უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საფრთხეებზე, რომლის წინაშეც დგას ორი სახელმწიფო NATION.ge - ჟურნალისტსა და ისტორიკოსს დათო გამცემლიძეს ესაუბრა.
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან დამაფიქრებელია და ცხადია, რომ პროცესების განვითარებას შესაბამისი ასახვა საქართველოზეც ექნება. პირველი, ალბათ, რაც უნდა ვიკითხო: გაბედავს რუსეთი უკრაინაზე შეტევას?
რა თქმა უნდა გაბედავს, თუ იმ დასკვნამდე მივა, რომ „ფასი“, რისი გადახდაც მოუწევს, ისეთივე სიმბოლური იქნება, რაც ყირიმის ანექსიაში გადაიხადა, როცა პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მეორე ევროპული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრო და შემდეგ, პირდაპირ მიიერთა.
1974 წელს, თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსზე ჯარი შეიყვანა. 1983 წელს, ანკარამ თურქებით დასახლებული ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა სცნო, მაგრამ ეს ტერიტორია თურქეთის ნაწილი დე-იურე არ გამხდარა.
ამ მხრივ ყირიმი სრულიად უნიკალური მოვლენაა, რომელმაც მთლიანად დაანგრია „მეორე მსოფლიო ომის“ შედეგად შექმნილი ევროპული და მსოფლიო არქიტექტურა,
თუმცა პუტინს მიაჩნია და ეს მისი სიღრმისეული „ფილოსოფიაა“, რომ სინამდვილეში, იალტა-პოტსდამის „წესრიგი“ დაანგრია საბჭოთა კავშირის დაშლამ და შემდეგ, დასავლეთის მიერ ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარებამ. ხომ თქვა კიდეც: „სსრკ-ს დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“.ახლა, რუსეთის „მარადი მმართველი“ ცდის და იცდის.
ვის ცდის?
ცდის დასავლეთს, აზუსტებს მის „წითელ ხაზებს“, რაკი დარწმუნდა, ყირიმის ანექსია დასაველთისთვის „წითელი ხაზი“ სულაც არ ყოფილა და იცდის, ანუ ელის ხელსაყრელ მომენტს ან/და „კაზუს ბელის“, იგივე „ომის საბაბს“, ესე იგი, რაიმე ინციდენტს დონბასში.
თუ ბოლო დღეების მოვლენებს დავაკვირდებით, პროვოკაციად ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება, მით უფრო, რომ დონბასის რეგიონში „ყური მიეჩვია“ სროლების ხმას.. აგვისტოს ომის წინა პერიოდის არ იყოს...
რეალური იქნება ეს სისხლიანი ინციდენტი თუ მისივე სპეცსამსახურთა პროვოცირებული, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
პუტინის „პროგრამა მაქსიმუმი“ კიევის დაპყრობაა. უფრო დასავლეთით, სადაც მყარი პროდასავლური უკრაინული იდენტობის სივრცე იწყება, ის არ წავა - დასავლეთ უკრაინაში არ შევა.
პროგრამა მინიმუმი კი ყირიმისკენ სახმელეთო გასასვლელის მოპოვებაა. ესე იგი, ფაქტიურად, მთელი უკრაინული შავიზღვისპირეთის დაპურობა ოდესამდე და ოდესის ჩათვლით.
სიტუაცია, შეიძლება ითქვას, ბეწვზე ჰკიდია.
ცხადია, დასავლეთი ღიად ვერ და არ ჩაერევა კონფლიქტში, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, დასავლეთი უკრაინას არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ, საუბრობენ, რომ ინგლისმა იქ სპეცდანაყოფი გაგზავნა. ეს საკითხის დიპლომატიურად გადაჭრისა და კრიზისის მოგვარების თანმხლები პროცესია თუ დასავლეთი, რაც დაუჯერებელია რუსეთთან ომში ჩაერთვება?
რუსეთთან დასავლეთის სამხედრო კონფრონტაცია გამორიცხულია, რადგან ამგვარი ომი აუცილებლად გადაიზრდება ბირთვულ კონფლიქტში.
ბუნებრივია, დაისვას კითხვა: ხომ იყო არაპირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია ვიეტნამში დასავლეთსა და სსრკ-ს შორის? ოღონდ ის „პროქსი“ ომი იყო. უკრაინაში ასე არ გამოვა. ჯერ ერთი, უკრაინა ევროპაა და არა - შორეული აღმოსავლეთი ან წყნარი ოკეანის აუზი. მეორეც - რაც უფრო არსებითია: ვიეტნამს და მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებს, სადაც „პროქსი ომები“, იგივე „არაპირდაპირი ომები,“ ანუ „სხვისი ხელით ომები“ მიმდინარეობდა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, რუსეთისთვის არ ჰქონდა ისეთი სასიცოცხლო, ეგზისტენციური მნიშვნელობა, როგორც უკრაინას.
უკრაინა პუტინისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა! უკრაინაში დამარცხება მის აღსასრულს ნიშნავს ყველა თვალსაზრისით. შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობითაც. ამიტომ პუტინი იბრძოლებს ბოლომდე და აბსოლუტურად ყველაფერზე წავა.
და ეს დასავლეთმა არ იცის?
ეს დასავლეთში შესანიშნავად იციან. აქედან გამომდინარე, სიმბოლური სამხედრო კონტინგენტების განლაგება დასავლეთ უკრაინის (!) ტერიტორიაზე, უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან შორს ან თუნდაც შავ ზღვაში სამხედრო ხომალდთა შემოსვლა და „მონტრეს კონვენციის“ შესაბამისად სწრაფადვე გასვლა, არ არის არსებითი შემაკავებელი ფაქტორი.
და რა არის შემაკავებელი ფაქტორი?
არსებითი და რეალური „შემაკავებელი“ იქნება არაფეიკური სანქციები. აი, ეს კი ნამდვილად არაა გამორიცხული, თუ პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.
მათ შორის, დოლარით და ევროთი ოპერირების აკრძალვა, საბანკო სისტემებიდან -SWIFT-ის ჩათვლით - რუსული ბანკების „ჩახსნა“, რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა დასავლური კომპანიებისთვის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვიზების გაცემის შეწყვეტა, რეზიდენტობის გაუქმება რუსული ოლიგარქატისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ბოლოს კი, სათესლე მასალისა და ბიო-მასალის ყოველწლიურ მიწოდებაზე უარი.
აი, მთელი ეს ინსტრუმენტალი ამოქმედდება უკიდურესზე უკიდურეს შემთხვევაში. მაგრამ სამხედრო ძალით ჩარევა გამორიცხულია!
შესაძლებლის მაქსიმუმი ახლა კეთდება გმირი უკრაინული არმიისათვის ფაქტიურად შიშველი ხელებით რომ იბრძოლა 7 წლის წინ იარაღის მიწოდებით,
თუმცა რუსულ არმიას, რომელიც პუტინმა ააშენა ბოლო 20 წლის განმავლობაში, უკრაინული არმია დიდხანს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მაქსიმუმ, რაღაც ზღვრამდე შეაკავოს. იქნება ეს ზღვარი კიევის დასავლეთით თუ ოდესასთან, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, დასავლეთი გაბედავს თუ არა სანქციების გამოყენებას.
რისკებზე მიანიშნებ?
დიახ,დასავლეთისთვის ძალიან დიდი რისკი იქნება. ბევრს არ სურს დაიჯეროს, რომ ესეც სასიცოცხლო საფრთხეა, რადგან პასუხად რუსეთმა შესაძლოა, ბირთვული რაკეტები გადასცეს ფანატიკოს აიათოლლათა ირანს, რომელიც მეზობელი, პატარა დასავლური სახელმწიფოს და ევროპული იდენტობის შექმოქმედი ლეგენდარული ქვეყნის განადგურებაზე ოცნებობს. ის პატარა ქვეყანა დასაველთში ასჯერ უფრო გავლენიანია, ვიდრე უკრაინა.
ვერაფრით დავიჯერებს, რომ ამ რისკზე ვინმეს უფიქრია ჩვენთან. გავარძელოთ... ზაფხულის მიწურული და შემოდგომა რუსეთმა რამდენიმე ადგილას ცხელი კერების გაჩენისთვის გამოიყენა. ლუკაშენკოს შენარჩუნების შემდეგ, კონფრონტაცია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთთან, კავკასიაში მიმდინარე პროცესები, უკრაინა - სირიასა და ავღანეთს რომ თავი დავანებოთ... ეს ერთგვარად საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟს ჰგავს - „დავიხევი აქ, ამის სანაცვლოდ“. ცხადია, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის დასავლეთი აირჩევს პოლონეთს. რეალურად, რას ვაჭრობს რუსეთი და ამ ვაჭრობაში საქართველოს ბედი სად არის? ცალკე საკითხია, ვისგან უნდა გამოივაჭროს საქართველო - დასავლეთისგან თუ თურქეთისგან?
ზუსტი შეფასებაა გამოთქმა - „გაღმა შეედავეო“... იგივე „წითელი ხაზების“ დადგენაა, ამ ხაზების იდენტიფიცირებაა, ძებნაა, სად რა რეაქცია მოჰყვება, სად რა და როგორ წინააღმდეგობას წააწყდება. სად რა შესაძლებელია და სად - შეუძლებელი.
მაგალითად, 2008 წელს „შესაძლებელი“ იყო საქართველოს 20%-ის ოკუპაცია;
2020 წელს, შეუძლებელი იყო ხელი შეეშალა აზერბაიჯანისთვის, დაებრუნებინა დაკარგულ ტერიტორიათა უდიდესი ნაწილი რაღაც ხაზამდე, სადაც უშუალოდ სომხური მთიანი ყარაბაღის ნაწილი იწყებოდა, ოღონდ შეუძლებელი იყო არა აზერბაიჯანის, არამედ, თურქეთის გამო.
საქართველოს, 2008 წელს, ასეთი „ყველაფერზე წამსვლელი“ მოკავშირე, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა.
ცნობილი გამოთქმაა, იმპერიას საზღვრები არ გააჩნიაო მხოლოდ განაპირა ტერიტორიები აქვს, რომელიც კიდევ შეიძლება გაფართოვდესო.
პუტინი წავა, სადამდეც მიუშვებენ და გაუვა. იმპერიის გეოპოლიტიკური კოდები ხომ არ იცვლება XVIII საუკუნიდან დღემდე? „თბილი ზღვები“... ბალტიის ზღვა... ახლო აღმოსავლეთი... ვლადივოსტოკი... მუდმივი ბორგვაა.
ვიმეორებ: ეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, კულტურული კოდია და ძნელად თუ შეიცვლება.
1990 წლის შემდეგაც, რუსეთისგან ლუქსემბური და ნიდერლანდი არ გამოდის. შესაძლებელია, მხოლოდ შეაკავო.
ქართველი ექსპერტებისა და დიპლომატების მოსაზრებები, რასაც სოციალურ ქსელში ვეცნობით მეტწილად ოპტიმისტურია - ანუ დასვლეთი დაიცავს უკრაინას და უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ეს ვარაუდი გულისხმობს სურვილსაც, რომ საქართველოც ავტომატურად გახდება ნატო-ს წევრი. რამდენად ოპტიმისტურია ეს პროგნოზი?
მეტისმეტად ოპტიმისტურია. ნატო-ს წევრობა ნიშნავს, რომ ალიანსი პირდაპირ ომში უნდა ჩაებას რუსეთთან უკრაინის გამო. ასეთია ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წესდება.
თუ რუსეთი უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში დამარცხდება, მაშინ კი ბატონო. თუმცა... ისტორიული სასწაული კი იქნება. მით უმეტეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, პუტინი ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, თუ საქმე საქმეზე მიდგა.
დასავლეთი დაიცავს უკრაინას, ოღონდ სანქციებით და არა - სამხედრო ძალით.
მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინმა ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების 100% გაყიდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. რატომ? ეს ხომ ყველაზე სანდო ფასიანი ქაღალდებია მსოფლიოში, თუმცაღა მაინც მოიშორა.
იმიტომ მოიშორა, რომ თუ სანქციები დაწესდება, ვაშინგტონი ამ კრედიტების გადახდაზეც უარს იტყვის!
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკაციაა, რომ პუტინი უკრაინის ოკუპაციისთვის ემზადება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს.
რა აკავებს? ცხადია, მოსკოვს დიდად არ ანაღვლებს საერთაშორისო რეაქცია, სანქციების თემისთვისაც კი მომზადებულია, როგორც ზემოთ თქვი...
შესაძლებლობათა ზღვარს ეძებს, ცდის, ანუ იცდის.
საკმაოდ საინტერესო ნარატივი, რომელიც მინიმუმ, 33 წელია მესმის, ისაა, რომ აი, ახლა რუსეთი დაიშლება. ბოლო 15 წელი კი გამუდმებით იმეორებენ ქართველები, რომ პუტინს მისი გენერლები დაამხობენ. არსებობს ამის ინდიკაცია?
ჯერ ერთი, რაც შეეხება გენერლების მიერ პუტინის დამხობას, ანუ სამხედრო გადატრიალებას, როგორც ისტორიკოსი, ვიტყვი, რომ ამის ტრადიცია რუსეთში არ არსებობს მეფის თუ იმპერატორის პერიოდიდან მოყოლებული. 1801 წელს, პავლე პირველის მკვლელობაც უფრო „სამეფო კარის სისხლიანი ინტრიგა“ იყო და არა - სამხედრო გადატრიალებდა. სწორედ ამ ტრადიციის არარსებობის გამო, 1991 წლის 19 აგვისტოს „პუტჩიც“ სასაცილო და უბადრუკ ოპერეტად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმია ცდილობდა, სპეცსამსახურებთან ერთად, ხელისუფლების დამხობას. უფრო პავლე პირველის დამხობას დაემსგავსა კარის ინტრიგის შედეგად, თუმცა პავლესგან განსხვავებით, გორბაჩოვმა გაასწრო ყირიმში და დაიმალა.
გარდა ამისა, რა მოტივი უნდა ჰქონდეს არმიას, პუტინი დაამხოს? მან ხომ 20 წელია, სწორედ არმია, სპოეცსამსახურებთან ერთად, აქცია უმთავრეს პრიორიტეტად, გააძლიერა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გაუზარდა ხელფასები ოფიცრებს, აუშენა მათ სახლები და ა.შ. პრეზიდენტ ელცინის დროსაც კი, როცა მშიერ-მწყურვალნი ტყე-ღრეში და ტრიალ მინდორში ეყარენ გერმანიიდან გამოსვლის შემდეგ, აზრად არ მოსვლიათ ასეთი რამ იმიტომ, რომ ვიმეორებ, ეს არ არის ამ სახელმწიფოს „გენეტიკურ კულტურულ კოდში“.
„რუსეთი დაიშლებაო“, ალბათ, იმიტომ იმედოვნებენ, რომ ჩვენს თვალსწინ დაიშალა გრანდიოზული საბჭოთა იმპერია, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ ის იმპერია ომში არ დამარცხებულა - ის ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობებმა და ეროვნულ ელიტათა შორის კონფქლიქტმა დაანგრია. პირველ რიგში, უკრაინული და ყაზახური ელიტების წინააღმდეგობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მერე - ელცინის ელიტებთან.
თანამედროვე რუსეთს კი ბევრად მეტი რესურსი აქვს, ამგვარი კონფლიქტები თავიდან აიცილოს და სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე სიტუაცია გააკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში, იმავე მეთოდებით, როგორც პუტინმა შეძლო ჩეჩნეთში 20 წლის წინ.
და კიდევ ერთი: აღარავინ დავობს, რომ დასაველთს არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა, რაკი ცეცხლივით ეშინოდა ბირთვული არსენალის განაწილებისა ყოფილი იმპერიის ნაწილებს შორის. ერჩივნა, ერთ ხელში ყოფილიყო ეს არსენალი. ჯორჯ ბუშ-უფროსი კიევს რომ ეწვია 1991 წელს, პირდაპირ მოუწოდა, არ დაშალოთ საბჭოთა კავშირიო.
ეს შიშები რომ არცთუ უსაფუძვლო იყო, მაშინ დადასტურდა, როცა ალმა-ათაში ჩაფრინდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი, იასერ არაფატი, ჩაიტანა რამდენიმე მილიარდი დოლარი და ყაზახეთის პერზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ყოფილი საბჭოთა ბირთვული არსენალდიან რამდენიმე ბომბი სთხოვა, სიონისტური რეჟიმი უნდა გავანადგუროო.
ამ ფაქტის შესახებ 2008 წელს მომიყვა იაკოვ ბოროვოიმ, რომელიც არაფატზე და შიმონ პერესზე წიგნების ავტორია და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი იყო. არაფატმა მაშინ ვერ მიიღო ბირთვული იარაღი...
რა თქმა უნდა, ვერ მიიღო, მაგრამ ვერ მიიღო იმიტომ, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი უმალვე ჩაერიენ, რაკი ამ ორი ქვეყნის, ასევე, ისრაელის სპეცსამსახურები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი. „მოსსადს“ არაფატის თვითმფრინავის ერთი აფრენა-დაფრენაც არ გამოეპარებოდა ისევე, როგორც მისი მარშრუტი.
დიახ, ეს ნამდვილი ამბავია და არა, უბრალოდ, ვინმეს მონათხრობი. სხვა საქმეა, პრინციპში, რამდენად იქნებოდა მზად ისეთი ჭკვიანი და პასუხისმეგბელი პოლიტიკოსი, როგორიც ნაზარბაევია, ასეთი კატასტროფული ნაბიჯი გადაედგა თუნდაც 100 მილიარდი დოლარის საფასურად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ახლაც, თუ რუსეთს რღვევა დაემუქრა, პირველი, რაზეც დასავლური ელიტები იფიქრებენ, იქნება არა საქართველოს ან უკრაინის ან თუნდაც ბალტიის ბედი, არამედ, იმ 3-4 ათასი ბირთვული მუხტისა და ბალისტიკური რაკეტების ბედი, რომელსაც დედამიწის, მათ შორის, დასავლეთის მოსპობა შეუძლია.
ფანატიკოსების მეტი რა არის მსოფლიოში, თუმცა ბევრად სახიფათოა, რომ უამრავი ფანატიკური რეჟიმიცაა, ვისაც „ჭკუა არ დაუშლის“.
ამდენად, „რუსეთის დაშლაზე“ კი არ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენც უნდა ვუფრთხოდეთ. არც ჩვენ დაგვადგება კარგი დღე. სხვა საქმეა, საერთოდ, რამდენად შესაძლებელია ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური, მით უმეტეს, თანასწრი ურთიერთობის დამყარება. ამ ისტორიულ ეტაპზე შეუძლებელია, სამწუხაროდ.
ისე, ამ თემებზე საუბრისას, ასე მგონია, რომ საქართველოში რეალობას ვართ მოწყვეტილები. საქართველო და რუსთაველის გამზირი ხომ დედამიწის ჭიპია და სულაც არ უნდა გვაინტერესებდეს იქ, სადღაც უკრაინაში რა ხდება, ან თუნდაც, ხდებოდეს, ჩვენ რა უნდა გვავნოს? ანუ, რა მინდა ვიკითხო, რამდენად ადეკვატურია ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება გეოპოლიტიკური რყევების მიმართ?
უფრო მარტივი კლიშეებით და ინსტინქტებით ხდება „რეაქციული“ პოლიტიკის გამომუშავება გამოწვევებზე, ვიდრე - გააზრებულად, მათ შორის, ისეთ ეგზისტენციურ გამოწვევაზე, როგორიც უკრაინაა. თუ პუტინმა უკრაინაში ხსენებული პროგრამა-მინიმუმის, მით უმეტეს, პროგრამა-მაქსიმუმის განხორციელება შეძლო, საქართველოს ბედი, სამწუხაროდ, ისტორიულად გადაწყდება ისე, როგორც კოშმარში თუ მოგველანდება. იქ თუ „გაუვიდა“, მით უმეტეს, გაუვა საქართველოში, რაკი ჩვენი ქვეყანა, უნდა ვაღიაროთ, დასავლური ინტერესის პერიფერიაზე მდებარეობს. მით უმეტეს, უკრაინასთან შედარებით. მაშინ ჩვენ ერთადერთი, შეიძლება, უკანასკნელი იმედიღა დაგვრჩება: ვითამაშოთ ობიექტურ წინააღმდეგობაზე თურქეთსა და რუსეთს შორის ჩვენს რეგიონში.
ანუ?
საბედნიეროდ, არსებობს ერდოღანის თურქეთი და მისი აბსოლუტურად შეურიგებელი გრძელვადიანი ინტერესები რუსეთის ისტორიულ სივრცეში „შემოსვლის“ თაობაზე. თუ ჩვენ მოვახერხებთ აქ ჩვენთვის სასურველი ფორმულის გამომუშავებას, მაშინ შეიძლება, გადავრჩეთ. შეგახსენებთ საქართველსო მესამე პრეიზდენტის, მიხეილ სააკაშვულის ფორმულას: „საქართველოს, სინამდვილეში, მხოლოდ სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: პროუკრაინული, პრორუსული და პროთურქული. სხვა ყველა შორსაა“.
ეს ედუარდ შევარდნაძეს ან ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს. ეს თქვა მიხეილ საააკშვილმა.
ამ პრიზმაში საქართველოში მიმდინაპრე პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ. რას იტყვით: 1 ოქტომრიდან განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა და დღის ნიუსი გახდა სააკაშვილი?
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში ქვეყნის უახლესი ისტორისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად და არა, უბრალოდ, ფაქტად იქცა, თან არა მხოლოდ დაბრუნების ცნობილი, იმპოზანტური და ეპატაჟური ფორმით, რაც ამ პოლიტიკოსის სტილია, არამედ, შინაარსითაც.
რას გულისხმობ?
მე, პირადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო სპონტანური ნაბიჯი. სააკაშვილს წინასწარ ჰქონდა გათვლილი ყველა შესაძლო სცენარი და ყველა გარდაუვალი რეაქცია ამა თუ იმ სცენარზე.
რასაკვირველია, მას ჰქონდა ამ სცენართა „გრადაცია“ ანუ ა. ბ. გ. და ასე შემდეგ. დაწყებული იმით, რომ 1 ან 2 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ რევოლუციურ მიტინგს მოულოდნელად მიერთებოდა და ამით ახალი „ვარდების რევოლუციის“ ჩახმახად ქცეულიყო, ან თუნდაც ეს ეცადა, დამთავრებული იმ, მისთვის ნაკლებად სასურველი, თუმცა გაცნობიერებული სცენარით, რომ აღმოჩენილიყო იქ, სადაც აღმოჩნდა.
ანუ, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც თვლიან, თითქოს სააკაშვილი გამორიცხავდა დაპატიმრებას - „არ ეგონა“, არ „მოელოდა“ და ასე შემდეგ.
რასაკვირველია, არ გამორიცხვადა.
ანუ, სააკაშვილი არ გამოპრიცხავდა ციხეში მოხვედრას?
ბუნებრივია, სულაც არ უნდოდა ციხეში, თუმცა, ვიმეორებ, არ გამორიცხავდა.
ტოვებდა სხვაგვარ სცენართა ალბათობას, რომელიც მისთვის უფრო სასურველი იყო.
თორემ, უბრალოდ, ჩაჯდებოდა თვითმფრინავში წინასწარ ნაყიდი ბილეთით, შემდეგ კი დააკავებდნენ თბილისის აეროპორტის ნეიტრალურ ზოლში ან საზღვრის გადაკვეთისთანავე, წაიყვანდნენ იმავე რუსთავის ციხეში. მაქსიმუმ, აეროპორტის ნეიტრალურ ზოლში, სადაც დაკავება განხორციელდებოდა, ყოფილიყო პირდაპირი „ფეისბუკტრანსლაცია“, თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლიდა.
კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამტკიცებენ, თითქოს მიხეილ საააკშვილი ამ ფორმით ჩამოვიდა იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თვითმფრინავს ხელისუფლება არ მიიღებდა, ერევანში დასვამდა, ბაქოში დასვამდა და ა.შ.
რატომ, მისი განცხადების შემდეგ იყო ეს ვერსიებიც, ხელისუფლების კულუარებშიც კი...
არა, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ამჯერად ხელისუფლება იმოქმედებდა რადიკალურად: თვითმფრინავსაც დასვამდა და დააკავებდა კიდეც აეროპორტის ნეიტრალურ ზოლში ისე, რომ ჟურნალისტები ვერ დაესწრებოდნენ. სხვა შემთხვევაში, მთავრობა ნამდვილად გამოჩნდებოდა შეშინებულად და „ოცნება“ ამას არ დაუშვებდა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რაც იქნებოდა 1 ოქტომბრის გვიან საღამოს - უკვე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
მოსწონს ვინმეს თუ არა, უყვარს თუ სძულს, სააკაშვილი არის „პოლიტიკური არსება“. მან, რასაკვირველია, იმოქმედა ისე, მისთვის უკეთეს ვარიანტთა ალბათობა დარჩენილიყო, თუმცა მზად იყო მისთვის უარესი ვარიანტისთვის, ანუ ციხისთვის.
ოღონდ ამ უარეს ვარიანტშიც, მან ზუსტად გათვალა რეაქციები. მათ შორის, რეაგირება შიმშილობაზე, რაც უეჭველად ასევე, წინასწარ ჰქონდა ნაგულისხმევი: როგორი რეაქცია ექნებოდა ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის, მისი პარტიის ლიდერშიპს, როგორი რეაქცია ექნებოდა ოპოზიციურ მედიას, როგორი რეაქცია ექნებოდა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, მათ შორის, შემოქმედებით და სხვა ელიტებს, უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინის საზოგადოებას, ევროპელ პოლიტიკოსებს, დასავლურ მედიას, დასავლურ უფლებადაცვით ორგანიზაციებს და ა.შ და ა.შ.
ყველა ნაბიჯის გათვლა ხომ შეუძლებელია....
ყველაფერი ზუსტად ისე არ გამოვიდა, ალბათ, როგორც თვლიდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, გარემოებები დაეხმარა.
რას გულისხმობ?
მაგალითად, ხელისუფლების მიერ ცნობილი კადრების გამოქვეყნება, რაც კატასტროფული ტაქტიკური შეცდომა იყო მთავრობის მხრიდან.
„გამოძიების ფარგლებში ადვოკატებისთვის უნდა გადაგვეცა და ოპოზიცია მაინც გამოაქვეყნებდაო“ - არგუმენტი არ არის და თუ „მაინც გამოაქვეყნებდა“, ყოველ შემთხვევაში, ის ტენდენციები არ გაძლიერდებოდა, რაც ანტისამთავრობოდ გაძლიერდა.
ბოლოს და ბოლოს, „გაციხულისადმი“ თანაგრძნობა ამ საზოგადოების ნეიტრალური ნაწილის (!) თვისებრივი ინსტინქტია საბჭოთა პერიოდიდან და როცა ხედავს, „როგორ ათრევენ ნახევრად შიშველს“, ეს ინსტინქტი საზოგადოების ამ ნაწილშიც -მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად განწყობილ ნაწილში, უეჭველად ამუშავდებოდა.
მთლიანობაში, მაინც მგონია, რომ საააკშვილი, რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, პრინციპში, იმისთვისაც კი არის და იყო მზად, როცა ნიკოლაევიდან ბორნით გამოემგზავრა, რომ მისთვის უკიდურესად არასასურველ, თუმცა შესაძლო ვარიანტში, ციხეში ან ციხესთან გათანაბრებულ დაწესებულებაში წლების გატარება მოუწევდა! ყოველ შემთხვევაში, ამას არ გამორიცხავდა და ამისთვისაც მზად იყო.
სააკაშვილი წლები ციხეში?
თუ ეს მართლა ასე მოხდა, ამ წლების განმავლობაში, იგი იქნება მუდმივი ხიფათი, „შეყოვნებული მოქმედების ნაღმი“ ხელისუფლებისთვის, რადგან ხელისუფლება, რაც მთავარია, ვერ გაბედავს და ვერ მოახერხებს მისთვის კომუნიკაციის შეზღუდვას, ვერ გაბედავს და ვერ მოახერხებს, აუკრძალოს ყოველდღიურად უამრავი შეხვედრა, ათეულობით ფეისბუკ-პოსტის გამოქვეყნება, ბოლოს და ბოლოს, რაც დრო გავა, მით უფრო შეუძლებელი გახდება საერთოდ არ მიიყვანონ იგი სასამართლო სხდომებზე, ხოლო საავადმყოფოში მიშას გადაყვანა, რასაკვირველია, ნიშნავს ამ საავადმყოფოს ქცევას რევოლუციის შტაბად და ა.შ და ა.შ.
პრობლემები პრობლემებს დაემატება, „დღის წესრიგს“ ციხიდან განუწყვეტლივ შექმნის პატიმარი, ხოლო მთავრობა იძულებული იქნება, იმუშავოს რეაგირების რეჟიმში. მთავარი თემა მუდმივად იქნება არა სამთავრობო პროექტები, არამედ, მიშა, მიშა, მიშა და ისევ მიშა, მისი განცხადება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი მომხრეების განუწყვეტელი აქციები ლიდერთან ციხეში შეხვედრის შემდეგ... და ეს ყოველივე დასავლეთის მზარდი წნეხის პირობებში.
დასავლეთის რეაქციები საერთოდ ცალკე საკითხია...
ეჭვი მეპარება, დასავლეთს დიდად ეპიტნავებოდეს ამ, მისთვის ძალიან კომფორტული, დამჯერე მთავრობის შეცვლა, მაგრამ ის მრავალწლიანი სცენარი, რაც აღვწერე, მისთვისაც არასასურველია; ამიტომ წნეხი აუცილებლად გაიზრდება თუნდაც „პრეცედენტის“ გამო: ამ კალიბრის პოლიტიკოსის წლობით ციხეში ყოფნა, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია პოსტსაბჭოურ სივრცეზე, დასავლეთს კატეგორიულად არ აწყობს.
ცალკეული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცუნგცვანგშია და მას არ აქვს ვითარებიდან კარგი გამოსავალი, თუმცა ის ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს. ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ნიუ იორკში იმყოფება, ან იმყოფებოდა და უკვე დაბრუნდა, რაც „ოცნებას“ აკეთებინებს მინიშნებას, რომ ხელისუფლება სულაც არ არის პრორუსული. მოკლედ, რა არის არსებულ ვითარებაში ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი - ეს ერთი, მეორე - იმ პირობებში როდესაც ივანიშვილი წლებია, საქართველოდან არ გასულა, სწორედ ახლა რატომ გადაწყვიტა აშშ-ში გამგზავრება და რამდენადაა ეს პოლიტიკური აქტის დემონსტრირება და მესამე - სააკაშვილის დაკავება იყო პუტინის დავალება, ანუ ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად პრორუსულია?
ივანიშვილი რეალურად სად არის, არავინ იცის, ალბათ, მისი უახლოესი და ძალიან ვიწრო წრის გარდა. როცა შარშან განაცხადა, პოლიტიკიდან მივდივარო, დაამატა: „ძალიან მომწონდა ცხოვრების ის სტილი, როგორსაც მივსდევდი 2012 წლამდეო“. ჰოდა, სწორედ იმ სტილის ფარგლებში, ის ბევრად უფრო ხშირად მოგზაურობდა, ვიდრე ბევრს ჰგონია. მაგალითად, კოსტა-რიკაში, სადაც მრავლრიცხოვანი სამეგობრო მიჰყავდა ხოლმე საქართველოდან და მერე, უკან ბრუნდებოდა მათთან ერთად.
კოსტა-რიკა გამონაკლისი, ბუნებრივია, არ იყო. კერძო თვითმფრინავი საით აფრინდება, ბორტზე ვინ იმყოფება, ამ ინფორმაციას, ალბათ, სპეცსამსახურების გარდა არავინ ფლობს. ამიტომაც ძალიან ძნელია ახლა იმაზე მსჯელობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ივანიშვიოლი აბასთუმნიდან ადევნებს თვალს, საჩხერედან, ბობოყვათიდან, ნიუ იორკიდან, პარიზიდან თუ თუ კოსტა-რიკადან, მაგრამ რომ ადევნებს თვალს, ეს უეჭველია.
ჩემი აზრით, ხელისუფლების „პრორუსულობა“ სულაც არ განისაზღვრება იმით, სად შეიძინა ბინა მილიარდერმა. აქ განმსაზღვრელია ფაქტი და არა - ფაქტის ინტერპრეტაცია. მათ შორის, პასუხი მარტივ კითხვებზე:
ხვალ რომ გამოვიდეს პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალური მდივანი და თქვას: საქართველოს ვიწვევთ ალიანსშიო, როგორი იქნება მთავრობის რეაქცია? ზემაღალი ალბათობით, ფრაზა დამთავრებული არ ექნება, საქართველოს მთავრობა სიხარულით დაუკრავს კვერს. ასევე, სიხარულით განალაგებს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკულ სამეხდრო ბაზებს, თუ მოვესწრებით და შესთავაზებენ. კატეგორიულ უარს აცხადებენ ევრაზიულ კავშირზეც და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც. ოკუპირებულ ტერიტორიათა აღაირებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
დღევანდელი ხელისუფლება, თუ უფრო ზუსტად შევაფასებთ, სტატუს ქვოს ხელისუფლებაა და ყველანაირად ცდილობს, როგორმე ამჟამიდელი მდგომარეობა მაინც შეინარჩუნოს და, რასაკვირველია, „თავიც“ შეინარჩუნოს ამ მდგომარეობაში.
ზემოტაც ვახსენე, რა განაპირობებს დასავლეთის ასე თუ ისე თავშეკავებულ პოზიციას?
დასავლეთის თავშეკავებული პოზიცია აიხსნება იმით, რომ იმაზე არანაკლებ აშინებს ცვლილებები საქართველოში, ვიდრე თვით საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. მათ იციან ზუსტად, როდის რას გააკეთებს „ოცნების“ ხელისუფლება, მაგრამ არ იციან და ვერ ჭვრეტენ, როგორ მოიქცევა ახალი, კოალიციური, მრავალი სხვადასხვა ამბიციის მატარებელი ლიდერისგან შემდგარი, აქტიური და „პასსიონარული“ მთავრობა. შეიძლება, ამგვარმა მთავრობამ აუტკივარი თავიც აატკივოთ და ზუსტად ამის ეშინიათ, რომ თუ მეტსიმეტად აქტიურად ჩაერევიან ახლანდელ პროცესებში, ამან შესაძლოა, ახალი რევოლუცია და პროგნოზირებადი ხელისუფლების ნაკლებ პროგნოზირებადი ხელისუფლებით შეცვლა განაპირობოს.
ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინის საელჩო საქართველოში ფაქტობრივად, დუმილის რეჟიმშია. რატომ?
უკრაინის საელჩოს დუმილი აიხსნება უკრაინულ ელიტათა მარტვილობით, თუ რა მოუხერხონ ამ ჩვენს პასსიონარს, რომელთან კომუნიკაციის პრობლემაც ბოლომდე უკარინის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, ვერ „მოითვინიერა“ და ლაგამი ვერ ამოსდო. ვერაფრით გამოიმუშავეს „მოდუს ოპერანდი“, რომელიც მიხეილ საააკშვილს რაღაც ჩარჩოში, რაღაც „თამაშის წესებში“ მოაქცევდა.
სააკაშვილმა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში თქვა ნიშანდობლივი ფრაზა: „მე უუნაგირო ცხენი ვარო“.
ერთია, სააკაშვილის, როგორც პატიმრის და ადამიანის უფლებების დაცვა - სამართლიანი მართლმსაჯულება, ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეორე - მისი პერსონის გააზრება პოლიტპატიმრად და მოთხოვნა „თავისუფლება მიშას!“. იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს უნდობლობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ, რა არის ოქროს გამოსავალი ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და არც სამართლიანობა დადგეს ეჭვქვეშ? მაგალითად, საერთაშორისო მოსამართლეების მოწვევა, რისი პრაქტიკა და პრეცენდენტი არ გვაქვს. უნდა გავიხსენოთ, რომ ხელისუფლება გვარწმუნებდა სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებში აშშ-ის იურისტები ჰყავდა ჩართული. ამ შემთხვევაში, ხომ განაჩენი მის წინააღმდეგ დადგა. ან მეორე - არ ვენდობით ამ სასამართლოს, მაგრამ მაშინ, რომელს და როდის?
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის განვლილი „უკანმოუბრუნებლობის წერტილი“. ამიტომ კვლავინდებურად არსებობს „ოქროს გამოსავალი“, რომელიც ყველა მხარისათვის იქცევა ოპტიმალურად შექმნილ ვითარებაში.
ესაა მიხეილ სააკაშვილის „დროებით“ გაგზავნა უკრაინაში სამკურნალოდ სასჯელის გადაავდებით და მიმდინარე პროცესებში მისი დისტანციური მონაწილეობით.
ამით საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი პუნქტი არ დაირღვევა, ამას არ სჭირდება არც შეწყალება, არც - ამნისტია და არანაირი იურიდიული ცვლილება.
რამდენად დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი გამოჯანრთელების შემდეგ ან რამდენად მიიღებს მონაწილეობას Online სასამართლო სხდომებში, მეორეხარისხოვანია ამ დისკურსში.
მგონი, მთავარი ისაა, რომ „აქ და ახლა“, ანუ შექმნილ ვითარებაში იქნებოდა ამგვარი „მოდუს ოპერანდი“ საუკეთესო ვარიანტი ყველა მონაწილე სუბიექტისათვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად საააკშვილი იქნებოდა წინააღმდეგი, რაშიც არ ვარ დარწმუნებული, თუმცა მაინც.
ამ შემთხვევაში, იძულების ინსტრუმენტებიც შეასძლებელია. ბოლოს და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქაალქეა.
ეს ვარიანტი შეასძლოა, ისე შეიფუთოს, რომ ყველა მხარემ დროებით მაინც შვებით ამოისუნთქოს. ზოგმა - ღიად, ზოგმა = მათ შორის სააკაშვილის პარტიაში - ფარულად.
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ცდილობენ იმოქმედონ, რაღაც გააკეთონ, რაღაცით „უშველონ“, პატიმრობიდან დაისხნან რაღაც მოიფიქრონ, მაგრამ რესურსები აშკარად არ ჰყოფნით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. და ეს ეტაპი რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის.
ითქვა, რომ თითქოს საააკშვილი არ შიმშილობდა. ეს იყო „პროტოკოლური“ შიმშილობა, როდესაც მოშიმშილე წყლის გარდა, იღებს სხვადასხვა საკვებს, დანამატს, სითხეს, გლუკოზას და ა.შ. თუმცა თანდათანობით, დროში გაწელილად ნამდვილად იფიტავს ორგანიზმს.
ადამიანი მხოლოდ წყალზე ძლებს, მაქსიმუმ, 40 დღეს, თუმცაღა 30 დღის შემდეგაც მისი ცხოველმყოფელობა უკვე ფორმალურია და „მობრუნება“ თითქმის შეუძლებელი.
არავის ვადარებ, მაგრამ ირლანდიელებმა - ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა, ტეტჩერის ეპოქაში, ას დღეზე მეტი იშიმშილეს, სანამ გარდაიცვლებოდნენ, რაც აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა საკვების რაღაც ნომენკლატურის და წამლების მიღების გარეშე.
და ბოლოს, მაინც რიტორიკული კითხვით მომწიევს საუბრის დასრულება - რამდენადაა შესაძლებელი ერთი დღეც მეტროპოლიად გავიღვიძოთ, ან სულაც, მიმდინარე მოვლენები იმდენად ფატალური აღმოჩნდეს რუსეთისთვის, რომ ერთ დღესაც - უახლოეს მომავალში, ნატო-ში ამოვყოთ თავი? კითხვა ასე იმიტომ დავსვი, რომ ქართველი ხომ უკიდურესობების მიღმა არაფერს ვაღიარებთ..
არსებობს „შავი გედის“ თეორია, როდესაც მოულოდნელად წარმოჩინდება ის, რაც გუშინ ან გუშინწინ შეუძლებალდ მიაჩნდა ყველას. თითქოს სულ სხვა მეტაფორაა, მაგრამ მაინც ესადაგება ქართული გამოთქმა: „იმედით ცოცხლობს ადამიანი“.
იმედი ვიქონიოთ, ისე „დალაგდება“, როგორც დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია და ხვალ ბოდიშების მოხდა მოგვიწიოს ჩვენს მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრებებისათვის.
პატიოსნად და აბსოლუტურად გულწრფელად ვიტყვი: ვისურვებდი, პირადად მომიწიოს მწარე ბოდიშების თქმა ჩემი პროგნოზებისთვის რუსეთის დაშლის, უკრაინის ბედის, რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის, დასავლეთის ცივი და უმოწყალო პრაგმატიზმის, NATO-ში გაწევრების, ანაკლიის დასრულების შესაძლებლობისა და სეპარატისტული ელიტების ანტიქართული შეურიგებლობის მიმართ, ანუ, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მაშინვე გულმხურვალედ და სიხარულით მოვიხდი ბოდიშს!
ესაუბრა გოჩა მირცხულავა
ფოტო: jagiellonia.org