ექიმი - ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა
ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ
პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული
ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია

მარადიული ომი, გაყინული კონფლიქტი...

26.03.2022 ნახვები: 800

„ახლა ვხვდები, რომ ომი უდიდესი პატივია ქვეყნისთვის,

რადგან ისე არაფერი არ აერთებს ხალს, ისე

არაფერი ამეგობრებს, როგორც საერთო უბედურება."

დათა თავაძე, „დედაომი"

 

მსახიობმა, რეჟისორმა და დრამატურგმა დათა თავაძემ პიესაზე „დედაომი" მუშაობა (ფიქრი) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიწყო, მაშინ, როცა, ის წეროვანში ისვენებდა და ძალიან ახლოს იყოს ფრონტის ხაზთან. პიესაში ავტორის განცდების და გამოცდილების კვალიც აირეკლა. „დედაომი" 2013 წლის ავსტრიულ-ქართული პროექტის „საუბარი საზღვრების შესახებ" და „ახალი ქართული პიესა" გამარჯვებულია (I ადგილის მფლობელი ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებულ ჩიტთან" ერთად). 2013 წელს „დედაომის" თეატრალიზებული კითხვა მოეწყო კიევში ბრიტანულ-უკრაინულ-ქართული პროექტის „New Writing" ფარგლებში, ზუსტად მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ჰიბრიდული ომი გამოუცხადა უკრაინას. პიესის მსოფლიო პრემიერა 2015 წელს, გერმანიის ქალაქ ციტაუში გაიმართა, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო თეატრის მოქმედ რეპერტუარში.

საქართველოში „დედაომის" პირველი სცენური ინტერპრეტაცია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში განხორციელდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მიერ, რომლითაც გაიხსნა კიდეც ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტული სივრცე. შემოქმედებითმა ჯგუფმა მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა სპექტაკლის პრემიერა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაიმართა. ამ ფაქტმა არა მხოლოდ გააცოცხლა ომის შედეგად მიღებული ჭრილობა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შეგრძნება; მასთან სიახლოვე, პირდაპირი თუ ირიბი გავლენა და სამწუხაროდ, მისი, როგორც მარადიული თემის (ომი, როგორც გლობალური თუ ლოკალური მოვლენა) სიმწვავეც და აქტუალობაც შეახსენა მაყურებელს.

ოზურგეთის თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ, საინტერესო რეჟისორების შემოქმედებითი იდეების განხორციელების პლატფორმად გადაიქცა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის წყალობით. უფროსი თაობის რეჟისორების (გოჩა კაპანაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი) გარდა აქ წარმატებული სპექტაკლები დადგეს საშუალო და ახალგაზრდა თაობის რეჟისორებმა: ვანო ხუციშვილმა, ნიკა საბაშვილმა, ელენე მაცხონაშვილმა, საბა ასლამაზიშვილმა. რეპერტუარში ვხვდებით (რომელიც მორგებულია, პირველ რიგში, მაყურებლის მოთხოვნაზე) სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის სპექტაკლებს. ოზურგეთის თეატრი კრიტიკის ინტერესის სფეროშიც მოექცა, სწორედ იქ მიწვეული რეჟისორების გამო. ამავდროულად, ოზურგეთის თეატრის მსახიობებს შესაძლებლობა ეძლევათ განსხვავებული მსოფლმხედველობის, ხელწერის, ესთეტიკის და თაობის რეჟისორებთან იმუშაონ, რაც ახალი გამოცდილების დაგროვებასა და პროფესიულ განვითარებას ნიშნავს.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის „დედაომი" განხილვა, მისი მნიშვნელობის და ადგილის განსაზღვრა რამდენიმე კონტექსტში ღირს: ჯერ ერთი, სპექტაკლი შექმნილია ოზურგეთის თეატრის მიერ, ადგილობრივი მაყურებლისთვის და მეორე, ეს არის საბა ასლამაზიშვილის მორიგი ექსპერიმენტი. მასში იკითხება მისი პოლიტიკურ-პუბლიცისტური ქვეტექსტი, რომელშიც მისი შემოქმედების აქამდე უცნობი თხრობის მანერა გამოიკვეთა. ამ კონკრეტული სპექტაკლით ის დაუახლოვდა იმ სტილისტიკას, რომლითაც გატაცებულია ახალი თაობის ქართული რეჟისურის გარკვეული ნაწილი.

საბა ასლმაზიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული (ექსპერიმენტების თვალსაზრისით) და აქტიური ახალგაზრდა რეჟისორია დღევანდელ ქართულ თეატრში, რაც ერთგვარი წინაპირობაა პროფესიული სრულყოფის და შემდგომი განვითარებისთვის. თანაც „დედაომი", მაინც განსხვავდება მისი, ან ოდნავ მასზე უფროსი თაობის რეჟისორებისგან, რომლებიც „მიგნებებით" ტკბებიან, სპექტაკლიდან სპექტაკლში ჭარბად იმეორებენ იმას, რასაც მიზანმიმართულ, გააზრებულ ხერხად გვჩრიან... მათ დადგმებში მაყურებელი კი, ხშირად მეორეხარისხოვანია, უგულებელყოფილიც კი, ისე როგორც ტექსტი, რომელიც შინაარს გამოშიგნულია, ხოლო მასალა მოჩვენებითი დეკლამაციით გამოირჩევა. ხშირად მათ სპექტაკლებში მსახიობები ყვირიან, ყვირიან, ყვირიან...

საბა ასლამაზიშვილის რეჟისორულ ხელწერას, რომელსაც უკვე ათზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული, ჯერ მკვეთრად ჩამოყალიბებულ სახეს არ აქვს. რაც სავარაუდოდ, განპირობებულია იმითაც, რომ რეჟისორული განათლება ერთმანეთისგან განსხვავებული ხელწერის მქონე ოსტატებთან მიიღო. ის ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვანო ხუციშვილის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა რეჟისურის საფუძვლებს, ხოლო შემდეგ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ავთო ვარსიმაშვილის სახელოსნოში. ამჟამად, საბა ასლამაზიშვილი თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მოწაფეა და მისი ბოლო სპექტაკლით „დედაომი" რეჟისორი მაქსიმალურად მიუახლოვდა „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს" (და არა მაესტრო თემურ ჩხეიძის, როგორც თვითმყოფადი ხელოვანის) ესთეტიკას და შემოქმედებით მანერას. ამის მიზეზი, გარდა ზემოთ ნახსენები ფაქტორისა, შესაძლოა, თავად დათა თავაძის „დედაომის", როგორც სათეატრო ტექსტის არჩევანითაც იყოს განპირობებული, რომელიც უბიძგებს ნებისმიერ რეჟისორს კლასიკური პიესისთვის დამახასიათებელი სიუჟეტის და ფორმის დეკონსტრუქციისკენ; ტრადიციული დრამატული თეატრისთვის ავთენტური გამომსახველობითი საშუალებების უგულებელყოფისკენ. ექსპერიმენტების გზაზე მავალი და საკუთარი თავისა და ადგილის მაძიებელი რეჟისორისთვის ზემოთ ჩამოთვლილი სათეატრო ენის ხერხები არც აქამდე იყო უცხო, მაგრამ სპექტაკლი „დედაომი" სტილისტურად მაინც განსხვავებულია მის მიერ აქამდე დადგმული სპექტაკლებისგან: „მოჩვენებანი" (თავისუფალ თეატრი), „ღმერთები" (თეატრი ათონელზე), „ავადმყოფობის სიმულაცია" (ჭიათურის თეატრი), „ფერიცვალებულნი" (თეატრალური კომპანია „ხვლიკის" დამოუკიდებელი პროექტი), „ზაფხულის ღამის სიზმარი" (ილიაუნის თეატრი).

ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად მისულმა საბა ასლამაზიშვილმა თეატრის სხვენში არსებული ე.წ. „სცენოგრაფთა სახელოსნო" შეარჩია, რომელიც გაშლილი სივრცეა თავისუფალი ექსპერიმენტისთვის, სცენისა და ამაღლებული პარტერის გარეშე, „შტანგეტებისა" და სოფიტების გარეშე, ფარდისა და კულისების გარეშე. სწორედ ამ გარემომ უკარნახა მას დაედგა დათა თავაძის „დედაომი" ახალ, ჯერ კიდევ აუთვისებელ სივრცეში... ასე რომ, მაყურებელი თავიდანვე არ ელოდება ტრადიციულ სპექტაკლს, რომელიც ეფუძნება თანამედროვე სათეატრო ტექსტს, რეჟისორი იყენებს უახლესი თეატრისთვის დამახასიათებელ ხერხებს, რომელიც ერთგვარი მიქსია ძველისა და ახლის, სადაც ვხვდებით კლასიკური ტექსტისა და სპექტაკლის სტრუქტურის სრულ დემონტაჟს. წარმოდგენა შოკში აგდებს მაყურებელს და მასზე ზემოქმედებს ხმამაღლა წარმოთქმული ტექსტით, ხმამაღალი მუსიკით, ხელოვნურად გაძლიერებული თუ გულწრფელი ემოციით...

დათა თავაძის „დედაომი" ომით გამოწვეულ ტრაგედიაზე და ომში მყოფ ადამიანებზეა, რომლებსაც ცვლის, ანგრევს, ააშკარავებს, ან სულაც აღაზევებს სწორედ ომი.

ომის და ომში მყოფი ადამიანების ამბავს დათა თავაძე ზოგჯერ იუმორითა და ირონიით ჰყვება, განსაკუთრებით ეს გამოსჭვივის ზინასა (თამარ მდინარაძე) და მანანას (შორენა გვეტაძე) დიალოგებში. ომის სიმძიმეს მათი ოდნავ აბსურდული დიალოგები ამსუბუქებს. საბა ასლამაზიშვილის ინტერპრეტაციაში კი იუმორის კვალი გამქრალია და ის მხოლოდ დრამატული პასაჟებით არის დატვირთული. რეჟისორი არა მხოლოდ ამცირებს პიესის ტექსტს, არამედ აქცენტირებს გარკვეულ ეპიზოდებზე, ზოგჯერ მას (ისე როგორც მისი თაობის სხვა რეჟისორები) პირველყოფილ დანიშნულებას აცლის და მას მუსიკალურ-ხმოვანი რიგის ნაკადის ნაწილად აქცევს, მეტყველებას კი მუსიკა და ფიზიკური მოქმედებები შთანთქავს. დათა თავაძე ლოკალური, ლამის დოკუმენტური, კონკრეტული ფაქტებიდან პრობლემას აზოგადებს და მას გლობალურ კონტექსტს ანიჭებს. რეჟისორი ცდილობს არ გასცდეს ლოკალურ ტრაგედიას და ამბის ავთენტურობა შეინარჩუნოს, თუმცა ფინალში, ის მაინც, გვერდს ვერ უვლის მსოფლიო ომების დასახელებას, რომელსაც დეკლამაციურად, ჯერ ომახიანად, ხოლო შემდეგ ენერგია გამოცლილი ტონალობით კითხულობს თამარ მდინარაძე (ზინა). დათა თავაძის ტექსტში, ისევე როგორც საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ვხედავთ ადამიანთა მეტამორფოზას ომის ფონზე, ადამიანების დეგრადირებას, ბოლომდე გაშიშვლებას, მიძინებული კომპლექსების გაღვიძებას. ადამიანებს სძულთ, ღალატობენ და ეზიზღებათ, მაგრამ ისინი მაინც ერთად არიან, რადგან ომი მათ გაერთიანებას აიძულებს და ამიტომაც ისინი ეჩვევიან და უყვარდებათ კიდეც ერთმანეთი (ზინას და თინას კოცნის და დიალოგის ეპიზოდი)...

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ვხვდებით სხვადასხვა თაობებს, ომებგამოვლილებს და ომში დებიუტანტებს. ომის ადამიანებში სიკეთე ბოლომდე ქრება და მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, ეგოიზმი დომინირებს. „ადამიანები იქცევიან მხეცებად, როგორც ჭრიჭინები კალიებად" - დათა თავაძის ეს მართლაც გამორჩეული მეტაფორა ლოგიკურად და განგრძნობითადაა გათამაშებულ-ნაჩვენები სპექტაკლში. ჭრიჭინების კალიებად ქცევის მეცნიერული ამბავი სპექტაკლის მოვლენების პარალელურად ვითარდება. ფინალში მხატვრული მეტაფორა და ადამიანთა მხეცებად ქცევის პროცესი ერთმანეთს კვეთენ.

სპექტაკლში მონაწილე მსახიობებისთვის საბა ასლამაზიშვილთან მუშაობა ახალი გამოცდილება იყო, რადგან ისინი ვიხილეთ არა გარდასახულ პერსონაჟებად, არამედ მათთვის უჩვეულო მოცემულობაში, სადაც მსახიობთა ინტონაცია დაშორებულია ტექსტის სემანტიკურ მნიშვნელობას, ისე როგორც მათი ქმედება ეწინააღმდეგება შინაარს (ძირითად შემთხვევაში). ამის მიუხედავად, რეჟისორმა მკვეთრი გამყოფი ზღვარი მაინც არ გაავლო მსახიობსა და პერსონაჟს შორის. მათ აცვიათ კოსტიუმები (მხატვარი თამრი ოხიკიანი), რომლებიც პერსონაჟთა ხასიათებს კვეთენ, ისინი „გარდაისახებიან" კიდეც გარკვეულ ეპიზოდებში, მაგრამ მათი განცდა მაყურებლისთვის გადამდები არ არის, რადგან ის მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზეა ორიენტირებული და არა მაყურებელზე ემოციურად ზემოქმედებაზე. რეჟისორს აქცენტი მსახიობთა ფიზიკური რესურსის გამოყენება-გამოვლენაზე, უძრავ თუ დინამიკურ მოქმედებაზე გადააქვს, რაც ფიზიკური თეატრის ელემენტებად წარმოაჩენს ვერბალურ თეატრთან ერთად. თამაში დაცლილია ყოველგვარი ყოფითობისგან, რეალიზმისგან, ბუნებრიობისგან, უშუალობისგან. ამიტომაც გზადაგზა ვგრძნობთ მსახიობთა მეტყველებაში დროს ილუსტრაციულობას, მანერულობას, ისინი ახმოვანებენ თავიანთ პერსონაჟთა თუ სხვათა გზავნილებს, განცდებს, აზრებს ხან ხმამაღლა, ხანაც მიკროფონში... რაც უახლეს ქართულ თეატრში და საშემსრულებლო ხელოვნებაში დამკვიდრდა როგორც ნორმა, როგორც აუცილებელი პირობა. ამიტომაც, ოზურგეთის თეატრის მსახიობებისთვის, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუშაობა მოუწიათ განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან, საბა ასლამაზიშვილთან შემოქმედებითი კოლაბორაცია, მათთვის გამოწვევასთან ერთად, სიახლეც იყო, რომელსაც ეს დასი და განსაკუთრებით მსახიობთა ოთხეული - თამარ მდინარაძე, შორენა გვეტაძე, ციცი ბუცხრიკიძე და ნიკა ძნელაძე, წარმატებით უმკლავდებიან, ძლევენ სირთულეებს, ირგებენ მათთვის უცნობ ჩარჩოებს და წარმოდგენის მსვლელობისას აქცევენ მათ ბუნებრივ მდგომარეობად, რომელსაც ხელოვნური ნაკეთობის იერი დაკრავს. ზემოთ ნახსენებ მსახიობებს, ნამდვილად აქვთ მზაობა და ინტერესი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის.

