მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

გურიაში ბოშებს ჩაჩნებს ან ციგნებს ეძახდნენ - თეატრ „მოდი ნახეს“ ბოშები

15.04.2024 ნახვები: 1867

 ნოდარ დუმბაძე დღემდე ახალგაზრდობის და არა მხოლოდ საყვარელ ავტორად, რჩება. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თეატრი მოდი ნახე, მაყურებელს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, „ბოშები“ სცენურ ინტერპრეტაციას სთავაზობს.

ნაწარმოები ეფუძნება ჰუმანიზმს. დღეს ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვაკლია, და გვჭირდება.

ეს შესანიშნავად იცის, რეჟისორმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ და ამიტომაც მისი არჩევანი ბოშებზე შეჩერდა. ნაწარმოები, მაქსიმალურად იძლევა სტუდენტების სხვადასხვა უნარების გამოვლენის საშუალებას და ეს ჩანდა სპექტაკლში როცა ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

ნუგზარ ბუცხრიკიძეს დიდი გამოცდილება აქვს სტუდენტებთან მუშაობის, რომელმაც ფაქტია, ისე შეაყვარა თეატრი სტუდენტებს, რომ მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია.  სპექტაკლი გამოირჩეოდა, ორიგინალური მიზანსცენებით, უაღრესად საინტერესო ეპიზოდებით და დინამიკურობით, რაც უდავოდ რეჟისორის დამსახურებაა.

სტუს-ს სტუდენტები უკვე გამოცდილი მოყვარული მსახიობები არიან და მათი ამ თეატრში მიღებული ცოდნაა,  ამ კონკრეტულ დადგმაშიც გამოვლინდა.

18 აპრილის, „მოდი ნახეს“ დასი, თურქეთში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება - ამ და სხვა საკითებთან დაკავშირებით რეჟისორსა და სპექტაკლი მონაწილეებს  გავესაუბრე.  

 

თეატრ „მოდი ნახე“-ს მსახიობი, გიორგი ჭანტურია:

გიორგი როგორ წავიდა დღევანდელი სპექტაკლი? მაყურებელსა და მსახიობებს შორის იყო თუ არა ის კავშირი, რომელიც მნიშვნელოვანია?

ის იმპულსი, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მაყურებელსა და სცენაზე მდგომებს შორის დაიბადა - პირველივე წამიდან ეს იგრძნობოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაყურებლის უმრავლესობა სკოლის მოსწავლე იყო, ამან კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა ეს ყველაფერი.  დღევანდელი დღე წარმატებით შედგა.

„ბოშები“ საინტერესო და ბევრ რამეს ამბობს თავისი იდეით.. თქვენი ბოშები სანახაობრივი და საინტერესოა, მაყურებელიც არ გღალატობთ და სრულად, სავსე დარბაზში გიწევთ სპექტაკლების ჩატარება, რატომ?

ის, რომ სანახაობრიობა არის, ამას სახელწოდებაც ამბობს. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო, რომ ცოტა სხვა კუთხით დაგვენახებინა ამ ადამიანების შინაგანი სამყარო. თითქოს ეს ქურდბაცაცა, მოჩხუბარი, ენერგოვამპირი ბოშები გვეჩვენებინა როგორი ლაღები, გულწრფელები, სუფთებიც შეიძლება იყოს. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ ადამიანების ცხოვრების მიუხედავად, შეიძლება ისინი არიან ქურდბაცაცები, ამ აოხრებულ სოფელში ჩამოვიდნენ, განა რამე ცუდი გააკეთეს?! იმედის ნაპერწკალი დატოვეს პირიქით, თავიანთი სიმღერით, ცეკვით, მრავალფეროვნებით ომისგან დაჩაჩანაკებული, დაუძლურებული, გადაძონძილი შავებში ეს სოფელი გააცოცხლეს, გააფერადეს. 

გიორგი, „ბოშებს“ ძალიან მალე იხილავს უცხოელი მაყურებელი, თქვენ მიდიხართ ფესტივალზე. რა მოლოდინები გაქვთ?

პირველყოვლისა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს არის საერთაშორისო ფესტივალი სადაც, უამრავი ქვეყნის ხელოვანი იქნება წარმოდგენილი თავისი შემოქმედებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები, მოდი მე ასე ვიტყოდი. იმიტომ რომ ჩვენ ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის კულტურას, ჩვენი ქვეყნის თეატრალურ კულტურას, რა თქმა უნდა ეს არის პასუხისმგებლობა, დიდი ემოცია და ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად იმისათვის, რომ ამ ყველაფერს თავი გავართვათ.

რაც შეეხება ამ გასტროლს ეს პირველი არ არის. მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ ნუგზარს, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ რეჟისორს, რომელიც ყოველთვის ცდილობს და ჩვენდა საბედნიეროდ ახერხებს იმას, რომ ჩვენ წელიწადში ორჯერ გვაქვს გასტროლი, მონაწილეობას ვღებულობთ ფესტივალებზე.

მოლოდინებს რაც შეეხება, ის ემოცია, ის განცდები რომლებიც ჩვენ ახლა გვაქვს, სულ რამდენიმე დღეში მივფრინავთ, შედეგს გამოიღებს. მგონია, რომ ჩვენი წრფელი დამოკიდებულებით, ჩვენი ერთ მუშტად შეკრული დიდი ოჯახის, აი ამ ოჯახური გარემოს საფუძველზე და იმის საფუძველზე, რომ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ოფლის ბოლო წვეთამდე, აუცილებლად ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას, ქართულ თეატრალურ ხელოვნებას და ჩვენი შემოქმედებით ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

 

თეატრ „მოდი ნახე“-ს მსახიობი, გუგა ჩარგეიშვილი: (ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი)

გუგა, მერამდენედ ითამაშეთ ბოშები?

მესამედ.

სრული ანშლაგით გქონდათ, როგორ წავიდა დღევანდელი სპექტაკლი? ხარ თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილი? ოღონდ არ მითხრა ახლა, რომ საკუთარი თავით არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი ადამიანი.

ზოგ შემთხვევაში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარ თავს კრიტიკულად არ ვუყურებ მაგრამ, ამ შემთხვევაში კმაყოფილი არ ვარ.

თუმცა კარგი ტაში გქონდა მაინც.

დიახ, შეიძლება მქონდა. დღეს სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მათი გულწრფელი ემოცია იყო, რომელიც სცენაზე მდგომებსაც გადმოგვედო.

იქნებ მაყურებელსაც უყვარხარ?

შეიძლება.

გრძნობ?

რა თქმა უნდა, სულ დადებითი ემოციები მოდის. თბილად მხვდებიან, თუნდაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ როდესაც მხვდებიან. ჩვენთვის მთავარი არის მაყურებლის კმაყოფილება. ბატონი ნუგზარი ამბობს, რომ მაყურებელი ბარომეტრი სპექტაკლისო, თუ მაყურებელი კმაყოფილი არის ე.ი. სპექტაკლიც კარგად წავიდან.

ბოშები მიგაქვთ თურქეთში, ყველას მინდა გკითხოთ, რა მოლოდინები გაქვთ?

მიუხედავად იმისა, რომ „ბოშები“ სანახაობრივია, ცეკვებია, სიმღერებია, თავის დრამატურგიას მაინც ატარებს. მაგალითად, მკითხაობის სცენა, როდესაც ბოშამ დანამდვილებით იცის, რომ ნინა ბებიას შვილი გარდაცვლილია მაგრამ ის მაინც იმედს აძლევს. როგორც ჩვენს წინა ინტერვიუშიც ვთქვი, დუმბაძის მთავარი ხელობა ხომ იმედის ჩასახვაა ადამიანისთვის. თუნდაც „მე ვხედავ მზეს“ როგორც მთავრდება, ხატია ბათუმიდან ოპერაცია გაკეთებული ბრუნდება, ხატიას თვალები არ აქვს ახელილი, ვერ ხედავს მაგრამ ბოლო მონოლოგში მაინც ტოვებს იმედს, რომ ხატიას მხედველობა დაუბრუნდება.

იცი, რა მომწონს შენში, როგორც მსახიობში, წინა ინტერვიუს დროსაც გამოიკვეთა ეს და ახლაც, ტექსტი, პიესა იმდენად გააზრებული და ნამუშევარი გაქვს, რომ იმ ჭრილში მიყვები თავიდან ბოლომდე სპექტაკლის შემდეგ თემაზე საუბარს. ეგ ძალიან მომწონს, რომ ფიქრობ და შენი კვლევის საგანი ხდება პერსონაჟებიც, და შენი როლიც.

მადლობა, აი მაგალითად „ მე ვხედავ მზეში“ სოსოიას ვთამაშობ.

ძალიან მაინტერესებს, თქვენი „მე ვხედავ მზეს“

შარშან დაიდგა ეს სპექტაკლი, მე მყავს ნათესავები გურიაში, ახლობელი გარდამეცვალა და მოგვიწია გურიაში წასვლა. რას სოსოია ვითამაშე და გურიაში წავედი, სხვანაირად შევიგრძენი იქაურობა,  ისეთი განცდა მქონდა რომ თითქოს სახლში ვიყავი. გარემო, გურული მეზობლები, ქართველები ხომ უნიკალური ხალხი ვართ, დაკრძალვაში შეგვიძლია იუმორი, სამძიმარზეც. იმდენად ახლო იყო ჩემთვის სახლში მეგონა თავი.

იმერლობაზე უარი ხომ არ გითქვამს?

იმერლობაზე უარს, ვერაფერი მათქმევინებს.

„მარა“, გურულობაც გინდა, ისე შეგაყვარა დუმბაძემ გურულები

გურიაც მიყვარს, რომ არა იმერელი ალბათ გურული ვიქნებოდი.

თურქეთში მიდიხართ, რა მოლოდინები გაქვს?

პირველყოვლისა გვინდა, რომ ვთქვათ ჩვენი სიტყვა, პატარა ერი ვართ მაგრამ გვაქვს დიდი კულტურა, გვაქვს ისტორია, ჰუმანისტი ხალხი ვართ, ჩვენთან ბოშაც კი ჰუმანურია.

 

თეატრ „მოდი ნახე“-ს მსახიობი, ნუცა ხუჯაძე: (პიარის ფაკულტეტი, „მოდი ნახეს“ მსახიობი, მომღერალი.)

რთულია ცოცხლად იმღერო,  ბოშური სიმღერა?

საკმაოდ რთული არის, ყოველთვის სცენაზე გასვლამდე ყოველთვის ვნერვიულობ. ხმა, გულიდან წამოსული სათქმელი სპექტაკლში სხვანაირად უნდა თქვა. აქ მაყურებელი როგორც მომღერალს კი არა, პერსონაჟს გიყურებს  და შენ მას ემოციები უნდა გადასცე - ეს კიდევ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.

რა ემოცია მიიღე მაყურებლისგან?

ძალიან სასიამოვნო, დიდი ტაში. თუმცა დღეს ძალიან ვინერვიულე, ყველა შესრულება ერთნაირი ვერ იქნება, მოგეხსენებათ ხმაზე ბევრია დამოკიდებული მაგრამ როცა გიჭირს მაყურებელი გაძლევს ძალას და ეს ძალა ვიგრძენი დღეს.

 

თეატრ "მოდი ნახეს" მსახიობი, რომანი ნებიერიძე:( არქიტექტურის სტუდენტის, „მოდი ნახეს“ მსახიობი.)

გურული კაცი არ ხარ?

ცხოვრებაში არა.

როგორ მოახერხე, რომ გურული კაცის როლი მოგერგო?

ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ პროცესშია ჩემი ლევერსი, არ არის დასრულებული იმიტომ რომ ყველა ახალ ჩვენებაზე ვცდილობ დავამატო რაღაც ახალი და შევცვალო.  ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ვფიქრობ რომ ხალხს მოსწონს მათი ემოციებიდან გამომდინარე.

რას აკეთებ იმისთვის რომ ლევერსი ბაბუა, უფრო და უფრო დაამსგავსო გურულ კაცს?

ასე კონკრეტულად რაღაც რუტინა არ მაქვს რომ ვიმუშაო, მაგრამ უნებურად მოდის ხოლმე ჩემს პერსონაჟზე ფიქრი. ეს კარგი იქნება, ეს მოუხდება, რეპეტიციის დროსაც უცებ შეიძლება მოვიდეს და შეიძლება შეიცვალოს პერსონაჟი ერთი რეპეტიციით.

მერე რეჟისორთან მიდიხარ და ეუბნები.

კი, რეჟისორს ვთავაზობთ ჩვენს იდეებს.

მიმღებლობა როგორია?

ბატონ ნუგზარს ამისთვის დიდი მადლობა, რომ გვაძლევს საშუალებას რომ გვქონდეს ინდივიდუალიზმი, რომ თავად შევმატოთ ჩვენს პერსონაჟს ფერები.

გურული ბაბუები, „კვინწილიები“ არიან ხოლმე და შენი ლევერსი „ნამეტარი“ მოხუცია, შენი იდეა იყო, რომ წელში მოხრილი ბაბუა ყოფილიყო შენი ლევერსი?

კი ეგრეა, ლევერსი არის სოფლის უხუცესი ასე მგონია, იმიტომ რომ გლეხების სცენაშიც წინ მიუძღვის, კონცერტის სცენაშიც წინ მიუძღვის, მგონია რომ ასეთი ადამიანი ასე უნდა გამოიყურებოდეს. მიყვარს ექსპერიმენტები და ჩემი ლევერსი ასეთი მინდოდა ყოფილიყო.  არ მიყვარს როცა სცენაზე გამოვდივარ და ჩემ თავს ვგავარ, ზოგჯერ საჭიროა რომ მაყურებელმა საერთოდ ვერ გიცნოს.

როგორი  მოლოდინებით მიდიხარ თურქეთის ფესტივალზე?

მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, პირველყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა. ბატონ დავით ოქიტაშვილს, ჩვენს რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს და ბატონ ნუგზარს, ბატონი ნუგზარი ჩვენთვის ღამეებს ათენებს და ყველაფერში გვერდით გვიდგას.

ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. ძალიან ცნობისმოყვარედ ვარ განწყობილი, სპექტაკლს უწევს ბევრი ცვლილება და ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო. დარწმუნებული ვარ ბატონი ნუგზარი „ბოშებს“ ზუსტად ისე ძლიერად წარადგენს თურქეთში, როგორც ეს ხდება საქართველოში.

 

თეატრი "მოდი ნახეს" ლუკა ხუციშვილი: ( მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტი)

დღევანდელ სპექტაკლში ვთამაშობდი, სამხედრო გაკვეთილში მოსწავლის როლს და ერთ-ერთ ბოშას მასობრივ სცენაში.

10 წლიდან ხარ, თეატრ მოდი ნახეში“, აგერ უკვე 20 წლის გახდი დღეს და უკვე 10 წელია რაც აქ ხარ.

დიახ, ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. თეატრ „მოდი ნახეში“ ვიპოევ ჩემი თავი.  მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნუგზარ ბუცრუკიძეს და ქალბატონ მანანა სიმონიშილს, რომელიც გარდაიცვალა, ამ ადამიანებს ჩემს განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვით. სახლში არ ვატარებდი იმდენ დროს, რაც ამ თეატრში გავატარე. ჩემი თავი აქ ვიპოვე და ძალიან მინდა ამ პროიფესიას გავყვე, რადგან ძალიან მომწონს და მინდა, რომ ჩემი მომავალი აქაურობას მჭიდროდ დავუკავშირო.

ანუ შენ ფიქრობ, რომ შენი სამომავლო პროფესია შეიძლება მსახიობობა იყოს?

რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ამ ჯადოსნურ სივრცეში, ზუსტად 10 წლიდან ვარ. აქ ისე იწამლები თეატრის სიყვარულით, რომ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ. ეს მხოლოდ იმის დამსახურება კი არ არის, რომ სცენაზე მინდა დგომა, ან რომელიმე როლი, უბრალოდ აქაურობა კიდევ ერთხელ ვამბობ არის, დიდი ოჯახი, სადაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. ეს სიყვარულია სწორედ იმის განმაპირობებელი, რომ მე სერიოზულად ვფიქრობ გავყვე მსახიობის პროფესიას.

არტისტობა, რომ ადვილი არ არის.

ვიცი და ვაიზრებ რომ მსახიობობა ადვილი და დალხენილი პროფესია არ არის. თუმცა თავდაუზოგავი შრომა, პროფესიისადმი სიყვარული მეტწილად წარმატებას განაპირობებს. სწორედ ამას იძლება „მოდი ნახე“, გვაყალიბებს, გვზრდის, ბატონი ნუგზარის დიდი შრომითა და ძალისხმევით, ჩვენი სპექტაკლები წარმატებით იდგმება. წარმოიდგინეთ ბატონ ნუგზარს, როგორი შრომა სჭირდება რომ დადოს ის შედეგი, რაც შემდეგ მაყურებელს მეტწილად ძალიან მოსწონს.

მესმის.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „მოდი ნახეს“ დასი იმდენად შეყვარებულია სცენაზე, თეატრზე რომ ყველაფერი გამოსდის.

ვცდილობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და სწორედ ეს იქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს თეატრი და მაყურებელი, რომელიც ჩვენს სანახავად მოდის. წარმოუდგენელია და სიტყვებით შეუფასებელი ემოცია, როცა მაყურებლისგან მოდის დიდი სიყვარული, სწორედ ეს ძალა აცოცხლებს თეატრს.

ლუკა მაყურებელთან როგორ ამყარებ კონტაქტს? გაქვს თუ არა ის მთავარი დაჭერილი, რის გარშემოც ცდილობ ხოლმე ააგო შენი როლი და განასახიერო ის პერსონაჟი, რომელსაც რეჟისორი გაძლევს?

მეტწილად მაყურებელზეა დამოკიდებული სპექტაკლის წარმატება ან ის თუ როგორ წავა სპექტაკლი. თუმცა როცა სცენაზე ვდგავარ, იმდენად ვიჭრები ხოლმე როლში, რომ შეიძლება მეც დამავწიყდეს, რომ თეატრის სცენაზე ვარ და მაყურებელი მისმენს.

შენი აზრით რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი შეიძლება მასიურ სცენაშიც კი გამოირჩეოდეს, რა გააკეთე დღეს იმისთვის, რომ ვიღააცას დაენახე?

სიმართლე გითხრათ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, უბრალოდ როლი კარგად მოვირგე, ვიყავი თავისუფალი და გულწრფელი.

და ასევე, ვფიქრობ, რომ ეს ემოცია მაყურებლიდან წამოვიდა, თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის ერთანიარად ვერ ვთამაშობ, გუწლრფელადაც ვსაუბრობდი დღეს, რომ ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ მეთქი. მაგრამ მაყურებლის ტაშიდან ხვდები თუ რა გამოვიდა. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერეი ვიყავი რადგან ჩემს იუბილეზე სცენაზე დგომა მომიწია, ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არაფერია.

ყველაზე დიდი იარაღი თეატრისადმი სიყვარულია, რაც გვაძლევს იმის საშუელებას, რომ მსახობი იყოს გამორჩეული და მაყურებლამდე ემოცია სწორად მიიტანო და მოახდინო შთაბეჭდილება.

თურქეთის ფესტავალზე, შენ რა მოლოდინები გაქვს?

უცხოეთში მივდივართ, ეს იმას ნიშნავს რომ იქაური მაყურებლისთის რთული იქნება რომ გაიგონ: ენა, დიალოგები, მიზანსცენები თუმცა „ბოშები“ ემოციურია, სანახობრივია, დრამატულობასთან ერთად იქ ცეკვებია, სიმღერებია - ვფიქრობ რომ ძალიან მოეწონებათ. მოლოდინებს რაც შეეხება, ამბიციის გარეშე, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი, კარგად წარვაგდენთ ჩვენს ქვეყანას უცხო ქვეყანაში და არ გავუწბილებთ იმედებს, ჩვესნ მაყურებელს.

 

თეატრ „მოდი ნახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუგზარ ბუცხრიკიძე:

ბატონო ნუგზარ, რომელ ფესტივალზე მიდიხართ? რატომ მიგაქვთ ბოშები და რა მოლოდინები გაქვთ?

თეატრი „მოდი ნახე“ მიდის “International festival of school and student amateur theatres“-ზე , რაც შეეხება რატომ მიგვაქვს ბოშები, იქაური იმპრესარიო ვინც არის, მასთან ვმეგობრობ,  ნახა ჩვენი რეპეტიცია, ჩამოსული იყო და ჩუმად შემოვიდა რეპეტიციაზე. ეს ცეკვები, სიმღერები რომ ნახა მითხრა, რომ როგორც თქვენთან, ჩვენთანაც ხალხი დაზაფრულია და იქნებ ცოტა გავამხიარულოთ ხალხიო. აუ, რა ბიჭები და გოგოები გყავსო, რა ენერგია მოდისო. გეხვეწები წამოიღეო. გავოცდი, არ არის ეს საფესტივალო სპექტაკლი თქო, გეხვეწები წამოიღეო. ასე გადაწყდა.

დროშიც შეზღუდული ვართ, საათს არ უნდა გადაშორდეს, მან მიიჩნია, რომ საინტერესო სპექტაკლია, თან დუმბაძის შემოქმედებას იცნობს, ერთხელ ძალით წავაკითხე და მიჰყვა და თავისით წაიკითხა ყველა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებთან ბევრი ვისაუბრე დღევანდელ სპექტაკლზე, არ ვაპირებდი თქვენთვისაც კითხვა დღევანდელ „ბოშებზე“ თუმცა საინტერესოდ არის გადაწყვეტილი ბავშვის დაბადების სცენა, რატომ გადაწყვიტეთ ასე?  რა იდეა ჩადეთ?

ნინა ბებო გვაჩვენებს, წერილს სადაც წერია, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, ეს კიდე მაინც ცდილობს მკითხავისგან იმედი მიეღო. განა არ იცოდა, რომ მისი შვილი მკვდარი იყო? ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ სიცოცხლე გაგრძელდა, გრიშა დაიღუპა მაგრამ ახალი გრიშა გაჩნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მარია კალასის ფრაგმენტი, საერთოდ ფანატი ვარ კალასის. სიცოცხლე გაგრძელდა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე მაწუხებს, დღეს ისრაელისა და ირანის ამბავმაც იმოქმედა, რაც იქ მოხდა. ჰოდა, ბოშაში გადავიდა აქ სიცოცხლე, ზეიმია სიცოცხლის დაბადება.

დაახლოებით თქვენი ასაკი ვიქნებოდი, როცა რუმინეთში, ბოშების ბავშვის დაბადებას შევესწარი, ეს იყო მათთვის დიდი ზეიმი და ეს სცენა ისე ჩამრჩა თავში და ეს ყველაფერი ვაქციე ამ სპექტაკლში, მიზანსცენად.  ძალიან მინდოდა ეს სცენა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული და არ ვიცი რამდენად გამოვიდა.

გერმანიაში, ამ სცენის შემდეგ დაახლოებით 5 წუთი უკრავდა ტაშს მაყურებელი.

ბატონო ნუგზარ, თქვენმა მსახიობებმა ერთი საინტერესო რამ მითხრეს დღეს, რომ თურმე როგორც რეჟისორს კარგი მიმღებლობა გაქვთ, მსახიობის მიერ შემოთავაზებულ იდეას, რომ მისი პერსონაჟისთვის თუ რაღაც ახალი დეტალი მოიფიქრა, რომელსაც გისაბუთებთ თუ რატომაა საჭირო, თანხმდებით. რეჟისორები მიმღებლობით არ გამოირჩევიან.

მართალია, მეც ვეუბნები ხოლმე, მოიფიქრეთ, თუ მისაღები იქნება, თუ ჩაჯდება კონცეფციაში, სიამოვნებით მივიღებ და მერე ძალიან უხარიათ. არასდროს არ ვზღუდავ. შეატყობდით, ამათ ფანატიკურად უყვართ თეატრი.

გულწრფელები არიან და ეს გულწრფელი სიყვარული ჩანს.

ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, როგორი ვიყავი მე და როგორი არიან ისინი.

ბატონო ნუგზარ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო ფესტივალზე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა უნდა წარადგინოთ! გელოდებით და აქვე მინდა პირობა, რომ ფესტივალის შემდეგ ემოციებს თქვენ და თქვენი მსახიობები ინტერვიუში გამიზიარებთ.

დიდი მადლობა, არასდროს არსად მივდივარ იმის იმედით რომ გავიმარჯვებ. რატომ მინდა ევროპაო? - მეკითხებიან ხოლმე. იმიტომ, რომ ყველამ მინდა ნახოს რა არის ევროპა! კარგად იმუშაოს მერე, კარგად იცხოვროს და დაუფასდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო. მთავარი გამარჯვებაა, ისაა რომ მთელი მსოფლიო ჩვენს კულტურას გაეცნობა. 

თეატრ „მოდი ნახეს“ მსახიობებმა, „ბოშები“ უკვე მესამედ ითამაშეს. ისინი, 18 აპრილს, თურქეთში „International Festival of school ans student amateur Theatres” ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

სპექტაკლი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მხიედვით დაიდგა, ინსცენირება - ნუგზარ ბუცხრიკიძე.

მონაწილეები:

სოსოია-გუგა ჩარგეიშვილი, ხატია-ანანო გოგია, სამხედროს მასწავლებელი-გიორგი კუტალია, ნინა-ნინო მანჯავიძე, ლევერსი-რომან ნებიერიძე, ოქსანა-ქეთევან სირბილაძე, ბარონები: ზურაბ ბარბაქაძე, გიორგი ჭანტურია, დავით გურგენიძე. კალისტრატე-ბაქარ ჩარგაზია, ფედოსი-ენდი ვარშანიძე, კარპო - ქიტიაშვილი, ცანია-მარიამ პატაშური, ბარონი დედა-ცისო კობახიძე, მკითხავი ბოშა ქალები: ლალი ბუცხრიკიძე, ცირა მჟავანაძე.

მოსწავლეები: ჯეკო დათუაშვილი, გიორგი ტალახაძე, ზუკა ბერუაშვილი, ნიკოლოზ მღებრიშვილი, საბა კუკავა, ლუკა ხუციშვილი, ლუკა აკობია, ვერონიკა ბერიტაშვილი, ლიზა გელაშვილი, ანუკი ლაცაბიძე, ელენე გერგედავა, გოგა ბებია, კესანე სახლთხუციშვილი, ნუცა ჯოხაძე.

რეჟისურა და მხატვრობა:ნუგზარ ბუცხრიკიძე, რეჟისორის თანაშემწე-გოგა ბებია, რეჟისორის ასისტენტი-ჯეკო დათუაშვილი, სპექტაკლი წამყვანი-ირაკლი ურუშაძე, გახმოვანება-შოთა კაჭარავა, განათება-გიორგი თათულაშვილი, ტექნიკური ჯგუფი:კობა სულაძე, დავით ჭეიშვილი. ქორეოგრაფები:ცისო კობახიძე, გიორგი ჭანტურია.

ავტორი:ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა