მედიის თემაზე საუბარი ღიად არავის სურს. თუმცა არაერთხელ ვყოფილვარ სხვადასხვა დახურულ, არაფორმალურ შეხვედრებზე თემის განხილვის მომსწრეც და მონაწილეც.
ისიც მესმის, რომ რასაც ქვემოთ დავწერ ბევრს არ მოეწონება - მაგრამ ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ჩემი და ამ ქვეყნის პრობლემა უფრო ის ადამიანები მგონია, ვინც შინაგანად დამეთანხმება, მაგრამ საჯაროდ ან წყალს ჩაიგუბებს პირში და ან საპირისპირო მოსაზრებების გაჟღერებას დაიწყებს, რადგან იმ ნავიდან არავინ გადმოაგდოს, რომელშიც ზის, ან სურს ჩაჯდეს.
დღევანდელი, გნებავთ გუშინდელი საქართველოს უმძიმესი ვითარების უმთავრესი განმაპირობებელი სუბიექტი ე.წ. კრიტიკული მედიაა. დიახ, არ მოგესმათ - მედია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური აქტორის როლის მორგება დაიწყო და დღის წესრიგის განსაზღვრა დაიწყო.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ე.წ. კრიტიკული მედიას ეს მისთვის დამაზიანებელი როლი პოლიტიკოსებმა - აქაც უმჯობესი იქნება ვთქვათ, პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რომელთა უმეტესობას პოლიტიკის არაფერი გაეგება - აჰკიდეს. პერსონები, რომლებმაც პოლიტიკოსი დაირქვეს, თავად ვერ ქმნიდნენ დღის წესრიგს და ინდივიდუალური იმიჯის ფორმირების მიზნით, ტელეეკრანებზე წამოჯდომა მიიჩნიეს პოლიტიკის კეთებად და ძალიან ცუდ, უხარისხო და არაკვალიფიციურ კომენტატორებად და დაბრალებულ ექსპერტებად იქცნენ.
ამასაც აიტანდა ქვეყანაც - მაყურებელიც, რომ არა ხიბლი, რომელშიც ე.წ. კრიტიკული მედია ჩავარდა.
დაფიქრებულხართ, რომ საზოგადოებაში, ხალხში, ელექტორატში არსებული ნიჰილიზმის, შემგუებლობის ერთ-ერთი ფაქტორი ცრუ მოლოდინებია, რომელსაც სწორედ რომ ე.წ. კრიტიკული მედია კულტივირებდა და კულტივირებს?
ყოველი არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ აპოკალიფსის, ყოველი გახმაურებული ფაქტის შემდეგ საჯარო პროტესტის პარალელურად, „ოცნების“ დასრულებაზე საუბარმა და საბოლოოდ „ოცნების“ გადარჩენამ, ცალკეულ შემთხვევებში მეტად გაძლიერებამ, რომ საზოგადოებაში ამ პოლიტიკური ძალის უძლეველობისა და დაუმარცხებლობის განცდა შექმნა, ამ უმძიმეს, მე ვიტყოდი მორალურად უკიდურესად დამაზიანებელ ვითარებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს ე.წ. კრიტიკული მედია?
სხვისი პიროვნული უბედურებების პოლიტიკური კონვერტაციის მცდელობისთვის, როდესაც რეალურად ხდებოდა დაზარალებულებისთვის ცრუ იმედების გაჩენა, მათი ემოციებით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი განწყობების ფორმირება - ამაზე თუ გრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას? განა ასე არ იყო ყველა გახმაურებული საქმის დროს: დათუნა სალარიძის მკვლელობა და მამამისის ლამის ჭკუიდან შეშლა საჯაროდ; მაჩალიკაშვილის საქმე და ოჯახის მორალური თანადგომის ნაცვლად პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა; შაქარიშვილის მკვლელობა და ამ საქმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების განზრახვა;
საერთოს ცალკე ქეისია თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, სადაც ღრმად ვარ დარწმუნებული, კრიტიკულმა მედია რეალურად გამოყენებული იქნა გამოძიების არასწორი მიმართულებით წარსამართავად. ახლა რა ხდება ამ საქმეებზე - არავის აინტერესებს? რატომ არ და ვერ მოხერხდა ნიკო კვარაცხელიას საქმის გაპოლიტიკურება? აი, ასე, ღიად ვიკითხავ - ვისი შეგეშინდათ და თუნდაც სამართლებლოვ ასპექტებში რატომ დუმხართ ამ საქმეში?
ქოლ-ცენტრების საქმეზე რა ხდება? ის მაინც გაიკითხეთ რას ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენს ირგვლივ - რომ კარგი ფული იშოვეთ შავიც და თეთრიც - ჯიბისთვისაც და ცალკეული გადაცემების დასაფინანსებლად.
გრიგორიადისის საქმე? აქ მხოლოდ ნიუსით შემოვიფარგლებით ხომ? გაიმართება მორიგი სასამართლო პროცესი... რატომ?
და მაინც, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ საზოგადოების პოლარიზების, უკიდურესი დაპირისპირების, წითელი ხაზების მოშლისა და პერსონიფიცირებული ზიზღის კონტექსტში გააკეთა.
მესმის, რომ თანამედროვე ქართველი იმდენად ზარმაცია, სათაურის მიღმა კითხვაც ეზარება და ამ ფაქტის ძალიან მეშინია. რატომ? იმიტომ რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და ახლა სხვა ეპოქაა. არ არის არც ტარანტასის, არც პობედისა და ჟიგულის დრო. დრო დაჩქარებულია და მოვლენების დაწევაც ძალიან გართულებულია. შესაბამისად, რამეს რომ ჩავწვდეთ და ვიცოდეთ, ყოველთვის აუცილებელია გავიაზროთ არამც თუ ფაქტის, სიტყვის კონტექსტი. აი, გამარჯობა რომ გითხრათ დღეს გაღიმებულმა მეზობელმა, ამ ღიმილიან გამარჯობასაც კონტექსტი აქვს.
რისთვის მჭირდებოდა ამის აღნიშვნა? იმისთვის, რომ ასჯერ ფეიკს რომ შემოგიგდებენ, ერთხელაც ბოდიშს არ მოგიხდიან და არც კი გაინტერესებს, რა იყო და არის ამ ფეიკების კონტექსტი, რისთვის და რატომ ხდება ეს, მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ ან ფანატიკოსი ხარ, ან იდიოტი, ან გარეწარი?
თუ, მე, როგორც მედიის წარმომადგენელი მიზანმიმართულად ვავრცელებ ფეიკს, ვწინასწარმეტყველებ ვიღაცის დაქცევას და ვიღაცის გამარჯვებას, რომელიც შედეგით მუდამ ტყუილია, ვავლებ წითელ ხაზს, ვანგრევ ყველა სახის ნორმასა და სტანდარტს - სულაც არ აქვს მნიშვნელობა აქ საპირწონედ რას ვასახელებ - ცხადია ჩემს ქმედებას აქვს კონკრეტული მიზანი.
დღევანდელი გადასახედიდან ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს - რა მოიტანა ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერების გარდა?
არც ერთ პროსახელისუფლებო მედიას არ გაუკეთებია ივანიშვილისა და“ოცნებისთვის“ იმდენი სიკეთე, რამდენიც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაუკეთა. მე რომ ზედმეტად ეჭვიანი ადამიანი ვიყო, ვიტყოდი აქ ერთ-ორ ლამაზ სიტყვას და გამოვთქვამდი ვარაუდს რის ფასად გაკეთდა ეს, მაგრამ თავს შევიკავებ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს - შედეგს კი და შედეგი რაც არის ვხედავთ.
ქართული პოლიტიკური პროცესის უკიდურესად დამაზიანებელ ორ ფაქტს მოვიყვან, რომელმაც საშინლად (!) ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოების არც მთუ მცირე ნაწილის განწყობაზე: ნიკა გვარამიას მიერ პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილისთვის დედის გინება, რომელიც იმ დროსაც და ახლაც უკიდურესი სიმდაბლის გარდა სისუსტის გამოვლინებაც არის და რამაც არა თუ გააღრმავა დაპირისპირება, არამედ მედიასივრცეში ყველანაირი სტანდარტი და ეთიკური ნორმები მოშალა. მეორე - „სააკაშვილი კვდება“ და ამ ფორმულის მიღმა განვითარებული პროცესები.
გვარამიამ როგორც იტყვიან „გაგვიიასნა“, რომ „იმ პერიოდში“ მისი სულიერი თუ ფსიქიკური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო და ამით პერსონალურად ჩამიწერა არა მხოლოდ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის გინება, არამედ სხვა მის მიერ გამოვნელილი უკიდურესობები. თუმცა, მას არაფერი უთქვამს ამ ფაქტების შედეგებზე საზოგადოებისთვის, რაც ჩემთვის ფრიად შემაშფოთებელია მომავლის პრიზმაში. ახლა მოვლენებს არ გავუსწრებ და არ განვავრცობ ამ „მომავალს“.
რაც შეეხება „სააკაშვილი კვდება“ და საერთო სახალხო გოდებას ე.წ. კრიტიკულ მედიაში, ეს საერთოდ უმძიმესი პოლიტიკური და პროპაგანდისტული ფაქტია. თავი დავანებოთ იმას, რომ იმთავითვე არ ვიყავი მომხრე სააკაშვილის ჩამოსვლის, ან იმ ფორმით ჩამოსვლის როგორც დაგვიბრუნდა. ღიად, ვწერდი და მივმართავდი რომ არ უნდა ეშიმშილა და ეს არასწორი სტრატეგია იყო. მის მომხრეებს იგი ძლიერ, მხნე და ბრძოლისთვის შემართულ, მაკონსოლიდირებელი ფიგურად უნდა დარჩენილიყო. საშინელება კი არა, დანაშაული იყო და არის პოლიტიკური თვალსაზრისით, დემენციაზე საუბრის დაწყება. დღეს ვინმე ფიქრობს იმაზე, რა პოლიტიკური მდგენელი ჰქონდა ამ ყველაფერში ე.წ. კრიტიკულ მედიას? რა პოლიტიკური უბედურებისა და სტაგნაციის მომტანი იყო და იქნება სამომავლოდაც ოპოზიციურ ფლანგზე სწორედ მედიის მიერ ფორმირებული პოლიტიკური დღის წესრიგი მთავარი ფიგურანტით - სააკაშვილის კუჭი.
სიტყვას, თუნდაც არა მოსაწონს, მაშინ აქვს ფასი, როდესაც მოსაწონიც გაქვს ნათქვამი. როდესაც, ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ესა თუ ის ხელისუფლება, ვერასოდეს ნახავ კარგს, თვალებს დაიბრმავებ და მუდამ ნეგატიურზე ან/და ფეიკზე იქნები ორიენტირებული, როდესაც 12 წლის განმავლობაში სპიკერებსაც და რესპონდენტებსაც არ გამოცვლი, როდესაც ტელეეთერი შეგიძლია დაანაგვიანო არაპროფესიონალი, მაგრამ შენთვის საყვარელი მეგობრებით, როდესაც განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებ და ამ მხრივ პროსახელისუფლებო მედიის პოლიტიკას იმეორებ ერთი-ერთში, შიგა და შიგ გახმოვანებული შენი ჭკვიანური თუ გონიერი აზრი რატომ უნდა ვირწმუნო და დავიჯერო?
როგორ შეიძლება ბედნიერების ნიუსი ვერ იპოვო შენი წრისა და შენს მიერ სნობად აღიარებული პერსონების მიღმა? როგორ შეიძლება ისაუბრო ფეიკზე და ამ საუბარში ფეიკი შემომაპარო? როგორ შეიძლება განსხვავებას ვერ ხედავდე შენთვის მიუღებელ ობიექტურ ფაქტსა და მისაღებ სუბიექტურ გარემოებას შორის? როგორ შეიძლება სახელმწიფოზე წინ დააყენო შენი გამარჯვების სურვილი? და როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ფულს, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები გიხდიან სუნი არ აქვს? მედიაში ხომ ამის მიხვედრა ადვილია - მედიაში ობიექტურობის განცდას კარგავ - ფული ყარს. ყარს არა მხოლოდ მედიისთვის არამედ დამკვეთისთვისაც.
დღემდე ვერ ვხდები, როგორ შეიძლებოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სწორედ რომ მედიას, რუსულ ტალახში ეთრია ორივე კანდიდატი და ამ ქმედების ზიანი ვერ გაეაზრებინა სახელმწიფოსთვის? არანაირი თვითკმაყოფილება არ მაქვს ამის გამო, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი ვჩხუბობდით მაშინ, რომ ეს ქმედება დაგვაზიანებდა და იქნებ ახლა მაინც აღიაროს ვინმემ - ჩვენ კი არ ვიყავით მართლები, არამედ თავად ცდებოდნენ.
როგორ შეიძლებოდა, თითქოს ეკლესიის სიბნელის დემონსტრირებისთვის პანდემიის პერიოდში მედია ვერ მიმხვდარიყო იმდენს, რომ ჰიგიენის - კოვზისა და რწმენის დაპირისპირება დაუშვებელი იყო.
უამრავი რამ - როგორ შეიძლებოდა, რომელიც დღეს, სწორედ რომ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ, დიახაც რომ მიზანმიმართული ქმედებებით (რა მნიშვნელობა აქვს უვიცობით, სიბრიყვით, არაპროფესიონალიზმით, პოლიტიკური მიზნით, სასარგებლო იდიოტობით, ფულით, პერსონალური სიმპათია-ანტიპათიით და ა.შ) საზოგადოება იმ ვითარებაში აღმოეჩინა, რომ პოლიტიკური კი არა, სოციალური პროტესტის აზრს ვერ ხედავდეს. ეშინოდეს, რომ რაც აქვს იმასაც დაკარგავს, რადგან თუ ვინმე დაიწყებს იმაზე საუბარს - ჩვენ გავიმარჯვეთ და ამის პროპაგანდირებას - ტყუილი აღმოჩნდება.
ჰო, ახლა ტრენდად იქცა მედიის წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკოსებისკენ ხელის გაშვერა, რომ ისინი ვერაფერს აკეთებენ, ამინდს ვერ ქმნიან, ფული არ აქვთ. ეს სხვისთვის ხელის შეწმენდაა. პოლიტიკაში ხდება ბევრი რამ რაც მედიას არ აინტერესებს. უამრავი რამ ხდება რეგიონებში თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე რაც ე.წ. კრიტიკული მედიისთვის საინტერესო არ არის.
აქ დედაქალაქში? აქაც. რამდენიმე დღის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არასამთავრობო სექტორთან გამართა შეხვედრა დეოლოგაქრიზაციის კანონპროექტზე. ვინ დაინტერესდა? არა, ახლა სტალინი და მატრონაა თემა. და ამ თემას რომ თავად ქმნიან არაფერი?
ვინმე სვამს კითხვას - გახარიამ რომ იცის სამომავლოდ როგორ მართოს ქვეყანა, მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაჩნდა საქართველოში კორუფცია და ელიტარული კორუმპირებული ოჯახები? ერთიც არ იყო მის დროს?
ვინ სვამს კითხვას რა არის ლელოს მარშალის გეგმის არსი, სარგებელი ან შესაძლოა, ზიანი?
ვინ სვამს კითხვას - რატომ არის გიგა ბოკერია პოზიცია აფხაზეთის და ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში საიტერესო და დამაფიქრებელი?
ვინმე სვამს კითხვას იმ პოლიტიკური პარტიების მიართ, რომელბიც აცხადებენ არც „ქოცები“ არც „ნაცები“ ვისთან ერთად ქმნიან კოალიციას? ეს რომ ეგისტენციალური საკითხია ამის გააზრება ძნელია?
ვინმე სვამს კითხვას და დღეს იწყებს მსჯელობას იმაზე რა ხდება აფხაზეთში და ამ მიმართულებით რა უნდა გახდეს საერთო ნაციონალური პოზიცია, კვლავაც სასარგებლო იდიოტების როლში რომ არ აღმოვჩნდეთ?
ვინმეს დაუსვამს კითხვა - რა არის საერთო ნაციონალური კონსენსუსის საკითხი?
ხშირად მესმის, რომ ტელევიზიები ტრანსლირებენ იმას, რაც ხალხს აინტერესებს. არა - ტელევიზიები ტვინს გვირეცხავენ იმით, რაც მათ სურთ - რასაც უკვეთავენ ან რასაც მათი მენეჯერების გონიერება და სუბიექტური ამოცანა განსაზღვრავს.
დიახ, ასე პირდაპირ და პირუთვნელად ვიტყვი - რაც გასულ წლებში ე.წ. კრიტიკული მედიის ნაწილმა (!) საქართველოს, ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს უმტრო, მოქალაქეების მენტალური განადგურების მცდელობა ჰქვია.
ადრეც დავწერე და კვლავ გავიმეორებ - ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, რომელიც ოპოზიციურ არხებს უყურებს, ძირითადად ზუსტად იმას ხედავს და ისმენს, რაც ნებისმიერ ჟურნალისტზე უკეთ იცის: რომ შემოსავალი არ ჰყოფნის, რომ ცხოვრება გაძვირდა, რომ ბანკის კრედიტს ვერ ემსახურება, რომ გაძვირებულ კომუნალურებს ვეღარ იხდის, რომ მისი მეზობლის შვილი დააყაჩაღეს, რომ უბანში მაღაზია გაქურდეს, რომ მის ქუჩაზე უკვე მერამდენე ახალგაზრდა გაიპარა წამალში...
მან ზუსტად იცის, ვინ არის ამაში დამნაშავე: ხელისუფლება, რომელიც დაჰპირდა და არ შეუსრულა, ხელისუფლება, რომელიც კრიმინალს გაგებით ეკიდება, რომ უბნის ძველი ბიჭები პიონერთა ხელმძღვანელებივით მიუძღვებიან ყოველ არჩევნებზე მთელ სამეზობლოს...
ეს ხომ ანაბანაა, რომ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. რა მოისმინა მაყურებელმა ახალი, რაც არ იცის და არ განიცდის? - არაფერი! მისი ემოციური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა თავის გაჭირვებაზე, კიდევ უფრო მეტად ჩაიკარგა ნეგატიურ ინფორმაციაში.
არადა, იმპულსი სჭირდებოდა, იმედის ნაპერწკალი, რომელიც დანებების კი არა, ბრძოლის მოტივაციას გაუჩენდა.
ჰო და თუ რამეში გედებათ ბრალი სწორედ მოტივაციის დაკარგვა და ის ნიჰილიზმია, რაშიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა თქვენი, ე.წ. კრიტიკული მედიის ნაწილის გამო.
ადრეც შემოგთავაზეთ და კვლავ გთავაზობთ - ნებისმიერმა დამწყებმა ფიზიკოსმა იცის, რას ნიშნავს შუმანის შკალა. თქვენც უნდა იცოდეთ ეს, მედიამენეჯერებო და, გთავაზობთ ექსპერიმენტს: გაზომეთ თქვენი საინფორმაციო გადაცემების და თოქ-შოუების დროს ენერგია თქვენს სტუდიებში და ნახავთ, სად ხართ, როგორ ხართ და რას უგზავნით საზოგადოებას.
აქვე ერთ რჩევასაც მოგცემთ ბარემ - ისწავლეთ გლობალური აზროვნება; სტუდიებში ბრძენი და ფილოსოფოსი ადამიანები დასვით; მიხვდით - იყო პირველი კი არ არის მთავარი, არამედ - იყო მართალი; ისიც გაიაზრეთ, რომ ნებისმიერი ფეიკნიუსი თქვენი სუიციდის მცდელობაა;
ახლა მკითხავთ სახელისუფლებო მედიაზე რატომ არაფერი დავწერე? შეგნებულად , იმიტომ რომ მათი პოლიტიკა ისეთივე ნათელია, როგორც ნათელიც იყო 2012 წლამდე რუსთავი 2-ის, საზმაუს, იმედისა და სხვა პროსახელისუფლებო მედიის პოლიტიკა.
რაც დავწერე ისედაც იცით, რამდენად აღიარებთ სხვა საკითხია. უბრალოდ, სწორედ ახლა რაც ხდება ქართულ მედიაში, წარსულს რომ თავი დავანებოთ - პროცესი მოდიფიცირდა, ღია აგრესია ერთგვარ დავარცხნილ მორჩილებაში ტრანსმორფირდება. არა და ეკრანს რომ შეხედავ - ფულიც ყარს და უფულობაც. ნიჰილიზმი კი კვლავ ღრმავდება - მგონი სხვა ამოცანა მათ არც აქვთ, ან არ იციან როგორ გაართვან თავი.
ბოლოს კი მაინც ერთ ვარაუდს გავაჟღერებ - დღეს, როგორც ადრე, ე.წ. კრიტიკული მედიის უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად არის დარაზმული.
ავტორი: გოჩა მირცხულავა
ნეიშენ ჯორჯია