დედაომი, იგივე ზინა, რომელსაც თამარ მდინარაძე ასრულებს ომის, ქალის და დედის გლობალურ მხატვრულ სახეს ქმნის. მასში ერთიანდება და თავს იყრის ყველა პრობლემა, რასაც წარმოშობს ომი. ის გადის რთულ გზას, უღელტეხილსაც კი, რომელზედაც მუდმივად მარცხდება, ეცემა. სარგებელი, რომელსაც ის ომიდან ელის ომსავე მიაქვს. მსახიობი, რომელიც ბოლო სეზონში არაერთ პრემიერაში ვიხილეთ, განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა მაყურებლის წინაშე. თამარ მდინარაძე ბევრს საუბრობს ხმამაღლა და დეკლამაციურად, მანერული ინტონაციებით, ზუსტად ისე, რასაც „მოითხოვს" ტრენდული ქართული თეატრის ტენდენცია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მსახიობისთვის არ არსებობს გადაუჭრელი მხატვრული ამოცანა. ფაქტია, რომ ის ღიაა და მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია მისი საფინალო მონოლოგი, უშუალობით, გულწრფელობით წარმოთქმული ტექსტი, რომელიც დედაომის დატირების, ლოცვის მისტიკურ რიტუალს ჰგავს თავისი მზარდი დინამიკით კულმინაციამდე.

ბოლო პერიოდში თამარ მდინარაძის უცვლელი სცენური პარტნიორია შორენა გვეტაძე. ის ორგანულად ეწერება სპექტაკლში ხელოვნური ემოციებითა და ცივი, მანერული ინტონაციებით, ტრანსში შესული როკვით, რომელიც ამ მყარი ფსიქიკის პერსონაჟის (მანანას) ერთგვარი განმუხტვაა, დაგროვილი ნეგატივისგან დაცლის ერთგვარი საშუალება. მსახიობი თავის პერსონაჟს არ წარმოაჩენს ერთფეროვნად და სწორხაზოვნად. მის შესრულებაში, ეპიზოდების შესაბამისად, ვხვდებით სხვადასხვა სტილს, მანერას და ხერხს.

ციცი ბუცხრიკიძის პერსონაჟის (თინა) მაგალითზე იკვეთება დაუნდობელი ადამიანის მხატვრული სახე, რომელიც ომმა ისეთი ტიპის ნადირად აქცია, რომ მრავალომგამომივლილ, დედაომის ზინას (თამარ მდინარაძე) განცვიფრებასაც კი იწვევს. თინა იმის მაგალითია თუ როგორ იქცევა უწყინარი ჭრიჭინა მონსტრ კალიად. მსახიობი პერსონაჟის მეტამორფოზას ზუსტად გვიჩვენებს, აქვს ზუსტი და მკვეთრი შეფასებები. განსაკუთრებით, აღსანიშნავია სცენა, როცა კურიერი „კლავს" და ის მოწყვეტით ეცემა მიწაზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ჯახირი ციცაბო აღმართზე, მისი ჟინი და სწრაფვა თავის ფიზიკურად გადასარჩენად, თუნდაც მისი ფიზიკური განადგურების ფასად. სამ ქალ პერსონაჟში ერთი, ყველასთვის საოცნებო კაცია, კრებითი მხატვრული სახე, კურიერი, რომელსაც ნიკა ძნელაძე ასრულებს. მსახიობი გვიჩვენებს პერსონაჟის ტრავმებს, კომპლექსებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოძალადე სულს, რომელიც თავად იქცევა ძალადობის მსხვერპლი. ნიკა ძნელაძე დინჯად, მკაფიოდ და გამართულად მეტყველებს, უფრო ხშირად კი დუმს ან მღერის. მას თითქოს კედელი აქვს აღმართული ყველასთან, რომლის შენგრევა ან მასზე ასვლა დიდი ნებისყოფას, გმირობას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

სპექტაკლის ვიზუალური გადაწყვეტა სცენოგრაფ თამარ ოხიაკიანს ეკუთვნის, რომელმაც ცარიელი სივრცე კრემისფერი (სივრცის ტონალობაში) სარკოფაგებით, კუბოებითა თუ საფლავებით „შეავსო". მაყურებელიც სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად, მეტაფორულ სასაფლაოზე აღმოჩნდება, რადგან ომი სასაფლაოა, ომი საფლავებად აქცევს მთელ სივრცეს. ფინალში კი იქაურობა ნამოსახლარს ემსგავსება, ფერებიც უფრო მუქდება (განათების წყალობით), ხოლო სულ ბოლო აკორდისას მკვეთრად ინათებს. იატაკი ჭრელი ტანსაცმლითაა მოფენილი, რომელიც გვამების მეტაფორაა. სცენის ერთ კუთხეში განთავსებული გრძელი ჯიხური, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ უცქერს, დედაომის სათავსოდ, ნავსაყუდლად, თავშესაფრად გადააქცია, სადაც მამაკაცის პიჟაკები და ქურთუკებია ჩამოკიდებული. ეს იმ ომში დახოცილი ჯარისკაც(ებ)ის ტანისამოსია, რომლებსაც ოჯახებში ამაოდ და უსასრულოდ ელოდებიან.

სამყარო, რომელიც თამარ ოხიკიანმა და საბა ასლამაზიშვილმა შექმნეს თითქოს კონტრასტულია ომთან, ის ნაცრისფერში ან სისხლისფერში კი არ არის გადაწყვეტილი, არამედ ჭრელში, უფრო ნათელში, ვიდრე ბნელში. სცენოგრაფიაში სიმბოლურ-მეტაფორული დატვირთვა აქვს ციცაბო აღმართს, რომელსაც მრავალი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად თინა (ციცი ბუცხრიკიძე) აივლის. მაყურებელი ლამის ფიზიკურად ახალგაზრდა ქალის ტანჯვას, რომელიც ამ აღმართზე ასვლის ჟინით არის შეპყრობილი, რადგან ეს გზა ერთადერთი გამოსავალია ფიზიკურად გადასარჩენად. სცენური სივრცის განაპირას, თითქოს შეუმჩნევლად ჩართული ტელევიზორი დგას, როგორც სიმბოლო ერთადერთი საშუალებისა გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად, მაგრამ ფუნქციადაკარგულია, მწყობრიდან გამოსულია, კავშირი სამყაროსთან გაწყვეტილია, მაუწყებლობა გამორთული... (პიესის მიხედვით კი ტელევიზიით იხვი დონალდის მულტიპლიკაციური ფილმის სერიები გადაიცემა). თამარ ოხიკიანის მინიმალისტურ სცენოგრაფიას, რეჟისურასთან და მსახიობებთან ერთად, ვახტანგ გვახარიას ერთი ორიგინალური მუსიკალური თემა „ავსებს", რომელიც ლაიტმოტივად გასდევს წარმოდგენის ცალკეულ ეპიზოდებს, კომპოზიტორის კლუბური ჟღერადობის მუსიკა ომის მუსიკაა, რომელიც ომის ტემპო-რიტმს გამოხატავს და ომში არსებულ ქაოსს ახმოვანებს. სწორედ ამ მუსიკალურ თემაზე გვთავაზობს შორენა გვეტაძე (მანანა) თავისუფალ ცეკვას, რომელიც როკვას უფრო ჰგავს. ეს სასოწარკვეთის ის მომენტია, როცა საკუთარ თავს აიძულებ მაინც იცეკვო, მაინც იმოძრაო, მაინც იცოცხლო...

 

„დედაომი" ოზურგეთის თეატრის მორიგი საინტერესო და აქტუალურ თემაზე შექმნილი სპექტაკლია, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე (თუნდაც პანდემიის მიწურულს, COVID 19- ს ხომ უხილავი მტერი უწოდეს, ხოლო პანდემიას ომი) ორმაგი დატვირთვა და დანიშნულება შეიძინა; როგორც მყისიერი გამოხმაურება გლობალურ პრობლემაზე.

ლაშა ჩხარტიშვილი.
გამოქვეყნებულია theatrelife.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა