ყირიმის ხიდზე 17 ნოემბრის ღამეს განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა ხიდის ერთ-ერთი თაღი, ხოლო ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჩამოინგრა საავტომობილო მონაკვეთის ნაწილიც. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN იუწყება.
„ტელეგრამის“ არხების ცნობით, დაახლოებით შუაღამისას ქერჩის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა, განმეორებითი თავდასხმა დაადასტურა და ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა.
გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხიდის ერთ-ერთი თაღი. სხვა მედიასაშუალებები თაღისა და საავტომობილო მონაკვეთის ნაწილის ჩამონგრევაზეც იუწყებიან, თუმცა დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე თავდასხმა 16 ნოემბერსაც განხორციელდა. შედეგად, მოძრაობა დაახლოებით 17 საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, რის შემდეგაც შეზღუდულ, რევერსულ რეჟიმში აღდგა.