ავტორი: მაკა (მარინე) ვასაძე
Covid 19-ის ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩვენი სამყარო, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ბრძოლა კაცობრიობის მთავარ ამოცანად იქცა. ამის მიღმა, უამრავი პრობლემა გაჩნდა: პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისი, გაუქმებული სამუშაო ადგილები, გაჩერებული, ჩაშლილი პროექტები და ა. შ. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავხდით ინტერნეტ სივრცეზე დამოკიდებულები. სწავლა, მუშაობა, ურთიერთობა - ძირითადად კომპიუტიზირებული, „ციფრული" გახდა. მოკლედ, ადამიანებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. რა კვალს დატოვებს Covid 19 სამყაროში, რა მასშტაბურ ზიანს მოუტანს პანდემია კაცობრიობას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ უდავოა, შეიცვლება მსოფლმხედველობა, კულტურა, ცნობიერება...
დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საშემსრულებლო ხელოვნება აღმოჩნდა. დაიკეტა თეატრები, საკონცერტო თუ საგამოფენო დარბაზები... შემოიღეს რეგულაციები - რამდენი კაცი შეიძლება დაესწროს, ამა თუ იმ სპექტაკლს, კონცერტს, გამოფენას, რა მანძილის დისტანციით უნდა განლაგდეს მაყურებელი, მსმენელი, დამთვალიერებელი და სხვ. ხელოვნების, სხვადასხვა დარგისა თუ სფეროს, წარმომადგენლები ცდილობენ მონახონ გამოსავალი, ყველა ცდილობს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იყოს კრეატიული, მიიღოს ახალი გამოწვევები და განაგრძოს ცხოვრება-მოღვაწეობა.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი, დამფუძნებლის, ნიჭიერი მსახიობის - ნინელი ჭანკვეტაძის თაოსნობით, დღიდან დაარსებისა, წლიდან წლამდე, ხვეწს, აუმჯობესებს ფესტივალის ფორმატს, რეპერტუარს, ზრუნავს მომავალ თაობაზე, ატარებს მასტერკლასებს, ვორქშოფებს... წინა ორი, რიგით მეოთხე და მეხუთუ ფესტივალი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის, სარემონტო სამუშაოების გამო, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა. 2018-ში ორგანიზატორებმა ფოთის გარშემო, ღია, თუ დახურულ სივრცეში ითამაშეს სპექტაკლები. 2019 წლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი კი საქართველოს 13 რეგიონს ეწვია და 16 ქართული და 3 უცხოური სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. შარშან ფესტივალმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა და ითამაშა სპექტაკლები: ჭიათურაში, რუსთავში, ცხინვალში, გორში, თელავში, ოზურგეთში, დმანისში, ქუთაისში, სენაკში, ზესტაფონში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში. ყოველ წელს ფესტივალს უცხოელი დასები, სათეატრო კრიტიკოსები, პროდიუსერები, მენეჯერები, რეჟისორები, მსახიობები სტუმრობდნენ. განვლილი 6 წლის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობდნენ რეგიონული თეატრები - იტალიიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, ირანიდან უკრაინიდან, ლიეტუადან. მასტერკლასებს და ვორქშოფებს მართავდნენ ამერიკელი, იტალიელი, ფრანგი რეჟისორები, მეტყველების ოსტატები, მსახიობები.
საქართველოში არსებული რამდენიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივი თეატრალური (და არა მარტო) ფესტივალი არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს ვერ ჩატარდა. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ფოთის რეგიონული ფესტივალიც. Covid 19-თან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, შეზღუდვებმა, ფინანსურ საკითხებთან ერთად, უამრავი პრობლემა შეუქმნა საფესტივალო გუნდს. ამისდამიუხედავად, დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ, დირექტორმა თენგიზ ხუხიამ და მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა - ბექა ჯუმუტიამ, შიო აბრახამიამ, ნანა თუთბერიძემ, ნათია გოგოჭურმა - მაინც მოახერხეს და მცირეფორმატინი ფესტივალი გამართეს. რა თქმა უნდა, შემცირდა საფესტივალო დღეები და მონაწილე თეატრების რაოდენობა, უცხოეთიდან სტუმრები არ იყვნენ. და, მაინც, 6 დღის განმავლობაში - პირველიდან ექვს სექტემბრამდე სენაკისა და ფოთის ღია სივრცეებში, სხვადასხვა ლოკაციაზე თავისი ნამუშევრებით წარდგნენ: სოხუმის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, დმანისის, ქუთაისის, გორის, თეალავის სახელმწიფო თეატრები და რეგიონული თეატრების ქსელის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი პროექტი. დამეთანხმებით შეზღუდვების პირობებში ეს არც ისე ცოტაა. სპექტაკლების შერჩევისას მთავარი პირობა იყო - სპექტაკლების მორგება ღია სივრცეში სათამაშოდ.
ნინელი ჭანკვეტაძემ წლევანდელი ფესტივალის სლოგანად - „Jus Necessitatis" - აირჩია, ადამიანის უფლება აკეთოს ის, რაც აუცილებელია და ვერანაირი სამართლებრივი სასჯელის წინაშე საშიშროება, ვერ შეაჩერებს. იგი თვლის, რომ სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი აზრი ადამიანთა შორის ცოცხალი და არა ვირტუალური ურთიერთობაა, და, რომ სწორედ ხელოვანებმა უნდა აკეთონ ის, რაც ადამიანებისთვის ჰაერივით აუცილებელია. თეატრი კი, სწორედ, ერთ-ერთი ყველაზე „ცოცხალი", მაყურებელთან მუდმივად დიალოგის რეჟიმში მყოფი ხელოვნების დარგია. კატალოგში, თეატრის რაობისა და დანიშნულების შესახებ, სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის შემოქმედთა გამონათქვამებს ამოიკითხავთ: დიდრო, შილერი, უაილდი, მარჯანიშვილი, თუმანიშვილი, სტურუა, ბერგმანი, ბრუკი, იოსელიანი, უილსონი, ჩხეიძე, იონესკო, ბარო, ალეგრი, ვილარი, კამიუ.
თავიდანვე ვიტყვი, ერთი-ორის გარდა, მხატვრულ-შემოქმედებითი თვალსაზრისით, ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები არც თუ ისე მაღალი დონის იყო. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონის თეატრს აქვს და მათი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია.
ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ციხე-ქალაქის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნა. შედარებით მცირერიცხოვან სტუმრებს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრმა კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების" თამაზ გოდერძიშვილის გასცენიურებული, რეჟისორ გოჩა კაპანაძის ინტერპრეტირებული წარმოდგენა უჩვენა. გოჩა კაპანაძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა ძალიან კარგად აითვისა ახალი ლოკაცია. ნოქალაქევის მუზეუმის შესასვლელში განალაგეს მხატვარ ანა ნინუას შექმნილი დეკორაცია, უკანა კედლად გამოიყენეს ციხე-სიმაგრის კედელი. მოქმედების განვითარება ჰარმონიულად იყო შერწყმული ღია სივრცის ანტურაჟთან. სამწუხაროდ სპექტაკლი ტექნიკურად გაუმართავი იყო, მსახიობებმა არ გამოიყენეს მიკროფონები, მათი მეტყველება მაყურებელს, რომელიც წინა რიგებში არ იჯდა, არ ესმოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ეპიზოდის ემოციური მუხტის გასაძლერებლად, მუსიკაალური გაფორმება თანსდევდა. სწორედ ლოკაციიდან გამომდინარე რამდენიმე ეპიზოდი ვიზუალურად ძალიან ეფექტური იყო. მაგალითად, არზაყან ზვამბაიას პერსონაჟის შემსრულებელი ჯანო იზორიას შემოგელვება ციხე სიმაგრის კედლის ქონგურებიდან. მსახიობებმა შეძლეს სწორად მოერგოთ თავიანთი ქმედებებისთვის ციხე-სიმაგრის ანტურაჟი.
სენაკში სხვადასხვა ლოკაციაზე გათამაშებული კიდევ სამი წარმოდგენა ვიხილეთ. ორი თოჯინური, ერთიც შერეული - თოჯინები და მსახიობები. აუცილებლად აღსანიშნია, რომ საფესტივალო რეპერტუარში ყოველთვის არის გათვალისწინებული სპექტაკლები ბავშვებისათვის. წელს ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა პატარებს გელა გელაძის დადგმული თოჯინური წარმოდგენა - „ყველა თაგუნას უყვარს ყველი" - შესთავაზა. სენაკის მოსწავლე ახლაგაზრდობის და კულტურის ცენტრის ღია ამფითეატრში გამართა წარმოდგენა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ფესტივალის ორგანიზატორები პატარა მაყურებელს ნაყინებით გაუმასპინძლდნენ. მიზნობრივი მაყურებელი ნანახითაც და გამასპინძლებითაც ერთობ კმაყოფილი და ნასიამოვნები იყო.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრმა სენაკის სკვერში, გიორგი ლეონიძის მოთხრობის „მარიტას" მიხედვით შექმნილი შერეული ტიპის - თოჯინები-მსახიობები, სპექტაკლი ითამაშა. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა ორგინალური გადაწყვეტა და ფორმა მოუნახა ლეონიძის მოთხრობას. იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, ელენე მაცხონაშვილისვე ინსცენირებით და რეჟისურით, სენაკის თეატრმა აკაკი ხორავას 125 წლისთავისადმი მიძღვნილი წარმოდგენა - „წარსული ჩემი პროლოგი" - წარმოადგინა. სპექტაკლის ანოტაციაში წერია, რომ სპექტაკლი თოჯინებისა და 6 მსახიობის მეშვეობით გამოჩენილი ქართველი მსახიობის აკაკი ხორავას ტრაგიკული ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს. გასაგებია, რომ ელენე მაცხონაშვილს სურდა შეექმნა რომანტიკულ-ფეერული სპექტაკლი აკაკი ხორავას და მისი მეუღლის სიყვარულისა და თანაცხოვრების ფონზე. მაგრამ, ინსცენიერების ავტორმა და რეჟისორმა ბევრი ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა. ან, ანოტაციაში არ უნდა დაეწერათ, რომ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, და, მაშინ, რეჟისორს, როგორც სპექტაკლის სრულუფლებიან ავტორს, თავის ფანტაზიებზე აგებული სანახაობა შეეძლო შეექმნა და არავინ მოედავებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ფორმით, სტრუქტურით ელენე მაცხონაშვილის ზუგდიდში განხორციელებული „მარიტა" და სენაკში დადგმული „წარსული ჩემი პროლოგი" ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თითქოს რეჟისორი საკუთარი თავის პლაგიატია.
„1 800 000 წლის შემდეგ" - ასე უწოდა რეჟისორმა ლაშა ჩხვიმიანმა პერფორმანსს, რომელიც მან დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებული სტუდიის მოსწავლეებთან ერთად დადგა. ანოტაციაში ვკითხულობთ: „1991 წლის 24 სექტემბერს დმანისში 1 800 000 წლის წინ აფრიკიდან განსახლებული პირველი ჰომინიმების ნაშთები აღმოაჩინეს. მას შემდეგ დმანისი პირველი ევროპელების სამშობლოდ ითვლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დმანისში გამოვლენილია ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდი. დღეს, როცა ფანჯრებიდან ქალაქს ვუყურებთ, გვიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება; ვხვდებით, რომ რაღაც კარგად არ არის, ვხვდებით, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო 1.8 მილიონ წელიწადში... ეს არის დოკუმენტური კომპოზიცია თინეიჯერებზე, ვისაც არ მოსწონთ საკუთარი ხედი ფანჯრიდან."
ფოთის მინი სტადიონზე გამართული წარმოდგენის დაწყების წინ, მაყურებელს კონვერტები დაურიგეს, რომელშიც დღევანდელი ქალაქ დმანისის ხედების ამსახავი ფოტოები იდო. კონვერტებზე მოზარდების ხელით გაკეთებული წარწერა: - გაინტერესებთ ალბათ რას ვაშენებით 1 800 000 წელი - ტკივილნარევ ირონიას შეიცავდა.
ლაშა ჩხვიმიანმა, მოზარდებთან ერთად, სულის შემძვრელი, ბევრ რამეზე დამაფიქრებელი, ემოციური მუხტით აღვსილი სანახაობა შექმნა. რეჟისორმა სხვადასხვა თეატრალური ფორმა გამოიყენა, არავერბალური და ვერბალური თეატრალური ხერხების შერწყმით, მსუბუქად, ისე, როგორც ეს ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი, გადმოგვცა დღევანდელი დმანისის უმნიშვნელოვანესი პრობლემები - უსახური შენობები, უმუშევრობა, ახალგაზრდებისთვის გასართობი ცენტრების არარსებობა... პერფორმანსში დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია დმანისის მოსახლეობის დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები (ფაქტობრივად - დაცლილია), საავადმყოფოების, სკოლების, ბიბლიოთეკებისა და ა. შ. რაოდენობები, სამუშაო ადგილები... თინეიჯერი მსახიობები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქალაქი, გულისტკივილით, სევდით, ვერბალურად თუ სხეულის ენით გვიყვებოდნენ, რომ ამ სავალალო მდგომარეობის გამო, მათი უმრავლესობა იძულებულია მიატოვოს თავისი მშობლიური მხარე. რეჟისორს და იმ ახალგაზრდებს, ვინც დადგმაში მონაწილეობს, გული შესტკივათ საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის გაპარტახების გამო და შველას ითხოვენ.
პერფორმანისის ყურებისას მაყურებელი ცრემლს ვერ იკავებდა, თუმცა სატკივარი, ამბავი რეჟისორმა და ახალგაზრდებმა მსუბუქი ფორმით გადმოსცეს. წარმოდგენამ პასუხგაუცემელი შეკითხვები დაბადა: რატომ არის დმანისი ასეთი მიგდებული მხარე, რატომ არ ზრუნავენ მის განვითარებაზე სახელმწიფო სტრუქტურები?
ჩვენ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ და მოვითხოვოთ, რომ ეს უნიკალური, ისტორიული, ულამაზესი ქალაქი და რეგიონი საბოლოოდ არ განადგურდეს, არ დაიცალოს.
ფესტივალზე კიდევ ოთხი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ლილი ბურბუთაშვილის დადგმული მაკა კუკულავას 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიზე დაწერილი პიესა - „გადაუღებლად წვიმს 13/06" -ფოთში საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის ტერიტორიაზე ითამაშა. სპექტაკლში 2 ნიჭიერი მსახიობი მონაწილეობს - დათო როინიშვილი და ენდი ძიძავა. არ ვიცი რის გამო, ლოკაციის შეცვლის, დრამატურგიული ნაწარმოების სისუსტის თუ სხვა, მსახიობების თამაში ყალბი იყო, თითქოს ვერ აცნობიერებდნენ რას თამაშობდნენ, არ იცოდნენ რა ამოცანას ასრულებენ და ა. შ.
ახალ ლოკაციას, მალთაყვის სანაპიროს, ვერ მოერგო ასევე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი - „იდეალური უცნობები". პაულო ჯენოვისის კინოსცენარის მიხედვით წარმოდგენა დათო ჩხარტიშვილმა დადგა. „იდეალური უცნობები" პრემიერაზე გორში კოლეგებთან ერთად მქონდა ნანახი. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა დათო ჩხარტიშვილმა ფორმითაც და შინაარსითაც ორიგინალური, საინტერესო ვერსია შექმნა, რაც სამწუხაროდ ფესტივალზე ჩვენების დროს დაიკარგა.
თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, კახა გოგიძის დადგმული ნიკა რამიშვილის პიესით - „Covid 19 ანუ შეზღუდვები ქართულად" - წარდგა ფესტივალზე. სამწუხაროდ, თანამედროვე, პრობლემურ ვითარებაზე შექმნილ დადგმაზე, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს იყო ძალიან დაბალი მხატვრული დონის სპექტაკლი, რომელიც პროფესიული თეატრის სტატუსს არ შეეფერება.
ზევით აღვნიშნე, რომ ფესტივალზე დამოუკიდებელი პროექტის პრემიერაც შედგა. მედეას მითის საინტერესო, ორიგინალური და, რა თქმა უნდა, საკამათო ინტერპრეტაცია-კონცეფცია შემოგვთავაზა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ, რომელიც უკვე ცნობილია თავისი არაორდინალური,სკანდალური შინაარსის სპექტაკლებით. საზოგადოების უმეტესი ნაწილის სერიალებით გატაცების გამომხატველი სათაური - „მედეა s01e06", ამასთანავე სპექტაკლის ფორმისა და სტრუქტურის განმსაზღვრელიცაა. შეიძლება არ ეთანხმებოდე პაატა ციკოლიას მედეას მითის ინტერპრეტირებას, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს სპექტაკლი, წლევანდელ რეგიონული თეატრების ფესტივალზე, ერთადერთი გამორჩეული სანახაობა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სხვადასხვა თაობის მსახიობთა მაღალი პროფესიონალიზმი. გია ბურჯანაძის, ეკა დემეტრაძის, სანდრო სამხარაძის მიერ შექმნილი პერსონაჟი-ტიპაჟები, სამსახიობო ოსტატობითაა დეტალურად დამუშავებული-განვითარებული. აღსანიშნავია აგრეთვე ირა შენგელიას მიერ მალთაყვის სანაპიროს სივრცის, მასზე მდგარი ძველი, ნახევრად დანგრეულ-გამოშიგნული შენობის მორგება სპექტაკლისათვის. საინტერესო და წარმოდგენასთან ორგანულად შერწყმული ქორეოგრაფიული ჩანართები გააკეთა ნათია ჩიკვაიძემ. პაატა ციკოლიამ უახლეს რეჟისურაში არსებული ხერხების საინტერესო ნაკრები შემოგვთავაზა. რეჟისურა ფორმისა და სტრუქტურის თვალსაზრისით, თუმცა არ ახალია, მაგრამ კარგად, გააზრებულად, თანმიმდევრულად შეკრული.
ფესტივალის ბოლო დღეს ტრადიციულად მრგვალი მაგიდა გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებმა, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა, კრიტიკოსებმა ისაუბრეს Covid 19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე არსებულ სახელოვნებო, სათეატრო პრობლემებზე, ქალაქ დმანისისა და დმანისის თეატრის მდგომარეობაზე. კრიტიკოსებმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილმა სპექტაკლებმა ერთობ მძიმე შთაბეჭდილება შეგვიქმნეს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. ისევ აღინიშნა, რომ აუცილებელია სპექტაკლების სელექცია. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ერთგვარი დათვალიერება-შეფასებაა რეგიონების თეატრების შემოქმედებითი მუშაობის. ამიტომაც ვფიქრობ, სამხატვრო ხელმძღვანელებმა საუკეთესო სპექტაკლები უნდა წარმოადგინონ და არა პირიქით. თუმცა, წლევანდელი ფესტივალი ჰაერივით სჭირდებოდა რეგიონულ თეატრებს და, ზოგადად, სათეატრო ხელოვნებას. ამიტომაც, უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთელ საორგანიზაციო ჯგუფს.