ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრე სტუბთან გამართული საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროპა მჭიდროდ ჩაერთვება ამ პროცესში E5 + ევროკავშირის ფორმატის მეშვეობით. ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის მიმართ მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ფინეთს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.
მისი ინფორმაციით, ალექსანდრე სტუბთან შეხვედრისას ევროკავშირის გაფართოების საკითხიც განიხილეს.
„ასევე ვისაუბრეთ გაფართოების საკითხზე ევროკავშირის გაფართოების ფორუმის წინ. შევთანხმდით, რომ უფრო დიდი და ძლიერი კავშირი შექმნის უფრო აყვავებულ და დამოუკიდებელ ევროპას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.