რამდენიმე დღის წინ ქართულ პოლიტიკურ მედიაში მოხვდა ძალიან საინტერესო მოვლენა - პროევროპელი უჩა აბაშიძე ესაუბრა პრორუს ზურაბ მახარაძეს.
თავისთავად ასეთი დიალოგი ყოველთვის სასარგებლოა, რადგანაც დღევანდელ საქართველოში პოლარიზება ახასიათებს არა მხოლოდ ხელისუფლებას და ოპოზიციას, არამედ საზოგადოების აქტიურ ნაწილსაც. ზიზღმა და სიძულვილმა იმ ხარისხს მიაღწია, რომლის შემდეგი ფაზაც არის სამოქალაქო დაპირისპირება, კონტრაქციები, კონფლიქტები, მასობრივი ჩხუბები ქუჩაში, რომლებიც დროსაც აუცილებლად ვიღაცა დაიღუპება, და ამის შემდეგ სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯი დარჩება.
თუმცა, დიალოგი დიალოგად, მაგრამ პირველად წლების მანძილზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და მათ დებატების გამართვის შანსი მიეცათ. მართალია, აბაშიძეს პროგრამა ასეთი ფორმატს არ ითვალისწინებს, თუმცა, ალტინფო-სთან შეხვედრის ხათრით ერთხელ შეიძლებოდა ფორმატის გადახედვა.
ზურაბ მახარაძემ ჩამოაყალიბა რუსული პროპაგანდის ყველა თეზისი, თუმცა, სამწუხაროდ, შესაფერისი პასუხი არ მიიღო.
მაშ, რა უნდა ეთქვა უჩა აბაშიძეს ზურად მახარაძესთვის?
1.მახარაძემ განავითარა რუსული თეზისი იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - უკრაინას უნდა ეთქვა უარი ნატო-ში შესვლის იდეაზე, თანაც მაშინ, როდესაც მას იქ ისედაც არავინ იღებს და ომი არ იქნებოდა.
ეს ძალიან ვერაგი, და ამავე დროს ზედაპირული არგუმენტია - პირველ რიგში იმიტომ, რომ პუტინის ულტიმატუმი ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპა-ამერიკასაც - პუტინმა მოსთხოვა დასავლეთს ნატო-ს ფაქტობრივი წასვლა აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც თავიდანვე იყო არარეალისტური.
24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დმიტრი კოზაკმა მიაღწია ზელენსკისთან შეთანხმებას, რომ უკრაინა გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს, თუმცა, პუტინმა ეს შემოთავაზება არ მიიღო.
მახარაძემ ან არ იცის, არ ან უნდა იცოდეს, რომ რუსეთის მიზანი არ იყო უკრაინის ნატო-ში არშეშვება - ომის მიზანია დეუკრაინიზაცია და უკრაინელობის წაშლა. რუსების 85% მათ შორის თავად პუტინიც, თვლიან, რომ არანაირი უკრაინელი ხალხი არ არსებობს და სინამდვილეში ისინი რუსების გარკვეულ ნაირსახეობას წარმოადგენენ. ყველამ ვნახეთ რა მეთოდებით ცდილობს რუსეთი უკრაინელი ხალხის ტვინებში შეღწევას და მათი იდენტობის შეცვლას - ბუჩა - ამის მხოლოდ ერთი მაგალითია.
პუტინს არ უნდოდა შეთანხმდება და სწორედ ამიტომ მან მოსთხოვა დასავლეთს აღმოსავლეთ ევროპის ფაქტობრივად ნატო-დან გარიცხვა. მას უნდოდა ომი და ასეთ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელია.
უჩა აბაშიძეს ზურაბ მახარაძეს ეს უნდა ეთქვა.
2.რუსეთს არ აინტერესებს ვასალი-ქვეყნების შიდა მოწყობა. მას აინტერესებს მხოლოდ სტრატეგიული და საგარეო-პოლიტიკური საკითხები.
კიდევ ერთი პროკრემლისტური ტყუილი.
ყველა იმპერია დაინტერესებულია ვასალურ ტერიტორიებზე საკუთარი თამაშის წესების დანერგვაში. რას აკეთებდა პირველ რიგში რომი ახალი ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ? აშენებდა აბანოების და ფორუმებს. რას აკეთებს ამერიკა სხვა ქვეყანაში შემოსვლისთანავე? ქმნის პოლიტიკურ პარტიებს, დამოუკიდებელ მას-მედიას და მძლავრ არასამთავრობო სექტორს.
რას აკეთებს რუსეთი სხვის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ? გადმოაქვს თავისი თამაშის წესები - კორუფცია, ერთმმართველობა, ეკლესიის გამოყენება ტვინების გამორეცხვისთვის, ახალისებს ორგანიზებულ დანაშაულს და მართვად, მის მიერ კონტროლირებად ქურდებს.
ეს არ არის უბრალო ახირება - ყველა იმპერიას სურს, რომ დაქვემდებარებულ ქვეყანაში იყოს მასთან მენტალურად ახლოს მყოფი ხელისუფლება. იმისთვის, რომ იყოს სტაბილურობა, რომ არავის მოუვიდეს აზრად ხვალ ისევ დასავლეთისკენ მოტრიალება.
რუსეთისთვის დიახაც აქვს მნიშვნელობა როგორ იქნება მოწყობილი შიდა ცხოვრება ვასალურ ქვეყანაში - ის უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორც თავად რუსეთში - ეს იმპერიის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი საკითხია.
შეიძლება ზურად მახარაძემ არ იცის, რომ ყველა იმპერიას თავის ირგვლივ თავისი თამაშის წესების დანერგვას ცდილობს და ეს სათითაოდ ყველას შეეხება. უჩა აბაშიძეს კი ეს უნდა სცოდნოდა.
3.ზურამ მახარაძეს ერთ-ერით თეზისი იყო „არ გვინდა მრავალფეროვანი საზოგადოება, უნდა აღვზარდოთ მეომარი ერი“.
ჯერ ერთი, სასაცილოა, როდესაც რუსეთუმე მეომრობაზე საუბრობს - რუსეთთან ომს ისინი არ აპირებენ, სხვა მტერი კი საქართველოს არ ჰყავს. მაგრამ ეს ცალკე იყოს.
არგუმენტი, რომ მრავალფეროვანი საზოგადოება სამხედრო სულისკვეთებას აკნინებს - ყველაზე ვერაგი არგუმენტია, რომელიც გარეგნულად თითქოს ძალიან მყარი ჩანს. თუმცა, ესეც რუსული პროპაგანდაა.
ისრაელი - ძალიან მრავალფეროვანია, იქ გეი-აღლუმებიც კი არსებობს. თუმცა, ებრაელი ხალხის თავდადება და სიმამაცე ქართველ პატრიოტ-მეხინკლეებს და სხვების უკანალების მცველებს არც კი დაესიზმრებათ. ერთი მეორეს არ უშლის - ერს შეუძლია იყოს მრავალფეროვანი, თავისუფალი, და ამავე დროს - მებრძოლი.
ავიღოთ იგივე უკრაინა - საქართველოზე ბევრად უფრო ფერადი და თავისუფალი ქვეყანა - დღეს. სწორედ ის, საყურეებიანი და გრძელთმიანი ახალგაზრდები აგდებენ თავიანთი მიწიდან რუსულ ჩექმას...
სოციოლოგებმა იციან - ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთა გენეტიკაში დევს მეომრობა - ისინი ან ომობენ, ან თუ ომი არაა, დაკავებულები არიამ ექსტრემალური საქმიანობით - მთამსვლელები, დაივერები, მოტომრბოლელები, ხიდებიდან მხტომელები და ა,შ.
პოტენციური მეომრების პროცენტი თითქმის არ იცვლება გარე პირობების გამო - ნახეთ რამდენი ექსპტემალია ევროპაში და ამერიკაში - ხვალ მათ ქვეყნებს ვინმემ რომ შეუტიოს - სწორედ ისინი წავლენ წინა ხაზზე.
ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება არც გეების და არც ფემინისტების რაოდენობას - მეომრული გენი არსად არ ქრება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ტოტალური მეომრობის ერის ჩამოყალიბება - ისეთის, მაგალითად, როგორც ავღანელები. მაგრამ ამისთვის ქვეყანაში უნდა ჭარბობდეს სოფლის გაუნათლებელი მოსახლეობა.
დღეს ნებისმიერ ომში გამარჯვების მთავარი საწინდარია არა დიდი კუნთები, არამედ ინტელექტი და ტვინი, რაც ვერასდროს ვერ ექნება ერს, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს ებრძვის.
შესაძლოა, მახარაძემ ეს არ იცის და აბაშიძეს ეს უნდა ეთქვა - თუმცა, არ უთხრა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყალბი არგუმენტების, რომელთა გაქარწყლება შესაძლებელიც და აუცილებელიც იყო. თუმცა, უჩა აბაშიძემ სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ავტორი: თენგიზ აბლოთია