ავტორი : არჩილ იაკობაშვილი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი
სინამდვილეში არა „ბაზისბანკმა“ შეიძინა „ლიბერთი ბანკის“ აქციები, არამედ „ლიბერთი ბანკის“ ინვესტორებმა, საერთაშორისო სანქციებისგან თავის დასაღწევად, აქციები მიჰყიდეს ჩინურ-უიგურულ სამრეწველო-საფინანსო ჯგუფს „ჰუალინგს,“ რომლის საკუთრებაა „ბაზისბანკიც.“
ინფორმაციის სახით : უიგურები საკუთარ თავს არ მიიჩნევენ ჩინელებად, რეგიონი გამოირჩევა პოლიტიკური არასტაბილურობით და დაუმორჩილებლობით ჩინეთის ცენტრალური მთავრობის მიმართ, რასაც ჩინეთის კომუნისტური მმართველობა სეპარატიზმის გამოვლინებად აფასებს, ხოლო ოფიციალური პეკინის საწინააღმდეგოდ მეორე მხრივ ისტორიული კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მხრიდან.
აგრეთვე, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ „ჰუალინგი“ სარგებლობს რუსული კაპიტალის მხარდაჭერით, რადგან უიგურიის რეგიონის (ე.წ. სინძიანის ავტონომიური პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში) ფარგლებს გარეთ ოპერირებს ურალში, ციმბირში და სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში, აგრეთვე ყაზახეთში და ყირგიზეთში.
იმის ნაცვლად, რომ „ლიბერთი ბანკი“ გამხდარიყო „ყველას ბანკი“ ან „რეგიონების ბანკი“ ან „სახალხო ბანკი“, ერთის მხრივ ჩინური ინვესტიციებისთვის ფასადის შექმნის მიზნით, ხოლო მეორე მხრივ - ინვესტორების გასასტუმრებლად, სახელმწიფოს მიერ არჩევანი გაკეთდა „ჰუალინგჯგუფის“ მიერ ლიბერთი ბანკის დაუფლებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსაქცია დაფინანსდა ერთ-ერთ საერთაშორისო კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური სესხით.
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებით საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ხელიდან გაუშვეს უნიკალური შესაძლენლობა იმისთვის, რომ „ლიბერთი ბანკის“ ბაზაზე, რომელიც ფიზიკური კლიენტების ყველაზე დიდ ქსელს მოიცავს, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში სახელმწიფოს მხარდაჭერით მომხდარიყო რეგიონალური (მუნიციპალური) საბანკო ქსელის შექმნა, რომლის პრიორიტეტი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის და სოციალური ჯგუფებისთვის თანამედროვე ფინანსური მომსახურებების შეთავაზება.
რეგიონალური (მუნიციპალური) ბანკების ქსელი წარმოადგენს საბანკო სისტემის ერთ-ერთ მიმართულებას როგორც აშშ-ს ყველა შტატში და კანადაში (SLA – Savings & Loans Associations, Credit Unions, Desjardins Group), დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში (Nationwide Society, Mutual Banks), ევროპის ყველა ქვეყანაში (შვეიცარიაში - Kantonalbanken, Raiffeisenbanken, გერმანიასა და ავსტრიაში - Landesbanken, Sparkassen, Volksbanken, საფრანგეთში - Caisse d’Epargne, Banque Populaire, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში და ა.შ.),
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეგიონალური (მუნიციპალური) საბანკო ქსელის არსებობა ან შექმნა წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან წინაპირობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის (პოლონეთი - BPS , PKO , უნგრეთი - MBH , Takarek , ჩეხეთი - Ceska Sporitelna, რუმინეთი - BCR , Raiffeisen, ესტონეთი - LHVP, CooP, ლიტვა - LCKU, და ა.შ.).
სამართლებრივად რეგიონალური (მუნიციპალური) ბანკები წარმოადგენენ ან სახელმწიფო საკუთრებას, ან ფინანსურ ამხანაგობას ნაწილობრივი ან სრული სახელმწიფო გარანტიით.
სამართლებრივი ფორმების ფარგლებში ყველა ქვეყანაში რეგიონალურ (მუნიციპალურ) ბანკებს შეუძლიათ ფინანსური ტრანსაქციების განხორციელება როგორც ფულად, ისე კაპიტალის ბაზრებზე როგორც სახაზინო ოპერაციების, ისე ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად და მოგების გენერირებისთვის.
მიუხედავად ამისა, რეგიონალური (მუნიციპალური) ბანკების პრიორიტეტი კომერციული ბანკებისგან განსხვავებით არა მსხვილი და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, მოგების მაქსიმიზაცია და საერთაშორისო ინვესტორებზე მაქსიმალური დივიდენდების გაცემაა, არამედ ფიზიკური კლიენტების უკლებლივ ყველა სეგმენტზე (მაღალ-, საშუალო- და დაბალშემოსავლიანი) ყველა სახის საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.
ქვეყნის საბანკო სისტემის სიჯანსაღე მიიღწევა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე სრულყოფილად წარმომადგენლობით, ისე ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის საბანკო-ფინანსურ მომსახურებაზე სრულყოფილი წვდომით, რაც კომერციულ ბანკებს, რომელთა უკან საერთაშორისო ინვესტორები დგანან და რეგიონალურ (მუნიციპალურ) ბანკებს შორის, რომელთა უკან სახელმწიფო უნდა იდგეს, როლების განაწილებაზე არის დამოკიდებული.
გერმანიის მაგალითზე (იგივეა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში), სწორედ Sparkasse-ს კლიენტი ხდება ნებისმიერი მოქალაქე 6 წლის ასაკიდან, თავიდან სასკოლო ბარათით, შემდეგ სტუდენტური ბარათით და ასე გრძელდება შრომით ბაზარზე გასვლამდე.
გერმანიის 85 მლნ მოქალაქიდან წამყვან კომერციულ ბანკებს (Deutsche Bank, Commerzbank, HVB-Unicredit Deutschland, Targobank-Citi Deutschland, UBS Deutschland AG, BNP Paribas Deutschland, Societe Generale Deutschland, სხვა მცირე ზომის კერძო კომერციული ბანკები) ემსახურება მხოლოდ 35 მლნ ძირითადად მაღალშემოსავლიან კლიენტს, მაგრამ ყველა მოქალაქე, როგორც მაღალშემოსავლიანი ისე საშუალო- და დაბალშემოსავლიანი, არის Sparkasse-ს კლიენტი და აქვთ წვდომის უფლება ყველა სახის საბანკო პროდუქტსა და მომსახურებაზე.
ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სისტემაში მუნიციპალურ-რეგიონალური მიმართულების არსებობის აუცილებლობა ყველაზე ნათლად დადასტურდა 2008-2010 მსოფლიო ფინანსური კრიზისის, აგრეთვე ევროპაში 2013-2016 ე.წ. საბერძნეთის კრიზისის დროს.
OECD მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად იმ ქვეყნებში იყვნენ მოქალაქეები რაც შეიძლება მეტად ფინანსურად დაცული საერთაშორისო კრიზისებისგან, რომლებშიც მუნიციპალურ-რეგიონალური საბანკო ქსელი უფრო მეტად იყო განვითარებული.
საქართველოში მუნიციპალურ-რეგიონალური საბანკო სისტემის აწყობა უმტკივნეულად შეიძლებოდა განხორციელებულიყო სწორედ „ლიბერთი ბანკის“ ბაზაზე, რადგან ის ფლობს როგორც ფილიალების, ისე ბანკომატების ყველაზე მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით და რაც მთავარია, კერძო კლიენტების ყველაზე დიდ სეგმენტს.
ტრანსაქციის ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე, ბაზისბანკის და ლიბერთის, როგორც ორი თანაბარი კონკურენტის გაერთიანება, ფინანსურად წარმოადგენს „არამეგობრულ შერწყმას“, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკურ-პოლიტიკურად, უკანგადადგმულ ნაბიჯს საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების გზაზე.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