ქოც-აქტივში გამოცოცხლება, სიხარული, და ჟრიამული ტრიალებს - ვაშა, ჩვენ კარგად მოვიქეცით, პუტინი არ გავაბრაზეთ და რუსეთი იწყებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების პროცესს! სულ მალე ვიხილავთ ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას გაერთიანებულს და გამთლიანებულს!
სოციალურ ქსელებში ქოცურ გვერდებზე უკვე ზეიმობენ პატარ-პატარა დღესასწაულებს - მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა სასიხარულო ახალი ამბავი - რუსეთმა შეწყვიტა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაფინანსება! აი, რას ნიშნავს ბატონიბიძინას ბრძნული და პრაგმატული პოლიტიკა.
თავად „ქართული ოცნების“ მთავარსარდლობა ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს, თუმცა, საშუალო და ქვედა დონის აქტივი ტერიტორიების დაბრუნებაზე ისე ხშირად და ერთხმად ლაპარაკობს, აშკარაა, რომ მითითება ზემოდან მოდის.
აი, დაახლოებით ისე, როგორც მთელი ქოც-ნახირი ერთ ხმად იმეორებს „ჩვენ არ ვიდგებით ცალ ფეხზე“ - ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს, არაამქვეყნიური სიბრძნე - „ცალ ფეხზე დგომა“ - ერთდროულად მოუვიდა თავში რამდენიმე ათას, საკმაოდ სუსტი გონების მქონე ადამიანს.
ეს იდეალური მიდგომაა - ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ყველა უკეთესი წინასაარჩევნო „ტრიუკია“, თუმცა, რამე რომ იყოს, მერე იტყვიან - „ქართულ ოცნებას“ არასდროს არ უთქვამს, რომ რუსეთი მიწებს გვიბრუნებს და ვინ რას წერს სოციალურ ქსელებში - ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ“.
ამ შემთხვევაში საქართველოს დიდი პრობლემაა, რომ ის თითქმის არასდროს ყოფილა იმპერია, და აქ მოსახლეობისთვის ძნელად გასაგებია იმპერიული აზროვნების დეტალები. რაც უფრო „ტრადიციულია ქართველი“ - მით უფრო პრიმიტიულად აზროვნებს ის და მით უფრო დაბალია მისი ჰორიზონტი.
მამა-პაპური გრუზინეცი მეტწილად, აზროვნებს როგორც წვრილი ვაჭარი - კატეგორიებში „მომგებიანი-წამგებიანი“. ტრადიციული ქართველი ვერასდროს ჩასწვდება იმპერიული აზროვნების გლობალურობას, ვერასდროს ვერ მიხვდება რამდენად ფართოა იმპერიული აზროვნების დერეფანი და რამდენად მაღალია მისი ჭერი.
მიდგომა „მომგებიანი - წამგებიანი“ - მხოლოდ წვრილფეხა, ჩამორჩენილი ერების ხვედრია. ისეთების, როგორც ქართველები, რომლებიც 26 საუკუნეა ცხოვრობენ ზღვასთან, მაგრამ, არც ერთი გემი არ აუშენებიათ. მათ არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა მათ ირგვლივ სამყაროში, მათ არ გააჩნდათ ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შესწავლის სურვილი. ვცხოვრობ ჩემს მიწურში, მაქვს მჭადი, ფხალი და ღვინო, მეტი არ მინდა? სად უნდა ვიარო და რისთვის?
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უახლოს ისტორიაში უკვე იყო პერიოდი, როდესაც წმინდა ვაჭრუკანული თვალსაზრისით, რუსეთისთვის მომგებიანი იყო ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
2000 წელს, მოსკოვმა მოსთხოვა თბილისს ჩეჩნეთთან მოსაზღვრე მთიან რეგიონებში ჯარის შეყვანის და ამ პლაცდარმიდან ჩეჩნური ჯიჰადის გულში - მთიან იჩკერიაში - შეღწევის უფლება. მაშინ შევარდნაძე ამ თხოვნას დათანხმდა ერთად-ერთი პირობით - ეს იყო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
რუსეთისთვის ეს იდეალური გარიგება იქნებოდა- მაგალითად, თამაზ გაიაშვილის გადასახედიდან - ეს მისცემდა მას ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლის დაზოგვის საშუალებას, თუმცა, რუსეთი თამაზ გაიაშვილივით რომ აზროვნებდეს, ის დღეს არა იმპერია, არამედ მოსკოვს და ნოვგოროდს შორის განლაგებული საშუალო ზომის სახელმწიფო იქნებოდა.
პუტინმა არ მიიღო შევარდნაძის შემოთავაზება და საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა.
დღეს, მსოფლიოსგან იზოლირებული რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე იყო. დღეს სწორედ ის დროა, რომ მოსკოვმა პრაგმატულად იაზროვნოს, და განსაზღვროს რა არის მისთვის მომგებიანი.
დიდი ანალიტიკა არაა საჭირო იმისთვის, რომ მივიდეთ დასკვნამდე, რომ საქართველოს მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე სრულიად უსარგებლო და დოტაციური აფხაზეთის და სამაჩაბლოს ფლობა. გაცვლა დღეს ისე, როგორც არასდროს, მომგებიანია რუსეთისთვის, მაგრამ ის ამაზე არ წავა.
ამის მიზეზს ვერასდროს ვერ ჩასწვდება თამაზ გაიაშვილების ერი, რომელმაც 26 საუკუნეში ერთი ნავის აშენებაც კი ვერ მოახერხა. იმპერია არ აზროვნებს პრინციპით „მომგებიანი - წამგებიანი“. ხშირად ის აკეთებს იმას, რაც მისთვის წამგებიანია, აკეთებს იმიტომ რომ ის იმპერიაა და ეს მას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.
იმპერია არ ვაჭრობს მოკავშირეებით და მათი ტერიტორიებით. იმპერია შესაძლოა დაიშალოს, თუმცა ვაჭრობას თავისი ტერიტორიებით არასდროს იკადრებს. ტყუილად ნუ შეეცდებით დაადგინოთ რისთვის სჭირდება რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო - არაფრისთვის.
იმპერია უნდა იპყრობდეს ახალ-ახალ მიწებს მაშინაც კი, როდესაც მას ისინი არაფერში არ სჭირდება. იმპერია რომელიც გაფართოებაზე უარს ამბობს და თავისი მოკავშირეებით ვაჭრობს -ის უკვე იმპერია არაა. სწორედ ამიტომ პუტინი თავისი ნებით არასდროს დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაშინაც კი როდესაც ეს მისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია