თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. დასკვნით სიტყვაში კილაძემ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ჟურნალისტის რეპუტაციის განადგურება და გამოცემა „ქრონიკა+“-ის დახურვა იყო.
„თქვენო ღირსებავ, ვიცი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია, მაგრამ ჩემს პოზიციას მოკლედ მოგახსენებთ, ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის“, – მიმართა კილაძემ მოსამართლეს.
ჟურნალისტის განცხადებით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ ჰკითხა, რატომ არ აირჩიეს მისი ბრალდებისთვის უფრო მარტივი გზა. კილაძის თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვიდან მიიღო.
„ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე! ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, „ქრონიკა+“-ის დასახურად!“ – განაცხადა მან.
კილაძის თქმით, პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მის ცნობადობასა და საზოგადოებრივ გავლენაზე, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ საქმის მიზანი მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვა იყო.
ჟურნალისტმა უარყო ბრალდებები, რომლებიც მას ქოლცენტრებთან ფინანსურ კავშირსა და კონკრეტული პირების ინტერესების სასარგებლოდ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას უკავშირებს. მან ასევე განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეს პირადად არ იცნობს.
„დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე. მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა, რომ ქოლცენტრების მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი“, – აღნიშნა კილაძემ.
ჟურნალისტმა ცხრათვიან პატიმრობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში განსაკუთრებით მძიმე იყო ოჯახთან ურთიერთობის შეზღუდვა.
„არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა“, – განაცხადა მან.
კილაძის თქმით, პატიმრობის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგების, ოჯახის წევრებისა და მოქალაქეების მხარდაჭერას.
„არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, დღეიდან ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
ელისო კილაძემ მისი საქმის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური ინტერესები დაინახა. მან ასევე გააკრიტიკა გიორგი გვარაკიძე.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექსდირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე“, – განაცხადა კილაძემ.
მისი შეფასებით, საქმის შედეგად გამოცემა „ქრონიკა+“-ის საქმიანობა შეწყდა, ხოლო თავად პატიმრობაში აღმოჩნდა.
„მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური“, – მიმართა მან მოსამართლეს.
დასკვნით სიტყვაში ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს. მან დადებითად ისაუბრა პენიტენციური სისტემის იმ თანამშრომლებზეც, რომელთაგან, მისი თქმით, თანადგომა მიიღო.
კილაძემ მოსამართლესაც მიმართა და სასამართლო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი, ბ-ნო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას არ დათანხმდება.
„ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე“, – განაცხადა კილაძემ.
მან დასკვნითი სიტყვა შემდეგი განცხადებით დაასრულა:
„ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა – ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!“