ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა - "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი
კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან
ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა
შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი
ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

ანაკლიის პორტი და „ცხოველთა ფერმა“

11.15.2022 | 17:28 ნახვები: 575

ადგილზე, სადაც “მომავლის ქალაქი” უნდა ყოფილიყო..... და უნდა აშენებულიყო შავ ზღვაზე უდიდესი პორტი, რომელიც ჩინეთიდან - ცენტრალურ აზიამდე უმნიშვნელოვანეს საზღვაო “ჰაბად” იქცეოდა.... ახლა საქონელი ძოვს, ღორები დაბორიალობენ და მათთვის ჩვეულ სასუსნავს ეძებენ.... ჩრდილად ქცეული სევდიანი მწყემსები ლანდებივით მიმოდიან.....მარკესისეული “გაჩერებული დრო” მეფობს.....

არადა, ახლა აქ უნდა ჩქეფდეს ცხოვრება, გრუხუნებდნენ დიდი სატვირთო მანქანები, ამწე-კრანები, პირველი გემებიც შემოდიოდნენ ქართველებისთვის ღვთის  ნაბოძებ ბუნებრივ სიკეთეთაგან ერთ-ერთში: ღრმაწყლოვან პორტში.

ეს სიკეთე არ დაგვიმსახურებია; არც გეოგრაფია დაგვიმსახურებია ასეთი, რომელიც სუუუულ პატარა გონიერების, სუუუუულ პატარა “ხელის განძრევის” და ელემენტარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, რამდენიმე თაობის სარჩოდ იქცეოდა, - ქვეყანას ევრაზიულ ფუნქციას შესძენდა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური ხიდის საკვანძო კონსტრუქციად ჩაითვლებოდა მთელს მსოფლიოში.

მაგრამ....”ვის რა ჯანდაბად უნდაო” - თქვა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე “ცხოველთა ფერმის” დირექტორმა და ყველაფერი სულ მალე მოკვდა: იგივე სევდიანი, უღიმღამო პეიზაჟი, დეპრესიული გარემო, ლანდებად ქცეული ადამიანები და სარჩოს მაძიებელი ღორები....

 

ის, რაც უკვე ნათელია ყველაზე ბნელ დროებაშიც

 

განა დღეს მაინც არაა ცხადი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ანაკლია ახლა - როცა რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კარდინალურად შეცვალა წყნარი ოკეანის აუზიდან ევროპისკენ ყველაზე მოკლე და ხელსაყრელი, სახმელეთო მარშრუტის ვექტორები?

ადრე რუსეთის მარშრუტი იყო ყველაზე მომგებიანი ჩინეთისთვის, მაგრამ ეს გზა, იმავე რუსული აგრესიის გამო  ჩიხადიქცა!

მაგალითად, ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ნოვოროსიისკის პორტში ყოველწლიურად 70 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი იტვირთება.

უკრაინის ომისადმი ყაზახეთის “არალოიალური” დამოკიდებულების გამო, რუსეთი აპირებს ეს მაგისტრალი (ანუ “ტრანსკასპიური მილსადენი) ყაზახეთს გადაუკეტოს!

 “გადაუკეტოს ყაზახეთს” სინამდვილეში ნიშნავს, გადაუკეტოს დასავლეთს, გადაუკეტოს ამ ნავთობის ყაზახეთში მომპოვებელ ამერიკულ ნავთობგიგანტებს და კიდევ უფრო მიაბას ამერიკა საუდის არაბეთის პირსისხლიან რეჟიმს, რომელმაც საუდი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი სტამბულში მოკლა, მჟავაში გახსნა (ადამიანი მჟავაში გახსნა!) და კანალიზაციას გაატანა.

ამის მიუხედავად დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ღირებულებით კომპრომისზე წასულიყო, თავი დაემცირებინა (მაშასადამე თავისი დიდი ქვეყანა დაემცირებინა) და საუდის “კაციჭამია” პრინც იბნ სალმან ალ საუდს შეხვეწებოდა: ნუ გააძვირებდა ბენზინს....ამერიკაში სამი ცენტით.

არადა, ახლა რომ ალტერნატივა არსებობდეს დიდი ნავთობტანკერებისთვის ანაკლიის პორტის სახით, ეს ხომ შვება იქნებოდა მთელი დასავლეთისთვის მაშინ, როცა უკვე ცხადია: უკრაინა ომს არ წააგებს, თუმცა გამარჯვებას კიდევ დრო აუცილებლად დასჭირდება....

სამაგიეროდ არათუ “შვება”, არამედ დიდ პრობლემად იქცეოდა ანაკლია რუსეთისთვის.

“თვითონაც ხომ აშენებდა ღრმაწყლოვან პორტს და....ეს ვისღა ჯანდაბად უნდაო”.....ამას გვეუბნებოდნენ ისინი, ვისაც მენტალურად არ შეუძლია შეურიგდეს “ყოვლისშემძლე რუსეთის” დამარცხების თუნდაც თეორიულ ალბათობას. და ვერც  იმას, რომ “ოხრად დარჩებოდა” რუსეთსაც და მის ყველა გულშემატკივარსაც ის ღრმაწყლოვანი პორტი - მოსკოვი რომ აშენებდა შავ ზღვაზე მას შემდეგ, რაც სპეცსამსახურებმა მოახსენეს: საქართველოში მარიფათიანმა და ალღოიანმა ბიზნესმენებმა ანაკლიის მშენებლობა დაიწყეს......ოღონდ იგიც კი ვერ განსაზღვრავდა, თუ ვინმე გაუბედავდა სანქციების დადებას, რუსული კომუნიკაციების დაბლოკვას, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებას და ა.შ.

დღეს რომ ანაკლიის პორტი თუნდაც შენდებოდეს და უკვე ამით ქმნიდეს ალტერნატივას, ამერიკაც უფრო “წელგამართული” იქნებოდა უკრაინის თემაზე კრემლთან მოლაპარაკებისას..... აი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პორტს: ალბათ უდიდეს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროექტს ჩვენს რეგიონში.

და არა მხოლოდ ნავთობი.....ცენტრალური აზიიდან საქართველოსკენ დაიძრა ბამბა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია....ანაკლია-კონსტანცა გახდებოდა უმოკლესი გზა სამხრეთ ევროპაში გადასატვირთად.

თანამედროვე მსოფლიოს ლოგისტიკური “ჯაჭვი” ისეა აწყობილი, რომ ღრმაწყლოვანი პორტი, სადაც დიდი წყალწყვის გემებს შეუძლიათ შემოსვლა, განტვირთვა ან დატვირთვა, ბიზნესს უდიდესი უპირატესობას ანიჭებს.

 

ვინ ააშენებს?

 

როგორც ამბობენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამასწინანდელი, “იდუმალი” ვიზიტის დროს, ომში ტრიუმფალურად გამარჯვებულმა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს განუცხადა, რომ ანაკლია აინტერესებს.

რა თქმა უნდა აინტერესებს.

ოღონდ ახლა აინტერესებს, რაკი ყველა ზემოთჩამოთვლილი “ბონუსი” უკვე დათვალეს ბაქოში და სწორი დასკვნებიც გააკეთეს.

აი, რამდენიმე წლის წინ, იქაც ამბობდნენ ჩვენი “ცხოველთა ფერმის” “დირექტორივით: “ვის რა ჯანდაბად უნდაო”.

აღმოჩნდა, რომ ისინიც ცდებოდნენ.....არ შეცდნენ მხოლოდ ის ქართველი ბიზნესმენები, რომლებმაც ამ საშვილიშვილო პროექტში  ყველაფერი ჩადეს და როგორც ფინანსურ, ასევე სასიცოცხლო რისკზეც წავიდნენ: დასაჭერად დასდევენ და მეორე ინსტანციას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

არავინ იცის, რა მოუვა თავში მას, ვინც “თანასწორია”,  თუმცა.....სხვებთან შედარებით მაინც “უფრო თანასწორი”.

“არა ჩვენ თვითონ ავაშენებთო” - უპასუხია ირაკლი ღარიბაშვილს ალიევისთვის.

ეს იგივე უარია პორტის აშენებაზე, რადგან ესენი რისი აღმშენებლები არიან?

და არც ისე იოლი იქნება არა მხოლოდ ფინანსური არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც.

კონსორციუმი რა თქმა უნდა დავობს სახელმწიფოსთან დაკარგული მილიონების გამო! ლონდონის არბიტრაჟი მალე დადებს დასკვნას, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო იქნება და როგორც მინიმუმ, პოტენციურ ახალ ინვესტორებს დააფრთხობს...

გარდა ამისა, პორტს “დაეკიდა” პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი, რომ ნებისმიერი ახალი ინვესტიცია და  ქონება შესაძლოა დაყადაღდეს.....

განა ვინ აიტკივებს აუტკივარ თავს? ქვეყანაში, რომლის ლიდერშიპი სანქცირების მოლოდინშია, არც ერთი ისეთი სამშენებლო კომპანია არ შემოვა, ვისაც ამგვარი გრანდიოზული ობიექტების მშენებლობა შეუძლია. ქართული კომპანიები კი ამას მეოთხედითაც არ ეყოფა!

ახლოვდება 2024 წლის არჩევნები, რომლებიც “ქართული ოცნებისთვის” საბედისწერო შესაძლოა აღმოჩნდეს.

და ასეთ ვითარებაში მმართველი პარტია შეცდომას აღიარებს? ღიად იტყვის, რომ მოსკოვის შეკვეთა შეასრულა თავის დროზე, როცა “ანაკლია” დაბლოკა? ეს ხომ პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება?

ამიტომ ყველას ეტყვიან, თითქოს თავად ააშენებენ და არაფერსაც არ ააშენებენ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

მიუხედავად ამისა, “ანაკლია” არ დაიღუპება. ეს საქვეყნო იდეაა და კონსტიტუცია იცავს!

უკვე მის მხარეს არის დასავლეთის ინტერესი, უკრაინა, გეოპოლიტიკა და რუსეთის სამართლიანად დასჯის მწვავე სურვილი, რათა მეორედ აღარ გაბედოს მეზობლებზე თავდასხმა.

ჩვენს მხარეს იქნება მომავალი არჩევნები, რომლისთვისაც მთელი საქართველო უნდა მოემზადოს.

თუ ის არჩევნები საქართველომ წააგო,  ანაკლიის პორტი დარჩება ტრიალ მინდვრად, სანაგვედ, სადაც საქონელი ძოვს, ხოლო ქვეყანა საბოლოოდ დამკვიდრდება  ცხოველთა ფერმად.

ავტორი: გიორგი ფალავანდიშვილი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა