ქართული პოლიტიკა და შამპანურის სმა

03.23.2021 | 13:41

ავტორი: თენგის აბლოთია

თუ შევეცდებით შევარჩიოთ რაიმე საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს - ალბათ ყველაზე შესაფერისი იქნება „ვინც არ რისკავს - ის შამპანურს არ სვამს".
ქართველი პოლიტიკოსები მუდმივად რისკავენ. ხშირ შემთხვევაში რისკი იმდენად უადგილოა და მისი გამართლების შანსი იმდენად მცირეა, რომ ეჭვებს ბადებს - იქნებ ისეთი რამე იციან, რაც ჩვენ არ ვიცით? წინაამღდეგ შემთხვევაში რისი იმედი აქვთ? ეს ხომ სისულელეა და გამორიცხულია, ზრდასრული ადამიანები ასეთი სულელები იყონ.
თუმცა, მიდის დრო და აღმოჩნდება ხოლმე, რომ რისკი არავითარ გათვლას არ ეყრდნობოდა, არანაირი მაგიური და ყველასთვის უცნობი ფაქტორები არ ყოფილა - წესით, არაფრის იმედიც არ უნდა ჰქონოდათ...
ამის უამრავი მაგალითი გვაქვს- - მაგალითად, ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დიდ პარტიებს ტოვებენ, თითქმის არასდროს არ მიდიან პოლიტიკიდან და ახალ ორგანიზაციებს ქმნიან. სწორედ ამიტომ მრავლდება საქართველოში პოლიტიკური პარტიების რაოდენობა ყოველგვარი ზომის მიღმა..
რატომ, რისთვის ქმნიან ისინი ახალ-ახალ პარტიებს მაშინ როდესაც მათ წარმატების მინიმალური შანსი არ გააჩნიათ? დაუკვირდით - მხოლოდ „ქართული ოცნების" აქტივიდან წამოსულების ხარჯზე უკვე რამდენიმე მცირე, უმნიშვნელო პარტია შეიქმნა - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე და კიდევ ვინ დაითვლის რამდენი..ერთხელ პარტიის ჩამოყალიბება ისეთ კომიკურმა პერსონაჟმაც კი სცადა, როგორიც თამაზ მეჭიაურია..
რაო, ვერ ხვდებიან, რომ მმართველი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია? თუ უბრალოდ რისკავენ, იმიტომ, რომ შამპანური უყვართ?
ამ რამდენი ოპოზიციური პარტია შეიქმნა მხოლოდ ნაცმოძრაობის ბაზაზე - ევსაქები, გირჩი-1, გირჩი-2, ვაშაძე, ჩარკვიანი, ელენე ხოშტარია, და ა.შ.
დღეს ამ პატარ-პატარა უიმედო პარტიების უმრავლესობა საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის იბრძვის, წინაამღდეგ შემთხვევაში მათი პარლამენტში მოხვედრის შანსი - ნოლის ტოლია.
რაო, არ იციან? არ ესმით? პატარა ბავშვები არიან? ალბათ იციან, და ესმით. უბრალოდ ისინიც შამპანურს მიირთმევენ.
იყო თუ არა გამართლებული რისკი ნიკა მელიას მხრიდან, როდესაც მან ისე ასწია ფსონები, რომ ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დარჩა - ან სირცხვილის ჭამა დიდი კოვზით, ან მელიას დაპატიმრება? რაო, არ იცოდა გამოცდილმა პოლიტიკოსმა და მისმა გამოცდილმა გარემოცვამ, რომ ათობით ათასი გულანთებული ვაჟკაცი ნაცმოძრაობის ოფისთან არ მოვიდოდა მის დასაცავად?
ან მართლაც იმის იმედი ჰქონდათ, რომ მელიას დაკავებით აღშფოთებული დასავლეთი ბიძინას და „ოცნების" წინააღმდეგ დაუყოვნებლივ სანქციებს დააწესებდა? რაო, არ იცოდნენ, რომ ევროკავშირიც და ოფიციალური ვაშინგტონიც - დიდი და მოუქნელი ბიუროკრატიული მანქანებია და მათ მიერ ვინმეს წინაამღდეგ რეალური სანქციების დანიშვნას იმდენი დრო და პროცედურები დასჭირდება, რომ უფრო მალე ვირი ხეზე აძვრება?
არ იცოდნენ? ვერ აცნობიერებდნენ? თუ ისინიც გაუთვლელ რისკზე მიდიან? „ჯერ ჩავებათ ჩხუბში, და მერე ვნახოთ რა იქნება"?
ისე კი, ძალიან საგულისხმოა, რომ ერთი კაცი, რომელიც მის მოწინაამღდეგეებს გიჟი გონიათ - რეალურ რისკს საკმაოდ კარგად აცნობიერებს - ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლაზე ბევრს ლაპარაკობს, თუმცა, ჯიუტად არ ჩამოდის. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის - აპათიაში და გულგრილობის ტყვეობაში მყოფი ადამიანების მხრიდან დაცვის იმედით ჩამოსვლა - იგივეა, რაც პირდაპირ თავისი ფეხით ციხეში მივიდეს.
უაზრო და გაუთვლელმა რისკმა ხშირად არა მხოლოდ კონკრეტული პარტიები, არამედ მთელი ქვეყანა უკან დაწია.
2008-2009 წლებში, მასშტაბური საპროტესტო აქციებით შეშინებული სააკაშვილის ხელისუფლება სერიოზულ დათმობებზე მიდიოდა. ეს ისეთ სფეროებს შეეხებოდა, როგორც სამინისტროების მართვა, სასამართლო, პროკურატურა, და ა.შ. მაშინ ოპოზიციას ეს წინადადებები რომ მიეღო - დღეს სულ სხვა ქვეყანა გვექნებოდა.
თუმცა, ისინიც შამპანური დიდი მოტრფიალეები იყვნენ - რა დროს სასამართლოა და რა დროს სახელმწიფო ინსტიტუტების შენება? მიშას საათები დათვლილია და ბოლომდე უნდა მივაწვეთ.
როგორც ყველას გვახსოვს, ეს იმდროინდელი გრეჩიხო-ოპოზიციის სრული მარცხით დასრულდა, რამაც ნაცმოძრაობის გახრწნას და საბოლოო ჯამში ხელისუფლებიდან წასვლას ბიძგი მისცა.
დღეს ოპოზიცია საკუთარ თავზე ისევ დიდ რისკს იღებს - მოლაპარაკების მაგიდას ყოველგვარი შედეგის გარეშე ტოვებს და ქუჩაში გადის.
ისევ იგივე რიტორიკა გრძელდება - „ხელისუფლება აგონიაშია"... ზოგჯერ მგონია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს სიტყვა „აგონია" არასწორად ესმით და მაგალითად, „ისტერიკაში" ეშლებათ...
აქვს თუ არა ქუჩაში გასვლას რაიმე პერსპექტივა დღევანდელ ქართულ რეალობაში და აცნობირებენ კი ქართველი პოლიტიკოსი რას ჩაეჭიდნენ - ღრმა, ლეტარგიული, არაჯანსაღი ძილის მდგომარეობაში მყოფი ერის გაღვიძებას?
აცნობიერებენ თუ არა ისინი, რომ, ისევე, როგორს მელიას ისტორიაში, ფსონები იმ დონეზე აწიეს, რომ ერთადერთი არჩევანი დარჩათ - ან გამარჯვება ქუჩიდან, ან წასვლა პოლიტიკიდან?
ხვდებიან თუ არა ისინი, რომ 15 მაისი არის მათთვის გადამწყვეტი დღეა - ან წინსვლა, ან საბოლოოდ დასამარება? ეს უზარმაზარი რისკია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წელს ასეთივე გაუთვლელმა და არარაციონალურმა რისკმა ქვეყანას ნაცმოძრაობის სრული უკონტროლობა მოუტანა, და როგორც შედეგი შავი ჭირის (ქართული ოცნების) ხელისუფლებაში მოსვლა მოუტანა?
იმედია, რომ ოპოზიციას ეს ყველაფერი ესმის... თუმცა, ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ძნელი დასაჯერებელია....
იქნება კიდევ ერთხელ ჩამოვა კრისიტიანსენი და ქვეყანას საბოლოო მარცხს - 15 მაისის აქციის ჩავარდნას - თავიდან ააცილებს?