12 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს“, — ნათქვამია სხდომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.
სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებები იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მხრიდან მსგავსი მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯების, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების საკითხებზე.
დისკუსიის დაწყებამდე მინისტრები მოსაზრებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გაცვლიან.
დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც. ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაოსნობის თავისუფლებას. მინისტრები ასევე განიხილავენ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობას.