ძალიან მალე საქართველო უდიდესი და თავდაუღწევადი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტანკების შემოჭრისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა-განადგურების გარეშე ჩამოშლის სახელმწიფოს და შექმნის მისი „ყოფნა, არყოფნის“ რეალურ მოცემულობას.
კარგად მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას საფრთხეების მიმართ მგრძნობელობა აქვს დაჩკუნგებული, მაგრამ რადგან, ადამიანი ინსტინქტების დონეზეც კი იბრძვის სიცოცხლისთვის, იქნებ ამ საფრთხემ მაინც შეძლოს ჩვენში ეროვნული კონსენსუსის და თვითგადარჩენისთვის აუცილებელი - ერთიანობის ინსტინქტის გაღვიძება.
განვმარტავ რაზე ვსაუბრობ - ძალიან მალე ქვეყანა ურთულესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, რაც ქვეყნის მოქალაქეების ისედაც მძიმე სოციალურ პირობებს უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანს და გამოიწვევს ქაოსს, რომელიც პირწმინდად წალეკავს ქართულ პოლიტიკურ კლასს თავისი ხელისუფლებითა თუ ოპოზიციით.
ვინ და რა ძალამ შეიძლება ისარგებლოს ამ ვითარებით, მინიმალურად გონიერი ადამიანისთვის თვალნათელია.
ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოს ენერგორესურსებისა და ენერგომომარაგებაზე სრულ მონოპოლიას ფლობენ რუსული კომპანიები - ანუ რუსეთი.
დაწყებული თბილისის ელექტრომომარაგებიდან და ენგურჰესით დასრულებული, საქართველოს ენერგოსისტემას სრულად განკარგავს კრემლი.
ენერგოკოლაფსი, რომელიც სახელმწიფოს რეალურად ჩამოშლის საკმაოდ ძნელი გასაგები იქნება დასავლეთში - ჩვენი პარტნიორებისა თუ ევროპელ- ამერიკელი ობივატელისთვის, თუნდაც სოლიდარობის გამოსახატავად.
ბოლო-ბოლო მარტივ კითხვას დასვამენ: ბომბები ხომ არ ცვივა საქართველოში (რომ ცვიოდა მაშინ რეალურად პუტინს გულშემატკივრობდნენ) და ადამიანები ხომ არ იღუპებიან, როგორც უკრაინაში? პასუხი იქნება - არა!
მაშინ, საკუთარ თავს და ქაოსს თავად მიხედონო იტყვიან და როგორც ყირიმის ოკუპაციის დროს ვერ გაიგეს ვინ იყვნენ „მწვანე კაცუნები“, ვერც ახლა გაიგებენ და მიხვდებიან, როგორ აღმოჩნდება საქართველო რუსეთის ხელში და როგორ გაქრება ქართული სახელმწიფო.
ქვეყანას, რომელსაც ასამდე მცირე და დიდი ჰესის მშენებლობა აქვს გაჩერებული, ვარლამ მოწამისა და ნინო ჩხობაძის გამო, რატომ უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა ნორვეგიელმა მოქალაქემ, რომელიც ბუნებასაც უვლის და ევროპის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ამარაგებს ელექტროენერგიით?
ვარლამს და ნინოს უყვართ ბუნება და ვიკინგების შთამომავლებს არა?
გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებებს ეზიზღებათ საკუთარი მოქალაქეები და ატომური ელექტროსადგურებიც აუშენეს იმისათვის, რომ გაწყდნენ და თეა გოდოლაძე ღვთისმშობლის დარად კალთას გვაფარებს და გვიცავს განადგურებისგან?
წარმომიდგენია ვარლამი და ქალბატონი ნინო როგორ ეწინააღმდეგებიან ვახტანგ გორგასალს არ გაჩეხოს ტყე და არ ააშენოს თბილისი.
ისიც წარმომიდგენია, რომ ათასობით ეკლესია-მონასტერი ისეთ ადგილებში აშენდა სადაც ერთი ბუჩქი არ იდგა - აბა, ცულს როგორ მოუქნევდა მღვდელ-მრევლი ხეს და ბუნებას როგორ მიაყენებდა ზიანს...
ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ - აზრი არ აქვს ამათთან საუბარს, მით უფრო, რომ აი, ახლა უკვე თვალნათლივ ჩანს რისთვის ირჯებოდნენ და ირჯებიან ისინი და წინ გავიხედოთ...
რა გვინდა, რომ 90-იან წლებზე უარსეს ვითარებაში აღმოვჩნდეთ და ვიქნებით მერწმუნეთ - ახლა, ჩვენ განვითარების ის ეტაპზე ვართ, რომ თუნდაც ორკვირიანი ენერგოკრიზისი გადაიქცევა ქვეყნისთვის ჯოჯოხეთად - ვითარებად, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მართავს.
ეს იქნება სოციალური სამართლიანობის აღდგენის ბარბაროსული მცდელობა. ჟამი, როდესაც ბრბო თუ ინდივიდი შეეცდება მასზე შეძლებულის დაჩაგვრა-განადგურებას. ეს ავტომატურად გამოიწვევს მდიდრების მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას...
პური - არა, ან დეფიციტით და ეგეც გვახსოვს როგორ მოიპოვებოდა...
შუქნიშნები-არა, რესტორნები და კაფეები - არა, ცარიელი დახლები...
ქაოსის შესაჩერებლად თოფიანი კაცი ქუჩაში და გარდაუვალი მსხვერპლი...
ყველაზე მთავარი - დიახ, მთავარი - საინფორმაციო დეფიციტი...
მოლოდინები ბევრად დრამატულია სახელმწიფოებრივ პრიზმაში, რაზეც არ ვაპირებ თქვენი ყურადღების შეჩერებას, რადგან სცენარების მიუხედავად ფინალი ნათელია - ქართული სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.
ახლა არც ღირს იმაზე საუბარი - ვინ შეუწყო ხელი და რატომ რუსეთის ენერგოექსპანსიას საქართველოში. ახლა საჭიროა არსებული ვითარება მივიღოთ მოცემულობად და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ფიქრი - როგორ გადავრჩეთ?
სიმართლე გითხრათ ქართველი „ჰესავიკების“ იმედი დიდად არ მაქვს, რადგან ბევრი მათგანი სფეროში შემთხვევით მოხვდა იმის გამო, რომ ჭარბი ფული იშოვნა და ჰესის მშენებლობა გადაწყვიტა უფრო მეტი ფულის საშოვნელად.
მათთვის გაუგებარია და არც იციან, როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა, თორემ ამდენი ხანი მოახერხებდნენ სწორ კომუნიკაციას ხალხთან. სწორ კომუნიკაციას კი იმიტომაც ვერ ახერხებენ, რომ მათ არ ესმით რა არის სახელმწიფო, მაგრამ ესმით რა არის ფული, თუმცა არც ის ესმით რა არის ბიზნესი.
ხელისუფლება და ოპოზიცია? პირველ რიგში რატომ ერთ პრიზმაში? იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ბიდლოს გულის მოგებაზე მუშაობს და მის ინტერესს არ წარმოადგენს სახელმწიფო. ბოლო წლებმა თვალნათლივ გამოაჩინდა, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს აქვს მხოლოდ მერკანტილური მიზნები. ეს მიდგომა განსაკუთრებით ნათლად ჩანს ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი იძულების მექანიზმის ამუშავება, როდესაც საზოგადოებრივი დაკვეთა აიძულებს პოლიტიკურ კლასს ან გაეცალოს პოლიტიკას ან და შეასრულოს მისი მოთხოვნა.
მოკლედ, ცოტა დრო დარჩა იქამდე, ვიდრე სახელმწიფო და მისი მოქალაქეები საკუთარ თავს ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ცოტა დრო და ამაზე ვინმემ აუცილებლად უნდა იფიქროს.
ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი