მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

დედამიწაზე ომია - საპატრიარქოს შულერებს ტომოსის კითხვისას ჩაეძინათ

13.04.2022 ნახვები: 1221

ომია, დედამიწაზე ომია.

აი, ახლა, ამ წუთას კვდებიან ადამიანები - ისპობა სიცოცხლე...

ახლა, აი, ახლა - კიდევ ერთი ბავშვის გულისცემა შეწყდა...

ახლა, აი, ახლა - მორიგი რუსი სალდაფონი ქალს - დედას, ცოლს, დას, შვილს, შვილიშვილს აუპატიურებს...

ახლა, აი, ახლა - ვიღაცის მამა, ვიღაცის შვილი, ვიღაცის ქმარი, ვიღაცის ძმა მოკლეს... ომია, დედამიწაზე ომია...

ახლა, აი, ახლა - ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად ისმის - ღმერთო...

ღმერთო უშველე... ღმერთო მიშველე... ღმერთო რატომ...

ახლა, აი, ახლა უამრავ ბავშვს, იმ ბავშვის ბედი აქვს სანატრელი, რომელმაც უკრაინიდან პოლონეთში ჩააღწია და რომლის ფოტოებმა თუ ვიდეოკადრებმა მსოფლიო მოიარა. მარტო დარჩენილი ბიჭის ბედი გახდა სანატრელი...

ახლა, აი, ახლა - დედამიწაზე ომია...

ომია და ამ ომის შემყურე ქართველი “ნაციონალისტები” „უკრაინელ ნაციონალისტებს“ გმობენ... იცით რატომ? ეგონათ უძლეველი გოლიათის მსახურნი იყვნენ და აღმოჩნდა, რომ ეს უძლეველობა ფეიკია... სწორედ ამიტომ უნდათ რუსეთის გამარჯვება, რომ შეცდომა არ აღიარონ, საკუთარი თავის უარყოფა მოუწევთ...

ახლა, აი, ახლა დედამიწაზე ომია...

ახლა, აი, ახლა - სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი, სცენაზე ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები, ეკრანზე ლიზა ბათიაშვილი და სუხიშვილების „ხორუმში“ გაცოცხლებული ქართული ჯიშის გენია იბრძვის და არ ნებდება. ვისაც ამ როკვაზე სიამაყის ჟრუანტელი უვლის - ვერ დაამარცხებ.

რატომ? იმიტომ რომ „აქ“ სიყვარულია, თავისუფლებაა - ახლა ღმერთი „აქ“ არის...

ახლა, აი, ახლა - თბილისის ქუჩაში, მკერდზე უკრაინული ბაფთიან ორ გოგონას, რომლებიც რუკას დაჰყურებენ, ასაკოვანი კაცი უახლოვდება: - უკრაინა? ისინი პასუხობენ: - გამარჟობა! არც მათ და არც ამ კაცს სურთ რუსულად საუბარი. კაცი ჟესტებით ეკითხება - რას ეძებთ? ისინი რუკაზე თითს დაადებენ სასურველ ადგილს და კაცი ქართულად ეუბნება: - წავედით!

გოგონები ყოყმანის გარეშე მიყვებიან. განა ერთ ენაზე არ საუბრობენ ეს ქართველი ჭარმაგი მამაკაცი და ეს უმშვენიერესი უკრაინელი გოგონები? და ყველაზე მთავარი - ნდობა... მიჰყვებიან ყოყმანის გარეშე, რადგან იციან, რომ ეს ქართველი კაცი, ზუსტად და უსაფრთხოდ მიიყვანს მათ დანიშნულების ადგილას...

ახლა, აი, ახლა - მავანნი ბჭობენ (განა მართლა) და გვარწმუნებენ, რომ „ომი არ იქნება!“... არა და, დედამიწაზე ახლა ომია... ჩვენი ომი... უბრალოდ, ახლა ვიღაც იმის გარკვევაშია სად უნდა იყოს - იქეთ, აქეთ თუ სადაც „ომი არ იქნება...“ და ვინმე ჭკუათმყოფელი -  საკუთარი თავის მოტყუების მსურველის გარდა დაიჯერებს, რომ „ომი არ იქნება!“, თუნდაც იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით - „ხვალ იყო ომი!“...

თუ ვინმე მართლაც დიდი დილემის წინაშე დგას, არის ასეთი, საუკუნეების გამობრძმედილი მაქსიმა - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია...

ახლა, აი, ახლა - დედა, მამა, ცოლი, შვილი, და, ძმა ლოცულობენ, რომ „ის“ გადარჩეს. „ის“ ვინც დღეს ჩემი, შენი, ჩვენი და მერწმუნეთ მსოფლიოს თავისუფლებისა და ახალი - უფრო კეთილი და ნათელი მომავლისთვის იბრძვის.

ახლა, აი, ახლა - როდესაც ღმერთიც კი შეძრწუნებულია იმით, რაც აქ - დედამიწაზე ხდება, მისი ფარისეველი შულერი მსახურნი პასიანსს შლიან...

