მამუკა მდინარაძე - რაც სალომე ზურაბიშვილს დღემდე არ უკადრია, იყო პატრიარქის მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიასა და პატრიარქზე, დღეს ესეც მოახერხა
ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
ივანიშვილის საჯარო მოხელეებს ნარკოტესტის გავლა ეშინიათ - არჩევანი მარტივია: ივანიშვილი თუ საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
რომან გოცირიძე - რთულია პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას
ვალუტის ოფიციალური: დოლარი - 2.6599 ლარი, ევრო - 2.8839 ლარი, ფუნტი - 3.3677 ლარი
შალვა პაპუაშვილი - დადგა დრო, ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს
ლევან ხაბეიშვილი - პირველადი მოხმარების პროდუქტებს ადევს ცეცხლის ფასი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ფრთხილად, მარცხნივ მოსახვევში...

01.28.2024 | 23:24 ნახვები: 1290

როდესაც ბოლო დროს გახშირებულ გამოსახლებებთან დაკავშირებულ მწვავე პროტესტს ვადევნებთ თვალს, რადგან საარჩევნო წელია, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: ელექტორალურად ვისთვის უფრო დამაზიანებელია ეს პროცესი, ხელისუფლებისთვის თუ ოპოზიციისთვის და რა შეიძლება გააკეთონ პოლიტიკურმა ძალებმა მოვლენების ისეთ სიბრტყეში გადასაყვანად რომ ამით თავად იხეირონ, ოპონენტი კი მეტად დააზიანონ.

ხელისუფლების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაგირების პირდაპირი ვალდებულება აქვს, რაც აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულ ადამიანებს უკავშირდება.

დიდწილად სწორედ მათი პატიმრობაში ყოფნა განაპირობებს საპროტესტო მუხტისა და მასშტაბების ზრდას. ამიტომ, დაკავებულებს თუ არ გამოუშვებს - ვაია, და თუ გამოუშვებს უი, რადგან მათი გათავისუფლება იმ ფონზე, როდესაც ოცნების ხელისუფლება არათუ გადამეტებული, ყოვლად დაუსაბუთებელი სიმკაცრით და ხაზგასმული დაუნდობლობით ექცევა ანალოგიური ბრალდებებით დაჭერილ არამარტო პარტიულ აქტივისტებს, უსამართლობის განცდას კიდევ უფრო გაზრდის და ახალ, სავარაუდოდ, უფრო ფართომასშტაბიან და მწვავე პროტესტს განაპირობებს, რომელსაც, დიდი ალბათობით უკვე ხელისუფლების დათმობებითა და მიღწეული გამარჯვებით წახალისებული მემარცხენე აქტივისტებიც შეუერთდებიან.

სხვა მხრივ, კიდევ უფრო ღრმად, პოლიტტექნოლოგიური რაციონალურობისა და ოცნების ცინიკური ბუნების თვალით რომ დავაკვირდეთ, თუ ვინმემ შეიძლება არსებული ვითარებით მეტად იხეიროს, ეს ხელისუფლებაა. მითუმეტეს, როდესაც ოცნებას მსგავსი რამ, მემარცხენე სოციალური პოპულიზმის კუთხით არაერთხელ გაუკეთებია და გასვლია კიდეც. საბჭოთა მენტალიტეტის საზოგადოებაში, რომელიც საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების ცოდნითა თუ გამოცდილებით არ გამოირჩევა, სახელმწიფოს, როგორც დომინანტი სუბიექტისა და პატრონის როლი, პირველ რიგში ისევ მმართველი რეჟიმის ინტერესებს და მისი ძალაუფლების ზრდას ემსახურება.

დღესაც, მმართველ გუნდს, ეკონომიკური, საკანონმდებლო თუ სასამართლო გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომელზე კონტროლიც სრულად აქვს, მარტივად შეუძლია, წინასაარჩევნოდ ამ ტალღას ისეთი გადაწყვეტილებები შეაგებოს, რომლებიც, მართალია საშუალო, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკასა და თავისუფალი ბაზრის საყრდენებს შეარყევს და რიგითი, განსაკუთრებით მცირე შემოსავლების მქონე ოჯახების მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში, სახალხო პროტესტს დააშოშმინებს და პრობლემის გადაწყვეტის ილუზიას შექმნის.

ეს, შესაძლოა, იყოს მინიმუმ ზამთრის განმავლობაში გამოსახლებებზე მორატორიუმის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც მარტივად შეიძლება გადაებას წინასაარჩევნო პერიოდიც. მითუმეტეს, როდესაც აღსრულების პროცედურების დაჩქარება-შენელების ბერკეტი მთლიანად ხელისუფლებას აქვს.

მმართველმა გუნდმა ასევე შეიძლება მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც ე.წ. უკანასკნელი საცხოვრისის იპოთეკით დატვირთვას აკრძალავს. ეს ბუნებრივია აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან და საკუთრების უფლებასთან, თუმცა როგორც პოპულისტური ნაბიჯი, ელექტორალურად მაინც ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. მინიმუმ მანამდე, სანამ ფულის გადაუდებელი საჭიროების მქონე ადამიანებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაურთულდებათ, გამსესხებლები კი უფრო ღრმა "იურიდიულ იატაკქვეშეთში" გადაინაცვლებენ. თუმცა, ეს უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება. მილიარდერს შეუძლია ე.წ. იპოთეკით დაზარალებულებისთვის მორიგი ამნისტია გამოაცხადოს, ანუ ვალები "აპატიოს", ისე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების წინ 2000 ლარამდე დავალიანების მქონე 600 ათას კრედიტორ-ამომრჩეველს. ვის რამდენი აპატიეს და ვის ხარჯზე ეს ცალკე საკითხია, თუმცა, ამ ყველაფერს რომ ამომრჩევლების მოსყიდვის მჟავე სუნი ასდიოდა - ფაქტია.

მცირე ზომის მემარჯვენე ლიბერალური პარტიების გარდა, რომლებიც სწორედაც რომ იდეოლოგიურ სიმკვეთრეზე აქცენტირებენ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია მეინსტრიმული ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილი მემარჯვენე-ცენტრისტია. ამიტომ თუ ნაცმოძრაობა, ლელო და გახარიას პარტია ამ "მემარცხენე ისტერიას" აქტიურად აჰყვება, ეს მათი ელექტორატისთვის რთულად აღსაქმელი და მომავალში, შესაძლოა, სერიოზული იმედგაცრუების მიზეზიც გახდეს. არადა, გამოსახლებული და სიცივეში, ქუჩაში დაყრილი ქალების, მოხუცების თუ ბავშვების პირდაპირ ეთერებში ყურება, საზოგადოებაში ერთის მხრივ ემპათიას, მეორეს მხრივ კი ოპოზიციის უმოქმედობის გამო ბრაზს აღძრავს. ამ ფონზე კი რაციონალური და სიღრმისეული მსჯელობა ამ პრობლემაზე და მის გამომწვევ ფუნდამენტურ მიზეზებზე, ან თუნდაც იმაზე თუ ვინ, რატომ და რა პირობებით მოაწერა ხელი იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც მათ ვალის გაზრდილი ვალდებულებებით გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთრების მოვალისთვის გადაცემას ავალდებულებს, და საერთოდაც ვალს რომ გადახდა უნდა, არა მხოლოდ არაპოპულარულად, არამედ უსაგნოდაც კი გამოყურება.

ოცნების ხელისუფლებას, რომელიც ქართული პოლიტიკის ულტრამემარჯვენე პრორუსულ ველზე, ალტინფოს და ხალხის ძალის საშუალებით უკვე აქტიურად თამაშობს, ეს ტალღა დამატებით შესაძლებლობას აძლევს უმეტესად ცარიელ მემარცხენე პოლიტიკურ ფლანგზე, რადიკალი მემარცხენეებისა და სოციალური პოპულისტებისგან შემდგარი ისეთი გაერთიანება შეუშვას, რომელიც ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კოალიციურ პარტნიორად ამ უკანასკნელს აირჩევს.

პროდასავლური ოპოზიციის ამოცანა კი უნდა იყოს რომ ეს ნიშა უკვე არსებულმა ე.წ. ტრადიციულმა, ზომიერმა მემარცხენეებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ და ანა დოლიძის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაიკავონ, რომლებიც მაინც უფრო საერთო პროდასავლური ოპოზიციის ნაწილად მოიაზრებიან.

ჯერჯერობით პოლიტიკური ველის ამ ფლანგზე მოთამაშეების დიდ აქტიურობას ვერ ვხედავთ. თუმცა, მაღალი ალბათობით, არსებული საპროტესტო მუხტი და მოვლენების დინამიკა ამ პროცესს აუცილებლად დაძრავს. ვინ დაიკავებს მემარცხენე ველს, როგორ კონფიგურაციას მივიღებთ საარჩევნოდ და ვინ ვის სასარგებლოდ ითამაშებს, ამას უკვე დრო გამოაჩენს. დრო, რომელიც არც თუ ისე ბევრია... ასე, რომ ყურადღებით და ფრთხილად, მარცხნივ მოსახვევში!

formula.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა