ბიძინა ივანიშვილი არ არის პრეზიდენტისთვის დაპირისპირების ობიექტი ნამდვილად. პრეზიდენტი უპირისპირდება „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ მმართველ გუნდს და ეს სრულიად შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში.
ჩვენ გარშემო მოვლენები იცვლება ძალიან სწრაფად. 24-მა ივნისმა და პრიგოჟინიადამ სერიოზული გავლენა იქონია როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. როგორც 24 თებერვალი იყო გარკვეულად წყალგამყოფი რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, 24 ივნისიც გარკვეულწილად იქცა და იქცევა მომავალშიც წყალგამყოფად რუსეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციისათვის. უბრალოდ, ჩვენ ამ რამდენიმე ხნის განმავლობაში, 24 თებერვლის შემდეგ, ვიხილეთ ის, რომ არა მარტო რუსეთის არმიაა მითი, არამედ 24 ივნისმაც გვაჩვენა, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკური სტაბილურობაც მითია. პუტინის ერთპიროვნული ლიდერობაც მითია.
საკმაოდ დიდი რყევებია მოსალოდნელი რუსეთში.
ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. უბრალოდ, კარგად ხედავს, რომ 2024 წლის არჩევნების ჩატარება მოუწევს უკრაინის საკმაოდ ხელშესახები გამარჯვებების ფონზე, ასევე რუსეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური რყევების ფონზე. ამიტომ ბუნებრივია, ის თავისთვის იტოვებს მანევრირების შესაძლებლობას და შესაბამისად, ის გუნდი, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში იყო მედროშე ანტიდასავლური პოლიტიკის, მას ვეღარ გამოადგება. ივანიშვილმა შემდეგი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩაატაროს ევროპული დროშით ხელში. აქ იქნება რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ივანიშვილი დაეყრდნობა.
ერთი, ეს გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობით მიდის ევროკავშირისკენ. თუ ჩვენ დეკემბერში გვექნა დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე, სწორედ ეს ლოზუნგი იქნება მთავარი - მშვიდობით ევროკავშირისკენ! ბუნებრივია, ეს იმ ელექტორატის ნაწილს, რომელსაც არ მოსწონს ოპოზიცია, თუმცა, მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ კურსს, შემოაბრუნებს „ოცნებისკენ“. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ეს იქნება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ტერიტორიული მთლიანობის თემები და ამას ჩვენ ვხედავთ უკვე. როგორ შემოგვთავაზებს ამ თემას რუსეთი, ეს ჯერ ნამდვილად არ ვიცით.
სტატუსთან დაკავშირებით თუკი გვექნება დადებითი პასუხი, მაშინ შეეცდებიან, მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ როგორც მათი პოლიტიკა იყო სწორი ევროკავშირისკენ სვლის გზაზე და ეს მოახერხეს მშვიდობიანად, ასევე მშვიდობიანად მოახერხებენ ტერიტორიულ გამთლიანებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან დიდი მითი. თუმცა, აქვე ვიტყვი, ძალიან სახიფათო იქნება ოპოზიციისთვის ამ ტიპის წინასაარჩევნო პოლიტიკასთან გამკლავება. აი, ამ პოლიტიკის განსახორციელებლად, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის სრულიად გამოუსადეგარი იქნება ეს გუნდი.
ღარიბაშვილი ამ სცენარში ნამდვილად არ ჯდება და ეს ჩემზე უკეთესად, ცხადია, იცის ივანიშვილმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გუნდი აუცილებლად გამოიცვლება. ხოლო მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გარშემოც გაერთიანდება რუსული პოლიტიკის გამტარებლები, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ეს იქნება ლგბტ თემის საკითხი.
რასაკვირველია და მის უკან დადგება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამისი წინაპირობები უკვე ჩანს. ღარიბაშვილის ტოპ-თემაა ლგბტ თემა.
რასაკვირველია და ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა ამ წუთისთვის საქართველოსთვის. ჩვენ, ვინც თვალს ვადევნებთ საქართველოს პოლიტიკას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ზუსტად ვიცით, რომ ხშირად საპატრიარქო ხდება ფლაგმანი იმ მითებთან ბრძოლაში, რომელიც სახელმწიფოსთვის ვითომ ყველაზე სერიოზულ მტერს წარმოადგენს. შეგახსენებთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
გამსახურდიას დროს საპატრიარქო ადანაშაულებდა პრეზიდენტს ნაკლებ დემოკრატიულობაში და მან აქტიური მოღვაწეობა მიიღო პირველი პრეზიდენტის დამხობაში. ამის შემდეგ დავინახეთ, თუ როგორ მოხდა ეკლესიის გავლენის გაფართოვება. მუდმივად არსებობდა „მტერი“ და „საფრთხე“, რომელსაც ის ებრძოდა. ჯერ იყო იეღოვას მოწმეები, სად არიან ახლა? აღარ წარმოადგენენ საფრთხეს?! ეს საჭირო იყო პოლარიზაციისთვის, დაპირისპირებისთვის. შემდეგ წამოვიდნენ სხვა პროტესტანტული რელიგიები.
გვახსოვს როგორ იწვოდა ბაბტისტური ლიტერატურა. ეს ეტაპებიც გავიარეთ და მთელი საზოგადოება კონსოლიდირებული იყო მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო. შემდეგ გამოწვევად იქცა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები და საპატრიარქო აქაც ბრძოლის ავანგარდში იყო, როგორც ქართული მიწის დამცველი. სად არის დღეს საპატრიარქო?! როდესაც ქართულ მიწას რუსები ყიდულობენ. ისმის მისი ხმა ამის წინააღმდეგ?! არა, რასაკვირველია! ახლა აღარ არის ქართული მიწა აქტუალური?! თუ არაუშავს ერთმორწმუნე რუსი თუ დაეპატრონება.
ახლა მიდგა საქმე ლგბტ თემზე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, სუსის კრებსების მიხედვით, რომ ამ ტიპის პრობლემა, თანაც საკმაოდ მძლავრად, თავად საპატრიარქოს წიაღში არსებობს. მიუხედავად ამისა, ახლა ეს არის მითითება. ეს არის გაგრძელება რუსული პოლიტიკისა. ამიტომ, რასაკვირველია, საპატრიარქო იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში. ამ დროს, მე არ მომისმენია არც ერთი განცხადება, არც ერთი განგაშის ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდია ჩვენ გვაქვს ანომალიური შემთხვევები და ამის წარმოუდგენლად ზრდა - პედოფილია. ამ ქვეყანაში მცირეწლოვან მოზარდებზე ძალადობენ! დღე არ გავა, რომ მსგავსი არ გავიგოთ. საერთოდ, ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოსი არ ყოფილა! როგორ უნდა დავიჯეროთ საპატრიარქოს გულწრფელობა? როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ის მართლა შეშფოთებულია ამ ქვეყნის მომავლით, როდესაც ამ ტიპის ქმედებებზე ხმას არ იღებს?! როგორც რუსეთის სახელმწიფოა მოძალადე, რომელიც ძალადობს ქვეყნის შიგნით თავის მოსახლეობაზე, ზუსტად ასე იქცევა საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებელი ყველა ინსტიტუცია - ხელისუფლებიდან დაწყებული, საპატრიარქოთი დამთავრებული!
უფრო ზუსტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საპატრიარქოთი დაწყებული და ხელისუფლებით დამთავრებული! კაცმა არ იცის, ვის მეტი ღვაწლი აქვს საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარების.
თუმცა, ივანიშვილს ღირებულებების სულ სხვაგვარი შკალა აქვს, ამიტომ მისთვის მარადიული არაფერი არის. მათ შორის, არც ქვეყნის ინტერესების დაცვა და არც ქრისტიანული ღირებულებების. მისთვის მარადიულია მხოლოდ ფული და ფინანსური კეთილდღეობა. ამიტომ ის მოიქცევა ისე, რომ მაქსიმალურად შეძლოს ამ ყველაფრის შენარჩუნება. ამიტომ, რაც მეტი პრობლემა შეექმნება რუსეთს, ის ყველაფერს გააკეთებს მისგან დისტანცირებისათვის.
ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ოპოზიციას პრიორიტეტები ნამდვილად არა აქვს დალაგებული და თუ მან ეს არ გამოასწორა სასწრაფოდ, ძალიან გაუჭირდება 2024 წლის არჩევნებზე წინააღმდეგობის გაწევა.
ავტორი: ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი