზრებების გასაქარწყლებლად და ეს დღემდე ვერ მოახერხა - არგუმენტი არ არის სატანისტი და ანარქისტი აქციის მონაწილეები, არგუმენტია, რომ საკუთარ აუდიტორებში, სახლებში, კლუბებსა თუ ბარებში, სამსახურებში მყოფი ათი ათასობით ადამიანის მგრძნობელობა ხელისუფლების პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე - პროცესის პროვოცირება სწორედ ხელისუფლებამ განახორციელა და პასუხისმგებლობაც განვითარებულ მოვლენებზე მას ეკუთვნის.
კონსპირაციული თეორიებსაც თუ თავს დავანებებთ და არ ვიტყვით, რომ ეს კანონპროექტი იყო დავალება (თუ დავალება იყო მით უფრო), ხელისუფლება საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი მადლობას უნდა იხდიდეს იმისათვის თუ რას გადარჩნენ, რადგან ეს კანონპროექტი მორალურ-ზნეობრივი სტანდარტის კონტექსტში ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მოსახლეობის მეხსიერებაში დალექილ უარყოფით ემოციებს. კლიშე - ჯაშუში და აგენტი, ხომ ვხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ გადაზარდა პროცესი ხელისუფლებამ და არანაირი ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი აქ არ იდგა - ამ ქვეყანაში მიუღებელია და ვერ იცოცხლებს!
ახლა ზემოთ მოყვანილი მაგალითის კონტექსტში შევხედოთ ამ საკითხს - ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმ დღეებში სიტყვით, შეძახილით, სიმღერით, ყვირილით, ქვითა თუ გნებავთ მოლოტოვის კოქტეილით დაუპირისპირდა ხელისუფლებას და არა პოლიციას, რომელიც უსინდისოდ აიფარა წინ მმართველმა პარტიამ - სწორედ ხელისუფლებისგან უნდა იმსახურებდეს მადლიერებას.
შესაბამისად, ახლა ლაზარე ის ადამიანია, რომელმაც ხელისუფლებაც გადაარჩინა და მე თუ მკითხავთ ქვეყანაც.
ლაზარე ის ადამიანია, რომლის მიერ დამწვარმა ავტომანქანამ, რაოდენ ვანდალური აქტიც უნდა იყოს ეს, დროებით მაინც შეაფერხა პარლამენტის პერიმეტრიდან კარგა შორს მდგარი მოქალაქეების დევნა პოლიციის მიერ.
და ბოლოს, ლაზარეს და ათასობით ადამიანის წინააღმდეგობა გახდა პრემიერ-მინისტრთან განხორციელებული ზარის (!) მიზეზი, რის შედეგადაც, დილით, სასწრაფო წესით გვამცნეს კანონპროექტს უკან გავიტანთო.
ახლა რაც ხდება ეს არ არის ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის პასუხისგება, ეს პოლიტიკური აქტია - პოლიტიკური შურისძიებაა - რადგან მმართველმა პარტიამ უკვე მოუგონა კლიშეები ამ საქმეს და დაკავებულ ადამიანს. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა ეცადოს საქმის მოსამართლე განაჩენის გამოტანისას, ვერასოდეს გაექცევა პასუხისმგებლობასა და მოსაზრებას, რომ ის პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებს და არ არის მმართველი პარტიის შურისძიების ინსტრუმენტი.
იცით, თვით 20 ივნისის აქციასა და 7-9 მარტის აქციების ანატომია იყო სხვადასხვა. იმის მიუხედავად, რომ ორივე შემთხვევაში ფიგურირებდა რუსეთი და ორივე პროვოცირებული იყო ხელისუფლების მიერ. 7-9 მარტის პოლიტიკურ პროცესს წინ უსწრებდა ხელისუფლების პოლიტიკური ძალადობა და ორკესტრირებული დეკლარირება პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, წინ უსწრებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის ხელყოფის მცდელობა.
ამიტომ ვამბობ, ლაზარე კი არა 7-9 მარტის აქციის ყველა მონაწილე ლაზარეა - რომლებმაც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღადგინეს და ხელისუფლებას კონსტიტუციის ჩარჩოში დარჩენის საშუალება და შანსი მისცეს.
მე, კანონმორჩილი ადამიანი ვარ. აგერ ახლა, კანცელარიის წინ მიმდინარე აქციიდან დავბრუნდი სახლში და ჯიბიდან 6 ცალი სიგარეტის ნამწვი ამოვიღე -ქუჩაში არ დავაგდე. ამ გააზრებით, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს აუმაღლებია ხმა პოლიციელებისა თუ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, სხვადასხვა მნიშვნელოვან პერიოდში და არა მხოლოდ - ერთ-ერთი მეც ვარ. ახლაც, სწორედ ამ გააზრებით ვამბობ - 7-9 მარტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას, როგორც პროცესისა და განვითარებული მოვლენების მაპროვოცირებელ ძალას. სწორედ ხელისუფლებამ უბიძგა ადამიანების გარკვეულ ნაწილს გასულიყვნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, უმნიშვნელოვანესი ღირებულებისთვის, რასაც სახელმწიფოს ინტერესი და კონსტიტუციის დაცვა ჰქვია.
სწორედ ამიტომ, მე კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამ, დავუდგე ლაზარეს თავდებში და ამ სახელმწიფოს, მათ შორის ხელისუფლებას მორიგი პოლიტიკური შურისძიების აქტი ავარიდო.
ავტორი: გოჩა მირცხულავა