თითქოს და, დიდ ამბებს უნდა ველოდოთ სინოდში... თითქოს და, დიდი კათარსისის მოლოდინი უნდა გვქონდეს... თითქოს და... მაგრამ არა, ან უკან დაიხევენ, ან მორიგჯერ წაიყრიან თავზე ნაცარს...

რამდენჯერ მოგისმენიათ - უღალატა! ლიდერთა თუ სახელმწიფოს ღალატზე მოსაუბრენი არასოდეს საუბრობენ მიზეზებზე - ვისგან იღებენ მოღალატეები მაგალითს?

აგერ, ადამიანები ადამიანს და სახელმწიფოს კი არა, ღმერთს ღალატობენ და მაინც ხელებზე კოცნით, მუხლებზე უდგახართ... ქრისტე კერპით ჩაანაცვლეთ - ამის გამო ალმური არ მოგდებიათ სახეზე და იუდას ღალატზე საუბრობთ? იუდამ თავი მოიკლა - იცოდით?

ახლა მითხარით, იმათ, ვინც რუსეთსა და პუტინს აძაგებთ და თან საკვირაო წირვებზე დადიხართ, კირილს რომ იხსენიებენ - გუნდიაევს, პირჯვარს იწერთ? თავს იბრიყვებთ და არ იცით, რომ აი, დღეს, უკრაინაში უკვე 186 ბავშვია მოკლული და ეს რუსეთის ეკლესიის კურთხევით ხდება? რადგან ამ ეკლესიის კურთხევით ომობს უკრაინაში პუტინი და მისი საჯალათო.

ამ - რუსეთის ეკლესიასთან კავშირში მყოფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებად მიიჩნევთ თავს?

9 აპრილის მემორიალთან რომ არ მივიდა, იმ მოსაყდრის სამწყსოს წევრები ხართ?

იმას მეტყვით რომ ეკლესიის საქმე ლოცვააო? კი ეგრეა! ჭყონდიდელის და თორნიკე ერისთავის საქმეც იყო ლოცვა...

სად არის თქვენი უხერხულობა? მინიმუმ უხერხულობა, პროტესტს ხომ არავინ მოითხოვს, რადგან ამისთვის გამბედაობა არასოდეს გეყოფათ.

თითქოს და, ამ ვითარებაში მაინც უნდა დაასრულოს საქართველოს საპატრიარქომ და სინოდმა ტომოსის კითხვა და გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი რუსეთის ეკლესიასთან... მაგრამ ეს თითქოს და...

ეგ თუ გახსოვთ და იცით მაინც - ათასჯერ მაქვს ამაზე დაწერილი და ნათქვამი სხვადასხვა ეთერში - ის გუნდიაევი, რომელსაც ასე გულწრფელი ქრისტესმიერი სიყვარულით იხსენიებთ ლოცვებში, საქართველოს პატრიარქს, ჰო, იმ პატრიარქს, თქვენ რომ ამბობთ - დავიცვათ, წლებია სრული ტიტულით არც კი იხსენიებს ოფიციალურ მიმოწერებში და ბოლო პერიოდში რუსეთში გამართულ წირვებში არსად ისმის ილია მეორეს სახელი.

თქვენ - სინოდს სად გაქვთ თავმოყვარეობა თქვენი სულიერი და ხშირ შემთხვევაში გამზრდელი მამის ასეთ დამცრობას რომ იტანთ?

თქვენ - მრევლს სად გაქვთ თავმოყვარეობა, საჯაროდ რომ გოდებთ ომის საზარელობაზე და კვირაში ერთხელ მაინც, გუნდიაევისა და რუსეთის ეკლესიის სადიდებელს ამბობთ?

და ჩვენ ყველას, რატომ გვიკვირს, რომ ამ ქვეყანას ამდენი მოღალატე ჰყავს, როდესაც ერის სულიერების განმსაზღვრელმა ინსტიტუციამ დიდი ხანია საკუთარ მამას - ღმერთს უღალატა და უკრაინაში, ადამიანის ჯალათობის გამო უფლის დაღვრილ ცრემლსაც ვერ ხედავს...

ომია, დედამიწაზე ომია....

ახლა, აი, ახლა... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სძინავთ - გადაიღალნენ ტომოსის კითხვით... განა მართლა სძინავთ, უბრალოდ თავს იკატუნებენ, მამლის ბოლოს პოზა აქვთ - რომელიც ქარიან ამინდში იქეთ გადაიხრება საითაც ბორია დაუბერავს...

ახლა, აი, ახლა... ისპობა სიცოცხლე - კვდება კაცი, ქალი, ბავშვი... ტომოსზე ჩაძინებულებს ცხადში დაბრუნებულზე საუზმე ელით ხიზილალით და სადილი კალმახითა და ორაგულის ხინკლით... ვახშამზე? ო, ვახშამზე - დოზანა...

ახლა, აი, ახლა...

ომია, დედამიწაზე ომია...

მთავარია სად ხარ შენ, უფლის მახვილით დამცველთა რიგებში - ანუ თავისუფლების მხარეს, თუ იქ, სადაც უფლის სახლში ქარვასლაა მოწყობილი - ანუ მენტალური მონების რიგებში...

ახლა, აი, ახლა... ომია...

ტომოსს კი არავინ კითხულობს...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა