ჰერჩინსკიმ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“ ისაუბრა. მან ევროკავშირის ერთიანობა ქართულ მრავალხმიანობას შეადარა და აღნიშნა, რომ ევროპულ სივრცეში საქართველოს ხმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვითარდება და ამ ისტორიის შეცვლა რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელია.
„ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის გაფართოების მოახლოებულ ანგარიშზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი დაახლოებით სამ კვირაში გამოქვეყნდება და მასში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, პროგრესი შეფასდება.
ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის წინა ანგარიში საქართველოსთვის უკიდურესად უარყოფითი იყო, ხოლო მას შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
„ბოლო გაფართოების ანგარიში, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით – კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – განაცხადა დიპლომატმა.
ელჩი ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისრის, მარტა კოსის განცხადებას და აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკული შეფასებები მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
„სამწუხაროდ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე ინფორმაციით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებისას ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელი ევროკომისარი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კი დოკუმენტის შეფასებებს ცალკე პრესკონფერენციაზე განიხილავს.
„მოდით, სამ კვირაში ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის შეფასება“, – აღნიშნა ელჩმა.
ჰერჩინსკის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკისა, ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს ქართველი ხალხისა და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მხარდაჭერას.