ახალი გზავნილი ენმ-ს დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილისგან - ფრაქცია ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებამდე გააგრძელებს
02.11.2021
ნახვები: 528
„ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება", - განაცხადა დღეს, 2 ნოემბერს, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის: გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს დეპუტატებს მოუწოდა, რომ მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და პარლამენტი დატოვონ.
"მისი პოზიცია დღეს გასაჟღერებლად, რაც მთხოვა საზოგადოებისთვის მეცნობებინა, გახლავთ შემდეგი, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იმავენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი პოზიცია მისი გახლავთ სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას, მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს, ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის.
ასევე, მეორე საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ - ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება", - ამბობს ხერხეულიძე.