თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ჟურნალისტი ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.
განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. ელისო კილაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.
ცნობისთვის, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე.
აღნიშნულ პირებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.