რატი ბრეგაძე - ექიმებისგან რეკომენდაცია როცა იქნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში
04.07.2023
ნახვები: 521
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით, თუკი ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრეგაძის თქმით, თუკი ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ხელისუფლებაა. ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი არის პატიმარი და ხელისუფლების ვალია მის ჯანრმთელობაზე ზრუნვა.
„ძალიან დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს და ასევე ექიმებს, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები. სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საკვები მასთან მიაქვთ მისი ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მისცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას, რათა იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. ჩემი პირადი შთაბეჭდილება თუ გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. ჩვენ მხოლოდ დაინტერესებული ვართ მისი ჯანმრთელობით.
სწორედ იმ რადიკალებს, რომლებიც ვერ ბედავენ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და პრემიერის მოხსენების დროს გარბიან დარბაზიდან, შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს აყენებენ იმხელა შეურაცხყოფას, რომ საქართველოს ჰიმნის დროსაც არ იმყოფებიან დარბაზში, პასუხისმგებლობა უნდა მოჰკითხოთ მათ. ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ, დაეზიანებინა საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ, ისარგებლონ მსჯავრდებულის პოლიტიკური წარსულით და დაიწერონ საკუთარი პოლიტიკური ქულები.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით. თუკი ვინმეა დაინტერესებული ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, რადგან ეს ადამიანი ამჟამად პატიმარია და შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რასაც ჩვენ ვასრულებთ პირნათლად. თუკი ადამიანი საკუთარი ნებით არ მკურნალობს და ასევე არ იღებს საკვებს, იღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას უნდა, მიიღოს, ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.
„იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, რითიც სახელმწიფოს აჩვენებენ საკუთარ დამოკუდებულებას, არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას, საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. საქმე გვაქვს სწორედ ამ „პოლიტიკურ ძალასთან“, სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება. ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან როცა იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილს მაშინ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.
მისივე თქმით, პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.
„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც სხვა ბევრი პატიმარი, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.