„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერებთან დაკავშირებულ საქმეზე ოთხი პირის დაკავებას ეხმაურება და თბილისის მერის, კახა კალაძის, დაკითხვას მოითხოვს.
ფარულავას განცხადებით, გამოძიება უნდა შეეხოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელებსაც.
„მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, კახა კალაძის მერობის პერიოდში, 2017–2024 წლებში, თბილისის მეტროსთან დაკავშირებული 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონ ლარზე მეტის მითვისების საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.
„ეს პროკურატურის ბრალდების ვერსიაა, მაგრამ მთავარი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ლევან ხაბეიშვილი წლების წინ საუბრობდა გელა ძიძიკაშვილზე, კორუფციასა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე. დღეს კი გამოძიება უკვე 41 მილიონ ლარზე საუბრობს!“ – აღნიშნა ფარულავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დედაქალაქის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მგზავრთა გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია.
„თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია: ახმეტელის მეტროში, რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარსა და მარჯანიშვილზე პიკის საათებში მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლასაც კი ვეღარ ახერხებენ“, – განაცხადა მან.
ფარულავას შეფასებით, სადავო თანხების ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთა ნაკადების მართვის გაუმჯობესებასა და მეტროსადგურებში დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობაზე მუშაობა.
„ეს 41 მილიონი რომ ქალაქის ინტერესებს მოხმარებოდა და არა კორუფციულ სქემას, შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება“, – აღნიშნა ფარულავამ.
მისივე განცხადებით, კახა კალაძე აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კახი კალაძე ვერ გაექცევა!“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
დაკავებულთა შორისაა სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი.