ფუტკრის სკასავით აფუთფუთებული და აჯანყებული დღევანდელ საქართველო - ნატა აფციაურის რეპორტაჟი
23.03.2026
ნახვები: 271
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავყრილობებით ნაქსოვ ჯაჭვის პერანგს კიდევ ერთი საიმედო რგოლი შეემატა. 2025 წლის 10 მარტს ლიტერატურის ინსტიტუტის პავლე ინგოროყვას დარბაზში გაიმართა გოჩა მირცხულავას წიგნის „საშიში იდეალისტები“ განხილვა.
როდესაც მზე შუბის ტარზე გადაიხარა და მარტის შეციებული ქარი დარაბებს მოაწყდა, თბილ, მყუდრო ოთახში ბატონმა როსტომ ჩხეიძემ ლიტერატურული საღამო გახსნა.
შეხვედრების უცვლელმა თაოსანმა და წამყვანმა დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა უცნობი მწერალი, გეგე დადიანი, ჩვენდა გასაკვირად ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება ცნობილი ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა ყოფილაო. მან ფსევდონიმით გამოაქვეყნა რომანი, რათა მკითხველი მისი სახელისა და გვარის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო და რომანზე წარმოდგენა ხელოვნურად არ შეჰქმნოდა. თურმე მწერალს სურდა, თავისი რომანის ნაკლოვანება-ღირებულების შესახებ მკითხველისაგან მიუკერძოებელი, ჯანსაღი კრიტიკა მოესმინა. ბატონმა როსტომმა დასძინა, რომ ჟურნალისტობა და მწერლობა სრულიად სხვადასხვა რამაა, მათ შორის დიდი ზღვარია, ამიტომ მათი ერთმანეთში არევა დაუშვებელიო. ასევე შეგვახსენა, რომ ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელიო ჟანრებია დოკუმენტური პროზა და პუბლიცისტიკა. ხოლო ბატონი გოჩას შემოქმედებაში, წამყვანის თქმით, სუფთა დოკუმენტური ნაკადია და ნასახი არ არის პუბლიცისტიკისა.
რომანში „საშიში იდეალისტები“ არეკლილია ჩვენი დღევანდელი რეალობა, ის რაც ჩვენ თვალწინ ხდება, ეს პროცესები არის გაანალიზებული მწერლის თვალით ისევე გაბედულად, შეუფარავად, როგორც საერთოდ სჩვევია გოჩა მირცხულავას. ბატონი როსტომი დარწმუნებულია, რომ ეს წიგნი თავისებური გზამკვლვი იქნება არაერთი მკითხველისათვის, თუ როგორ გაიაზროს ჩვენი დღევანდელობა.
მომხსენებელი, ნინო ვახანია, წარადგინა, როგორც ქართული კრიტიკის სოხუმური ფრთის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მომხსენებლად უფრო ადრე დაანონსებული გახლდათ სოხუმის უნივერიტეტის პროფესორი, ქეთევან მარგიანი, რომელიც მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა საღამოს ვერ დაესწრო.
ქალბატონმა ნინომ თავისი მშვიდი ხმით განაცხადა, „საშიში იდეალისტები“ დღევანდელი დღისთვის უაღრესად საჭირო წიგნია, რომელშიც იმდენად თამამადაა გამოთქმული აზრები, რომ მეშინია, ეს სათქმელი თვითონ ავტორისთვის არ აღმოჩნდეს საშიშიო...
უტოპიური იდეალიზმი და დისტოპიური რეალობა უწოდა მან თავის მოხსენებას. ორატორის თქმით, „საშიში იდეალისტები“ მხატვრული სიტყვით გადმოცემული განსჯაა საზოგადოებრივი მოვლენებისა და სულაც იდეალურის ძიების მცდელობა. წიგნი ეძღვნება ყველას და რაც უმთავრესია - სახელმწიფოს. წიგნში საუბარია საზოგადოების პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე. პოლიტიკური აქცენტების მიუხედავად, რომანი მხატვრული ნაწარმოებია. იდეალისტები საშიშნი არიან, მაგრამ ვისთვის? ხალხისთვის? - არა, სახელმწიფოსთვის? - არა, მამულისთვის? - არა. ისინი საშიშნი გახლავან მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისთვის მზრუნველ ხელისუფალთათვის.
ქვეყნის ბედზე დაფიქრებული პერსონაჟი, რომელსაც ავტორი თავის ნააზრევს გამოათქმევინებს, სახელმწიფოს ჩამორჩენის ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფალთა გაუნათლებლობას მიიჩნევს. მთელი რომანი ცხადად თუ შეფარვით თავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, იგი თავისუფლების ჰიმნია. რომანის პერსონაჟები ცდილობენ ჯემალ ქარჩხაძის პერსონაჟის, იგის, მსგავსად, თოვლზე თავიანთი კვალი დატოვონ. ავტორსაც საკუთარი კვალის აღბეჭდვა სურს.
რომანში ჩართულია რამდენიმე მცირე ნოველა თუ მინიატურა. ორდეს, მთავარი პერსონაჟის ოჯახის თავგადასავალი კი ხერხემალია მთელი თხრობისა. რომანი თავისუფლების ძიების იდეით მთავრდება.
ქალბატონმა ნინომ დეტალურად განიხილა რომანის თემატიკა, პრობლემატიკა, სტილისტიკა, დაახასიათა მთავარი პერსონაჟები, გამოკვეთა ავტორის სავარაუდო სათქმელი. გამოყო რამდენიმე ეპიზოდი. მთლიანობაში წიგნი წარმოაჩინა, როგორც მართალი სურათი ჩვენი დღევანდელობისა.
შემდეგ ბატონმა როსტომმაც დაბეჯითებით აღნიშნა, ხანი რომ გავა, დღევანდელობის შესაფასებლად თუ რამე გამოგვადგება, ერთ-ერთი სწორედ ბატონი გეგეს რომანი იქნებაო. და სიტყვა გადასცა პუბლიცისტსა და რომანისტს ბესიკ ლაგვილავას, რომელიც, მათემატიკოსიც ყოფილა, ეკონომისტიც, პოლიტიკოსიც, იმ დღეს კი აუდიტორიას კრიტიკოსის ამპლუაში მოევლინა.
მან, გეგე დადიანის რომანში მოგზაურობით გაბრუებულმა კიდევ ერთმა გამომსვლელმა, სიამაყით განაცხადა, რომ 300-გვერდიანი წიგნი ერთ დღეში, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა, რაც უკვე ამ წიგნის შეფასებააო.
მერე აღნიშნა, რომანში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია წამოჭრილი, ძალიან ბევრი ღრმად გასააზრებელი შეკითხვაა დასმულიო. მომხსენებლის მსგავსად, მასაც უფიქრია, რომ ორდე და მემე ორი პერსონაჟი კი არა, ერთი ადამიანის ორი სახეა და ისინი ავტორის ალტერ ეგოს წარმოადგენენ. ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნაწარმოები დასაწყისშივე ეხება იმას, თუ რა არის დღეს ქართული ეკლესია. დღევანდელ წმინდა სახლებში ბევრია ისეთი უღირსი, უწმინდური მღვდელი, რომელთაგანაც ეკლესიის გათვისუფლება, გაწმენდა აუცილებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არსებობენ მღვდლები, რომლებიც კეთილშობილების განსახიერებანი არიან. გამომსვლელმა ამ უკანასკნელთა ნიმუშად მოიხსენია თავისი მეგობარი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან დადის, მიაქვს მათთან კანფეტები და ზღაპრებს უკითხავს.
გამოყო ტექსტის ერთ-ერთი უცხო თემა. ეს განსხვავებული ორიენტაციის საკითხია. თუ ქალბატონი ნინოს აზრით, ამ თემის ავტორისეული გაშუქება შესაძლოა, ყველას არ მოეწონოს, ბატონი ბესოს თქმით, ამ საჭიორბოროტო საკითხზე საუბარს ყველა ერიდება, რადგან იარლიყების მიწებების ეშინიათ. მწერალმა მნიშვნელოვანი საკითხი დასვა ქართულ ლიტერატურაში და მასზე პოლემიკაც მნიშნელოვანია და თან აუცილებელიო, დასძინა.
შემდეგ ბატონმა როსტომმა იმის აღნიშვნით, რომ ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების ერთ-ერთი მისია ახალგაზრდების ასპარეზზე შემოყვანა, მათთვის გზის დათმობაა, სიტყვა გადასცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტს, ნინი ბირკაიას.
