ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში
15.06.2023
ნახვები: 529
დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„ჩვენი ბოლო მაჩვენებელი არის 50%-ზე მეტი. ეს არ არის შიდა კვლევა, პარტიაში კი არ ვატარებთ. ეს არის კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევა და 50%-ზე მეტია მაჩვენებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მონაცემები არ ემთხვევა NDI-ისა და IRI-ის კვლევის შედეგებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგები არასდროს არ გამართლებულა.
„როდის გამართლებულა NDI-ის და IRI-ის შედეგები და ჩვენი როდის არ გამართლებულა?“ – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ ამდენი და ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და არავინ იცის, ეს ხმები სად წავა.
„როცა ვიღაც სპეკულირებს იმაზე, რომ ვიღაც არ ამბობს თავის არჩევანს და ა.შ., ეს უბრალოდ, სასაცილოა. ისეთ ადამიანებს ატყუებენ, ვინც ვერ ერკვევა სოციოლოგიაში, თორემ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევის დაჯამება შეიძლება 100%-ზე. შენ რომ კვლევას ატარებ და, მაგალითად, 50% გპასუხობს, ვის აძლევს ხმას, შენ ამის საფუძველზეც შეგიძლია, დაადგინო, როგორ გადანაწილდება 100%-ის ფარგლებში შედეგები პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს სასაცილო რაღაცაა, როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ ამდენია გადაუწყვეტელი და სად წავა, არავინ არ იცის. ნებისმიერი სოციოლოგი დაგვეთანხმება, რომ ეს არის სასაცილო“, – განაცხადა კობახიძემ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ განმეორდება ის, რაც შარშან ივნისში მოხდა, როდესაც ევროპულმა საბჭომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„ჩვენ ამაში ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, რადგან მას აქვს გადაწყვეტილების მიღების მყიფე წესი, 27-დან ერთი ქვეყანაც რომ გამოწიო, უკვე არ გენიჭება კანდიდატის სტატუსი. ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, მაგრამ შეგვიძლია, დავადანაშაულოთ გლობალური ომის პარტია იმაში, რომ მან განახორციელა ზემოქმედება ევროკავშირზე. აქვე ჩამოგითვლიდით ოთხ-ხუთ ქვეყანას, რომელთაგანაც ერთ დღეში შეუძლია ნებისმიერის გარეთ გამოწევა გლობალური ომის პარტიას. უბრალოდ, ამას არ გავაკეთებ ახლა“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზეა დამოკიდებული და რა შემთხვევაში შეიძლება, იყოს ცალკეულ ქვეყნებზე ზემოქმედება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკურ კონტექსტზე იქნება დამოკიდებული.
„თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს, რომ რაღაც მიზნებს ვეღარ აღწევს, მაგალითად, აქ ვეღარ ახერხებს ვითარების აყირავებას, შეიძლება, ეს განცდა გაუჩნდეთ. ეს ერთხელ სცადეს, არ გამოუვიდათ და, რეალურად, დეკემბერში შანსი არ აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით აქ ვითარება ააყირაონ. თუ ნახავენ ამას, ამ შემთხვევაში ალბათობა იზრდება. ეს განცდა თუ გაუჩნდებათ, რაც ობიექტური განცდა იქნება, ამ შემთხვევაში უკვე აღარ დაისახავენ მიზნად, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. შარშან, ივნისში მათი მთავარი მიზანი იყო აქ ვითარების აყირავება, ანუ რევოლუცია და მერე მეორე ფრონტი. თუ დაინახეს, რომ დეკემბერში მაინც ვერ მიაღწევენ ვითარების ცვლილებას, ხელისუფლების აყირავებას და მეორე ფრონტს, ამ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ივნისში საქართველოს ყველანაირად ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, რაც დასავლეთმა თვითონვე აღიარა, მაგრამ მაშინ ამაში გლობალური ომის პარტია ჩაერია.
„პირდაპირ ბაკურიანში შეიკრიბნენ მათი ადგილობრივი წარმომადგენლები, „ნაცები“, „გირჩები“, მათი „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. და პირდაპირ დაგეგმეს რევოლუცია. საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს ივნისში როცა არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რევოლუცია უნდა მოვაწყოთო, რაც სცადეს ივნისში და, უბრალოდ, არ გამოუვიდათ. „ნაცმოძრაობა“ არის გლობალური ომის პარტიის აგენტურა აქ. „ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობ ამ პარტია „ნაცმოძრაობას“, იმას თავისი გაჭირვება აქვს. საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ – პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე. ესენი ყველანი არიან გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები. გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით, პანკისი, 20 ივნისი და ა.შ. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი არის საცოდავი აგენტურა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთ მაღალი თანამდებობის ევროპელ ბიუროკრატს უთქვამს, რომ ევროპარლამენტართა განცხადებებს დიდად არ უნდა მიაქციონ ყურადღება, რადგან ნებისმიერ და, მათ შორის, ევროპარლამენტს სიჭრელე ახასიათებს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მათზე არ იქნება დამოკიდებული.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისევე, როგორც ცალკეული ევროპარლამენტარები, ქართული ოპოზიციის ნაწილიც გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან.
„გლობალური ომის პარტიას აქვს ინტერესი, აქ რაღაცნაირად არიოს ვითარება. ხედავს, რომ ხაბეიშვილი, კეზერაშვილი, უსუფაშვილი, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია ამის გამკეთებლები არ არიან და იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი მოახერხებს ამას. სააკაშვილმაც რა უნდა მოახერხოს, მაგრამ ამას უკავშირდებოდა წელიწადნახევრიანი კამპანია, რაშიც ჩართეს ევროპარლამენტარები, აქ პარტიები, ტელევიზიები და ა.შ. ანუ, ამის გამო უნდოდათ სააკაშვილის გათავისუფლება. ან სააკაშვილმა რა უნდა გააკეთოს გარეთ გამოსვლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ინტერესი, რომ ეს კამპანია ეწარმოებინათ, ამას უკავშირდებოდა, რომ არცერთის იმედი არ აქვთ. იციან, აბსოლუტურად უსუსურები არიან ოპოზიციის ლიდერები. ხაბეიშვილმა რა შედეგი უნდა დაუდოს გლობალური ომის პარტიას, ან კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, ხოშტარიამ, ზურა ჯაფარიძემ, „ლელომ“ და ა.შ.? არცერთს არ აქვს რესურსი და ვერც ერთი ვერ დადებს ხომ შედეგს? ამიტომ, სააკაშვილის იმედი ჰქონდათ. ეგონათ, ამ კაცს რაღაც საოცარი რესურსები აქვს, მაგრამ სტრასბურგმა ამ ყველაფერსაც წერტილი დაუსვა. აღმოჩნდა, თურმე, ხუთასი დღე არ შეიძლება, ადამიანი კვდებოდეს და ეს მარტივი ჭეშმარიტება სტრასბურგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა კობახიძემ.