შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცი ყოფილი მეუღლის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა.
„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნაცნობ პირს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.