"წადი! ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას!"
"სახლიდან რომ საოპერაციოდ გამზადებულ თანხას მოიპარავს, იმ რეჟიმს და მის მომხრეს რაზე უნდა ვესაუბროთ?!"
"ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- ბატონო გოჩა, ბოლო დღეების პროცესები შევაფასოთ. რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდა უკვე რეჟიმი, ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელში გაზიარებული პოსტების და ქარდების გამო აპატიმრებენ ხალხს.
- ბოლო დღეების ქმედებები, ეს არის „ქართული ოცნების“ აგონიის ერთი ფაზა. რეალურად, მათთვის ეს მონოტონური აქციები, რომელიც უკვე 60 დღეს გასცდა და ყოველდღიურად მიმდინარეობს, ნერვების მომშლელი აღმოჩნდა. შესაბამისად, უკვე ახალი ეტაპი დაიწყეს, ადამიანები გამოხატვისთვის უნდა დაიჭირონ. აზრის გამოთქმისთვის უნდა დაიჭირონ. მე მუდმივად მიჩნდება კითხვა, ვინ ახორციელებს ამ დაჭერებსა და ე. წ. კანონიერ ქმედებებს რეჟიმის ჭრილში?! ბანდიტები და ყაჩაღები ხომ?! სხვა შეფასება არ მაქვს.
- ასეა. სახლებს ჩხრეკენ და თან აყაჩაღებენ. სახლებიდან ფულის მოპარვაზე გადავიდნენ. რაღაც ახალი ეტაპია ეს ყველაფერი.
- რა თქმა უნდა, ასეა. დაბეჯითებით ვამბობ, ქუჩაში რომ გაიაროთ და აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეები გააჩეროთ, რომლებიც უკვე 2-3 წელია საქართველოში ცხოვრობენ, ყველა გეტყვით, რომ ეს მათ გამოიარეს. ეს ჩვეულებრივი რუსული სტანდარტია, როდესაც ყველანაირ კანონიერ ფორმებს გაცდნენ ძალოვანი სტრუქტურის უნიფორმაში თუ მის გარეთ მყოფი პერსონები. შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, უწყობენ პროვოკაციას, სცემენ, ძალადობენ და ყველაზე მთავარი, უკვე გაქურდვაზე გადავიდნენ. ყაჩაღობენ! ამაზე დიდი სირცხვილი გინახავთ?! აი ამ სირცხვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროდ წოდებული უწყება, ოდესმე მოიშორებს?! ჩვენ უკვე გამოვიარეთ ის ეტაპი, როდესაც ადამიანები პოლიციელებს ძაღლებს ეძახდნენ და ეს სიტყვა გაქრა საერთოდ და უდიდესი მოწიწება არსებობდა პოლიციელის მიმართ.
- თუმცა, დღეს დაასამარეს ისევ.
- დიახ. ახლა ვინ არიან ესენი?! შესატყვისი სახელი ვერ მოვუძებნე იმის გარდა, რომ ესენი არიან ყაჩაღები. ეს არის დაშინების ახალი ფაზა, იმ აგონიაში მყოფი ხელისუფლების, რომელმაც თითქოს არ იცის, როგორ განვითარდება თავისი მომავალი. არადა, ზუსტად იცის.
- 22 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს და მხოლოდ ცინიკურ განცხადებებს ვისმენთ. ან საპატრიარქო რატომ დუმს?
- რაც შეეხება ქალბატონ მზიას, მასთან დაკავშირებით დარღვეულია აბსოლუტურად ყველა ნორმა. პირველ რიგში, მორალური, ეთიკური, დარღვეულია სამართლებრივი ნორმაც. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი ხშირად აპელირებს ქრისტიანობაზე, ტრადიციებზე და ეს რომელ ქართულ ტრადიციაში ჯდება?! ქალზე ძალმომრეობის შედეგად, მისთვის პროვოკაციის მოწყობის შედეგად, სილის ვერ ატანა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მზიას სამაგალითოდ სჯიან. რა შეუძლია გააკეთოს ქალბატონმა მზიამ? მოწმეზე მოახდენს ზემოქმედებას? მტკიცებულებებს გააქრობს?! ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაჰუმანური რეჟიმი! ყველაზე საგანგაშო კი ჩვენთვის ის არის, რომ ისინი სწორედ რუსული სტანდარტებით მოქმედებენ. მათ სწორედ რომ რუსეთი უწევს ინსტრუქტაჟს. ქრისტიანულ მოტივებზე რომ მიდგება საუბარი, ქალბატონი მზიას კონტექსტში როგორ იმზირება ეს ყველაფერი?!
- რატომ დუმს საპატრიარქო?
- საპატრიარქო რატომ დუმს და ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ. მე ხშირად მითქვამს, რომ აგერ თბილისში, სანაპიროზე, ჩვენ გვაქვს რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალი. ამას წლებია ვამბობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპატრიარქოში არ არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, მაგრამ მათ გადამწყვეტი სიტყვა არ აქვთ.
- ჩვენ გვახსოვს მაგალითები, როდესაც პატრიარქი შესულა არაერთ მოშიმშილესთან.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში მოსაყდრის სახით პირდაპირ ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დასმული შიო გვყავს, რომელიც იძულებით დაანიშნინეს პატრიარქს. ეს ხომ არავის დაავიწყდა, როგორ მოხდა შიოს დანიშვნა?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ მეუფე შიოდ წოდებული პერსონა, არის რუსების ეგზარხოსი თბილისში. რუსი ეგზარხოსებიც არ ყოფილან ასეთი გულგრილები, როგორიც ეს ადამიანები არიან! რას ჰქვია რატომ დუმს? ჩვენ დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტები და ჩვენებები გვაქვს ძალოვანი უწყებებიდან, რომ ცალკეული დარბევები საპატრიარქოსთან თანხმდება და საპატრიარქოს მარბიელი რაზმები ცალკე ვიცით. ჰუმანიზმზე საუბარი და ჰუმანიზმის მოთხოვნა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჰუმანიზმის ნატამალი არასოდეს არ ჰქონიათ, მათ ერთადერთი ღმერთი ჰყავთ, ფულის და საკუთარი კეთილდღეობის სახით, ამ ადამიანებს როგორ შეიძლებ,ა რამე მოვთხოვოთ?! რა ემპათიას ვითხოვთ ამ ხალხისგან, ან ხელისუფლებისგან?!
- პირიქით, დასცინიან, ცინიკურ განცხადებებს ვისმენთ.
- ასეა, რა თქმა უნდა. ხელისუფლებისგან ნაკვები, ქართულ ინტელიგენციად წოდებული ადამიანები, რეალურად, მათ საბჭოთა ადამიანები შეგვიძლია ვუწოდოთ. რომელში გამოიღვიძა ემპათიამ ამ პროტესტის მიმართ?! ერთადერთი, ქალბატონი ნაირა გელაშვილის განცხადებებს ვისმენთ და ეს ბოლო განცხადება საკმაოდ მწვავე იყო მორალური თვალსაზრისით.
- საკმაოდ შეურაცხმყოფელი და ცინიკური კომენტარები ვნახე მისი ამ წერილის ქვეშ. "თქვენც, ქალბატონო ნაირა?"... იყო ასეთი შეფასებები მის მიმართ ხელისუფლების მომხრეების მხრიდან.
- ეს „თქვენც, ქალბატონო ნაირა“ - ეს ჩვეულებრივი ქოცის და მათი მომხრის ნათქვამი კი არ არის. ეს რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი, თქვენც?! ის მიეჩვია, ეს ფულგადახდილი და ნაკვები ინტელიგენცია, წლების განმავლობაში ხმას არაფერზე იღებდა და მათ ჯიბეში უდევთ. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, მას უკვირს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ „ქართული ოცნების“ არაერთ მომხრეს, თქვენც?! როგორც ბრუტუსის ვარიანტი. თვითონაც ზუსტად ისე ურტყამენ ზურგში დანას ქართულ სახელმწიფოს, როგორც ბრუტუსმა ჩაარტყა დანა ცეზარს. მეტი კი არაფერი ხდება! ვერ ხვდებიან, რომ ამ მკვლელობის თანამონაწილეები არიან?! ქართული სახელმწიფოს მკვლელობის თანამონაწილენი! გადასარევად ხვდებიან, თუმცა, მათთვის სახელმწიფო, იდეა არასოდეს არ ყოფილა. მათთვის იდეა ყოველთვის იყო საკუთარი სტომაქი და საკუთარი კეთილდღეობა! აი აქედან ამოდიან. მათთვის სახელმწიფო და ქვეყანა არ არსებობს. მთავარია თვითონ იყვნენ კარგად და სახელმწიფო იარსებებს თუ არ იარსებებს, მათთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ერთი რამ ავიწყდება რეჟიმსაც და მის მომხრეებსაც, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა არის ერთადერთი იდეა, რომელიც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არ დამარცხებულა.
- ბატონო გოჩა, ახალ ეტაპზე გადავიდა რეჟიმი. ვნახეთ, რომ პოსტების გაზიარებისთვის დაიწყეს დაკავებები. მას შემდეგ, რაც დიდი აქცია დაანონსდა, მაგისტრალის გადაკეტვა, სისხლის სამართლით დასჯადი გახადეს.
- რეჟიმი იქნება საკმაოდ სასტიკი აქციის მონაწილეების მიმართ. ეს სისასტიკე მათ საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად სჭირდებათ. ასევე, მათი მომხრეები რომ დაარწმუნონ, ნახეთ, როგორი ძლიერები ვართ. თუმცა, ეს მათ ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს! ეს გზის გადაკეტვა კი არ არის, ეს არის თავისუფლებისათვის ბრძოლა, რასაც ესენი ვერ იგებენ. ხელისუფლებისთვის ბრძოლაც კი არ არის უკვე, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა! ეს თავისთავად მოიცავს დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრების წესს. მათ კი ეს არ უნდათ და ამიტომაც იბრძვიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ვერ დაამარცხებენ ამას! მე უფრო მეტსაც ველოდები. მარტო ქუჩაში კი არ აიყვანენ ხალხს და პოსტების გამო კი არ მიუვარდებიან სახლებში, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მეზობლების დასმენით დაიწყონ დაჭერები.
- 37 წელია?
- ეს გამოვიარეთ ჩვენ და ესენიც იმათი ნაშიერები არიან. ვინც მაშინ ასმენდნენ, დღეს იმათი ნაშიერები არიან ივანიშვილს მიტმასნებული წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლების სახით.
- პროცესების როგორ განვითარებას ელით? ვხედავთ, რომ ყველა ევროპულ ინსტიტუციას ტოვებს „ოცნება“. რა უნდათ, სრული იზოლაცია და უფრო დიდი ნაბიჯებით რუსეთისკენ?
- დიახ, ეს მისთვის საამური პოზაა. ევროსაბჭოს მუშაობის შეწყვეტა, როგორ შეიძლებოდა, ეს აქტი ერთპარტიულად იყოს მიღებული. „ოცნება“ ფიქრობს, რომ ეს სწორედ ის არის, რაც მათ უნდოდათ. ცუდია ევროპა და იქიდან გავდივართო, არწმუნებენ საკუთარ მომხრეებს. აი ის ევროპული სიკეთეები რომ მოაკლდება მათ მომხრეებს, მერე როგორ იქნება საქმე?! ნებისმიერ ინსტიტუციასთან გაწყვეტენ ურთიერთობას, რომელიც მათ მიუთითებს, რომ მოექცნენ სამართლებრივ ჩარჩოებში.
- რამდენად რთული იქნება ასეთი რეჟიმის დამარცხება? როდის მივალთ დასასრულამდე?
- ჯერჯერობით, ამ ეტაპზე მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური სახსრები, რომ საკუთარი მომხრეები კვებონ. ამაზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ეს ადამიანები სხვა ღირებულებებით ვერ აზროვნებენ. გაზაფხულიდან, მარტის თვიდან ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ჩვენთან. სერიოზული ეკონომიკური რყევები დაიწყება. აი შავ სალაროში რომ ფული აღარ აღმოჩნდება და ბიზნესმენებს მოუწევთ ფულის გადახდა, რადგან ამას რეჟიმი დაავალებს, აი მაშინ მნიშვნელოვანი რღვევა დაიწყება ამ რეჟიმის. მორალსა და რაიმე ღირებულებებზე ვერც რეჟიმს და ვერც მათ მომხრეებს ვერ დაველაპარაკებით, აზრი არ აქვს. სახლიდან რომ საოპერაციოდ გამზადებულ თანხას მოიპარავს, იმ რეჟიმს და მის მომხრეს რაზე უნდა ვესაუბროთ?!
- ფიქრობთ, რომ გაზაფხულზე რაღაც შეიცვლება?
- რა თქმა უნდა. დღეს ეს აგონია, რაც რეჟიმს ჭირს, იმითაც არის განპირობებული, რომ ისინი ნათლად ხედავენ საკუთარ რიგებში რღვევას. ახლა ამ რღვევის შესაჩერებლად სჭირდებათ ძალადობის დემონსტრირება, რომ შიგნით, საკუთარი რიგები ამ შიშებით შეაჩერონ. ეს არ არის მხოლოდ სამართლიანობის მხარეს მდგომი ადამიანების დაშინების მცდელობა. ეს ძალადობა არის, პირველ რიგში, დემონსტრირება „ქართული ოცნების“ მომხრეებისათვის“, რომ არსად წასვლა არ გაბედონ, თორემ ასე დაისჯებიან!
დღეს პროტესტის მონაწილეები უნდა მიხვდნენ იმას, რომ სამიზნეები სწორად იყოს გამოკვეთილი. ჩვენ სწორად უნდა ვთქვათ: წადი! სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა! ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მხოლოდ არჩევნებს ვითხოვთ ან მხოლოდ რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას. არა, ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს! მოთხოვნა უნდა იყოს უფრო მკაფიო და ნათელი: წადი!
ნონა ცაბაძე