საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საბჭოთა გარდამავალი პერიოდი

12.07.2020 | 22:34
302 ნახვა

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს, სათავეში ჩაუდგა მიხეილ გორბაჩოვი, დაიწყო გარდაქმის, ე.წ. პერესტროიკის პერიოდი, ნათლად გამოიკვეთა, რომ საბჭოთა იმპერია, ეტაპობრივად დასასრულისკენ მიდიოდა. კომუნისტური მმართველობა, თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა, რაც ასახვა ჰპოვა საერო ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ეკლესიისადმი. 1986 წლის 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წერილი გაუგავნა რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს, ანზორ წიკლაურს, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური აღნიშნავდა, რომ მორწმუნეებისგან მასთან მიდიოდა წერილები, რომლებშიც იყო თხოვნები ტაძრების გახსნა-ამოქმედების შესახებ.
1986-1987 წლებიდან დაიწყო ტაძრების ადმინისტრაციული წესით დახურული ტაძრების მასობრივი დაბრუნება საქრთველოს ეკლესიისთვის. სქემა ასეთი იყო: შეიქმნებოდა მორწმუნეთა რელიგიური გაერთიანება, ე.წ. ოცეული, რომელიც გატარდებოდა რეგისტრაციაში, რომლის შესახებ ცნობას გასცემდა რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული და მიმართავდა კონკრეტული ქალაქისა თუ რაიონის ხელმძღვანელობას. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარია ისტორიულად ფასეული ტაძრებითა და მონასტრებით. აღნიშნულ შემთხვევაში, ქალაქისა თუ რაიონის ხელმძღვანელობასა და რელიგიურ გაერთიანებას შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება, რათა ხელისუფლების სათანადო უწყების ნებართვის გარეშე, ტაძარზე არავითარი სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდებოდა. მომდევნო ეტაპზე, რწმუნებული გაუგზავნიდა წერილობით ცნობას ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მორწმუნეებს გადაეცათ შესაბამისი ტაძარი. ამ ინერციამ სრულიად საქართველო მოიცვა... გამორჩეული იყო, რომ 1988 წელს გაიხსნა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავანე, გელათის მონასტერი, რომელიც 1923 წლიდან დახურა სახელმწიფომ და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფილიალად იყო გადაკეთებული. ამიერიდან კი, აღდგა წირვა-ლოცვა საქართველოს მეფეთა საძვალეში, გელათის სმონასტერში, სადაც აღდგენის შემდგომ პირველი წირვა აღესრულა 1988 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე. პირველ წირვას ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტისა და ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი „ქუთაისი": „ზედა სვანეთში, სოფელ მაცხვარისის კვირიკეს ტაძარში, რომელიც 1140 წელს არის აშენებული, შესასვლელთან კვირიკე იღუმენს კედელზე წაუწერია: „ვინც ჩემს შემდგომ ამა ეკლესიასა იღუმენი იყოს, კვამლისაგან შეიკრძალოს ხატული, რომე ფერი არ დააკლოს". ჩვენი ღირსეული წინაპრის, კვირიკე იღუმენის ეს გაფრთხილება გაგვახსენდა, როდესაც გუშინ გელათში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ ანთებული სანთლები ვნახეთ. წინაპრის ხმა აწმყოსა და მომავლის გაფრთხილებად ჩაგვესმა. გელათის უძველეს ფრესკებსა და მისი ღვთისმშობლის მოზაიკას კვამლით საფრთხე არ უნდა დაემუქროს, რათა მათ „ფერი არ დააკლოს" (გაზ. „ქუთაისი", N182, 1988:1).
რასაკვირველია, კომუნისტურ მთავრობას რეალურად აღელვებდა არა გელათის ფრესკების მდგომარეობა, არამედ ის, რომ გელათის მონასტერი კვლავ ამოქმედდა და აღარ იყო ოფიციალური ხელისუფლების გამგებლობაში. სწოდერ, ეს მოტივი იყო საფუძველი, პრესაში ამ ფრაზების დაბეჭდვისა...
ამ ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება. საყოველთაოდ ცნობილია, 1963 წელს, თუ რა ურთულესი პროცესების გადატანა მოუხდა უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, რათა მცხეთაში გაეხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომელიც ორ წელიწადში სასულიერო სემინარიად გარდაიქმნა. ახლა კი უკვე, თბილისის სასულიერო აკადემია დაარსდა.
„ამა წლის 1 ოქტომბერს საზეიმოდ იხსნება თბილისის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მობრძანდეთ სიონის საკათედრო ტაძარში 11 საათზე. პატივისცემითა და ლოცვა-კურთხევით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 27 სექტემბერი, 1988 წელი" (კაცაძე მზ. ნაწ. II, 2017:107).
ამავე წლის 8 ოქტომბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიაში დაიწყო პირველი ახალი სასწავლო წელი. მცხეთიდან გადმოვიდა სასულიერო სემინარია და ამიერიდან გახდა ერთი სასწავლებელი.
თბილისის სასულიერო აკადემიის გახსნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცეს ქართული საზოგადოების ღვაწლმოსილმა წარმომადგენლებმა.
საქართველოს საპატრიარქოს ისტორიული რეზიდენცია, რომელშიც ჯერ საქართველოს ეგზარქოსები, ხოლო ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონი, ლეონიდე და ამბროსი მოღვაწეობდნენ, ჯერ კიდევ სახელმწიფოს კუთვნილებაში გახლდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1988 წლის 17 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს: „თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ძველ რეზიდენციაში (ერეკლე II-ის მოედანი N1), რომელშიც გათვალისწინებულია ეკლესიის სპეციფიკა და რომელიც რევოლუციის შემდგომ წლებში ჩამოგვართვეს, ამჟამად ენათმეცნიერებისა და ქართული ხელოვნების ინსტიტუტებია განთავსებული.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ აღნიშნული ინსტიტუტები გადმოიყვანოთ ლესელიძის ქ. N36-ში მდებარე შენობაში, ხოლო ჩვენ გადმოგვეცეს ძველი საპატრიარქო რეზიდენცია. ჩვენ მზად ვართ, ინსტიტუტთა ანგარიშზე გადასვლის ხარჯებისთვის გადავრიცხოთ 100 000 მანეთი..." (იქვე :114)
ჯუმბერ პატიაშვილი ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ სამწუხაროდ, საპატრიარქოს ისტორიული რეზიდენციის დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის არ განხორციელდა. აღნიშნული თხოვნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, 1989 წლის აპრილში მიმართა აწ უკვე გივი გუმბარიძეს - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს. საქართველოს ეკლესიის მეთაურ წერდა, რომ საქართველოს ეკლესიაში ჩამოდიოდა მრავალი საერთაშორისო რანგის სტუმარი, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს არ გააჩნდა შესაბამისი შენობა, რაც ქმნიდა პრობლემებს. შესაბამისად, დროულად უნდა გადაწყვეტილიყო საპატრიარქოს რეზიდენციის საკითხი.
1989 წლის 7 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჭითანავამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს დაუბრუნდა თავისი რეზიდენციის ისტორიული შენობა. განკარგულებაში ვკითხულობთ: „მიღებულ იქნეს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის საქართველო სს რესპუბლიკაში წინადადება და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბალანსიდან ბალანსზე გადასცეს ყოფილი საეგზარქოსოს შენობა" (იქვე :158).
აღდგა ისტორიული სამართლიანობა და სამოცდაშვიდი წლის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნეს თავისი კუთვნილი ისტორიული საპატრიარქო რეზიდენცია, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დალუქა 1922 წლის 23 ივლისს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას. ამავე წლის 6 ივლისს შედგენილ აქტში ვკითხულობთ: „მე, ქვემორე ხელის მომწერმა, ნ. გოგიშვილმა, ქ. თბილისის აღმასკომის მუშათა და გლეხთა ინსპექციის რევიზორმა საბინაო განყოფილების გამგე დ. დოლიძისა და სახლების სამმართველოს თანამშრომლის ა. გალამიანის თანდასწრებით გავხსენით კათოლიკოს ამბროსის კუთვნილი სალარო, სადაც აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: ვერცხლი, ჯვრები, ყელსაკიდი, პანაღიები, რაც წონით 1 გირვანქა და 83 მისხალია" (ვარდოსანიძე ს. 2017:158-159). კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის შემდეგ, რიგით მეშვიდე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დროს მოხერხდა საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნება, სადაც საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო სრულფასოვანი საქმიანობა და მოღვაწეობა.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა, ბუნებრივია გულგრილი ვერ დატოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სხვა სასულიერო პირები. მოგეხსენებათ, ხსენებულ ტრაგიკულ ღამეს, ადგილზე იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც იხსენებს, რომ დარბევის დაწყებისას, მას უთხრეს, მთავრობის სახლში იწვევდნენ...
ძალიან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედიას ქართველი სასულიერო პირების მხრიდან. მაგ: არქიმანდრიტმა იოაკიმემ (ასათიანი), წერილი მისწერა ჯუმბერ პატიშვილს, რომელშიც ვკითხულობთ: „თქვენ, საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საშინელი ეროვნული და საკაცობრიო ცოდვის ჩამდენი ბრძანდებით, რადგან არ არსებობს ქვეყნის უზენაესი მესვეურისთვის უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე კაციჭამია დაქირავებული ურდოების ძალით თანამემამულეთა უმოწყალო დახოცვა, ვინაიდან არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა კაცისათვის, ვიდრე უსასო ბავშვთა, ქალთა და მოხუცთა უმანკო სისხლში ხელის დაბანვა. ეს ყოველივე თქვენი ნებით იტვირთეთ, რითაც საუკუნო განაჩენი გამოუტანეთ თქვენს თავს.
1989 წლის 9 აპრილმა - ქართველ პატრიოტთა ნიჩბებით სვრის სისხლიანმა დღემ, სამუდამოდ დაგიმკვიდრათ თქვენ, ჩვენი ერის ისტორიაში, სამარცხვილო ჯალათის სახელი" (ს.ს.ს.ა. ახ.აღწ. 2547. გვ.11).
არქიმანდრიტმა იოაკიმემ აგრეთვე წერილობით მიმართა ყველა მამულიშვილს, განსაკუთრებით, სამშობლოსთვის თავგანწირულ ქართველ მამულიშვილებს: „საყვარელნო შვილნო! თქვენ მოგმართავთ, ვინც შეასრულა თავისი უზენაესი მოვალეობა ისე, როგორც ასრულებდნენ მას წმინდა მამები. თქვენ უკვე დაგადგათ უფალმა თავისი ნათელი გვირგვინი... თქვენი თავდადება უფლისგან არის. თქვენი წმინდა სისხლი შეერთო ღვთითკურთხეულ ქართველ მოწამეთა სისხლს, რომელიც უმაღლესი და უზენაესი მიზნისთვის იღვრებოდა... ქართულ ეკლესიას დიდი სულიერი ძალა აქვს და მაღალი მოვალეობა აკისრია. მე, ასაკოვანი კაცი, თაყვანს ვცემ თქვენს დიდბუნებოვნებას, თქვენს გვერდით ვდგავარ და სიხარულით შევწირავ თავს უფალს, ერსა და მამულს. გამაგრდით, შვილებო!
შეგეწიოთ ზეციური ძალა, დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ, ცხრა დასმა ანგელოზთამან დაგლოცოთ, წმინდა მამები იყვნენ თქვენი თანამდგომნი, წმიდა დედებმა აღგამაღლონ ნებითა ღვთისაითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, დედის ძუძუსავით გაამოთ უფალმა. ამინ" (იქვე :14).
9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, 1989 წლის 16 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილი მისწერა მთავარეპისკოპოსყოფილმა იოანემ (ანანიაშვილი), რომელიც აღნიშნავდა: „სულის სიღრმემდე შეძრული ვარ ჩვენი ეკლესიის შვილების ბარბაროსულად დახოცვის გამო... ისინი წმიდა მოწამენი არიან და ეს ცხადზე უცხადესია. მათ საგანგებო აღიარება არ სჭირდებათ... მე ასე მწამს და ასევე, მწამს, რომ თქვენს უწმიდესობასაც ასე სწამს სულის სიღრმეში..." (ს.ს.ს.ა. ახ.აღწ. 2547. გვ. 163-164)
9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოში ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისკენ სვლა... ხელისუფლების ეკლესიისადმი მიდგომა, სასიკეთო ცვლილებებს განიცდიდა არა მხოლოდ ცენტრალური მთავრობის დონეზე, არამედ ქალაქებსა და სოფლებში. ხდებოდა ხელშეწყობა ტაძრების კეთილმოწყობისათვის. მაგ: 1989 წლის ოქტომბერში, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საფიჩხიის მოედანზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრისათვის ტერიტორიის გამოყოფისა და სათავსოების მშენებლობისათვის გაიცა ნებართვა, ამავე ტაძრის ოცეულის თავმჯდომარის, ლუბა ხუციშვილის სახელზე. ხსენებული ტაძრის მიმდებარედ განთავსებული იყო ბაზარი. აღმასკომმა გადაწყვიტა: „ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.10.1988 წლის N 23.46.780 გადაწყვეტილება და ბაზრის ფილიალის ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიის სათავსო რეკონსტრუქციისა და მიშენებით გადაკეთდეს ამაღლების ეკლესიის სამეურნეო სათავსოდ... ამაღლების ეკლესიის ტერიტორია განისაზღვროს თანდართული სქემის მიხედვით... დაევალოს ისტორიული ნაწილის კონსერვაციის გამოყენებისა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საწარმოო კომბინატი საპროექტო ჯგუფს, ამაღლების ეკლესიის სარესტავრაციო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტის დამუშავება..." (ქ.ც.ს.ა. ფ.149, ა.1 ს. 5822, ფურც.161). ამაღლების ტაძარში საბჭოთა ხელისუფლებას სხვადასხვა დროს მოწყობილი ჰქონდა ჯერ მარილის საწყობი, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკა. ახლა კი თავად ოფიციალური ხელისუფლება ეხმარებოდა ტაძრის ოცეულსა და მის თავმჯდომარე, რათა ტაძარი და მისი კუთვნილი მიმდებარე ტერიტორია სათანადოდ მოწყობილიყო.
1990 წლის 4 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო პატივის აღიარების სიგელების გადმოცემას გამოეხმაურა ოფიციალური ხელისუფლების ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი „კომუნისტი", რომელმაც თავის პირველ გვერდზე დაბეჭდა ინფორმაცია სათაურით: „ღირსშესანიშნავი მოვლენა - ცნეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია" (გაზ. „კომუნისტი", N 55, 1990:1).
მსოფლიო პატრიარქს დიმიტრიოსს, კონსტანტინეპოლში (სტამბული), საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდნენ ქართველი ჟურნალისტები ზურაბ გრძელიშვილი და თამაზ გენძეხაძე. ხსენებული ინტერვიუ დაიბეჭდა ასევე გაზეთ „კომუნისტში", სადაც აღნიშნულია: „„მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო ღირსების ცნობა, ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, იმასთან ერთად, რომ იგი გახდა ესოდენ ძველი და პატივსაცემი ეკლესიის ღირსების ნიშანი, ამავე დროს მოწმობს, რომ ქართული ეკლესია თავის წვლილს შეიტანს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მჭიდრო ერთიანობისა და თანამშრომლობის საქმეში, რაც კიდევ უფრო საჭიროა ჩვენს დღეებში, ვიდრე უწინ" (გაზ. „კომუნისტი", N 80, 1990:4).
1990 წლის 22 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება: „გაუქმდეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი ყველა თავისი ფუნქციით. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა გამოცხადდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად" (ს.ს.ს.ა. ახ.აღწ. 16420. გვ.1). აღნიშნული ორგანოს გაუქმებით, ეკლესიას ძალიან დიდი წინაღობე და ბარიერი მოეხსნა. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის გარეშე, ეკლესიას მკაცრად აკრძალული ჰქონდა ხელისუფლების ნებისმიერ შტოსთან პირდაპირი სახით კონტაქტი, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა დადებითისაკენ.
მას შემდეგ, რაც 1988 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, 1990 წლის სექტემბერში დაიძრა საკითხი გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენის შესახებ, რომელიც 1106 წელს დაარსდა წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის თაოსნობით და მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გელათის აკადემიის შესახებ ბრძანებს: „გელათის აკადემია იყო ის ცენტრი, სადაც იხვეწებოდა და მუშავდებოდა ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნება და ტერმინოლოგია; აქ ითარგმნებოდა არა მარტო ცნობილ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა ნაშრომები, არამედ ანტიკური ფილოსოფიის რჩეული ნიმუშებიც, იწერებოდა ორიგინალური შრომები" (კაცაძე მზ. ნაწ. II, 2017:109).
1990 წლის 8 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატე (მარგალიტაშვილი) და საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი თეიმურაზ შაშიაშვილი. შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქს ეთხოვა, რომ მონაწილეობა მიეღო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალში, რასაც მისი უწმიდესობა და უნეტარესობა პატრიარქი დათანხმდა. ამავე შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ უკანასკნელი ქართველი მონარქი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, უნდა გადმოესვენებინათ სამშობლოში...
1990 წლის 17 სექტემბერს ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება „ქუთაის-გაენათ-ლეჩხუმ-ცაგერ-სვანეთის ეპარქიაში გელათის სასულიერო აკადემიის გახსნის შესახებ", რომელშიც აღნიშნულია: „...ამ რამდენიმე ხნის წინათ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ქალაქის ხელმძღვანელების თხოვნით მოწყობილი შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე რელიგია ასრულებს ერის გამთლიანების ფუნქციას... საქალაქო საბჭოს აღმასკომს ქუთაისის კულტურული ცხოვრების აღორძინების, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქუთაისის ტრადიციული ადგილის დამკვიდრებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად გელათის სასულიერო აკადემიის გახსნა მიაჩნია.
ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა:
1. მოწონებულ იქნას ქალაქის ინტელიგენციის, მოსახლეობის, ახალგაზრდობის წარმომადგენლების და ქუთაის-გაენათ-ლეჩხუმ-ცაგერ-სვანეთის საეპარქიოს წინადადება გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის თაობაზე.
2. ეთხოვოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს განიხილოს გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის საკითხი.
3. ეთხოვოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს აღმოუჩინოს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბოს აღმასკომს საჭირო მხარდაჭერა გელათში სასულიერო აკადემიის გახსნის საკითხში.
აღმასკომის თავმჯდომარე: თ. შაშიაშვილი; აღმასკომის საქმეთა მმართველი: ს. კურტანიძე" (ქ.ც.ს.ა. ფ.149, ა.1 ს.5892, ფურც.12-13).
აღნიშნული დოკუმენტი ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ მკვეთრად და გასაოცრად შეიცვალა ჯერ კიდევ სახელმწიფოს სათავეში მყოფი კომუნისტური ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიისადამი. თუ ათწლეულთა განმავლობაში, საბჭოეთი ხურავდა და ანგრევა ეკლესია-მონასტრებს, ახლა უკვე საბჭოთა ხელისუფლება, თავად სთხოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ აღდგეს და გაიხსნას გელათის სასულიერო აკადემია. მართალია, ამ დროს, უკვე მომხდარია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და ეროვნული მოძრაობაც მომძლავრებულია, თუმცა, ჯერ ისევ კომუნისტური ხელისუფლება ინარჩუნებდა მართვის სადავეებს.
1990 წლის 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით წარსდგა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალში და უსახსოვრა ბიბლია და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი.
1990 წლის 21 სექტემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოსცა ბრძანება N 439: „საქართველოში სასულიერო განათლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად გელათის მონასტერში აღდგეს გელათის აკადემია, სადაც მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ვაჟები 30 წლამდე ასაკისანი და აკადემიის რექტორად დაინიშნოს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გენათელი მთავარეპისკოპოსი კალისტრატე (მარგალიტაშვილი)" (ქ-გ.ეპ.ა.). ამავე დღეს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, გელათის მონასტერში, საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსის კალისტრატესა და სხვა ქართველი მღვდელმთავრების მონაწილეობით.
მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ამგვარად დალოცა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა: „ღვთივკურთხეულნო ივერნო! გილოცავთ ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებას! ხვალ, ღვთისმშობლობას გველოდება ახალი სიხარული - რვაასი წლის დუმილის შემდეგ გაიხსნება გელათის სასულიერო აკადემია.
მეცნიერების ორივე კერა, ვფიქრობთ, გააღრმავებს ჩვენს ერში ცოდნასა და რწმენას, დანერგავს ჩვენს ხალხში სიყვარულს, ურთიერთთანადგომას და მომავლის იმედს.
ღმერთმა დალოცოს ქუთაისის უნივერსიტეტი, გელათის აკადემია და სრულიად საქართველო (გაზ. „ქუთაისი", N181, 1990:1).
გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა, უდავოდ ისტორიული მოვლენა გახლავთ ჩვენი სამშობლოსა და საქართველოს ეკლესიის მატეანეში.
1990 წელს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ეკლესიისთვის სასარგებლო სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღო. მაგ: „გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქად ქუთაისის გამოცხადების 1000 წლისთავის აღნიშვნის მზადებასთან დაკავშირებით ბაგრატის ტაძარზე და მოწამეთის მონასტრის კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებზე და ძეგლებზე 1990 წელს შესასრულებელი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესახებ, „ქუთაის-გაენათის ეპარქიის /მმართველის/ კალისტრატეს და ქალაქის ისტორიული ნაწილის კონსერვაციის გამოყენებისა და რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საწარმოო კომბინატის თხოვნის შესახებ ყოფილი მე-18 საშუალო სკოლის ძველი ისტორიული შენობის მათ კუთვნილებაში გადაცემის თაობაზე.
1990 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გივი გუმბარიძე მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, რომ საქართველოს სსრ ხელმძღვანელი პირი ეწვია საქართველოს საპატრიარქოს. გაიმართა საუბარი სახელმწიფოსა და ეკლესიის მომავალი ურთიერთთანამშრობლობის ირგვლივ. აღნიშნული შეხვედრის შესახებ, ინფორმაციაში, გაზეთი კომუნისტი წერდა: „თხუთმეტი საუკუნის ისტორია აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ერთგულად ემსახურებოდა ხალხის ინტერესებს, იყო მისი სულიერი მოძღვარი, ხელს უწყობდა ურთიერთგაგების განმტკიცებას, საერთო ეროვნულ ინტერესებისათვის ბრძოლაში გაერთიანებას. ეკლესია ხალხში ამკვიდრებდა კაცთმოყვარეობის, სიკეთისა და სამართლიანობის პროგრესულ იდეებს. იყო ცოდნის გამავრცელებელი, აშენებდა შესანიშნავ ანსამბლებს, რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებენ ადამიანებს... გივი გუმბარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მუდამ დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა ჰქონდა მოხვეჭილი მთელ მსოფლიოში. მან უდიდესი, ფასდაუდებელი როლი შეასრულა ქართველი ხალხის სულიერ განვითარებაში. ეკლესიის ეს მისია განსაკუთრებით ვლინდება დღეს საქართველოს რთულ და საკმაოდ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა რესპუბლიკა ადგას თავისი სახელმწიფოებრიობის, პოლიტიკური და ეკონომიკური სურენიტეტის აღდგენის გზას, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევა დაეხმარება მრავალი საჭირბოროტ საკითხის უსწრაფეს გადაწყვეტას. მას ხელს შეუწყობს კანონი, რომელიც ამჟამად მზადდება საქართველოში და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს" (გაზ. „კომუნისტი", N 225, 1990:1). არა თუ მეოცე საუკუნეში მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქების მამამთავრობებისას, არამედ რამდენიმე წლით ადრეც კი წარმოუდგენელი იყო ამგვარი რადიკალური ცვლილება საბჭოთა სახელმწიფოს დამოკიდებულებისა ეკლესიისადმი.
საქართველოში, როგორც სახელმწიფოებრივ-ეროვნულ, ისე საეკლესიო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისა გახლდათ უკანასკნელი ქართველი მონარქის, იმერეთის მეფის სოლომონ მეორის სამშობლოში გადმოსვენება, რომელშიც ერთმანეთის მხარდამხარ იდგა ერი და ბერი. 1990 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მოისმინა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის, დოცენტ პეტრე ვაჭრიძის ინფორმაცია იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით: აღვნიშნავ, რომ ვესწრებოდი იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ნეშტის სამშობლოში გადმოსასვენებლად შექმნილი რესპუბლიკური კომისიის სხდომას. გამოითქვა აზრი, რომ სოლომონ მეორე დასაფლავებულიყო სვეტიცხოვლის ტაძარში. ამ აზრს მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა უმრავლესობამ. პროფესორმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ სოლომონ მეორე დასაფლავებული უნდა იქნას გელათში. ასეთივე აზრი გამოვთქვი მეც... განვაცხადე, რომ ამ კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქუთაისის წარმომადგენელი. კომისიის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში შეყვანილი იქნენ ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი (იმხანად იგი მთავარეპისკოპოსი გახლდათ. შენ. ავტ.) კალისტრატე და მე - საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, დოცენტი პეტრე ვაჭრიძე. აღმასკომის წინაშე შემოვდივარ წინადადებით, შეიქმნას საქალაქო კომისია, სოლომონ მეორის ნეშტის ქუთაისიდან გელათში გადასვენების და იქ დასაფლავების ორგანიზაციის მიზნით" (ქ.ც.ს.ა.ფ.149, ა.1, ს.5892, ფურც.8-9). 1990 წლის ნოემბერში მეფე სოლომონ მეორე გადმოსვენდა სამშობლოში. იგი ჯერ დაასვენეს სვეტიცხოველში, საიდანაც 22 ნოემბერს გადაასვენეს ქუთაისში. 24 ნოემბერს დაიკრძალა გელათის მონასტრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სამეფო პატივით.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებდა, რომ ეკლესიის სასარგებლო ძვრები და სათანადო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. მართალია, ეკლესიისადმი საბჭოეთის მიერ მიყენებული ზარალი იმ რაოდენობის არის, რომ დღემდე ვერ ანაზღაურდა და ალბათ შეუძლებელია, სრულად ანაზღაურდეს, თუმცა დაწყებული პროცესები უდავოდ სასიკეთო იყო ათწლეულთა განმავლობაში, ათეისტური მთავრობის მიერ ძლიერ შეჭირვებული მებრძოლი ეკლესიისთვის.
1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანების „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" გამარჯვებამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოში კომუნისტური პარტიის მმართველობა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა და დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

განმარტება
ს.ს.ს.ა. - სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივი
ქ.ც.ს.ა. - ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი
ქ-გ.ეპ.ა. - ქუთაის-გაენათის ეპარქიის არქივი
გაზ. - გაზეთი
ვარდოსანიძე ს. 2017: - ვარდოსანიძე სერგო, „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)", თბილისი, 2017 წ.
კაცაძე მზ. ნაწ. II, 2017: - „ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; პირადი წერილები, ჩანაწერები, ფოტოები", ნაწილი მეორე, პროექტის ავტორი და შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2017 წ.