რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

თამრიკო ჭოხონელიძე- მართლა შემეძლო ჩემს სასარგებლოდ ორივე ხელისუფლება გამომეყენებინა, თუმცა ეს არ გავაკეთე

10.26.2021 | 11:51 ნახვები: 550

ოლიტიკური ვნებათაღელვა გრძელდება _ რამდენიმე დიდ ქალაქში არჩევნების მეორე ტურია, თუმცა პოლიტიკურ დღის წესრიგში ყველაზე დიდი ქაოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ გამოიწვია. პოლიტიკოსების აზრი გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, როგორ აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვანები?


_ ქალბატონო თამრიკო, ქვეყანაში არსებულ დღევანდელ პოლიტიკურ გარემოს როგორ აფასებთ?

_ უპირველესყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ჭირისუფალი ვართ დღეს. ნუთუ აი ასეთი დიდი ტკივილია საჭირო ქართველები გონს რომ მოვეგოთ და იმაზე ვიფიქროთ როგორ უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, როგორ უნდა ვიყოთ ერთმანეთის გამტანები და არ გამოვხატოთ ერთამნეთისადმი სიძულვილი განსხვავებული აზრის გამო. ნუთუ ვერასოდეს მოვეგებით გონს რომ ჩვენი ერთიანობა და ერთად ყოფნაა საჭიროა, ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთთუნდაც არაპროფესინალზიმს, იმას რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია. ძალიან, განადგურებული და შეძრწრუნებული ვარ.

ახლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, თავიდან დავიწყებ: მაშინ, როცა „ვარდების რევოლუცია" იწყებოდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ყველაფერს მხარს ვუჭერდი. ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავლის საკეთილდღეოდ სიახლე იყო. სწორედ ამიტომ მაშინ მიხეილ სააკაშვილისა და იმ გუნდის გვერდით დავდექი, რომელიც სიახლეებს გვპირდებოდა. დღეს, შეკითხვებისა და უკმაყოფილობის მიუხედავად, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მაქვს, იმ ცვლილებებს, რაც ქვეყანაში მისი მმართველობისას განხორციელდა, მაინც ვერდს ვერ ავუვლი. სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნა და, ზოგადად, სახელმწიფოს გამოტანა მსოფლიო ასპარეზზე ნამდვილად ენმ-ის დამსახურებაა. ყველაფერი ეს ჩემთვის სასიამოვნოა.

_ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო ხანებში ოპოზიციურად განწყობილი იყავით, არა?

_ დიახ... გავიდა წლები და მიხეილ სააკაშვილმა, გუნდთან ერთად, ბევრი შეცდომა დაუშვა. მაშინ მათი ოპოზიციონერი გავხდი. შემდეგ გამოჩნდა ახალი ძალა და როცა პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაში" დავინახე, მაშინვე მათ მომხრეებს შევუერთდი. აქციები არ გამიცდენია, რადგან ცხადი და აუცილებელიც იყო, რომ ძირგამოთხრილი ხელისუფლება თავისთავად უნდა წასულიყო. მოკლედ, ახალი იმედებით მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას" გამოვუცხადე. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისევე როგორც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „ქართულმა ოცნებამაც" ვერ გაამართლა, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ცვლილებები განახორციელა, როგორიც, თავის დროზე, „ენმ-მ".

_ ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერში გაამართლა?

_ დიახ, ასე გამოდის. რომ მენახა, 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმა გატარდა, ბიუჯეტის ფული უმიზნოდ არ დაიხარჯა და ყველა რგოლი თავის საქმეს აკეთებდა, ვიტყოდი, „ოცნება" სახელმწიფოებრივ ფუნქციას ასრულებს-მეთქი. სამწუხაროდ, ასე არ არის და ამიტომ „ოცნებას" არ აქვს მორალური უფლება, თავისი წინამორბედები გაასამართლოს. დღეს ამ ქვეყანაში წინამორბედებს ყველაფერში ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომაა უნდობლობაც. „გირგვლიანის საქმე" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უდიდესი შეცდომაა. ზუსტად ამ საქმისადმი გულგრილობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დანგრევისა. დაემხო კიდეც ის ხელისუფლება, მაგრამ დღეს როგორ დავივიწყო „მაჩალიკაშვილის საქმე"? როგორ დავივივწყო ასევე იგნორირებული ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმე? ადამიანი, რომელმაც ბავშვი მსგავსს გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, დღეს თავისუფალია. სწორ, საფუძვლიან პოზიციას ვითხოვ, განსაკუთრებით იმათგან, რომლებიც ამბობენ, რომ მე გაუწონასწორებელი ვარ და იმას ვემხრობი, ვინც ჩემთვის სასარგებლოა. მართლა შემეძლო ჩემს სასარგებლოდ ორივე ხელისუფლება გამომეყენებინა, თუმცა ეს არ გავაკეთე იმიტომ რომ მსგავსი უზნეობა ჩემში არ ზის, რადგან მსგავსი საქციელი უზნეობად მიმაჩნია. და დღეს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვარ, რომლისთვისაც მსგავს პირობებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

...„ვარდების რევოლუციის" შემდეგ მსოფლიო ასპარეზზე სხვაგვარად გავედით, დღეს კი ერთი გაუბედურებული ქვეყანა ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით. დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენით საუბრობენ. ხალხის ფსიქიკა იმდენად დაავადდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის გამო ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფენ. ყველაფერი ეს პირადად გამოვცადე.

ის სიტყვები, რასაც „ქართული ოცნების" წევრები ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე ამბობენ, თავიანთი ღირსების შემლახველია. ექსპრეზიდენტს თავისი შეცდომები, სამართლიანი, კულტურული მხრით უნდა დაუმტიკოცონ და არა _ ქუჩური, სამარცხვინო გაგებით.

_ დღეს საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი _ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ელოდა და მათი მესმის. მაგალითად, გასაგებია, რომ გირგვლიანის ოჯახი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, თუმცა დასჯის ფორმაზე ვსაუბრობ.

_ ანუ?

_ ძალიან მინდა, რომ არგუმენტირებულად, ფაქტებით, ყველამ ერთად გავიაროთ კონკრეტულად, რა ბრალდებებს უყენებს დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ კი ეს ბრალდებები სამართლებრივმა მხარემ დაამტკიცოს. აი, მაშინ ვიქნებით სახელმწიფო. პატიმრობა _ დასჯის ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია. გასაგებია, რომ უამრავი ადამიანი ელოდა ყველაფერ ამას, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამაზეც უნდა იფიქრონ. დღეს სამართლიანი ქვეყანა გვაქვს?

_ არ გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანებს, ალბათ, ურჩევნიათ, იყვნენ ასეთ მდგომარეობაში, ვიდრე წინა ხელისუფლება დაბრუნდეს. რეალურად, „ქართული ოცნება" 9 წლის განმავლობაში ხალხს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებით ემუქრება და ხალხსაც ეშინია.

_ აქ უკვე საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საარჩევნო უბნებთან ზუსტად იგივე ხდებოდა. ერთ-ერთი ტელევიზიით ისიც კი ვნახე, ამომრჩეველმა ვინ შემოხაზა. ამ კადრმა გამაოგნა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლების დროს შეცდომები არ იყო, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. დღეს თუ უარესი არ ხდება, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა და უკეთესი არაფერია.

_ ყველაფერ ამის ფონზე, ოპოზიციამ შეძლო და, როგორც ვიცით, დიდ ქალაქებში მეორე ტური დაინიშნა. ეს იმედისმომცემია?

_ მგონია, რომ ამ უსამართლობის წინაშე უკვე გამარჯვების გზაზე ვდგავართ. მეორე ტური ამომრჩევლის დამსახურებაა და მადლობას ვუხდი შეხედულებების სწორად ჩამოყალიბებისთვის. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბუნებით ისევ ოპოზიციონერი ვარ და ისევ ოპოზიციონერად დამინახავს საზოგადოება, თუ, რა თქმა უნდა, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ შევხედავ. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, შეწყვიტოთ სიძულვილის ენით საუბარი, რადგან ხვალ თქვენი შვილები იგივეს გეტყვიან და ყველაფერი ეს ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.

ავტორი:ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა