გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ სრულ სავაჭრო ემბარგოს არ წარმოადგენს, თუმცა მას პოლიტიკურ გაფრთხილებად აფასებს.
„ეს ჯერ სრული ემბარგო არ არის, მაგრამ გაფრთხილებაა. ქართული ღვინის და მინერალური წყლების ნაწილი დაბლოკა მოსკოვმა გაურკვეველი ვადით“, – აცხადებს გამცემლიძე.
მისი მტკიცებით, რუსეთის სავარაუდო მოთხოვნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებაა, რაც შემდგომში საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის განხილვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„1000 პროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მოითხოვს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას“, – წერს გამცემლიძე.
პუბლიცისტი პარალელს ავლებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წარსულში განხილულ პოლიტიკურ მოდელებთან და 1997 წელს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებთან.
მისი განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის შეთავაზებული მოდელი საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ურთიერთობების ახლებურ მოწყობას ითვალისწინებდა.
გამცემლიძის მტკიცებით, მაშინ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა დევნილთა დაბრუნების საკითხი იყო.
„ისევე როგორც მაშინ, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე! ამიტომაც ჩაიშალა მაშინ, თორემ შევარდნაძე ხელს აწერდა. ვიცი პირველწყაროდან“, – აღნიშნავს პუბლიცისტი.
გამცემლიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის შესაძლო ახალი მოთხოვნაც შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთი პოლიტიკური ფორმატის შექმნას, რომელიც ოკუპირებული რეგიონების სტატუსის საკითხს საქართველოსთვის არასასურველი მიმართულებით შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სავარაუდო პოლიტიკური მოთხოვნების შესახებ გამცემლიძის მოსაზრება მისი პირადი შეფასებაა. წარმოდგენილ განცხადებაში არ არის დასახელებული დოკუმენტი ან ოფიციალური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქართული პროდუქციის შესაძლო შეზღუდვა უშუალოდ თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდება.