საქართველო, ალბანეთი, სომხეთი - ქრისტიანული კავკასია - საუკეთესო მაგალითია იმის გასააზრებლად თუ როგორ ხდებოდა რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და როგორ ქმნიდა რელიგიური ფაქტორი ამ რეგიონის გეოპოლიტიკას.
ამ პუბლიკაციით, არ ვაპირებ საკითხის მეცნიერულ დისკურსში გადატანას, რადგან ქრისტიანული კავკასიის ისტორიაზე რელიგიური ფაქტორის გავლენით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს პროფესორ ზაზა ალექსიძის ფუნდამენტურ ნაშრომს „ქრისტიანული კავკასია“, რომელიც გამოცემულია სამ ტომად და იშვიათი სამეცნიერო კეთილსინდისიერებითა და სიღრმით არის აღნიშნული საკითხი შესწავლილი.
ვაპირებ მკითხველს ძალიან მოკლედ ვუამბო რა ვითარება გვაქვს დღეს კავკასიის რეგიონში და რა როლს თამაშობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავლის ფორმირებაში.
მას შემდეგ, რაც სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ხელისუფლება და ამაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი საყოველთაოდ ცნობილია, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდიდან იწყება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არნახული მასშტაბით გაძლიერება და რესტავრაცია.
არც ის არის საკამათო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც მთლიანად შენარჩუნებული აქვს საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მმართველი ადმინისტრაციის სახით.
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმებამ, რომელშიც ჩემდა სამწუხაროდ, მე გაცილებით დიდი წვლილი მიმიძღვის ვიდრე წმინდა სინოდის უმრავლესობას, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მომხმარებლები არიან ამ დოკუმენტისა, შეუქცევადი გახადა ეკლესიის მატერიალური და პოლიტიკური ზეობის პროცესი და ძალიან შეასუსტა მისი ძირითადი ეგზისტენციალური ფუნქცია.
ვწუხვარ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხშირად უსვამს ხაზს თავის წვლილს საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმებასა და საქართველოს ეკლესიის უკონტროლო ფინანსურ იმპერიად გადაქცევის საქმეში.
სწორედ საკონსტიტუციო შეთანხმებამ გახადა შესაძლებელი, რომ დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს შიდა პოლიტიკური აქტორის როლი და ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს.
მაგალითისთვის მკითხველს ზოგადად შევახსენებ სპირიდონ აბულაძის, სტეფანე კალაიჯიშვილის, ანტონ ბულუხიას და სხვა მაღალი იერარქებისა თუ რიგითი სასულიერო პირების ქადაგებებს და საჯარო განცხადებებს, რომელთა მარგალიტები ფართოდ არის გაბნეული სოციალურ ქსელებში და მხოლოდ ნებაა საჭირო მათი შეგროვებისათვის, რათა სრული სიცხადით წარმოჩნდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალური ზრახვების სახე.
ახალ რაც შეეხება საკითხს: ყველას კარგად გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული სპეცოპერაცია - „გარეჯი საქართველოა“, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება, „ოცნების“ პროპაგანდისტული მედია და ყველა ის პარტია თუ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ღიად არის შემჩნეული რუსეთის ერთგულებაში.
აქვე მიგანიშნებთ, რომ ზუსტად ეს ჯგუფები უმაგრებენ მხარს ჭყონდიდის ეპარქიაში ეგზეკუტორად გამწესებულ სტეფანე კალაიჯიშვილს ( აუდიო, ვიდეო მასალა და საჯარო სივრცეში გაკეთებული მათი განცხადებები ადვილად დაადასტურებს ჩემს ნათქვამს).
სინამდვილეში რა ხდებოდა გარეჯთან დაკავშირებით. ყველას ვისაც კი აზროვნების უნარი შესწევს და იცნობს კავკასიის ქვეყნების უახლეს ისტორიას, კარგად იცის, რომ ყარაბახის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანში დაიწყო ფართო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული და სამეცნიერო საფუძვლების მომზადება ალბანური კულტურის მემკვიდრეობაზე - სამართლებრივი და ისტორიული საფუძვლების შესამზადებლად, რომლის მიზანიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ძეგლების ალბანური კულტურის მემკვიდრეობად გამოცხადება იყო.
როგორც მოგეხსენებათ ქრისტიანულ ალბანეთში მცხოვრები ხალხების ძალიან მცირე ჯგუფმა მოაღწია ჩვენამდე და მათ უდინების სახელით ვიცნობთ. უდინების ყველაზე მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოში, სავარაუდოდ 300 დან 500 ოჯახამდე, მათი დიდი ნაწილი ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში სახლობს. დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობს თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, ხოლო რაოდენობრივად ყველაზე მეტი - გასაგები მიზეზების გამო - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰეიდარ ალიევის მიერ დაიწყო აზერბაიჯანის მართლმადიდებლურ - უდიური თემის რელიგიურ-პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევის საკმაოდ გონივრული გეგმის განხორციელება.
2001 წელს ბაქოში ვიზიტად მყოფ რუსეთის მართლმადიდებელ პატრიარქ ალექსის აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწყო შეხვედრა და უდიურ-მართლმადიდებელ თემთან და გადასცეს თხოვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მათი გადაყვანის შესახებ.
არა და კანონიკური სამართლის ანა-ბანაა, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებელი სამწყსოს დასაპურებლად არ არსებობს ეკლესია, ეს უნდა გააკეთოს მოსაზღვრე ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
ბუნებრივად ისმის კითხვა - როდესაც აზერბაიჯანში დაიწო მოძრაობა მართლმადიდებლურ-უდიური თემის სამწყსოს დაპურებისათვის, რა გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომ მოეპოვებინა კანონიკური სამართლით მისთვის მინიჭებული უფლება? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველაფერი - ეს რომ არ მომხდარიყო.
რამდენიმე წლის განმავლობაში მე თავად ვიყავი ჩართული აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის სამართლებრივად რეგისტრაციის საქმეში. მქონდა რამდენიმე შეხვედრა აზერბაიჯანის მაშინდელ რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. 2001 წელს, როდესაც საკითხს ჯერ კიდევ არ აყენებდა ჩვენი ეკლესია და ჩემთვის ცნობილი გახდა აზერბაიჯანის უდიურ-მართლმადიდებელი თემის რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, პირველად მე მივმართე თხოვნით მაშინდელ რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს - რაფიკ ალიევს, რომ გვეფიქრა უდიურ-მართლმადიდებელი თემის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დაქვემდებარების სამართლებრივი ფორმის მონახვაზე.
ჩვენი შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან ალჰ-შუქურ ფაშა-ზადესთან სახლში, მეგობრულ ვახშამზე შედგა. აზერბაიჯანის სულიერმა ლიდერმა და რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაშინვე შემხვედრი პირობა შემომაგებეს და მთხოვეს საქართველოს ხელისუფლებისათვის გადამეცა მათი შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე 12 ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. მე დავპირდი თუ კი ისინი ოფიციალურ ფორმით მიმართავდნენ საქართველოს ხელისუფლებას და შეასრულებდნენ პირობას უდიურ-მართლმადიდებელი თემის საქართველოს ეკლესიისთვის დაქვემდებარების შესახებ, აუცილებლად ჩვენი შეხვედრის არაფორმალური ნაწილის შესახებაც მივაწვდიდი ინფორმაციას უმაღლეს ხელისუფლებას.
ასეც მოხდა, მე გადავეცი აზერბაიჯანის სულიერი ლიდერის წერილი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოში ვაჰაბიტური მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით.
საკითხი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მეჩეთების მშენებლობის ნებართვებისათვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე იყო, ადგილობრივ ადმინისტრაციას საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა აღებული. საკითხს კურირებდა მაშინდელი გუბერნატორის, ლევან მამალაძის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი. შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე მისი და ლევან მამალაძის ფინანსურ დაინტერესებაზეც მიუთითებდა არაფორმალურად.
ედუარდ შევარდნაძის დიდი ძალისხმევით მაშინ მშენებლობები შეჩერდა და და მეც იმედიანად დავიწყე აზერბაიჯანულ მხარესთან საუბარი უკვე თავიანთი პირობის შესრულებაზე. ეს ძალიან დიდი ისტორიაა, რომელსაც შეიძლება ერთი პუბლიკაცია კი არა, პუბლიკაციების სერიაც არ ეყოს.
მოკლედ ვიტყვი. საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და ბატონი ლელუაშვილი დაინიშნა კუდის უფროსის მოადგილედ და რელიგიის საკითხებსაც ის კურირებდა. დასრულდა ყველა - 12ი-ვე მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
სამწუხაროდ, ნიადაგი გამოეცალა ჩემს მცდელობას ვყოფილიყავი უფრო მომთხოვნი აზერბაიჯანის უდიურ-მართლმადიდებელი თემის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარების საკითხზე. მით უფრო, რომ ჩვენი ეკლესია ამ საკითხზე საერთოდ არ აქტიურობდა.
პატარა რემარკასაც გავაკეთებ, „ოცნების“ ხელისუფლებამ ლელუაშვილი მოსვლისთანავე დააკავა, მაგრამ მერე ისევ დააბრუნა უსაფრთხოების სამსახურში. ამ დროს შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ, ხოლო ლელუაშვილის ადვოკატი კი უკვე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნა.
მიზანი მხოლოდ იმ მანკიერი სქემის შენარჩუნება გახლდათ, რაც საქართველოში ისლამური ქვეყნებიდან შემოსული ფულის კონტროლი იყო, რაშიც ლელუაშვილს შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული ბადალი არ ჰყავდა.
ამ დროს კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მეთოდურად ემზადებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დუმილის ფონზე მისი კანონიკური საზღვრების შესავიწროებლად.
1998 წელს აზერბაიჯანში დაარსებულ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოსა და კასპიისპირეთის ეპარქიას სახელი შეუცვალეს და უწოდეს ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია.
ვინც არ იცის, მათ საყურადღებოდ: კანონიკური სამართლის მიხედვით თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს ერთი მართლმადიდებელი ეკლესია, მეორე მართლმადიდებელ ეკლესიას იქ შესვლის უფლება აღარ აქვს. ამგვარად, აზერბაიჯანში არსებული უდიურ-მართლმადიდებლური თემი და ყველა მართლმადიდებელი ტაძარი კანონიკური სამართლის მიხედვით არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიც.
ეკლესიამ, ჟურნალისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა და იმ პატრიოტებმა, ყვირილით რომ ყელი დაიღადრეთ 2020 წელს „გარეჯი სააქართველოა“ სად იყავით 2011 წელს? სად იყო "ეგზარქოცი" შიო, ანდრია ჯაღმაიძე, სტეფანე კალაიჯიშვილი, ვინმეს გახსოვთ მათი საპროტესტო განცხადება, წერილი, მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომ მათ ისტორიულ კანონიკურ საზღვრებში შემოიჭრა და ამით დაარღვია ისტორიული და ეკლესიური სამართლიანობა?
განა მაშინ არ იცოდნენ, რომ გარეჯი საქართველო აღარ იყო, მარტო გარეჯი კი არა, ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ქართული ტაძრებიც აღარ იყო საქართველო, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებდნენ, რომ მათი დუმილის ფონზე მოხდა საქართველოს ისტორიის და კულტურის ხელახალი ოკუპაცია?
აბა, პუტინის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ხომ არ დააბრალებდნენ და დამნაშავეც ადვილად იპოვეს- საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
საქმე რომ უფრო სარწმუნო გამხდარიყო, რუსეთიდან „მტკიცებულებად“ რუკებიც თან აახლეს და ააზვირთეს პატრიოტული სიძულვილის ზვავი ლოზუნგით - “გარეჯი საქართველოა!“
რუსეთი ძალიან ჩქარობს და ასევე ჩქარობს "ეგზარქოცი" შიოც, რომლის არაკანონიკურ თანამდებობას ციანიდის სახელით ცნობილი სპეცოპერაცია დასჭირდა და რომელიც დღემდე შხამავს საქართველოს.
აგერ დილით მეც მომიშხამა მშვენიერი განწყობა "ეგზარქოცი" მიერ ჭყონდიდში გაწესებული ეგზეკუტორ სტეფანეს მორიგმა ეგზეკუციამ. ამჯერადაც „ქართული ოცნების“ ძალით გამაგრებულმა.
ამბავი ჯერ არ დამიმთავრებია. ახლა ისმინეთ როგორ დააჩქარა ყარაბაღის მეორე ომმა ქართული კულტურისა და ისტორიის ოკუპაცია საპატრიარქოს კრავთა დუმილის ფონზე.
ამა წლის 15 ოქტომბერს პუტინ-ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ, სადაც ზანგეზურის დერეფნის საკითხი ოფიციალური სომხეთის თანხმობით დასრულდა, მოსკოვში გაიმართა ტრილატერალური შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის პატრიარქის და სრულიად კავკასიის მუსლიმთა შეიხის მონაწილეობით.
შეხვედრის მთავარი „მონაპოვარი“ გახლავთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევნისა და სომხეთის ეპარქიის გახსნა სომხეთის ტერიტორიაზე.
მორჩა კინო: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური სამართლის მიხედვით სომხეთის ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელების უფლება ერთმევა.
შესაბამისად სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური უნიკალური ძეგლები ახტალა, ქობაირი და სხვები გადასულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში.
გინახავთ სადმე "ეგზარქოცის" პროტესტი, საქართველოს ხელისუფლების აღშფოთება, „პატრიოტთა“ გმინვა - „ახტალა საქართველოა!“, „ქობაირი საქართველოა!“?
დავარდა ქვეყანასა ზედა ჯაღმაიძე და თავს დამართ სცემდა, რომ ქართულ ისტორიას რუსები ეპატრონებიან? არა და აქ ცოტა გაიჭედნენ, სააკაშვილს ვერ დააბრალებდნენ და... ამჯობინეს ჩუმად გაეტარებინათ.
გიკვირთ რატომ ისწრაფვის "ეგზარქოცი" მესამე პრეზიდენტის დასჯას? რატომ დუმს საპატრიარქო?
ეგებ სააკაშვილის სიკვდილმა ჩამოაწეროთ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის ისტორიის ოკუპაციაში წვლილი.
ღმერთმა ინებოს და სააკაშვილი გადარჩეს და სულ მისხალ-მისხალ დავუთლი და ავუწონი თავის შეცდომებს ეკლესიის ეგზომ გაზულუქებას რომ ხელი შეუწყო. ამის დროც მოვა.
მე ჩემს წილ შეცდომებზე მომიწევს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად გარეთ მათ ავტორიტეტს დაუმსახურებლად ვქმნიდი, რომ ჩემი ენერგიის, ცოდნის და კონტაქტების დიდი ნაწილი ამას მოვახმარე სწორედ, ისე რომ პირად სარგებელზე არასოდეს გამივლია თავში.
გარეჯის ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. ხვალ ეგრეთწოდებულ „ჯვაროსანთა მოძრაობა“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჯვრების აღმართვას აპირებს. ჩვენს ტერიტორიაზე ჯვრებიც აღმართულია და წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს. თუ ეს ჯვრები საზღვარს იქით დარჩენილ მონასტრებს ეკუთვნით, ადვილი წარმოსადგენია რა პროცესებს შეიძლება დაუდოს საფუძველი.
დარწმუნებული ვარ ესეც საპატრიარქოს კრავთა დუმილის და კურთხევის ფონზე ხდება.
ცნობისათვის: ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფოს მეთაურებმა ოფიციალური წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს თავისი პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
გესმით „პატრიოტებო“, გარეჯის ის ნაწილი თქვენ რომ ხმები ჩაიწყვიტეთ საქართველოაო, პუტინის უშუალო კონტროლს ქვეშაა.
მაგიტომ ხომ არ ჩაგიწყდათ ხმები და აღარ გახსოვთ გარეჯი და არც ის ორი ადამიანი, ციხისთვის კი არა სიკვდილისთვის რომ იყო თქვენი ხელიდან გამეტებული.
როგორ გაგრძელდება კინო სომხეთის ტერიტორიაზე? სომხეთში ფორსირებულად მიმდინარეობს სომხური ქალკედონური ეკლესიის დაფუძნება, რომელიც ცხადია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევნისა და სომხეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება.
ბოლო სერიაში სომხეთის ქალკედონური ეკლესია პრეტენზიას გამოაცხადებს საქართველოს საზღვრებში არსებულ სომხურ ქალკედონურ ძეგლებზე. ვინც არ იცით ეს რას ნიშნავს, აზრი არ აქვს, რამე აგიხსნათ, ვინც იცით, ადვილად მიხვდებით რომ ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან უკვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ოკუპაციას ნიშნავს და ესეც "ეგზარქოცის" და საპატრიარქოს კრავთა დუმილის ფონზე ჩაივლის.
არც პატრიოტები აყაყანდებიან, რადგან მიხეილ სააკაშვილს ვერ დააბრალებენ. მათ ახალა სამეგრელო აქვთ და ჭყონდიდი მიზანში ამოღებული, რადგან პეტრე ცაავას სახით უნდათ ლინკი ჰქონდეთ მესამე პრეზიდენტზე.
იყო თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიისა და კულტურის ქართული ძეგლების რუსული ოკუპაციის თავიდან აცილება შესაძლებელი? იყო და ეს ისტორიაც ძალიან კარგად ვიცი, ოღონდ ახლა ამდენს ალბათ მკითხველი ვეღარ გაუძლებს.
ჩემი ამდენი ხნის დუმული არ იყო კრავის დუმილი. ეს იყო ჩემი საკუთარი ისტორიის პატივისცემა და პატრიარქისადმი ჩემი ადამიანური სითბო და სიყვარული.
მაგრამ ჩემი დუმილი ახლა აღარაფრით გამართლდება, როცა ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის რუსულ ოკუპაციაში მონაწილეობთ თან "ეგზარქოცის" მეთაურობით. . .
ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი
(მეორე, რედაქტირებული პუბლიკაცია)