ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნებს შორისაა რუსეთის ჯარების გაყვანა ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ისინი ამჟამად არიან განთავსებული.
ამის შესახებ კალასმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხში გაეროს წესდებით ხელმძღვანელობს.
„ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ასე რომ, დიახ, ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის მიერ დაკავშირებადობის სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის საკითხზეც ისაუბრა.
„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც“, – აღნიშნა კაია კალასმა.