ნინიმ ხმაში ოდნავი მღელვარება ეტყობოდა. მან ყურადღება ჯერ რომანის სათაურზე შეაჩერა:
სათაური ხომ ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების „კარიბჭეა“, ამ შემთხვევაშიც ყურადღებას იქცევს რომანის სათაური „საშიში იდეალისტები“. ეს ორი სიტყვა გარკვეულ პარადოქსს ქმნის. რადგან იდეალიზმი ზოგადად დადებით მნიშვნელობას ატარებს, თუმცა ავტორი სწორედ ამ წარმოდგენას უპირისპირდება. სიტყვა „საშიში“ აქ არ გულისხმობს პირდაპირ დესტრუქციულობას. იდეალისტი საშიშია არა იმიტომ, რომ ის ძალადობრივი ან დამანგრეველია, არამედ იმიტომ, რომ იგი არ ეგუება არსებულ მდგომარეობას და ცდილობს რეალობის შეცვლას. ამგვარად სათაური ინტერპრეტაციული გასაღებია, რომელიც მკითხველს ტექსტის ღრმად გააზრებისკენ უბიძგებსო.
მთავარი პერსონაჟი არ მიიჩნია იდეალიზმის ბრმა მიმდევრად. მის სულში მუდმივად მიდის თვითჩაღრმავების, გამორკვევის პროცესები. მისი იდეალიზმი მუდმივად თვითკრიტიკის გზას გადისო.
საბოლოოდ დაასკვნა, რომ ნაწაროები ყოველმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. ცალკე, საგანგებოდ დაუთმო დრო რომანის ფინალზე საუბარს - ადმინისტრაციული შენობის მუზეუმად, „თავისუფლების სასახლედ“ ქცევის იდეას. მუზეუმი არის ადგილი, სადაც წარსულს თვალებში ვუყურებთ, ეს მეტაფორა კი გულისხმობს, რომ სახელმწიფოებრიობის არსის შეგრძნება წარსულის გააზრების გარეშე შეუძლებელიაო.
კვლავ წამყვენმა განაგრძო. ჯერ კიდევ 90-იან წლებში განცდა არსებობდა, რომ საქართველო მხოლოდ თბილისია... ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანი სრულფასოვანია, ისევე როგორც ჩვეულებრივი თბილისელიო. გაიხსენა, ჩვენც ჩავდიოდით, თვითონაც ჩამოდიოდნენ, მონაწილეობდნენ თავყრილობებში, ჩამოსვლას თუ ვერ მოახერხებდნენ, გვიგზავნიდნენ თავიანთ ნააზრევს და ჩვენ აქ ვაჟღერებდითო.
იმ დღესაც ქუთაისის უნივერსიტეტის პროფსორის, მკვლევრისა და კრიტიკოსის ნესტან კუტივაძის მოწოდებული ჩინებული განხილვა წიგნისა აუდიტორიაში გაახმოვანა ეკა ლაცაბიძემ, მრავალმხრივმა ადამიანმა - იურისტმა, პროზაიკოსმა, დრამატურგმა. აქ რამდენიმე ამონარიდს გაგაცნობთ ქალბატონის ნესტანის წერილიდან:
„საშიში იდეალისტები“ მხატვრულად განასახოვნებს ფუტკრის სკასავით აფუთფუთებულ და აჯანყებულ დღევანდელ საქართველოს. ლაკონიური და თვალსაჩინოა გეგე დადიანის კონცეპტუალური მარკერები: სამშობლო სულია, სახელმწიფო-სხეული. შესაბამისად, მტერი სამშობლოს ვერ ართმევს ადამიანს, ამიტომ სახელმწიფოს უსპობს.
როდის ხდება ცოცხალი არსება ადამიანი და მოქალაქე? ამ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კითხვაზე ნათელია გეგე დადიანის პასუხიც: როდესაც არ ნებდება, ეცემა, მაგრამ მაინც დგება. იბრძვის, რომ ხვალ უკეთესად იგრძნოს თავი არამხოლოდ მან, არამედ მისთვის ძვირფასმა ადამიანებმაც.
რომანი გაბედულად რეფლექსირებს უაღრესად მძიმე თემებზე, გაშიშვლებული სახით აჩვენებს ოჯახის საფარველქვეშ არსებულ შემზარავ დანაშაულებებს (ინცესტი, პედოფილია)... მკითხველის წინაშეა პოსტმოდერნისტული ესთეტიკით დატვირთული რომანი, რომლის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური შრეები ზედმიწევნით აჩვენებს ჩვენი თანამედროვეობის სულისკვეთებას, ასახავს თაობათა კონფლიქტს. სხვა რაა მხატვრული ლიტერატურის ფუნქცია, თუ არა ადამანის დაფიქრება და ამ გზით მათი სულიერი კათარზისი.
შემდეგ ლიტერატორსა და პოლიტიკოსს ნიკოლოზ სანებლიძეს ვუსმენდით.
მისი აზრით, ეს წიგნი დიდხანს გაჰყვება მკითხველის მეხსიერებას. ეს კი დიდ ღირსებად მიიჩნია, რადგან თანამედროვე მწერლობაში იშვიათია, წიგნმა თავი დაგამახსოვროს, დღეს მეტად ზედაპირული წიგნები იწერება. ბატონი გეგეს ნაწარმოებში ვხვდებით როგორც მარტივ ამბებს, ასევე ამაღლებულ სცენებს, რაც რომანის მრავალფეროვნებაზე მეტყველებსო.
გამოყო ძალიან საინტერესო პასაჟი, რომელიც ეხმიანება ქართულ ლიტერატურის ერთ-ერთ მიმართულებას. ეს არის: უცხოელი და ქართველი. უცხოელი, როგორც შენი მეორე მე.
საყურადღებოდ მიიჩნია, რომ არცერთ გმირს არ აქვს მამასთან ურთიერთობა, მთავარი გმირი საერთოდ არ სცნობს მამას... როგორც წესი მამა არის საქმე, რომელიც უნდა გააგრძელოს შვილმა. ეს არის აუცილებლობა, რაც მამიდან შვილზე, განსაკუთრებით ვაჟზე გადადის. აქ არის წყვეტა, შვილი ამბობს, არ გავაგრძელებ იმას, რაც შენ გქონდა. მამა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის სიმბოლოა, რომლის წესებით ცხოვრება ახალ თაობას აღარ სურსო.
ბატონმა ნიკოლოზმა კიდევ ბევრი უაღრესად საყურადღებო რამ თქვა. უზომო განათლების წყალობით თავისუფლად მოიხმობდა თანამედროვე თუ ადრეული ხანის უცხოელ მწერალთა, ფილოსოფოსთა, პოლიტიკოსთა გვარებს, მათ ნაწერებს. პარალელს ავლებდა ქართულ მწერლობასთან. საკმაოდ ვრცელ საუბარში რამდენიმე ხაზი თუ ძაფი გაწყვიტა კიდეც, რათა მსმენელი არ გადაეღალა. საბოლოოდ, პირობა დადო, რომ ამ გამოსვლას წერილად აქცევს.
წამყვანმა გახარებულმა ბრძანა, დღეს რამდენიმე შესანიშნავი წერილი „იშოვა“ ჩვენმა ლიტერატურამო. მერე გაიხსენა, რომ წინა თავყრილობა მიეძღვნა ქართულ მინიატურას და იყო თეატრალიზებული სანახაობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარიამ ლოლაძემაც, მსახიობმა, რომელმაც რამდენიმე მინიატურა წაგვიკითხა, დღეს წარმოგვიდგება, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსიო. ზევით ახალგაზრდებზე ზრუნვა ტყუილად და შემთხვევით არ უხსენებია ბატონ როსტომს. ამ ზრუნვას ჟამიდან ჟამად კი არა, მუდმივად გრძნობს დაკვირვებული ადამიანი.
მარიამმა აქცენტი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების მხატვრულ სახეზე გაამახვილა. ორდე ქორდავამ უამრავ ქარტეხლს გაუძო და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მან მემეში ნამდვილი მონათესავე სული იპოვა, მემე მისი ცხოვრების ნამდვილი აღმოჩენა და გამართლება გახდა. მათ ერთნაირი მიზნები ამოძრავებდათ, ორდემ მემესთან ერთად გადაწყვიტა, შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს, რომ მათაც ეთქვათ ხმამაღლა ორდესა და მემეს მსგავსად: „არ მეშინია“...
აღნიშნა, წიგნში ავტორი ყურადღებას ამახვილებს სოციუმზე - ქრისტე ჯვარს სწორედ ხალხმა აცვა, თორემ პილატემაც კი ვერ გაბედა ეს.... სოციუმზეა დამოკიდებული არამხოლოდ კონკრეტული ინდივიდის, არამედ თავად სახელმწიფოს ბედიო. პერსონაჟებს ძალიან უნდათ, რომ თამამად იცხოვრონ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში, იქ, სადაც ახალგაზრდები თავს არ იკლავენ, არამედ სიცოცხლე უხარიათ...
და იმით დაასრულა, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი პირადი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ჩვენ-ჩვენს პირად ტყეში ვართ შესასვლელებიო...
ბოლოს ბატონმა როსტომა სიტყვა გადასცა პაატა ქურდოვანიძეს, უნიკალური „ქართულ-აფხაზური ალბომის“ შემდგენელსა და სხვა სასიკეთო საქმეთა აღმსრულებელს და იქვე აღნიშნა, რომ ამ ადამიანმა არაერთი ძვირფასი ფურცელი გადაგვირჩინა განადგურებისაგან. განძია, რასაც ის აკეთებს და აუცილებლად დაფასდება ადრე თუ გვიანო...
ბატონმა პაატამ ყურადღება გაამახვილა და სიხარულით აღნიშნა, რომ საღამოს ახალგაზრდები ესწრებიან, მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში, სადაც წიგნს თითქმის აღარავინ კითხულობს, ახალგაზრდების დასწრება ასეთ საღამოზე ბევრს ნიშნავსო.
მგზნებარედ ილაპარაკა. თქვა, რომ იდეალისტი კი არ არის საშიში, საშიშია ის, რომ დღეს იდეალისტი საშიშად მიაჩნიათ. ამ წიგნმა ძალიან ბევრი ფიქრი აღძრა. იდეალისტები არასოდეს არცერთ ქვეყანაში არ ყოფილან საშიშები, საშიშები არიან მხოლოდ იქ, სადაც არ უნდათ, რომ იდეალური საზოგადოება იყოსო.
იდეალისტები საშიშნი ფანატიკოსებისთვის, ბრბოსთვის არიან, - ასე დაიწყო საუბარი “ნიუპოსტის” მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ეკატერინე შინდაგორიძემ და განაგრძო: ჩვენ ბევრი ეპოქა გავიარეთ. განათლება არის სახელმწიფოს საყრდენი. 80-იანი წლების დასასრული არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, იდეალისტები რომ არ გვყოლოდა. რუსი დამპყრობელი ვერასოდეს იქნება ჩვენი მეგობარი. დღესაც გვჭირდება იდეალისტები. ამ წიგნში ჩვენი დღევანდელობა დავინახეო. ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობად დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო კავშირი და ინტეგრაცია მიიჩნია. მედეას ერად მოგვიხსენია... იდეალიზმი იყო 9 აპრილიცო. ტყე კი არ უნდა გავკაფოთ, უნდა გავიაროთო. თავისუფალი ნება რადგან მხოლოდ ადამიანსა აქვს, მოდი, თავისუფლება დავისახოთ იდეალადო, ამ მოწოდებით დაასრულა.
დასასრულს მწერალმა მადლობა გადაუხადა განხილვის თაოსანს, ბატონ როსტომს, გამომსვლელებს, დამსწრეთ. იქვე საოცარი თავმდაბლობა გამოამჟღავნა - აღნიშნა, რომ მწერლის სახელი უდიდეს პასუხისმგებლობად მიაჩნია. ამიტომ ჯერ თურმე ვერ აძლევს თავს უფლებას, რომ მწერალად იწოდებოდეს. მადლობა გადაუხადა აგრეთვე წიგნის ილუსტრატორს, რედაქტორს, დამკაბადონებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც წიგნის გამოცემაში დაეხმარა.
გიორგი გოგოლაშვილის მიერ დარბაზიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ მთავარი მოქმედი პირი, ორდე არის გოჩა ანუ თვითონ... და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ყოფილა შვილების თემა, ზოგადად შვილების, ე. ი. ახალგაზრდებისა, რომლებსაც ჩვენი ტვირთი უნდა ავკიდოთ და რომელთა დახმარებითაც ვცდლობთ ჩვენი წაგებული ომი მოვიგოთო. ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ ამ სამყაროში დამოუკიდებლად არსებობა, რამდენჯერაც დაეცემიან, იმდენჯერ უნდა წამოდგნენ და სვლა განაგრძონო.
ხოლო შეკითხვაზე რატომ აირჩია ფსევდონიმად მაინცდამაინც გეგე დადიანი და აპირებს თუ არა ამ ფსევდონიმით შემდგომშიც მხატვრული ნაწარმოებების გამოქვეყნებას, უპასუხა, რომ სახელს „გეგე“ შემთხვევით წააწყდა და მოეწონა. მერე გაუგია, რომ მეგრულად გეგე წმინდა გიორგის ნიშნავს. დადიანი კი ყველა მეგრელისთვის სიმბოლოა, თანაც წმინდა გიორგის სახელს ნაკლებს ხომ ვერ ვკადრებდიო.
რაც შეეხება, დაიტოვებს თუ არა ფსევდონიმს, თუ მხატვრულ ნაწარმოებს გამოვქვეყნებ (არადა, აპირებს თურმე), აუცილებლად კვლავ გეგე დადიანის სახელითო. მინდა ცუდის, უარყოფითის, მანკიერის წინააღმდეგ ჩემი ლახვარი მოვიქნიოო.
გვჯერა, მწერალი და მკითხველი ერთად შევძლებთ ცხოვრებისეული დაბრკოლებების, ბოროტების, „ურჩხულის“ დამარცხებას...