ავტორი: თენგიზ აბლოთია
ბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას.
არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გვესმის - „რისთვის გვჭირდება დასავლეთი, რას აკეთებენ ევროპა და ამერიკა ჩვენთვის? თუ სხვის ბრძანებებს ვასრულებთ - რა მნიშვნელობაა აქვს მბრძანებელი ვინ იქნება - ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ მოსკოვი?".
ასევე ბოლო დღეების პოლიტიკური დრამა ნათლად ადასტურებს ქართული იზოლაციონიზმის ისტორიულ მარცხს... იდეოლოგიამ - „ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევით, ჩვენს პრობლემებს თავად გადავწყვეტთ" პირწმინდად დამარცხდა საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი განვლილი პერიოდის მანძილზე.. თუმცა, ამჯერად მისი მარცხი კიდევ უფრო შთამბეჭდავია..
ერთი წამით წარმოიდგინეთ რას მოიმოქმედებდა და რაოდენ გამოუვალ ჩიხში შეიყვანდა ქვეყანას მისივე პოლიტიკური ელიტა, მას საკუთარი საქმეების გადაწყვეტა მართლაც თავად რომ შეეძლოს... ეს სრულმასშტაბიანი კატასტროფა იქნებოდა.
საქართველოს მეტ-ნაკლებად ეფექტური და თანამედროვე სახელმწიფოს აშენება მხოლოდ დასავლეთის ხელშეწყობით შეუძლია და ამის იქეთ სხვა გზა არ არსებობს.
ევროპამ და ამერიკამ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს მეტ-ნაკლები გაადამიანურების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
დღეს ამაზე ლაპარაკი ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საბჭოთა ეპოქის - როგორც მინიმუმ ბოლო 30-40 წელი საქართველო - თავისებურ იზოლირებულ კოლბაში, თავიდან ბოლომდე სხვის ხარჯზე ცხოვრობდა.
დახურულ და ხელოვნურ სამყაროს მის გარეთ არსებულ რეალობასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა - ზოგადად საბჭოთა კავშირის მთლიანობაში ასეთი იყო, თუმცა, ქართველები სხვებზე ბევრად განებივრებულები იყვნენ. ამიტომაც სსრკ-ში მცხოვრები ყველა ერის თანდაყოლილი დაავადებები - ინფანტილიზმი, უპასუხისმგებლობა, მუქთახორობა, და ა.შ. - ქართველებში განსაკუთრებით ღრმად იყო გამჯდარი.
ჩაკეტილი აკვარიუმი დაიმსხვრა არა რამდენიმე წელიწადში, ან თუნდაც თვეში, არამედ დღეში - სოციალისტური მეურნეობის ჩამოშლა წარმოუდგენლად სწრაფად მოხვდა და შედეგად აკვარიუმის იქეთ დარჩა ერი, რომელმაც არ იცის რა აკეთოს და როგორ იცხოვროს.
ერი, რომელმაც იცის, რომ ყველაზე ჭკვიანია და მის ტერიტორიაზე მზეც კი განსაკუთრებით კაშკაშაა, რომელმაც იცის, რომ ის ყველაზე ზრდილობიანი და კულტურულია, რომელმაც იცის რომ „ბორჯომს" გაყიდის და გამდიდრდება - ერთ წამში აღმოჩნდება მარტოდ-მარტო, მიგდებული ველური ცხოველებით სავსე ჯუნგლებში.
ვარდნა, რომელიც ქართველმა ერმა 90-ან წლებში განიცადა - უპრეცედენტო იყო პოსტ-საბჭოთა სივრცის სამოზებთაც კი. ქვეყანა სრულმა სიგიჟემ და მასობრივმა შეშლილობამ მოიცვა, თანაც ეს მხოლოდ პოლიტიკას, ეკონომიკას და მაღალ მატერიებს კი არ შეეხებოდა - საყოველთაო ფსიქოზი ყველაფერში გამოვლინდა და 90-ან წლებში ქართველი ხალხის ინფანტილიზმმა, ბავშვურმა ფსიქოლოგიამ, ველურობამ და უპასუხისმგებლობამ არნახული მასშტაბები მიიღო.
საუბარია წვრილმანებზე - მაგალითად - ცნობილ თბილისურ მიშენებებზე, რომლებიც ერის მასობრივი შეშლილობას კარგად ადასტურებს - შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ფსიქიურად დალაგებული ადამიანები, ვისაც ეს გაუგონარი და ენით აუღწერელი სიმახინჯე თავში მოუვა?
კიდევ ბევრი აბსურდული წვრილმანი გვახსოვს - გოგონები, რომლებიც სილამაზის კონკურსზე კოჭებამდე ჩაცმულები გამოდიოდნენ, ვაჭარები, რომელიც ბუნებაში არარსებულ, ე.წ „სუპერდოლარებს" მოითხოვდნენ, და ა,შ.
1995 წელს თბილისში ჩატარდა პირველი დისკოტეკა, რომელიც გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა, რის შემდეგაც მისმა ორგანიზატორმა განაცხადა - „ქართული საზოგადოება დღეს დისკოტეკისთვის მზად არაა"...თითქოს, საუბარი რაღაცა რთულ საქმეზე იყო, მაგალითად, მარსზე გაფრენაზე, და არა ცეკვაზე..
ცალკე თემაა - ქართული ჩხუბი... პოსტსაბჭოთა ქართველების გონებრივი ჩამორჩენილობის და ინფანტილიზმის ყველაზე ნათელი მაჩვენებელი - 50 წლის მამაკაცები, რომლებიც 15 წლის ბავშვებივით ჩხუბობენ.
ქართველები თავიანთი ეპიკური არაორგანიზებულობით და ინფანტილიზმით უცხოელებსაც აოცებდნენ. იმ დროს ჩვენმა მოქალაქეებმა უცხოეთში, სხვადასხვა კონფერენციებზე თუ სემინარებზე გამგზავრება დაიწყებ. ბავშვური საქციელით ისინი იქაც გამოირჩეოდნენ - ყოველთვის ყველგან აგვიანებდნენ, ღამ-ღამობით რესტორნებში მთვრალები დაბოდიალობდნენ და დილას პოლიციაში ეღვიძებოდათ მეძავეებთან გამართული მუშტ-კრივის გამო, თვითმფრინავების რეისები - დანიშნულების ადგილი ეშლებოდათ და სულ სხვა ქალაქში ხდებოდნენ.
აი ასეთ დაშლილ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში მყოფი მომაკვდავი ქვეყანა დასავლეთმა ფაქტიურად ქუჩიდან აიყვანა. ევროპელებს და ამერიკელებს ყველაფრის ახსნა თავიდან უწევდათ - როგორ მუშაობს სახელმწიფო, რას ნიშნავს საგადასახადო სისტემა, რატომ არის სასამართლო კარგი და ქურდული გაგება ცუდი, რას ნიშნავს დისკოტეკა და რატომ დადიან სილამაზის კონკურსების მონაწილეები საცურაო კოსტიუმებში და არა კოჭებამდე კაბებში...
ევროპული და ამერიკული ფონდების წყალობით საქართველოში ნორმალურ ადეკვატურ ადამიანთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა, და სწორედ ამიტომ, ქოცობის მიუხედავათ, ქვეყანა ჯერ ასე თუ ისე ფუნქციონირებს და ბოლომდე არ ჩამოშლილა.
სწორედ ესაა მთავარი სხვაობა დასავლეთს და რუსეთს შორის - რუსეთი არათუ არ შეეცდებოდა ქართველი ხალხის პოზიტიური ევოლუციის ხელშეწყობას, არამედ პირიქით, მთელი მისი მანკიერებების შენარჩუნებას შეეცდებოდა.
რაც შეეხება „ჩვენს საქმეში არ ჩაერიოთ, თავად გადავწყვეტთ" - კი, ვიცით, ვნახეთ უკვე თქვენი გადაწყვეტილი. ტრადიციული გრუზინების ნება რომ იყოს, ყველა სადარბაზოში თითო ქურდი იჯდებოდა....
ამიტომაც - ამ ქვეყანას დასავლეთთან ინტეგრაციის გარდა სხვა გამოსავალი არ გააჩნია - ჩემი თუ არ გჯერათ - კრისტიან დანიელსონს ჰკითხეთ.